ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2020


შენი სახელი

ნინო დარბაისელი

შენი სახელი 
- - - -

ასედაც ხდება, რომ ზრდასრულნი სახელს იცვლიან.
აი, სხვა ერქვათ და ერთ დღესაც გადაირქმევენ...
შენ კი ის, ძველი წამოგცდება,
ენაზე იკბენ,
თავს უწყრები,
რა გაგიხდა ეს ერთი სიტყვა,
აქამდე რით ვერ დაიხსომე!
ან ეს რაღაა,
რატომ გგონია,
იმათ წარსულში  მართლა რაიმე ისეთია, რასაც უფრთხიან,
ან მეტისმეტად უფრთხილდებიან?

ხდება, რომ სახელს კი არ იცვლიან,
სადღაც გაგონილ ან გაუგონარ კნინობითში გადაიყვანენ,
თითქოს ცხოვრებას ეუბნებიან,
მოდი, გულში ჩამიხუტეო,
ღალიანი რძით გამომტიკნე,
ყურის ძირში მომიღუტუნე,
კარგადაც დამინანავეო,
მე, როცა იყო, სიყვარული დამამადლესო,
არ ვიცი, რატომ ვერ გაიმეტეს,
იქნებ თავადაც ნატრულები დარჩენილანო
ან არ იცოდნენ,
შიგ  თბილად უნდა შევეხვიე,
ამოეკეცათ,
თავქვეშ  ზრუნვით ამოედოთო.

მესიზმრა წუხელ,
მიწიდან -  ცამდე რკინის რელსები ადიოდნენ მოლაპლაპენი,
სადღაც, ცის წვერზე შორეული იყო ბაქანი.
შენ - მიდიოდი, ადიოდი და მე - მოგდევდი,
რა ხმით არ ვცადე,
რა სახელი არ დაგიძახე,
რა არ ვიხსენე -
რაც მართლა გერქვა ან სხვათაგან გამიგონია,
ან საბუთებში სადღაც, შეცდომით ჩაუწერიათ,
საშინაო და საგარეო სახელებიც
და  ის სახელიც... სახელებიც, მარტო  ჩვენ ორმა რომ ვიცოდით, -
- გულის კუთხეში შეჩურთულები;
გზა და გზა ახლებს გიგონებდი,
ვიცოდი, გქონდა ნათლიისგან სულის სახელიც,
მაგრამ
არასოდეს არავისთვის გაგიმხელია,
ან არ გახსოვდა,
ან არც იცოდი,
სული კი მხოლოდ საკუთარ სახელს ეპასუხება.

გეძახოდი და
მოგდევდი და სულს ვერ ვითქვამდი,
მოგდევდი და ვერ გეწეოდი,
შენ კი არც ჩქარა და არც ნელა,
საკუთარ თავთან ფეხაწყობილი,
მოუხედავად მიდიოდი,
მიდიოდი,
მიდიოდი როგორც გრაფიკში მკაცრად მჯდარი მატარებლის ბოლო ვაგონი.
სულ რომ გგონია,
კიდევ ცოტაც და დაეწევი...
მე დავიღალე და ჩამოგრჩი.
ისევ წახვედი!

ჩვენ კი  რა გვრჩება ანდა რა ხანი? -
გუდრონის სუნი, გამხმარი ხენი,
შუა  - სავალნი სავაგლახონი,
რკინაზე - რკინის მძიმე ჯახანი
და დაფჩენილი  - ბჭეთა ხახანი...

ერთხელ რომ წყალმა აურიოს,
წვიმად მისულმა პირი დააღოს
და წვრილად მოჰყვეს მთელი სამყაროს გასაგონად,
ძირს გამდინარეს ვინ რა სიზმარი გაანდო და თან გაატანა,
ციდან  - დაბლა რომ  მთლად დედამიწა სველდებოდეს ერთმანეთში  საუკუნობით არეული ჩვენი შიშებით, 
სიშიშვლეებით,
სირცხვილებით და ტკივილებით!
აღარ და აღარ მოილიოს,
არ გადაიღოს,
რა კიდობანი გადაარჩენს მერე  სიცოცხლეს,
რა ყვავი ანდა თეთრი მტრედი ზეთისხილის ტოტით ნისკარტში!

ერთხელ რომ წყალმა,
წყალმა საწყალმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს