ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2021


ძველებურად

ყურს მივუგდებ ქარის მოთქმა-ტირილს,
არავინ ჰყავს ქვეყანაზე ბეჩავს,
ბნელ კუთხეში ატუზული ჩრდილი,
თითქოს ჩემს სულს უგემურად ღეჭავს.

მოგონება ფიქრში გახალასდა,
ამატკია კითხვა უპასუხო,
ძველებურად ვერიდები ხალხს და...
და სტრიქონებს უშენობას ვუყოფ.

ისევ ის ვარ, სხვა სამყაროს მკვიდრი,
ისევ მიყვარს ღამით ხეტიალი,
ისევ მჯერა, რომ ვართ მეტი ვიდრე,
მიწისაგან აღებული ვალი.

კვლავ დავეძებ ადგილს უკაცრიელს,
საფიქრალი იქნებ რამე დარჩა,
რომ მოეღოს ბოლო სულის წრიალს,
ვპოვო ის, რაც არის, მაგრამ არ ჩანს.

მივუყვები ფიქრების ტყეს უღრანს,
როგორც ქუჩის უპატრონო ძაღლი,
უნდობლობით საკუთარ ჩრდილს ვუღრენ,
ვინ გაიგებს კაცის უხმო ძახილს...

მოვა დრო და დაეშვება ფარდა,
არ დარჩება კითხვა უპასუხოდ,
ძველებურად დარდიანი ვარ და
ჩითის ლექსებს უშენობას ვუყოფ...

დანტე დარდიანი    06/01/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები