ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2021


* * *

მე მახსოვს
როგორ დაიბადა ღმერთი ჩვენს სახლში,
ჩვენთან ერთად როგორ იზრდებოდა.
როგორ ვგრძნობდით ამას.
ვლოცულობდით და იზრდებოდა.
მოწყალებას გავცემდით და იზრდებოდა.
ობლებს ვაპურებდით და იზრდებოდა.
მიცვალებულებს ვპატრონობდით და იზრდებოდა
და სიყვარული ერქვა ჩვენს უფალს.

ეს იმ თეთრთავსაფრიანმა მოხუცებმა გაგვანდეს,
ვისი კაბის კალთებსაც
საკმევლისა და თაფლის სანთლის სუნი დაჰკრავდა მუდამ.
ვის ჯიბეებშიც გამოულევლად ინახებოდა
ჩვენს გასახარად-
პიტნის კარამელი,
ალუბლის კერკი
ან ვაშლის ჩირი.
დღესასწაულებზე კი - ჰალვა და ქადა.

მე ისიც მახსოვს,
გაზრდილი უფალი როგორ მოგვაშორეს
და გადაასახლეს ლამაზ, ცივ პალატებში.
თქვენი ჭერი ვეღარ დაიტევსო მის სიდიადეს-
ასე დაგვმოძღვრეს და დაგვაჯერეს.
მერე, დღეებიც კი დაუწესეს,
ტიპიკონები შეურჩიეს,
უკარნახეს, მიუთითეს- რა როგორ გაეკეთებინა.
ვინ მიეღო და ვინ გაერიყა თბილი უბიდან.

ღმერთს, რომელსაც სიყვარული ჰქვია
და რომელიც დასაბამიდან
ჩვენთან ერთად იზრდებოდა,
მაინც ეს უბრალო ჭერი ერჩივნა
ყველა ძოწეულსა და ბისონს, ერთად აღებულს.
და ბრუნდებოდა ჩვენს სანუგეშოდ-
როცა ცრემლები გვიშლიდა ლოცვას.
როცა უმოწყალოდ გვამცირებდნენ.
როცა ობლის კვერს სხვები ინაწილებდნენ.
როცა ,,სულთა თანას'' გალობას
თავმომწონეთა დითირამბები ახშობდა...
კეისარს კეისრისას უტოვებდა,
თვითონ კი-
სამარადისოდ
ჩვენთან და
ჩვენში სახლდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები