ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 იანვარი, 2021


მამულიშვილებზე

ქრისტეშობა

ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,

დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.

მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,

ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.

ალბათ, მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!

მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,

და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.

ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი-იმედებს.

ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად!-კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.

თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.

შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,

რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი-უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად.

ზვიად გამსახურდია

6 იანვარი, 1992

............................................................................................................................................
ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია.

მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა - მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ. თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“

მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მამულიშვილებს

მამულიშვილნო! მიყვარხართ,
დიდია თქვენი ამაგი,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩვენი ჯიში და ალაგი.

იყო დიდგორი, შამქორი,
ცხრა აპრილი და შინდისი,
ყველა ერთგული ქართველი
არის ამ ქვეყნის სინდისი.

თავისუფლებას უმღერის
დღეს მათი შთამომავლობა...
სამშობლოს სამსახურისთვის
მამულიშვილებს - მადლობა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები