ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2021


" ხათაბალა "(ნაწილი 2,თავი 2 დასასრული)

გარედან ფეხის ხმა მომესმა. სასწრაფოდ დავაბრუნე ადგილზე საქაღალდე .გასვლას ვერ მოვასწრებდი. ისღა მოვახერხე მაგიდის ქვეშ შევძვრალიყავი და სუნთქვა შემეჩერებინა. ვიგრძენი როგორ მოუახლოვდა გოგლა მაგიდას და ჩემსკენ დაიხარა.
ორივემ ერთად შევყვირეთ.მე შიშისგან,მან სიბრაზისგან.
-აქ,რას აკეთებ,გოგო?!
-საყურე დამივარდა და ვეძებდი,რა გული გამიხეთქე?- დასტურად ხელები მოვუსვი იატაკს.
მხრებში მტაცა ხელები, ფეხზე წამომაყენა და ოქრომჭედელივით დამაკვირდა ყურებზე.
-ორივე საყურე გიკეთია!-კბილებში გამოსცრა.
-არ გადამრიო?- ბიბილოებზე ვიტაცე ხელი.
-მაცაცო,რატომ დაძვრებოდი?! - კითხვასთან ერთად თვალი მოატარა უჯრას.აშკარად რაღაცას მიმიხვდა.
"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" გამახსენდა დიდი შოთას სიტყვები, მეორე ვარიანტი ვარჩიე და  პირში წყალი ჩავიგუბე.მზერაც,მოხარშულ თევზივით არაფრის მთქმელი გამიხდა.
-ჩემს ოთახს აღარ გაეკარები!-მკაცრად მითხრა და ხელი შემიშვა. წვიმაში მოყოლილ ძაღლივით,კუდამოძუებული გავედი კაბინეტიდან.
(გოგლა)
მაცაცოს უცნაურმა ქცევამ ჩამაფიქრა. ჩემი დანახვა ისე შეეშინდა,მივხვდი რაღაცას მიმალავდა. უჯრები შევამოწმე,ყველაფერი ადგილზე დამხვდა.
მაინც ვერ მოვისვენე,ავეტისიანის საქმე ამოვიღე და მაგიდას მივუჯექი. ყველა მოწმის ჩვენება იდენტური იყო.ყველა ერთხმად ამტკიცებდა,რომ მკურნალად წოდებული  ქალბატონი ,წამლის სანაცვლოდ დიდ თანხებს ართმევდა მათ. ხშირად ოქროს ნაკეთობების სახითაც ხდებოდა საფასურის გადახდა. სამივე ქალბატონი უჩიოდა აწ გაუჩინარებულს,ვინაიდან ,ეგრეთ წოდებული უკვდავების წყალი, სპირტით გაზავებული ჩვეულებრივი ჩაი აღმოჩნდა.
ჰასმიკას "მოხერხებულობამ"ღიმილი მომგვარა . დაზარალებულების მიმართ კიდევ ერთხელ დანანებით გადავაქნიე თავი და უცებ გავჩერდი. წარსულის ერთი  კადრი ამომიტივტივდა გონებაში და თვალები ვჭყიტე.
გამახსენდა ორი წლის წინანდელი ერთი პატარა ეპიზოდი. მაცაცოს ხელში უცნაური ბოთლი,რომელიც ჩემს დანახვისას სწრაფად შემალა კარადაში და სანამ კითხვებს დავაყრიდი,კისერზე ჩამომეკიდა კოცნით. ყურადღებას არ მივაქცევდი ამ ამბავს,რომ არა,ხელმეორედ მისი შეშინებული რეაქცია,როდესაც პირთან მიტანილი ბოთლი ხელში გაუშეშდა. ვიფიქრე ,რომ ჩუმ-ჩუმად ეპარებოდა სასმელს და ჩემს თავზე გავბრაზდი,აქამდე,რომ ვერ მივხვდი,მისი ლოთობის ამბავს. ბოთლი ხელიდან წავგლიჯე და დავყნოსე. უცნაური სუნი ჰქონდა,სახე შემეცვალა. 
-მანანამ გამომიგზავნა,ბალახების ნაყენია,ცოტა კუჭი მტკივა და..-სიცილით მითხრა.
მანანას ხსენებამ ჩემი ეჭვები მაშინ კი  გაფანტა,მაგრამ ახლა რატომღაც ისევ შემიძვრა მღრღნელი ჭია.
-არა,რაღაც ცუდად უტრიალებს ჩემს კაბინეტს,-ვთქვი ფიქრებიდან გამორკვეულმა.თვალი გადავავლე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას,ვეცადე კიდევ რაიმე საეჭვო აღმომეჩინა მაცაცოს ქცევებში.
-ბეჭედი! -წამოვიძახე და აღმოჩენით კმაყოფილი  სავარძლის საზურგეზე გადავწექი.
უკვე ორი წელი სრულდებოდა,რაც მაცაცოს თითიდან საგვარეულო რელიკვია გაქრა. თალიკოს კითხვაზე,თუ რატომ არ ეკეთა ბეჭედი,პასუხად ორსულობისგან ხელების დასივება მოიმიზეზა. აღარავინ ჩაძიებია ზედმეტად.ზურიკოს დაბადების მოლოდინით,ისე ვიყავით გახარებულები,არავის გაგვხსენებია ქეთო ბებოს განძი.
-მდაა.-გაურკვევლობისგან მოვიღუშე.
რამდენი ჩახლართული საქმე გამიხსნია,რამდენი დამნაშავე ამიჭიკჭიკებია,მაგრამ ყველაზე მოუხელთებელი ,რომელთანაც ვერას გავდიოდი,ეს მაცაცო იყო. პირდაპირ თქმა,ვიცოდი დააფრთხობდა და საერთოდ დაამუნჯებდა.ისევ, ჩემი პროფესიის გამოყენება გადავწვიტე.
(მაცაცო)
ნირწამხდარი შევწექი ლოგინში. ოღონდაც ვერაფერს მიხვდარიყო და აღარც ვაპირებდი,მის ოთახს გავკარებოდი.მთავარი,რაც მაინტერესებდა,უკვე ვიცოდი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა,ჩემი ბეჭედი უნდა დამებრუნებინა. როგორ და რანაირად,ამის საფიქრლად წინ დიდი ღამე მქონდა. აზრთა დიდი ჭიდილის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი,რომ ინგას ჩავსაფრებოდი. ის თუ გამიყვანდა ჰასმიკას კვალზე,სხვა ვერავინ. გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ძილს მივეცი თავი.
არ მახსოვს,რამდენ ხანს მეძინა,გოგლა ატირებული ბავშვით ხელში დამადგა თავს და ხელი მსუბუქად წამკრა.
-მაცაცო,ზურიკოს შია,-მითხრა და გვერდში მომიწვინა.მიგრძნო თუ არა პატარამ,მაშინვე ტუჩები ააცმაცუნა.
-რა მოხდებოდა,მამებსაც შეგეძლოთ ბავშვის ძუძუთი გამოკვება,-გატეხილი ძილი არ მესიამოვნა.
-ბარემ გაჩენაც,-გაეცინა გოგლას.
-თუნდაც,-უყოყმანოდ დავეთანხმე და გოგლა შეფარვით შევათვალიერე.მის სახეზე სიბრაზის ნატამალი ვერ აღმოვაჩინე. ალბათ ვერაფერს მიხვდა,თავი დავიმშვიდე და ზურიკო მკერდზე მივიკარი.
-თუ გინდა ,გავცვალოთ როლები,შენ იარე ჩემს სამსახურში,მე ოჯახს მივხედავ?- ეშმაკურად მოწკურა თვალები.
-მშვენიერი აზრია,სიამოვნებით გამოვიძიებ შენს დაუსრულებელ საქმეებს,-ვთქვი და ენაზე ვიკბინე.
-რა იცი,რომ დაუსრულებელია?-დაიხარა და ყურთან მიჩურჩულა.
-აბა,დავიჯერო ყველა გამოიძიე?-იხტიბარი არ გავიტეხე.
-ერთი  დამრჩა,ქალი დაიკარგა,იმას ვეძებთ,-მითხრა და ზურგიდან მომიწვა.
-საწყალი..საიდან  დაიკარგა?-არ შევიმჩნიე ნაცნობი საქმე.
-ჩახლართული ამბავია, ის ქალი თავის დამზადებულ  წამლებს ასაღებდა,რაშიც იღებდა ბევრ ფუულს..ოოქროს..-ბოლო სიტყვები შეფიქრიანებულმა გაწელა და  თითებზე მომკიდა ხელი.-ოქროზე გამახსენდა,რატომ აღარ იკეთებ ნაჩუქარ ბეჭედს,არ მოგწონს?-ჩემი თითები პირთან მიიტანა და მაკოცა.
მდუღარე გადასხმულივით ამეწვა სხეული და ხელი სწრაფად გამოვაცალე.
-მომწონს,უბრალოდ სახლში არ მინდა მეკეთოს,ძვირფასია და მეშინია არ გავაფუჭო,-დაბნეულმა ვიმართლე თავი.
-იმედია,ზურიკოს ნათლობაში გაიკეთებ,გაუხარდება თალიკოს და როზას,-მითხრა და თითები როგორ პიანინოს კლავიშებზე,ისე გადამატარა ტანზე.
-გავიკეთებ,-ამოვიკნავლე.
-ჩემი გოგო,-კისერზე მაკოცა. -დაეძინა ზურიკოს,დააწვინე თავის საწოლში და მოდი ჩემთან,-ხმა ათრთოლებულმა მითხრა.
მექანიკურად შევასრულე თხოვნა. თითქოს სისხლისგან დამცალესო,დაშრეტილ-დაწკრეტილი დავწექი და ჭერზე მივაბჯინე მზერა.
-რა გჭირს?-იდაყვზე დაეყრდნო და თვალებში ჩამხედა.
-ბეჭედი დავკარგე,- სასოწრაკვეთილს,ცრემლები გადამიცურდა საფეთქლებზე.
-როდის დაკარგე?-თითქოს არ გაკვირვებია,ისე სასხვათაშორისოდ მკითხა.
-მეც არ ვიცი, მოვიხსენი და ჩანთაში შევინახე,მერე ვეღარ ვიპოვნე,ძალიან ვნერვიულობ,გოგლა,-მის მხარეს გადავტრიალდი და ავქვითინდი.
-ო,ვერ მოგსვლია კარგი ამბავი,დაწყნარდი,ნუ ტირი,-თავზე მაკოცა.
-თალიკოს და როზას რა ვუთხრა?-უარესად ავზლუქუნდი.
-მოვიფიქრებთ რამეს,შენ არ ინერვიულო,-ისე უცებ შეეგუა საგვარეულო განძის დაკარგვას,ცოტა არ იყოს,გამიკვირდა.
-არ მიბრაზდები?
-კარგი რა,მაცაცო,ბეჭდის გამო გინდა გავბრაზდე?-გაეცინა.
-არა,მაგრამ .. სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა,-კიდევ ვცადე დავწმუნებულიყავი,რომ ნამდვილად არ ეწყინა.
- შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ და არ მინდა ცუდად გრძნობდე თავს,-ღიმილით მითხრა და სახე დამიკოცნა.
უცებ ვიგრძენი შვება, ხასიათზე მოვედი და გოგლას მოწყურებულივით დავაცხერი თავს.
(გოგლა)
ვუყურებდი უშფოთველად მძინარე მაცაცოს  და ეჭვები მჭამდა. ჩემი ალღო ჯიუტად მანიშნებდა ჰასმიკას და მაცაცოს კავშირზე. ფიქრებმა ისე გამიტაცა,ვერ მივხვდი,როდის შემეპარა რიჟრაჟი. ზურიკო ავიყვანე ხელში და ოთახიდან გავედი.
თამრიკოს ეღვიძა,სამზარეულოში ფუსფუსებდა.დაგვინახა,თუ არა,სახე გაებადრა.
-ბებოს ჭკვიანი ბიჭი,არ უტირია,თუ მე ჩამეძინა ღრმად?-ზურიკო გამომართვა და ჩაკოცნა.
-მგონი ზაზას სერენადები მოეწონა,-გამეცინა.
-ბიძასავით მუსიკოსი გახდება,-სიამაყით თქვა.
-ჯერ ზაზას ამბავი ვერ მომინელებია,უარესად ნუ მიმატებ,-შევუტიე თამრიკოს.
-ცუდი რა გააკეთა?-შემომიბღვირა.
-არასერიოზულად მოეკიდა ცხოვრებას,იურიდიულიდან სად აღმოჩნდა?-განმიახლდა სიბრაზე.
-არ მოსწონდა შენი შერჩეული,კიდევ კარგი მხსნელად მაცაცო მოევლინა,საყვარელ საქმეს აკეთებს და კმაყოფილია.
-ა,მაცაცომ აურია ტვინი?! აქამდე როგორ ვერ მივხვდი?!-ნაპერწკლები გავყარე თვალებიდან.
-ზურიკოს გაფიცებ,არაფერი უთხრა!
იქამდე მეგონა,რომ ოჯახში ჩემი სიტყვა ფასობდა და აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ჩემი  ყველა  თხოვნა. რაც მაცაცო გავიცანი,ვხვდებოდი,რომ ნელ-ნელა ძალას მაკარგვინებდა.ამას ისე  ლამაზად აკეთებდა, ვერც მივხვდი,როდის გადამსვა კულისებში. ყველა მისგან იღებდა რჩევას და მე უკვე გადაწყვეტილებას მამცნობდნენ. რომც შევწინააღმდეგებოდი,მაინც თავისი გაჰქონდათ.
-არაფერს ვეტყვი,-ვუთხარი თამრიკოს,თუმცა გულში დავიქადნე,რომ მეტიჩარა მაცაცოს თავის ადგილზე მოვსვამდი.
ჩემი ყურადღება,სამზარეულოში შემოსულ ზაზაზე გადავიტანე. კოპებშეკრულმა გავხედე.
-რას გიგავს თმა,როდის უნდა შეიჭრა?-მის საგრძნობლად მოზრდილ თმას დავაკვირდი.
-არ ვაპირებ,- ზედაც არ შემოუხედავს,ისე გამოხსნა მაცივრის კარი.
-აბა რას აპირებ?- ვეცადე მშვიდი ვყოფილიყავი.
-ვიზრდი,-თქვა და კეფირის ბოთლი პირზე მიიყუდა.
-რას შვრები?-ცოტა მაკლდა აფეთქებას.
-თმას ვიზრდი,-დამარცვლით მითხრა და სმა განაგრძო.
თამრიკოს გავხედე,შეშინებული მიყურებდა. მოწოლილი ბრაზი ნერწყვის სახით ჩავახშე და ისევ ზაზას მივუბრუნდი.
-დღესვე შეიჭრი!-მეც დავუმარცვლე.
- შანსი არ არის,ასე მომწონს,მაცაცოსაც მოსწონს,-უტეხად მომაჩერდა.
მაცაცოს ხსნებაზე ერთიანად ავფეთქდი და მაგიდას ისე ძლიერად დავკარი მუშტი,ზურიკომ ტირილი დასცხო.
-გოგლა!
დამიყვირა თამრიკომ და ატირებული ბავშვი ოთახიდან გაიყვანა.
-თუ გგონია,რომ შენი ყვირილი შემაშინებს,ძალიან შემცდარხარ,დროა ,ჩემი გადაწყვეტილებების პატივისცემა ისწავლო,პატარა აღარ ვარ და თავად მივხედავ ჩემს ცხოვრებას!
ზაზამ პირველად აუწია ხმა  ჩემს მიმართ. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა.
-ბრძანებები სამსახურში,აქ ოჯახია !- მშვიდად მითხრა და გავიდა.
(მაცაცო)
ხმაურმა საწოლიდან წამომაგდო.პირველად მესმოდა ზაზას ჩხუბი.სასწრაფოდ მივაშურე სამზარეულოს. გოგლა წარბშეკრული იჯდა.დამინახა,თუ არა,წამოენთო.
-შენ გადაიყვანე ჭკუიდან,შენ!
-რაზე ამბობ?-ადგილზე გავქვავდი.
-პიჟონივით უნდა იაროს და ქვეყნის დასაცინი გახდეს!
-ვერაფერი გავიგე?
-ჰმ,რას გაიგებ,იმაზე უარესი ხარ,-ხელი ჩაიქნია.
-რატომ ჩხუბობ, ადამიანო? ამიხსენი წესიერად.
-თმას იზრდის ბიჭი! მერე შენს ფინტიკლუშკა რეზინებსაც გაიკეტებს და ივლის ცირკის მაიმუნივით!
თავი შევიკავე,რომ არ გამცინებოდა. ზაზას  ჩამოუყალიბებელი გემოვნება ჰქონდა,რაც თავის ასაკისთვის სრულიად ლოგიკურად მეჩვენებოდა.მასზე  გავლენას, მისი ოთახის კედლებიდან მომზირალი მუსიკოსებიც ახდენდნენ.
-ნუ ბრაზობ,გოგლა,გადაუვლის,ჯერ პატარაა,- ვეცადე მანდილი ჩამეგდო ძმებს შორის.
-პატარა არის ზურიკო! ეგ კი ოცდაორი წლის კაცია! სად გამოვყო თავი?!
-შენი თავი უფრო გადარდებს,ვიდრე ზაზას თმის სიგრძე!
-შენი ენის სიგრძეც არ მომდის თვალში,- ავად შემომხედა.
-იქნებ მეც არ მომდის თვალში ბევრი რამ,მაგრამ არაფერს ვამბობ?!
-სად მიკაკუნებ,იქნებ განავრცო,გისმენ?!-მკლავები გულზე გადაიჯვარედინა.
მიზეზის ძებნაში თვალების ცეცებას მოვყევი,მართლაც და ვერსად ვუპოვნე ჩასაკაკუნებელი. გოგლა ძალიან კარგი მეუღლე და მამაა,თუ არ ჩავთვლიდი მის ცოტა ფეთქებად ხასიათს,იდეალური მამაკაცი მყავდა გვერდში.
-ჰო,გისმენ,გისმენ?!-ყოყმანი შემატყო და იერიშზე გადმოვიდა.
-ხანდახან უხეში ხარ,-მაინც წავკბინე.
-ვარ!-თავი დამიკრა.-კიდევ?
-კიდევ ის,რომ ძალიან მიყვარხარ,- მხრებზე მოვხვიე ხელები და ყელზე ხმაურით ვაკოცე. აღარ მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ჩვენი კინკლაობა.
-კატა ხარ,კატა,-გაეღიმა.
უცებ მოულბა გული.
***
საღამოსკენ მე და თამრიკომ სამზადისი დავასრულეთ.გივის მოსვლას ველოდით. ზაზა თავის ოთახიდან არ გამოსულა,ნაწყენი იყო.რამდენჯერმე ავაკითხე . უხასიათოდ ატირებდა გიტარის სიმებს.
-ნუ უბრაზდები,ხომ იცი როგორია,უცებ გადაუვლის,-გვერდით ჩამოვუჯექი.
-ყველაფერს მიმოწმებს,ამოვიდა ყელში,- მობეზრებულად მითხრა.
-უჭირს თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა და რა ვქნათ? თან გოგლას, შვილად უფრო მიაჩნიხარ,ვიდრე ძმად,ასაკის ბრალია,-  ვეცადე ძმებს შორის  დამეთბო სიტუაცია.
-ეგ,თუ წარსულში ჩარჩა,ესე იგი მეც უნდა გადამიკეტოს გზები?
-მასე ნუ ამბობ,გოგლას შენი წარმატება ყოველთვის უხარია,ცოტას კი ურჩობს,მაგრამ მაინც მოუწევს შეგუება სიახლეებთან.
-ახალი მუსიკა დავწერე,მოგასმენინო?-მკითხა ცოტა ხასიათზე მოსულმა .
-მეც სიამოვნებით მოვუსმენ! -ლიკუნას ხმაზე კარისკენ შევტრიალდი.ყურებამდე გაღიმებული იდგა.
-როდის მოხვედი?-გამიხარდა მისი დანახვა.
-წეღან,მანანა და ზურაც აქ არიან,-მახარა.
-ხომ მშვიდობაა?-ფეხზე წამოვხტი მშობლების ხსენებისას.
-რას დაფეთდი გოგო? ზურიკო მოენტარათ,-გაიცინა და ზაზასკენ ეშმაკურად გააპარა თვალები. ზაზას გავხედე, დაბნეულობა შევატყვე.
ამათ შორის რაღაც ხდება-გულში უსიამოვნოდ გამკენწლა.
- დაბლა გელოდებით,-ორივეს გასაგონად ვთქვი და კიბეზე დავეშვი.
მანანა როგორც ყოველთვის ქოთქოთით შემხვდა და საყვედურებით ამავსო,ერთს არ მოგვიკითხავო. ზურამ ჩვეული სითბოთი ჩამიკრა გულში.
გივიც მალე  შემოგვიერთდა,რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა ნოდარი. თამრიკოს  ყოფილი ქმრის დანახვამ ღაწვები შეუფარკლა. ჩემსავით,არც გოგლას თვალს გამორჩენია დედის რეაქცია.გაეღიმა და მამამისს თვალი ჩაუკრა.
მანანამ ფაციფუცით ამოაწყო ჩანთიდან სოფლის ნატურალური პროდუქტი და მაგიდაზე ჩამოამწკრივა.თან ქება-დიდებას არ იშურებდა საკუთარი თავის მიმართ.
-სიდედრიც ასეთი უნდა,-გაეცინა გოგლას, ტყემლის ბოთლი ხელში შეანჯღრია და ჭიქაში ჩამოასხა.
-აბა,გავსინჯოთ,-თქვა და ჭიქა პირზე მიიყუდა.
-რას აკეთებ,გოგლა? კუჭს აგატკივებს,ვის გაუგონია მასე დალევა?-შეშფოთდა მანანა.
-მერე,ხომ იცი წამალი?დამიმზადებ,-უთხრა და მე გამომხედა. უცებ ვერ მივხდი,რას გულისხმობდა. რომელი ფარმაცევტი მანანა ნახა?
-წამლები,რომ ვიცოდე,ზურას ვუმკურნალებდი, ცოცხალი თავით არ მომყვება ექიმთან,იჭყიპება სოდიანი წყლით,-  მამაჩემს თვალები დაუბრიალა.
-ამის გაკეთებულ საჭმელს არ ვენდობი,წამალს კი არა,-თქვა ზურამ და ჩემს გარდა ყველას გაეცინა.
გამახსენდა  გოგლას გაკვირვებული სახე,როდესაც ჰასმიკას წამლის დალევისას შემომისწრო. მაშინ მანანას დავაბრალე ექიმბაშობა.
ტანზე ხიჭვები ვიგრძენი.
(გოგლა)
შევხედე მაცაცოს და ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ჩემი და მანანას საუბარმა ზედმეტად ააღელვა,თითქოს ცუდი ამბავი შეატყობინესო, ფერდაკარგული იდგა იქამდე, ვიდრე ლიკუნამ არ დაუძახა,ზურიკო ტირისო.
გივის  ჩემს კაბინეტისკენ ვანიშნე. გადავწყვიტე მისთვის გამენდო რაც ტვინს მიღრღნიდა. ბოლომდე გულდასმით  მომისმინა და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს,კაცო?!
-მოწმე სახლში გყოლია და სხვებს რაღას დავდევთ?- უარესად ახარხარდა.
-შენ ის მითხარი,ჩემს ეჭვს აქვს ,თუ არა არსებობის უფლება?-წარბი შევუკარი.
გივიმ სიცილი შეწყვიტა და სერიოზული სახით შემომხედა.
-არ გამოვრიცხავ,მაცაცო პირველი გავიდეს "შამანის" კვალზე,-თქვა და კვლავ ხარხარი ატეხა.
-ესე იგი,არც შენ უარყოფ,შესაძლო კავშირს,-კმაყოფილმა დავიქნიე თავი.
-პირდაპირ რატომ არ ეკითხები? იქნებ ამბობს სიმართლეს?
-არ იცნობ კარგად მაცაცოს,-ხელი ჩავიქნიე.-რცხვენია,თავის სისულელით ,რომ გაება ხაფანგში.
-გოგლა,იქნებ ცდები  და უბრალოდ დამთხვევაა?
-არც მაგას გამოვრიცხავ,თუმცა მისი შემცბარი სახე,სხვა რამეს მეუბნება,უნდა მომეხმარო,- ვუთხარი გივის და ჩემს მიერ შემუშავებული პატარა  გეგმა გავაცანი.
შეთქმულებივით გამოვედით კაბინეტიდან და გაშლილ სუფრას მივუსხედით.
(მაცაცო)
გული ისე მქონდა აჩქარებული და ვცახცახებდი,ძლივს ვაჭამე ზურიკოს.ვიცოდი,გოგლასთან მომიწევდა ახსნა-განმარტების მიცემა.  მანანაც რა მიამიტია,ეთქვა ვამზადებო,ხუმრობით მაინც?! იქნებ,არც გაახსენდეს? მაგრამ ისე მიყურებდა,აშკარად რაღაცას ხვდებოდა. "ქურდს ქუდი ეწვისო" ზუსტად ასე ვიყავი. ბავშვი ავიყვანე ხელში და მეც სტუმრებს შევუერთდი. ჩემდა გასაკვირად ზაზაც მაგიდასთან დამხვდა,ლიკუნა ეჯდა გვერდით,რომელიც ნაზად კისკისებდა მის მხარზე მიყრდნობილი.
ქალმა,თუ მოინდომა,თვით ეშმაკს შეაცდენს! გავიფიქრე. გაღიმებული ზურიკო მანანას გადავეცი და გოგლას და თამრიკოს შორის დავჯექი.
-მგონი ლიკუნა ზაზას ეპრანჭება,-მიჩურჩულა თამრიკომ. აჰა,თამრიკოც კი მიხვდა! ლიკუნას მოუწევს ლექციების მოსმენა ჩემგან!
-მეც მასე ვატყობ,- მოჟღურტულე წყვილს შევხედე.
-კარგი გოგოა,-ისევ ჩუმად მითხრა.
გამეღიმა. არ იცის, მისი ქამანდივით ენა,თორემ ამას არ იტყოდა.
ქართულ სუფრას როგორც სჩვევია,ტრადიციული სადღეგრძელოებით დაიწყო ნოდარმა.
-რაღაც დაძაბული ჩანხარ?-გოგლამ წელზე მომხვია ხელი.
-სულაც არა,-ვეცადე მხიარულად გამომსვლოდა ნათქვამი.
-ცოტას არ დალევ?-ჭიქა ღვინით შემივსო.
-რა გინდა,ზურიკო გავალოთო?-გამეცინა.
-ცოტა არაფერს უზამს,პირიქით,წამალია,-ბოლო სიტყვა გამოკვეთილად თქვა,ან მე მომეჩვენა.
-წამალები აღარ ახსენო,-სიცილით ჩაერთო გივი ჩვენს საუბარში.
-რატომ?-გოგლამ გაკვირვებით შეხედა.
-ჩვენი შამანი,თავის პაციენტებს,ხან ღვინოში გაზავებულ ჩაის ასმევდა,ხან სპირტში,გაალოთა ხალხი,მეცინება,ამდენი ადამიანი,როგორ გააცურა,-
-ვინ შამანი?-ვითომ ვერ მივხვდი,სხეული კი დამეჭიმა შვილდივით.
-ერთი თაღლითია,ჩემი ნათესავიც მისი მსხვერპლი აღმოჩნდა,მაგრამ არაუშავს,სად წაგვივა,ჩვენს ხელშია,ვიცით სადაც აქვს ბუნაგი,გამოვიჭერთ,- გივიმ მუქარა გაურია ხმაში.
ესე იგი იციან სადაც არის?ტყუილად არ შეიკეტნენ წეღან.მიაგნეს ალბათ. როგორმე უნდა გავიგო მისი ადგილსამყოფელი და ამათ დავასწრო.  ამხელა სირცხვილს მთელი ცხოვრება ვერ გავუძლებ! საგვარეულო სიწმინდე და ღირსება,რადაც არ უნდა დამიჯდეს,აუცილებლად უნდა დავიბრუნო!
იმედი ჩამესახა, გული მიგრძნობდა ჰასმიკას სახლის გასაღებს,ისევ გოგლას კაბინეტში,თუ ვიპოვნიდი.
ცოტა ხანს ვაცადე,სანამ სუფრა ეშხში შევიდოდა. ზურიკოს ძილი მოვიმიზეზე და ბავშვთან ერთად დავტოვე მაგიდა.
(გოგლა)
ჩემი და გივის საცდელი გეგმა, ის ობობის ქსელი აღმოჩნდა,რომელშიც უმალ გაება მაცაცო. დავინახე, როგორ შეიპარა  ჩემს კაბინეტში და კარი უხმაუროდ მოიხურა.
ავეტისიანის საქმეში ჩადებულ ტყუილ მისამართს,ჩემი ეჭვები უნდა გაემართლებინა.
ზურა და მანანა ცოტა ადრე წავიდნენ,დილით სოფელში მივდივართო ,აღარ გაჩერდნენ გვიანობამდე. ნასვამი მამაჩემი თავის ოთახში გაამწესა თამრიკომ. მისი ზრუნვა ძალიან მესიამოვნა. იქნებ, შერიგდნენ კიდეც? დიდი სურვილი მქონდა,როგორღაც ეპატიებინა დედას მისთვის.
ლიკუნა ჩვენთან დატოვა მაცაცომ,დილით სალონში მინდა წასვლა,ფრჩხილები უნდა გავიკეთო და ბავშვს დაგიტოვებო. გულში ვიზეიმე.გივის წასვლის წინ თვალი ჩავუკარი,ორივეს გაგვეცინა.ჩვენი შემუშავებული გეგმა მოქმედებას იწყებდა.
***
დილით მე დამასწრო ადგომა მაცაცომ. სწრაფად დაიწყო გამზადება.
-საით გაგიწევია ამ დილა ადრიანად?-ვითომ გამიკვირდა,ზუსტად ვიცოდი სადაც მიდიოდა.
-გუშინ ხომ გითხარი,მანიკურ-პედიკური უნდა გავიკეთო,ორ დღეში ზურიკოს ნათლობაა,-მწყრალად შემომხედა.
-უჰ,სულ გადამავიწყდა,მოიცადე,მე გაგიყვან,-ვუთხარი და წამოვხტი.
-სანამ შენ გაემზადები,მე უკვე მოსული ვიქნები,ბავშვი თამრიკოს ჰყავს,-მომაძახა  და კარში გაუჩინარდა. კმაყოფილმა,სტვენა-სტვენით ამოვიცვი შარვალი.ქუჩის კუთხეში,ჩასაფრებული გივი მეგულებოდა.
არხეინად გავიპარსე წვერი და ღიღინ-ღიღინით მოვემზადე სამსახურში წასასვლელად. გასვლამდე ზაზას ოთახში შევიარე,კიდევ ერთხელ მინდოდა შემეხსენებინა თმის შეჭრის ამბავი.ვერაფრით შევეგუებოდი მის თავზე დალალებს. კარი შევხსენი და სახტად დავრჩი. ზაზას და ლიკუნას ერთმანეთზე გადაკვანძულებს ეძინათ.
კარის ჭრიალის ხმაზე ზაზამ წამოყო თავი,დამინახა,თუ არა,დაიბნა.ხან ლიკუნას უყურებდა,ხან მე. ხელით ვანიშნე,გარეთ გამოსულიყო. სხვა ვერავინ ნახა,ნათესავს,რომ მიადგა?! ისე გავცოფდი ზაზაზე, სანამ გამოვიდა,ჩემი დამემართა.
-რას აკეთებ,ბიჭო? ნამუსი გაქვს?- ვეცი მხრებში და კედელზე მსუბუქად მივახეთქე.
-რა გინდა,ვერ გავიგე?- წარბი შეკრა.
-დაილია გოგოები,ნათესავს ,რომ მიადექი?-კბილებში გამოვცერი.ვეცადე ძალიან არ მეხმაურა,არ მინდოდა თამრიკოს ყურს მიწვდომოდა.
-დილამდე ვსაუბრობდით და ჩაგვეძინა,რა პანიკა ატეხე?-აქეთ იერიშზე გადმოვიდა.
-ჩაძინებაა ბიჭო,ერთმანეთზე წოლა?-მუშტი მივცხე კედელს.
-აუ,ამას ხომ ყველაფერი ისე ეჩვენება,-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და საძინებლისკენ დააპირა წასვლა.
-მეჩვენება?! -უარესად გავხელდი და ხელი ვკარი.
-გოგლა,არაფერი მომხდარა ჯერჯერობით,მაგრამ მოხდება,ლიკუნა მიყვარს! -დამიბღვირა.
-რა თქვი?!
-ლიკუნა მიყვარს! -ხელები ისე გაშალა,მაგრძნობინა,ამ საქმეს აღარაფერი ეშველებაო.
მოულოდნელმა ამბავმა ადგილზე გამაშეშა. ისეთი თავდაჯერებული მიყურებდა თვალებში,ვხვდებოდი,აზრი არც ჩხუბს ჰქონდა,არც შეგონებას. ღრმად ჩავისუნთქე და სახლს აჩქარებული ნაბიჯით გავეცალე.
(მაცაცო)
აფორიაქებული მივუყვებოდი ქუჩას, ჰასმიკას საქმიდან ფურცელზე ამოწერილ მისამართს ნერვულად ვუჭერდი ხელს. ერთი სული მქონდა "მკვდრეთით აღმდგარ" ჰასმიკას შევხვედროდი.
ახლა გოგლას დაანახვა ჩემი თავი, ან მომკლავს,ან სამუდამოდ გამომკეტავს საპყრობილეში. გავიფიქრე და ფურცელს დავხედე.
-აქ არის!-გახარებულმა  ვთქვი და ჭიშკარს ყური მივადე. შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. კარს ოდნავ მივაწექი,ჭრიალით გაიღო. ეზოს სიღრმეში პატარა სახლი იდგა ბელეტაჟზე,რომელიც მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. დავეჭვდი,ამ კარ-ფანჯარა ჩამონგრეულ შენობაში ადამიანს რა გააჩერებდა? ირგვლივ მოვატარე მზერა და ფრთხილი ნაბიჯით შესასვლელისკენ  წავედი. სახლში სულიერის ჭაჭანება არ იყო. ის იყო,უკან გაბრუნებას ვაპირებდი,გარედან ფეხის ხმა მომესმა. შიშისგან კედელს ავეკარი და სუნთქვა შევაჩერე.  ხმა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.დავინახე ორი ნიღბიანი მამაკაცი,რომლებიც  სწრაფად წამოვიდნენ ჩემსკენ.დაყვირება ვერ მოვასწარი ,ტომარა ჩამომაცვეს თავზე , ხელები ზურგსუკან გადამიგრიხეს და ხელბორკილები დამადეს.შიშისგან  გავიბრძოლე და მოგუდული ხმები გამოვეცი. ძალდატანებით დამსვეს სკამზე და ტომარა გადამაძვრეს თავიდან.
ნეტავ არ დამენახა!
ჩემს წინ გოგლა და გივი იდგნენ.
გივი სიცილს ძლივს იკავებდა,გოგლას მრისხანება ჩადგომოდა თვალებში.
-გაიცანით, ჩვენი ახალი თანამშრომელი,თავისი საქმის უბადლო მცოდნე,გამომძიებელი ქალბატონი მაცაცო ვარსიმაშვილი!-გოგლამ ხმამაღლა უთხრა გივის და შენელებული ტაში დაუკრა.
შიშისგან და ამავდროულად სირცხვილისგან  სახე მომებრიცა.
-ამას არ გაპატიებთ!- ტირილნარევი ხმით დავემუქრე ორივეს.-მეტკინა ხელები,გამიხსენი! -ავწრიალდი მტვრიან სკამზე.
- განყოფილებაში მოგივლი! - თვალები დამიბრიალა და გივის მიუბრუნდა.-წამოიყვანე!
ხუმრობის ვერაფერი შევატყვე.ლამის ჭკუიდან გადავედი.ვინ,ვინ და საკუთარი ქმარი მიჭერდა?!
-გოგლა,სულ გაგიჟდი?!-ვეცადე გონზე მომეყვანა.
-გამომძიებლის საქმიანობაში  უკანონო ჩარევა, დასჯადია ქალბატონო მაცაცო!- სახე ახლოს მომიტანა.-გივი! მოკიდე ხელი და წამოიყვანე!-ისევ უბრძანა.
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ,რა ვქნა,უნდა დავემორჩილო,-მითხრა გივიმ და ხელი მომკიდა.
-თქვენ სულ გააფრინეთ?! -ახლა გივის ვეცი.-გამიშვით ახლავე!
-თქვენს გამო,სამსახურს ვერ დავკარგავ,-უცხოსავით მითხრა გივიმ.
-ეს უგულო და მხეცი,როგორ ავირჩიე ბავშვის ნათლიად?!- ჩემს თავზე გავბრაზდი და გივის ფეხი ავუქნიე.
-აი,დანაშაულს წვრილმანი ხულიგნობაც ემატება,- ნიშნისმოგებით თქვა გოგლამ.
-ვერ გიტან! - ტირილით ვუთხარი.დავინახე,როგორ შეეცვალა სახე. მიხვდა,ჩემს გამოსაჭერად დაწყებული თამაში,სერიოზულ სახეს იღებდა.
-გივი,მოხსენი ბორკილი,მანქანაში დაგელოდებით,-გოგლამ ერთხელ კიდევ შემომხედა და გარეთ გავიდა.
მანქანის სავარძელზე ატუზული ვიჯექი. აკანკალებულ ხელებს ძლიერად ვუჭერდი ერთმანეთს. ოფიციალური ჩვენების მიცემა მომიწევდა,სხვა გზა არ იყო.ურჩობა და ჯიუტობა აღარ გაჭრიდა გოგლასთან. განყოფილებამდე უხმოდ ვიმგზავრეთ სამივემ.
ინგას გაცნობიდან დაწყებული,ჰასმიკას წამლებით და ბეჭდის დაკარგვით დასრულებული სხაპა-სხუპით დავფქვი. გოგლა იმდენად გაბრაზებული არა,რამდენადაც ნაწყენი ჩანდა. თვალებში ვერ ვუყურებდი.თუმცა,სულაც არ ვაპირებდი,მეპატიებინა მისთვის ეს დღე.
მტკიცედ გადავწყვიტე,რომ დავშორებოდი.
სახლში დაბრუნებისთანავე  სისრულეში მოვიყვანე განაზრახი. ავიკარი გუდა-ნაბადი და ზურიკოსთან ერთად ჩემს სახლში წავედი. თამრიკო ვერ მიხვდა, რომელმა შავმა კატამ გაირბინა ჩემსა და გოგლას შორის.
- რა დაგემართა,რა ბზიკმა გიკბინა,გოგო?-ლიკუნა გაკვირვებული მიტრიალებდა გარშემო.
-აღარ მიყვარს და მორჩა!-უცებ  გამოვუცხე ტყუილი.
-გუშინ გიყვარდა,დღეს რა მოხდა?!
-დილით მივხვდი,რომ მაგ ადამიანთან აღარ მეცხოვრება!- ცრემლები წამოვყარე.
-რა დროს დაშორება იყო,ძლივს შენი მაზლის ცოლი ვხდები,-უკმაყოფილოდ აბზიკა ცხვირი.
-ხოდა გზა თავისუფალი გაქვს,გითმობ ჟღენტებს სრული შემადგენლობით!
- სერიოზულად გადაწყვიტე,თუ სიბრაზე გალაპარაკებს?-ეშმაკურად გაიღიმა.
-  სახელი გოგლა, წაშლილია ჩემს გულში! - მტკიცედ ვთქვი.-ტვინშიც! -დავაყოლე და აფხუკუნებულ ლიკუნას გავეცალე.

( გოგლა)
სახლში დაბრუნებულს,მაცაცო,რომ არ დამიხვდა,არ გამკვირვებია.ნამდვილად ზედმეტი მომივიდა,რომ იტყვიან ,გადავამლაშე! სხვა გზა არ დამიტოვა,ჭკუა უნდა მესწავლებინა მისთვის. მოკლეფეხება ტყუილები დავიწყებას უნდა მიეცა.
თამრიკო და ნოდარი ცდილობდნენ ჩვენი ჩხუბის მიზეზი გაერკვიათ.არ მინდოდა ,მათთვის სიმართლის თქმა.ვიცოდი,ისევ მაცაცო ჩავარდებოდა უხერხულში.მიზეზად,ეჭვიანობა დავასახელე მისი მხრიდან.რაზეც თამრიკო გაბრაზებული მომდგა.
-"კვიცი გვარზე ხტისო" ტყუილად არ უთქვამთ,- ჩემთან ერთად ნოდარიც გაკიცხა.
-არაფერი დამიშავებია,-გამეცინა.
-უმიზეზოდ ეჭვიანობა არ ხდება,ალბათ შეგამჩნია რაღაც!
-კარგი რა დედა..
-მეგონა ყველაზე ჭკვიანი შვილი მყავდა,თურმე დაძვრება ეს აქეთ-იქით პატარა ბიჭივით!-ვერ დაცხრა თამრიკო.
ნოდარს ხმა არ ამოუღია,რას იტყოდა? წარსულის შეცდომას,დღემდე იმკიდა.
რამოდენიმე დღე  არ შევხმიანებივარ მაცაცოს. ლიკუნას პირით შემოგვითვალა,რომ ნათლობა გადაიდო.იმ ჯალათს,ჩემს შვილს არ მოვანათვლინებო,გივისაც ვერ პატიობდა თამაშში ჩაბმას. თამრიკო ხშირად აკითხავდა ზურიკოს,თან ჩვენს შერიგებას ცდილობდა. მაცაცოსგან დაბრუნებული პრესში მატარებდა.
ჰასმიკ ავეტისიანი კი,თავის ძმისშვილ ინგა ავეტისიანთან ერთად საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დავაკავეთ.
მისი დაკითხვისას აღმოჩნდა,რომ ჩვენი ოჯახის  რელიკვია, რომელიღაც იუველირისთვის მიუყიდია.

(მაცაცო)
მთელი დღეები მოშხამული დავდიოდი. თავს ვერ ვერეოდი,ისე მენატრებოდა გოგლა.მინდოდა,მოსულიყო და პატიება ეთხოვა. შერიგებისთვის მზად ვიყავი,თუმცა პრველი  ნაბიჯის გადადგმას,არამც და არამც არ ვაპირებდი.თამრიკო და ნოდარი ხშირად აკითხავდნენ ზურიკოს. ყოველ ჯერზე გოგლას გამოტანებული საჩუქრები მოჰქონდათ ბავშვისთვის.ჩემთვის არაფერი ემეტებოდა ვაჟბატონს. რამოდენიმეჯერ გივიც იყო მოსული. ყოველი წასვლის წინ პატიებას მთხოვდა.მეცინებოდა მის საქციელზე.
მანანა ჩემზე მეტად განიცდიდა. ძლივს ოჯახი გეღირსა და ერთი ხელის მოსმით როგორ ანგრევო.ათასი მაგალითი მოჰყავდა ქალის მოთმინებასა და დათმობაზე.რა იცოდა,რაში იყო საქმე?!
გვიანობამდე ვარწევდი აღნავლებულ ზურიკოს. ზაზა ვინატრე თავის რეპერტუარით. თამრიკოც თავისი ტკბილი მოფერებით და მთავარი,გოგლასთან მინდოდა ყოფნა.
დიდი ძალისხმევის შედეგად ,ზურიკო მივაძინე. დაღლილობამ თავისი გაიტანა და მეც ჩამთვლიმა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,სიცივის შეგრძნებამ გამომაღვიძა და მაშინღა მივხვდი,რომ არაფერი მეფარა ტანზე. ძაგძაგით წამოვიწიე და ჩაფიქრებული  დავწვდი საბანს. ერთი და იგივე სიზმარს,უკვე მესამედ ვხედავდი.
კარზე,საკეტის გაჩხაკუნების ხმა მომესმა. გამიკვირდა,ამ შუა ღამეს ლიკუნა რატომ მოვიდა-მეთქი.ფეხზე წამოვხტი და ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი,გაღიმებული გოგლა შემოვიდა ოთახში.
-გაახსენდა,შვილი,რომ ჰყავს,-სიხარული არ შევიმჩნიე,ტუჩები უკმაყოფილოდ დავგრიხე.
-ცოლიც,-თავი დაიქნია.
-ეგ ნამდვილად აღარ გყავს!-ავიფოფრე.
-რას მეუბნები?!- წარბები შუბლზე აზიდა.
-რაც გესმის! ზურიკოს სძინავს,შეგიძლია დღისით მოხვიდე,-ვუთხარი და ხელით კარისკენ ვანიშნე.
- არ გიხდება სიმკაცრე,- მომიახლოვდა და  ჩემს წინ გამომწვევად დადგა.
-ჰმ,-გამეცინა.-წვრილმან ხულიგნობაზე ხომ არ დამაპატიმრებთ ბატონო გამომძიებელო?
-თუ საჭირო გახდება,მსხვილმანზეც,- წელზე სარტყელივით შემომაკრა მკლავები და მკერდზე ამიკრა.
-მომენატრე,-მიჩურჩულა და ყურთან მაკოცა. როგორც ჩვენი პირველი შეხებისას,ზუსტად ისე შევხტი.
-გამიშვი,-ვეცადე მის მკლავებიდან გამომძვრალიყავი.
-ოჰ,ოჰ,-გაეცინა და უფრო მიმიხუტა.
-რა გინდა,გოგლა?
-აი,ეგ უაზრო კითხვები,მკლავს,-გაეცინა.
-ძალიან გაბრაზებული ვარ,- გაბუტულმა ჩავილაპარაკე.
-როგორ ძალიან,აბა?-უკან გადასწია თავი და ისე შემომხედა.
-ისე,რომ შენი დანახვაც არ მინდა,-ტუჩები გავბუშტე.
-დახუჭე თვალები.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ?-მეწყინა,არასერიოზულად ,რომ მიუდგა ჩემს სიბრაზეს.
-არა..დახუჭე თვალები,-მითხრა და ქუთუთოები დამიკოცნა. მივენდე მის თხოვნას.
თითზე ცივი საგნის შეხება ვიგრძენი ,უცებ გამოვფხიზლდი და ხელზე დავიხედე.
- არ არსებობს!
არათითიდან ამაყად მიმზერდა ქეთო ბებო!

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები