ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2020


* * *

როდესაც გავიგე,
რომ უბანში დარჩენილი
ერთადერთი ჯიხურიც იკეტებოდა,
გული მომიკვდა.
მაინც რა არის ადამიანი, არა?
იმაზე კი არ ვდარდობდი,
რომ ის ქალი უსამსახუროდ დარჩებოდა,
უფრო იმას განვიცდიდი,
პურს, სიგარეტს, კვერცხს, შაქარს,
ზეთს და მისთ.
ვინღა მომცემდა ნისიაზე?
როგორ მახსოვს იმ ქალის სახე,
როცა გაიგო,
ლიტერატურულ გაზეთს
იმიტომ ვყიდულობდი,
რომ მასში პერიოდულად
ჩემი ლექსები
იბეჭდებოდა ხოლმე.
ერთხელ,
სიცილით მითხრა,
შენს გარდა არავინ ყიდულობსო,
მეც არხეინად ვუპასუხე:
ხოდა,
მაგიტომაც გიგვიანებ ნისიას, მეთქი.
ავტოგრაფი მაინც დამიტოვეო.
სად,
ნისიების რვეულში
თუ
გაზეთზე, თქო?
ამაზე კი,
ორივემ გულიანად ვიხარხარეთ.
ერთი მკითხველით მეტი გეყოლებაო, აწი...
ჰოდა ასე,
ვწერ ამ ლექსებს,
რომ მერე თვითონვე
ავიღო ნისიად გაზეთი,
ზემოთ ჩამოთვლილ რაღაცეებთან ერთად,
მერე კი,
კოლოსალური ჰონორარის აღების შემდეგ,
ამაყად ვუცქირო,
როგორ გადაშლიან ჩემს სახელს
და გვარს,
ნისიების რვეულში.
ქალბატონო მარინე,
თუ ღმერთი გწამთ,
ნუ დაკეტავთ ჯიხურს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები