ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2021


მიწასამატლე

ჰე, ჰე, ჰეეო,  გააყოლებ მეზობლებს
და მაინც მიდიან ისინი ქალაქში.
შენ გრჩება ხელჯოხი, ბილიკთან მებრძოლი,
თუმც, გზებიც რად გინდა, ან კიდევ, რა თავში
უნდა იხალო. თვალებს გაახელ,
ხედავ პირღია, დამშეულ მიწას.
ეჰ, მაინც ქვრივი არ იქნებოდე!
და თბილ ოდაში  მეფურად მიწვე,
ცოლიანივით... გაჰყურებ ღრუბლებს
და გრძნობ, რომ მალე ამოსვენდება
ის მზე, რომელიც ოფლს გიჩენს შუბლზე
და ოფლს მოიწრეტ - შენც მოგეშვება
გულზე, რომელიც თითქმის აღარც გაქვს,
უბრალოდ, ტუმბავს სისხლს და ეგ არის.
თორემ, სად დაგრჩა გული სადღაა,
რომ არვის უნდა და შენც ვერავის
ვერ გაატანე. როგორ შეძელი
ჯერ შვილის მერე ცოლის დამარხვა.
არ დარჩა ახლა არვინ შენს გვერდით
და შენც არავის გვერდით არა ხარ.
კიბეს მოაცლი ხავსს და მაგ სახეს
ვერ მოაცილე კანზე ნაკვთები.
არ არის რამე, კარგის ნასახი
გარდა იმისა, რომ პარასკევი
ორი დაგრჩა და იმასაც გალევ.

ჰე, ჰე, ჰეეო,  წაიღიღინებ
და დედამიწა ბურთივით მრგვალი,
მოგიგდებს ზურგზე და გაგიღიმებს
გარდაცვალება... გარდა ცოლების,
ვინ დაიტირებს, მოხუც ქმრებს ხშირად!
მერე ბებერ ქოხს არ ეყოლები,
იცის ქოხმა, რომ ხარივით ქშინავ,
რომელმაც უღელს ვეღარ გაუძლო.
გაისად ისევ მოვა სიმწვანე.
ჰე, ჰე ჰეეო, დაიძახებენ,
თუმცა, ხმას ვეღარ გასცემ და მწარედ
იტყვიან ღვინით შენს შესანდობარს -
მოგიგონებენ, გაახსენდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები