ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2020


ვიხსენებ დღეებს...


ლეილა ქიტოშვილი

ვიხსენებ დღეებს...
- - - -
(მოგონება ნინო დარბაისელზე)

  მაშინდელ მის ლექსებს ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ, რადგან ისინი არა მარტო იმ დღეების გამოძახილია, არამედ რაღაც უფრო მეტი,  - სიკეთე, სიხარული, გაუთვითცნობიერებელი მომავლის მომხიბვლელი კონტურები, ცხოვრების ინდივიდუალური ფილოსოფია...
.
ანარეკლები
- - -
წამო, ღრუბლებზე გავიაროთ, გაზაფხულია!
იქ, ჩვენს მინდორზე
ალბათ ბიბინებს მწვანე ბალახი
და ყვავილებიც გაიშლებოდნენ.
წამო, წავიდეთ,
გავიხსენოთ ძველი თამაში:
ამ სარკით _ შენი ნაჩუქარით,
ჩემი ერთგულით
მზე მოვიტაცოთ
და ხელისგულზე ავიბრჭყვიალოთ, ავიყირაოთ სარკით სამყარო,
გავუყვეთ ლაჟვარდს
და მერე,
როცა მივესვენებით ფთილა-ღრუბელზე, ისევ კალთაში ჩამიდე თავი!
ვიწვეთ მიწაზე,
ჩვენი თავი ცაში გვეგონოს.
ასე ყოფილა სიყვარული:
თითქოს ჩვენია,
თითქოს მივწვდით,
ჩვენ აქ ვზეიმობთ გამარჯვებას,
ის კი _ იქ რჩება
და ჩვენთვის
მხოლოდ ანარეკლებს გამოიმეტებს.
მაგრამ ხომ არის რაღაც ხიდი,
რაღაც ერთობა.
ცოტაა განა?
მეტი გვინდა?
რისთვის?
იმისთვის,
რომ მოვიჩვიოთ სიყვარული, მერე გავხედნოთ,
დავჭედოთ ყოველდღიურობით და მერე,
როცა მოვიგუნებებთ, როცა მოვიცლით, მაშინ ავუშვათ?
თუმცა გვეყოფა,
რა დროს ესაა,
გამოდი გარეთ,
გარეთ გამოდი, გაზაფხულია!!!
.
თუთიყუში
- - -
გაფრინდა ჩემი თუთუყუში.
დაცარიელდა გალია და ჩემი ოთახი.
ბოლო დროს, ალბათ, ისე აღარ ვეფერებოდი,
მოვწყინდი და სხვაგან წავიდა.
სადა ხარ, ვინჩო, ვინჩენცინო,
ჩემო ჩურჩუტო!
შენ ხომ გიყვარდა კენკვა ჩემი ხელისგულიდან,
ნისკარტის დაკვრა ცერა თითზე,
ვისთან გაფრინდი,
ვინ დაგიდგა კოხტა გალია,
ვინ გისხამს დილით ნადგომ წყალს და სადილის კოვზით
ვინ გიყრის შვრიას და მზესუმზირას,
ან გისოსებზე ოხრახუშის ღერებს გიმაგრებს?
სხვა სახელიც დაგარქვეს იქნებ....
ან, იქნებ, ახლა ბეღურებთან ერთად დაფრინავ და ცივ ასფალტზე
და გაყინულ ფანჯრის რაფებზე
ნამცეცებს ეძებ,
ან იქნებ,
ეგებ, შენი ციცქნა, მომწვანო ტანი
სადმე,
ხის ძირას უსულოდ გდია?
არა!
მოფრინავ,
ეხეთქები დაკეტილ ფანჯრებს,
მაგრამ ჩემსკენ გზას ვერ პოულობ.
მე აივანზე გამოვკიდე ღია გალია
და ღია არის ჩემი სარკმელი
და მეც ღია ვარ იმისათვის,
ვინც მიმატოვა,
წავიდა,
გაქრა
და ახლა ცდილობს, გზა გამოიგნოს.
.
ფერადი ბუშტის სიმღერა
- -
როგორი კარგი ვარ!
როგორი მსუბუქი!
ვითომც არაფერი, ქარს ისე მივყვები.
სავსე ვარ სურვილით, ჩუმად რომ ჩამითქვი
და მერე
გულდაგულ პირი მომიკარი.
აბა, კოჭისძაფი
როგორ გამიძლებდა?
გაწყდა და წავედი,
ღირს ქვეყნად გაჩენა, რომ ერთხელ გაფრინდე,
ისე,
არსაითკენ,
ვაი!
ქარი ჩადგა
თუ მხარი მეცვალა?
ძირს რატომ ვეშვები?
თვალი შემასწარი, ვიდრე
ნაძვისწვერი
ლახვარს მომაგებებს,
ბუხ! _
გავთქვამ ყველაფერს
და
ხეზე დაკიდულ ნაფლეთად ვიქცევი!
.
.ხვედრი
- - -
ერთი
ღუღუნა მტრედი იყო, პატრონისკენ ისევ გამფრენი.
ერთი _ ლაპლაპა საპნის ბუშტი, შემეხო და ხელში ჩამაქრა.
ერთი _ ქათქათა მარმარილო როგორ მეზიდა?
მითხარ, ცხოვრებავ!
განა ვინმესთვის გაიმეტებ რაიმეს,
ისეთს, მორგებულივით რომ მოთავსდეს მის
ხელისგულზე?
.
და სხვები... ოთხმოციანებში, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ჰუმანიტარულ განყოფილებაში ერთად ვმუშაობდით; კოლეგები ვიყავით  და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კარგი მეგობრები...
ახლა იგი ცნობილი პოეტი, პოეტური კრებულების ავტორი, მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია... ბებიაა!
ნინო დარბაისელი _ მაშინ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა; პირმშვენიერი, ხალასი ნიჭით, ასაკისათვის ზედმეტად განათლებული, იუმორით დახუნძლული, დაუზარელი, მუდმივად შეყვარებული _ აღტაცებული...
აღმოჩნდა, რომ სკოლის წლებში ორივენი სასახლის სხვადასხვა წრეში დავდიოდით... ბევრი საერთო ნაცნობიც აღმოგვაჩნდა... ვფიქრობ, ჩვენს დაახლოებაში ამანაც გარკვეული როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მაქვს მოსაგონარი;  ამჯერად ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდები.
1984 წლის ნოემბერია; ერთი კვირით ადრე მხარეთმცოდნეობის განყოფილების მესვეურებმა გვთხოვეს, მათთან ჩატარებულ ,,ღია მეცადინეობას” დავსწრებოდით, რომელიც ნაადრევი ცივი ამინდების მიუხედავად, სასახლის ბაღში ჩატარდებოდა;  უარს როგორ ვიტყოდით?!
      28 ნოემბერიც გათენდა. საზიზღარი სიცივეა, ჩამოღრუბლულია, ცა რაღაცას აპირებს, მაგრამ რას, გაუგებარია! მოწვეული სტუმრები თუ “ადგილობრივები”_ თავფეხიანად ჩაფუთნულები, გასუსულები ვსხედვართ და ვუსმენთ ტურიზმის კაბინეტის პედაგოგსა და მოსწავლეებს, რომლებიც დიდის მონდომებით საუბრობენ კარვის მნიშვნელობაზე, საველე პირობებში მისი გაშლა-გამოყენების შესახებ...
დრო ნელა გადის, თუმცა ორი საათი მაინც გასულა... ამასობაში სიცივე ძვალ-რბილში გაგვიჯდა, გაძლებაზე ვართ; ორივენი შემცივნულ-გალურჯებული თითებით, მომცრო ფურცლებზე, შენიშვნებს გამალებით ვინიშნავთ. შეჯამებისას, ჩვენი აზრი ხომ უნდა გამოვთქვათ?! წესია ასეთი. ნინო ამას არ სჯერდება და ექსპრომტად დაწერილ ლექსებს, გაურკვეველი ღიმილით, ჩემი ფურცლების ქვეშ ჩურთავს!
იცის, სიცილი რომ ამიტყდება, მაგრამ მაინც „რისკავს“:
***
ბაღში ვსხედვართ, ლამის გულიც თითებივით დაგვიზრესა,
უიმედოდ შევღაღადებთ ძირს გათბობას, მაღლა _ მზესა...
ახლა რა დროს კარვებია, ან იმათი კარებია,
სიცივისგან ყბა ყბისათვის ვეღარ მიგვიკარებია!
***
ალპინისტებს შემოგვედრებთ, შიშის არა დამრიდეთა,
თქვენს გამართულ თბილ კარვებში, დამსწრეებიც შავიდეთა.
.
ჩვენთან ერთადაა ჩვენი კოლეგა, პოეტი-ფიზიკოსი მიხეილ (მიშიკო) გოგუაძეც, რომელიც ვრცელი სიტყვით გამოვიდა, თუმც მოსმენილი მეცადინეობის შესახებ არაფერი უთქვამს (?!)  ყველას თვლემა კი  მოჰგვარა:

თუ გეძინება, გოგიტა, წავალ და ბალიშს მოგიტან...
თუ გინდა, წყალი შეისხი _ მოგიცუნცულებ კოკითა,
თორემ გაგთიშავს მიშიკო ფიზიკითა და ბლოკითა!..
. `
***
მიხომ დაასაბუთა ხელოვნების მისია, თუმც ვერავინ ირწმუნა არგუმენტი მისია....
იყოს დარტანიანი, თუნდაც არამისია, მაინც გავაკრიტიკებ, მა განხილვა რისია?!

  მჭმუნვარე გამომეტყველებით, ორივენი თავჩაღუნულები, ვხითხითებთ... გავთბით კიდეც...
დიახ, ჩვენთვის, ფილოლოგებისთვის, მეცადინეობამ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა; ბევრი საკამათო დაგვიტოვა, თუმც გოგიტა მასწავლებლის მომხრეები ჩვენს არგუმენტებს არ იზიარებდნენ; „ბრალს“  საქმის არცოდნაში გვდებდნენ(?!)..
ამ ამბიდან კვირაზე ცოტა მეტი იქნებოდა გასული, რომ ერთ დღესაც, სახეგაბადრულმა ნინომ, მოსვლისთანავე, სალამ-ქალმის მაგიერ ხელში ნაბეჭდი ფურცლები შემომაჩეჩა:
-ყველაფერი გვერდზე გადადეთ და წაიკითხეთ, რას იტყვით, თქვენი აზრით, ახლა მაინც მოვაკეტინებთ?!
- დაწყნარდი, კითხვა მაცალე!
.
“ძვირფასო გოგიტა!
ვინაიდან და რადგანაც ცხარე კამათის დროს განაცხადეთ, რომ კამათი ძალიან გიყვართ და „კამათში იბადება ჭეშმარიტება“, გადავწყვიტე, წერილობით გეკამათოთ.
წერილობით კამათს ერთი დიდი უპირატესობა აქვს ზეპირ კამათთან შედარებით, - ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეთა არგუმენტები თეთრზე შავით იწერება და მათი გადათქმა უხერხულია. დამარცხების შემთხვევაში კი ისღა გვრჩება, რომ ვაღიაროთ მოწინააღმდეგის აზრის უპირატესობა. გარდა ამისა, კამათის ეს ფორმა ნაკლებ ემოციურია, მის სწორად წარმართვაზე არ მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოწინააღმდეგის ახოვანი შესახედაობა, რიხი, ხმის ინტონაცია, გარეშე პირთა რეპლიკები და სხვა.
თქვენ და თქვენი განყოფილება გულმოდგინედ ცდილობთ დაასაბუთოთ, რომ კარავი - არაქართული მოვლენაა და რომ „ქართველებს კარავი არ ჰქონიათ“, ამის საპასუხოდ მე უკვე მოვიყვანე არგუმენტი `ვეფხისტყაოსნიდან:
‘კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე“,
თქვენ არ დაიბენით და მიპასუხეთ, რომ ის კარავი ცხონებულ, უდროოდ დაღუპულ ხვარაზმშას ძეს ეკუთვნოდა, რომელიც წარმოშობით არაქართველი იყო.
თქვენთვის ალბათ ცნობილია ის ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა ქართველობა-არაქართველობის შესახებ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მომდინარეობდა მცდარი პოლემიკა ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს შორის, თვით საკითხის ასე დაყენებაც კი საქმეში ჩახედულ პირთა ღიმილს იწვევს, რადგანაც გარკვეულია, რომ ვეფხისტყაოსანი - წმინდა ქართული მოვლენაა. ამ საკითხის შესახებ აქ შევწყვეტ საუბარს, რადგანაც ეს ექსკურსი შორს გასტანს.
მოვიყვან რამდენიმე ფრაგმენტს აღნიშნული ძეგლიდან, სადაც იხსენიება კარვები, რომლებიც ხან ავთანდილს ეკუთვნის:
`მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი~. (1521) _
ხან ფარსადანს:
`მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
გამოისვენოს, სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია (551).
(ასე, რომ უცხოელისათვის ‘ჩვე ნიანებს“ დაუხვედრებიათ კარავი და „იმპორტული“ კარავი არ გამოუყენებიათ);
ხან ტარიელს:
„მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა. (552).
თუმცა თუ XII საუკუნის ძეგლი საკმარის მაგალითად არ მიგაჩნიათ და  არც იმ ფაქტს გაუწევთ ანგარიშს, რომ იმავე პერიოდში ჩვენში არსებობდა “ყუთლუ-არსლანის კარავი” შევეცდებით, რაიმე უფრო ძველი შემოგთავაზოთ, მაგალითად ბიბლია, რომლის პირველი ქართული თარგმანებიც გაცილებით ხანდაზმულია:

ვინ დაეშენოს კარავთა შენთა~.(ფსალმუნნი 14:I)
კარავნი, რომელნი არა შეიძრნენ~.(ესაია, 33:20).
ვითარცა კარავი ვენახსა შინა (ესაია I,8)
აღიმართოს კარვები მათი თქუენთა შორის (ეზიკიელი,25: II)
ქმნა კარვები ერდოთა ზედა სახლისა თვსისასა (ივდითი, 8:5.)
იქმნა მუნ თავისა თვსისა კარავი(იოანე 4:5).

... გარდა ამისა, უძველეს ქართულ წყაროებში მოხსენებულია ამ სიტყვისგან ნაწარმოები შემდეგი სიტყვები: დაკარვება, კარვედი, კარვობა, მოკარვე, მოკარვეობა, რომელთა დამადასტურებელ წყაროებს ჩვენი კამათის შემდეგ ფაზაზე წარმოგიდგენთ, თუ ამის სურვილს გამოთქვამთ.
ზემო აღნიშნულ მაგალითთა დიდი ნაწილი ბიბლიის წიგნებიდან მოვიყვანეთ, ხოლო თუ ბიბლიის მნიშვნელობაში ეჭვი გეპარებათ, როგორც არასპეციალისტს, შეგიძლიათ კონსულტაცია მიიღოთ რომელიმე რიგითი სპეციალისტისაგან.
იმის დასაბუთება, რომ ქართველები კარავში არ იძინებდნენ და ნაბადში გამოხვეულნი ათევდნენ ღამეს, თქვენ, როგორც მახსოვს, ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშით სცადეთ. მართლაც რომ საქებარია „არასპეციალისტისათვის“; მაგრამ ნება მომეცით, შეგედავოთ, თქვენს მიერ დამოწმებული მასალა XIX საუკუნეზე უადრესი არ უნდა იყოს, (ერთი საუკუნე მიჩუქებია) და ის, რომ ვიღაცამ თქვა, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“, იმას არ ნიშნავს, რომ მთქმელს ნანახი არ ჰქონდა კარავი, ან უარესიც _ იგი საერთოდ არ არსებობდა, ისევე, როგორც ვინმეს რომ ეთქვა, მე ვარ და ჩემი კარავიო, არ გამორიცხავდა ნაბდის არსებობას ( ცნობისათვის: ამ სიტყვის წარმოშობას სპეციალისტები სპარსულ „ლაბადას“უკავშირებენ, რომელიც  ცოტა სხვანაირად გამოითქმის და რომელსაც დღეს ზოგიერთი ვაი-ქართველი წარმატებით უნაცვლებს  „პლაშს“).
შემიძლია შემოგთავაზოთ სიტყვა „კარვის“  ეტიმოლოგია, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი მიკვლეული არ არის: კარი _ >კარ-ვი_>კარავი. შეად.: კარ/ვ/ედი, კრედსაბელი <_კ-/ა/რედ საბ/მ/ ელი...
არ ვიცი, რამდენად ავტორიტეტული იქნება თქვენთვის ს.ს. ორბელიანის მიერ შედგენილი ლექსიკონი, მაგრამ მე მაინც დავიმოწმებ: „კარავი ეწოდების სახლთა, სამგზავროდ ნარმათა და ლართა მიერ შეკრულთა, გინა ქოხთა, მალიად აგებულთა~ (გვ. 79). ან `კარავი-საჩრდილობელი“ (გვ. 357).
ის, რასაც თქვენ თავგამოდებით ამტკიცებთ, რომ ქართველებმა  კი იცოდნენ კარვის არსებობა საუკუნეთა  და ათასწლეულთა მანძილზე და მაინც, ჯიუტად, ნაბადდახურულებს ეძინათ, ვიდრე რუსი ალპინისტები  „პამირკასა“ და „გიმალაიკას“  მოიგონებდნენ, სხვა რაზე იმეტყველებდა, მართალი რომ ყოფილიყო, თუ არა ჩვენი ერის უგერგილობაზე! მით უმეტეს, რომ თქვენმა კოლეგამ და მეგობარმა დამაჯერებლად დაასაბუთა, თუ რაოდენი უპირატესობა აქვს კარავს ყველა სიტუაციაში და ისიც კი განაცხადა: კარავს თავს აფარებდნენ მეომრები ბრძოლის დროსო; ასე, რომ ჩვენი კამათის საგანს ისიც შესძლებია, ლაჩრები დაეფარა გახურებული ბრძოლის დროს... ამით დავასრულებ ამ „მცირე“  წერილს იმედით, რომ უთუოდ მივიღებ თქვენს პასუხს, რადგანმეც  მიმაჩნია, რომ: „კამათში იბადება ჭეშმარიტება“.
P. S . თუ ჩემი წერილი უპასუხოდ დარჩება, ერთი სასიკეთო საქმე მაინც შესრულებულად უნდა ჩაითვალოს; ჩვენთვის ცნობილია,რომ თქვენი განყოფილება აპირებს ბროშურის გამოცემას კარვის შესახებ. და ეს მასალა, ვიმედოვნებ, გამოგად- გებათ, ვინძლო, რომელიმე  “კომპეტენტური” პირის შეწუხება აღარ მოგიხდეთ, როგორც მაშინ, როდესაც თქვენმა კოლეგამ, დიდმა “კარვოლოგმა” ვერ დაადგინა,  რომელ წელს და რომელმა მადლიანმა და გონებაგახსნილმა მოიგონა ეს დალოცვილი კარავი.

მოწიწებით და პატივისცემით
ნინო დარბაისელი
1984 წლის 8 დეკემბერი

_ შესანიშნავია! აი,“მალადეც”,ნინო! _ შევძახე გახარებულმა. შიდა ტელეფონით გოგიტასა და მის  “ამფსონებს”  ჩვენთან მობრძანება ვთხოვე...
ნინომ ნაწერი ჯერ ხმამაღლა წაუკითხათ, შემდეგ წერილის მეორე ეგზემპლიარი, სხვა განყოფილებების, ცნობისმოყვარე  მუშაკების თანდასწრებით, `საჩუქრად~ გადასცა...
გაწითლებული გოგიტა უხერხულად იდგა, სხვები კი, იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ... `
„თითის მოკაკვა“  - არავის სურდა...
იოლი იყო _ ყველაფრის სხვისთვის, ვიღაცისთვის გადაბრალება...

ლეილა ქიტოშვილი
ჟურნალი “ანეული” 2020 N3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები