ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: დრამატურგია
2 იანვარი, 2021


მახიობი ჯორჯი (სცენარი)

5 წუთიანი კინოს სცენარი


        ბრუკლინის ისტორიული რაიონი ბენსონჰერსტი. ბაღის სკამზე ზიან ორნი - ადგილობრივი დაბალტირაჟიანი გაზეთის ახალგაზრდა კორესპოდენტი კეიტი და ემიგრანტი საქართველოდან, ყოფილი მსახიობი  ჯორჯი.

ჯ - ოც წელზე მეტია ამერიკაში ვარ და ამ დროის განმავლობაში სულ აქ ვცხოვრობ, ბენსონჰერსტში. მიყვარს ეს უბანი.
კ - ოცი წელი არ მოგბეზრდათ ერთიდაიგივე ადგილას ცხოვრება?
ჯ - არა, რას ლაპარაკობთ,  ბენსონჰერსტში შეუძლებელია მოგბეზრდეთ ცხოვრება.არადა აქ არც რაიმე განსაკუთრებული შენობა დგას და არც ისტორიული მნიშვნელობის რაიმე მომხდარა.  უბრალოდ, ხალხი ცხოვრობს აქ განსაკუთრებული. თქვენც აქაური ადგილობრივი გაზეთის კორესპოდენტი არა ხართ? ნუთუ ვერ ამჩნევთ ამ ხალხს  რომ ისინი რაღაცნაირად განსხვავებულები არიან?
კ - (მორცხვად) რავიცი, მართალი რომ გითხრათ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვამჩნევ, ჩვეულებრივი ხალხია ერთი შეხედვით, როგორც სხვაგან
ჯ - ზუსტადაც რომ ერთი შეხედვით, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რატომაა განსაკუთრებული ეს უბანი. თუმცა აქ თუ არ იცხოვრეთ და შეესისხლხორცეთ  ისე მართლა ვერ მიხვდებით …. ხოდა, რას გიყვებოდით? ხო, გამახსენდა, იმას გეუბნებოდით, რომ სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, მანამდე თეატრის საკმაოდ პოპულარული მსახიობი ვიყავი .იმ დროს,ოთხმოციან წლებში, ჩვენთან ძალიან პოპულარული იყო ერთი სიმღერა - “პუი, პუი, პუი”-ს ვეძახდით (წაიმღერა ჯორჯმა. კეიტს გაეცინა)
ჯ - რა გაცინებთ?არა გაქვთ ეს სიმღერა მოსმენილი? თუმცა მაშინ თქვენ დაბადებულიც არ იყავით, ჩვენ რომ ამ სიმღერაზე ვცეკვავდით. მოკლედ რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და ეს სიმღერაც დავიწყებული მქონდა, სანამ ერთ დღეს აქვე. ამ უბანში, ვიღაცის მანქანიდან  არ გავიგე ეს მელოდია. იმ წუთში თავში ამომიტივტივდა ახალგაზრდობის მოგონებები.  არ დავაყოვნე და მაშინვე დავურეკე ოკეანის გაღმა  ჩემს ახალგაზრდობის მეგობრებს  და ამ სიმღერის იუთუბის ლინკი გამოვაგზავნინე მათ… და საოცრება, იცით რა ჰქვიებია ამ სიმღერას?
კ - არა, არ ვიცი
ჯ - “ბენსონჰერსტული ბლუზი” . ანუ ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ყველაზე უფრო საყვარელი სიმღერა  ჩემ საყვარელ უბნის, ბენსონჰერსტის  შესახებ ყოფილა. რას წარმოვიდგენდი მაშინ,  რომ თურმე იმ უბნის ბლუზზე  ვცეკვავდი, რომელშიც მერე ცხოვრების მეორე ნახევარის გატარება მომიწევდა. საინტერესოა, ხომ?
კ - კი, რა თქმა უნდა (მაინცდამაინც აღფრთოვანებული არაა)
ჯ - მაგრამ ეს არ არის მთავარი, ამისთვის არ დამიძახიხართ. ამ სიმღერის ახლიდან შეყვარების შემდეგ, ჩემი უბანიც უფრო შემიყვარდა. კვირაობით, სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ბენსონჰერსტში დავსეირნობდი ფეხით, ვეძებდი “გარაჟ სეილებს”, (‘გარაჟ სეილი” ადგილია, სადაც მოსახლეობა თავიანთი გარაჟების წინ სახლიდან გამოტანილ ძველ უსარგებლო ნივთრებს ყიდიან კვირაობით).  ყველაფერს ისეთს ვყიდულობდი, რომელიც რაღაცნაირად ბენსონჰერსტს შეეხებოდა,  იაფიანებს, რა თქმა უნდა. მათ შორის იყო ძველებური საოჯახო ფოტო ალბომები, რომლის სურათების დათვალიერებით არასდროს არ ვიღლებოდი. ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთი ამ ალბომის დათვალიერებისას რას ვხედავ, ერთ-ერთ წვეულების ამსახველ ფოტოზე გოგონას ფოტოა მეგობრებთან ერთად, რომელიც ზუსტად გავდა გოგონას ჩემი მშობლიური ქალაქიდან, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ხშირად ვხედავდი ავტობუსის გაჩერებაზე, როდესაც კოლეჯში მივდიოდი. მაშინ, ეს გოგონა თითქმის შემიყვარდა კიდევაც დაუსწრებლად, თუმცა იმ დროს საკმაოდ მორცხვი ვინმე ვიყავი და ვერ ვბედავდი მასთან მისვლას და გაცნობას. ბოლოს როდესაც გადავწყვიტე, რომ აი ხვალ მივაჭრი და გავიცნობ მეთქი, იმ დღიდან გაქრა ის გოგო და დაიკარგა. ამის შემდეგ, რამდენი ხანი გავიდა და აგერ არ ვხედავ სხვა ქვეყანაში ვიღაცის ფოტოზე? მაგრამ, რომ დავფიქრდი, აქაური ქალბატონი ფოტოზე იმ გოგონას ასაკით ალბათ ბებიად ეკუთვნოდა. თუმცა, ამ ალბომმა თავისი მაინც ქნა და ის მივიწყებული  სიყვარული გამახსენა. … ეხლაც არაა საინტერესო?
კ - კი, მაგრამ რომ გითხრათ მაინცდამაინც ჩვენი გაზეთის მასალაა მეთქი, არა მგონია
ჯ - კარგით, გავაგრძელოთ მაშინ. რაღაც დროის შემდეგ, “გარაჟ სეილზე” მორიგი ფოტო ალბომი ვიყიდე და  დათვალიერების შემდეგ რას ვხედავ - ერთ-ერთ სურათზე ბიჭების ჯგუფი სტრიპტიზბარში ერთობა და სურათი აქვთ გადაღებული სტრიპიზ ბარის ნახევრად შიშველ მოცეკვავე გოგონასთან. აბა თუ მიხვდებით, ვინ იყო ის გოგონა?
კ - რა თქმა უნდა თქვენი ვირტუალური სიყვარულის ამერიკელი ასლი..
ჯ - სწორია. ისეთი ლამაზი ტანი ჰქონდა , სახეც ხომ თავისთავად.  ეგ სურათი გავადიდებინე და სახლში კედელზე გავაკარი. შემდეგ სადმე თუ შეიძლებოდა, ყველგან მისი სურათები გავაკეთე - ჭიქებზე, ხელსახოცებზე, ბლოკნოტებზე,მაისურებზე, საცვლებზეც კი (ჩაიცინა ჯორჯმა). აქაც მაქვს წამოღებული.(ჯიბიდან იღებს ფოტოს და კეიტს აწვდის) ხომ ლამაზია?
კ - (ათვალიერებს) კი, ნამდვილად ლამაზია. ნეტა ცოცხალი თუა? თქვენი ისტორია ეხლა უფრო საინტერესო გახდა…
ჯ - (აწყვეტინებს) ჯერ სადა ხართ. მარტის კვირა დღე იყო, კარგად მახსოვს, ბენსონ სტრიტზე,ერთ-ერთ “გარაჟ სეილზე” ვარ და რას ვხედავ -  მხატვრის მიერ დახატული, ჩემი ოცნების გოგონას დიდი სურათი არ უდევთ ლამაზ ჩარჩოში, ოღონდ უკვე შუა ხნის ასაკში. მოვკიდე ამ სურათს ხელი და ვეკითხები გამყიდველ ბიჭუნას, ეს ქალბატონი ხომ არ იცით ვინ არის -თქო. როგორ არ ვიციო, ბებიაა ჩემიო… (ამ დროს ბაღის სკამთან მაღალი სიმპატიური ქალბატონი ჩერდება და ჯორჯს დააშტერდება. ჯორჯი უხერხულად წამოდგება სკამიდან) - ნინა? სამსახური გაგითავდა უკვე? (მოუბრუნდება კეიტს) - გაიცანით, ჩემი ცოლი ნინა. ეს კი ჩვენი ადგილობრივი  გაზეთის კორესპოდენტია, კეიტი.
კ - (წამოდგება) სასიამოვნოა (ნინა გაბრაზებული თვალებით შეხედავს კეიტს და არ უპასუხებს. შემდეგ ჯორჯს მიუბრუნდება)
ნ -  ჯორჯ, ყავას ვერ მომიტან?, ეგერ, იმ სასურსათოში კარგი ყავა აქვთ (მიანიშნებს ქუჩის გადაღმა , ჯორჯი ორივეს გადახედავს და სასურსათოსკენ გაემართება.)
    ნინა კეიტის გვერდზე დაჯდება  - აბა , რას გატყუებთ ჩემი ქმარი, ვიეტნამში ვერტმფრენის პილოტი ვიყავიო?
კ - არა, არა. ინტერვიუზე ვარ. თქვენს უბანზე , “ბენსონჰერსტზე” სტატიას ვამზადებ და თქვენმა მეუღლემ საინტერესო ისტორია მიამბო.
ნ - ტყუილი, თავიდან ბოლომდე ტყუილი, არც მინდა მოსმენა. ასე აკეთებს კვირაობით საქმე რომ არა აქვს ხოლმე. თქვენსავით ახალგაზრდა ჟურნალისტებს პოულობს დაბალტირაჟიანი გაზეთებიდან და ათასგვარ სისულელეებს უყვება, რაც ვითომ თვითონ გადახდა. თქვენც უჯერებთ და ბეჭდავთ, სარგებლობს იმით რომ არავინ კითხულობს თქვენს გაზეთებს და არც არავის მოუვა თავში ამ ამბების მართალ-მტყუანობის შემოწმება. მერე თქვენნაირი გაზეთებიდან ჭრის ამ სტატიებს და  ალბომებში აკრავს. წინა კვირას ვიღაც თქვენნაირი მოატყუა, მოლდავეთის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ვიყავიო და მოცარტის ნაწარმოების შესრულების გამო მთელი ორკესტრი დაგვიჭირესო, რადგან მოცარტი კომუნისტი არ იყოო. იმის წინ კი ყაზახეთის პირველი კოსმონავტი უნდა გამხდარიყო და ვიღაცამ უჩივლა, საყვარელი ყავსო და ამიტომ კოსმოსში არ გაუშვეს. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ვეშაპების მოშენების იდეაც ჩემი საყვარელი ქმრის იდეა ყოფილა თურმე. თუმცა რას გელაპარაკებით, თქვენ თუ არ დაუბეჭდავთ, თქვენნაირ გულუბრყვილო ჟურნალისტებს ვერ იპოვის თუ რა (წამოდგება) . წავედი ეხლა მე და ჩემი ყავა თქვენი იყოს. ჯორჯს გადაეცით , რომ დროზე მოვიდეს  სახლში. (მიდის. კეიტ გაშტერებული აყოლებს თვალს ნინას.
ჯორჯი ბრუნდება.
ჯ - წავიდა ნინა? ესე იცის ხოლმე, აჰა, თქვენი იყოს მაშინ ეს ყავა. (აწვდის. კეიტი ხელსაც არ აწვდის ყავის გამოსართმევათ). ხოდა სად , გავჩერდით, ბებია იყო, გამახსენდა იმ ბიჭის. ხოდა…
კ -(აწყვეტინებს) რატომ მატყუებთ ჯორჯ, ეს ყველაფერი რაც მომიყევით, ტყუილი იყო, ხომ?
ჯ - (ცოტა ხანი თვალებში უყურებს კეიტს, მერე თავს ქვევით დახრის ისე ამბობს) - არ ესმის რა ჩემ, ცოლს, ვერ გავაგებინე ვერაფრით. (ისევ კეიტს მოუბრუნდება) - ხო, ტყუილი იყო, მე შევთხზი ეს ისტორია.
კ - და რატომ, რა აზრი ჰქონდა?
ჯ -იმიტომ რომ არ გესმით თქვენ. თქვენ არ იცით რა არის სცენის სიყვარული. 20 წელია სცენაზე არ ვდგომილვარ, მანამდე ჩემს სამშობლოში ხალხის საყვარელი მსახიობი ვიყავი, მიყვარდა სცენა. სცენით ვიძინებდი და სცენით ვიღვიძებდი. აქ კი რა? არსად არ ამიყვანეს, არავის ვჭირდები. 20 წელია ხან მშენებლობაზე ვარ, ხან ავეჯს ვათრევ. ჩემი ერთადერთი სცენა ეს ბაღია და ერთადერთი მაყურებელიც თქვენა ხართ, ახალგაზრდა, გამოუცდელი ჟურნალისტები. თქვენთვის ვთამაშობ ხოლმე სხვადასხვა როლებს ყოველ კვირას და თქვენს ჩემი წარმოდგენის შემდეგ ტაშსაც არ მიკრავთ, მერე  უცებ დგებით და მიდიხართ თქვენს გამომცემლობებში, რომ დროზე ჩააბაროთ თქვენს იდიოტ რედაქტორებს ჩემი მოგონილი სისულელეები.( ჩუმდება, თვალში ცრემლი აქვს მორეული)
კ - აჰა, ანუ თქვენი მსახიობობა არ მოგიტყუებიათ, არა?
ჯ - არა
კ  - დანარჩენი ყველაფერი ტყუილი იყო ხომ, ეს ფოტო ალბომები, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი გოგონა, ეს სულელური სიმღერა, როგორ იყო? “პუი,პუი,პუი” ჰა ჰა, რა მაგრათ გამაცურეთ
ჯ - არა, ბოდიში მოიხადეთ, სიმღერა არ იყო ტყუილი, მართლაა ესეთი სიმღერა
კ - კი, მჯერა, როგორ არა
ჯ - არ გჯერათ ხომ მოიცათ. (ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ეძებს რაღაცას) აი, იუთუბში ნახეთ. Oscar Benton. “Bensonhurst Blues”. რთავს მუსიკას.აჰა, მოუსმინეთ.
კ - მადლობთ, არ მინდა,( იღებს ჩანთას და მიდის. ბენტონის მუსიკაზე ეკრანზე ჯერ ჯორჯი მოჩანს, მერე ფართო პლანით ბესონჰერსტის სახლების ფონი და ტიტრები. ) ვსო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები