ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2021


ოცნება: ავსტრალია ( 2. გაქცევა გაგრძელება)

თითქმის ორი საათი შეუჩერებლად ვიარეთ. მთელი ამ დროის მანძილზე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მარკო ჰორიზონტს მზერაგასწორებული ლაღად მიაბიჯებდა, მე დედას ადევნებული ხბოსავით უკან მივყვებოდი. საით მივდიოდით ან რა მელოდა ამაზე ფიქრით თავი აღარ შემიწუხებია, თითქოს უსიტყვოდ მივენდე, ან კი სხვა რა გზა დამრჩენოდა...
    მხრებგაშლილი იმდენად ლაღად მიაბიჯებდა თითქოს წინ საგზაო ნიშნებით გადატვირთული გზატკეცილი ედო. მოჯადოებულივით ვუყურებდი მის ჩამოსხმულ მხარბეჭს, ფიზიკური ძალა და ვარჯიშით გამოწრთობილი სხეული აშკარა იყო, სიარულის მანერა და ნაბიჯები იმდენად მოზომილი ჰქონდა რატომღაც მხოლოდ ჩვეულებრივ კრიმინალად ვერ აღვიქვამდი. მოძრაობა წლობით გამომუშავებული დისციპლინირებული ჯარისკაცის ჰქონდა.
      მისი ფოლადივით ჩამოსხმული, მოსხლეტილი აღნაგობა, მოკლედ შეჭრილი, კუპრივით თმა, კუშტი გამოხედვა, საფეთქელთან პაწაწინა იარა და ხშირი წარბების ქვემოთ მომზირალი შავი, ნაპერწკლებით სავსე თვალები ზუსტად ვიცოდი არცერთ ქალს გულგრილს არ დატოვდა. განსაკუთრებით ავსტრალიაში, სადაც სტატისტიკურად ასიათასი ქალით მეტი ცხოვრობს ვიდრე მამაკაცი. ამ წუთას დარწმუნებული ვიყავი ვინმეს ერთად რომ დავენახეთ შურით გული გაუსკდებოდა და ისიც ზუსტად ვიცოდი მარკო მარტო არ იქნებოდა, ამას უამრავი ქალი უბრალოდ არ დაუშვებდა.
    საკუთარ ფიქრებსა და დასკვნებზე სიმწრით გამეცინა. იმ სიტუაციაში რაშიც ვიმყოფებოდი ჩემი გამტაცებლის პირად ცხოვრებაზე განსჯით ვიყავი დაკავებული თითქოს მასზე ფიქრის მეტი სადარდებელი არ მქონდა.
      ან რატომ აღიქვამდა ჩემი გონება მას ასე რომანტიულად?! ის ფაქტი იყო რომ გადამარჩინა, მაგრამ ამას ნამდვილად განსაკუთრებული მიზეზი ექნებოდა რადგან მან საკუთარი თანამზრახველები გადაიმტერა. ჩემი მუდამ უტყუარი ინტუიცია მკარნახობდა რომ ეს მხოლოდ ადამიანური დახმარების მომენტი არ იყო და მას უფრო სხვა მიზეზი ჰქონდა, ამას მის მზერაში ვხედავდი. როდესაც პირდაპირ მიყურებდა მის თვალებში ისეთი ტკივილი და წყვდიადი ისადგურებდა რომ ის ნაპერწკლები რომელსაც ასე ასხივებდა, მყისიერად ქრებოდნენ.
    მიუხედავად ამისა მეექვსე გრძნობა მის მიმართ ნდობას მკარნახობდა, საფრთხის მოლოდინი და შიში ერთიანად გაქრა, დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერს დამიშავებდა.
      რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მე ჩემი გამტაცებლის მიმართ სიმპათიით განვეწყვე...
      საკუთარი თავისთვის რაიმე უჩვეულო გამოვლინება არასდროს შემიმჩნევია, ახლა კი სტოკჰოლმის ცნობილი სინდრომი აშკარა იყო... ამან იმდენად დამაფრთხო რომ არასასიამოვნო ფიქრების მოსაცილებლად თავი ძლიერად გავიქნიე და ჩემდაუნებურად ნაბიჯს ავუჩქარე.  მტკიცედ გადავწყვიტე ეს ბიჭი გონებიდან ამომეგდო და ჩემი აქედან თავის დაღწევის გეგმაზე მეფიქრა.
      დასუსტებულსა და გადაღლილს ფეხი ორჯერ დამიცდა, დაუმორჩილებელი სხეული ძლივს შევაკავე რომ ისევ წყალში არ აღმოვჩენილიყავი და სიარული გამეგრძელებინა.
    ირგვლივ ისეთი გამაყრუებელი სიჩუმე იდგა ტალღების სუსტი შრიალი რომარა ადამიანი იფიქრებდა თვით სიჩუმე გამეფებულა კაცობრიობაზეო. მთვარის რბილი სინათლე გზას საკმარისად გვინათებდა და იმდენად მისტიურ გარემოს ქმნიდა თავი წიგნის ან ფილმის პერსონაჟად წარმოვიდგინე.
    მშვენიერი სიუჟეტის იდეაც გაჩნდა გონებაში. ნებისმიერი ჟურნალისტი იოცნებებდა ასეთ თავგადასავალზე, რომლის შეთხზვაც კი არ დაჭირდებოდა. ახლა მთავარი იყო აქედან თავი დამეღწია და მისი დაწერის საშუალება მომცემოდა. სიუჟეტური განვითარება და ეპილოგი საკუთარი ფანტაზიისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნებოდა.
    ამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფიქრებში გართულს ფეხი კიდევ ერთხელ დამიცდა და ისე მოწყვეტით დავეცი გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. სხეულის სიმძიმისგან წყალმა ისეთი შხეფები წარმოქმნა რომ ჩემს წინ მიმავალი მარკო ზურგიდან ერთიანად დასველდა.
    დამოუკიდებლად წამოდგომა ვცადე მაგრამ გადაღლილი სხეულის დამორჩილება არცთუ ისე მარტივი გამოდგა.
    მარკო სწრაფად მოტრიალდა და დასახმარებლად დაიხარა. ორივე ხელი მკლავებში ჩამავლო და ჰაერში ამაფრიალა. როგორცკი ფეხზე გავიმართე ხელი მაშინვე შემიშვა და განზე გადგა. ეს იმდენად სწრაფად გააკეთა თითქოს გავარვარებულ ნივთს შეხებოდა. რომ მიხვდა მყარად გავიმართე ასევე ჩუმად შებრუნდა და გზა გააგრძელა. 
      მივხვდი... ცდილობდა ნაკლებად შემხებოდა და იშვიათად შემოეხედა.
      ეს აღმოჩენა ჩემთვისაც სასარგებლო იყო. მისგან თავი მეც შორს უნდა დამეჭირა რადგან საკუთარ თავს ვატყობდი ეს ბიჭი ანდამატივით მიზიდავდა.
    გადაღლილობისგან იმდენად გაითიშა გონება რომ ფეხს უკვე ანაზდად ვადგამდი, ბარბაცით მივდიოდი. ერთიანად სველი ტანსაცმელი იმდენად დამძიმდა მეგონა კოსმონავტის სკაფანდრს მივათრევდი იძულებით. ვხვდებოდი რომ ძალიან მალე საერთოდ ვეღარ შევძლებდი სიარულს მაგრამ მდევრის შიში რამდენჯერაც თავს მახსენებდა იმდენჯერ ვცდილობდი მხნეობა მომეკრიბა, რაც თითქმის აღარ გამომდიოდა.
    კანკალმა ხელახლა ამიტანა, გაბრუებული მივაბიჯებდი და მარკოს ზურგს ხარის წინ აფრიალებული წითელი დროშასავით შევჩერებოდი. ასე მეგონა თვალს თუ მოვაცილებდი სასწაულით შემორჩენილი ენერგია წამში წყალივით დამეშრიტებოდა.
    მას კი თითქოს საერთოდ მივავიწყდი, ვეღარც ჩემს ბარბაცს ამჩნევდა და ვეღარც კანკალს. შეგრძნება არ მტოვდა რომ გონებით სხვაგან დაფრინავდა და ირგვლივ მე კიარა ვეღარაფერს ამჩნევდა.
      დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ შევძელი მის მტკიცე ნაბიჯს მივყოლოდი შემდეგ თანდათან, ჩემდაუნებურად შემინელდა მოძრაობის უნარი და როცა მივხვდი კვლავ ვეცემოდი წყლიდან ნაპირისკენ გავაბიჯე. იქვე ქვიშაში ჩავჯექი და იმდენად ხმადაბლა ჩავილაპარაკე საკუთარი ხმა ჩემს სმენასაც კი ძლივს მისწვდა.
    -მეტი აღარ შემიძლია!..
    მეგონა ვერ გაიგო მაგრამ შევცდი. მყისიერად შეჩერდა და მზერა ირგვლივ მოატარა.
    -კორომამდე მოსვლას შეძლებ?!
    კიარ მკითხა უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა. წამოდგომაში მომეხმარა და პალმების მასივისკენ წამიყვანა.
    ხეების სიღრმეში მოხერხებული ადგილი იპოვა. პალმის ხმელი რტოები მოაგროვა და ცეცხლის ანთებას შეუდგა.
    -საშიში არაა?-შეშფოთებული მზერა ოკეანისკენ გამექცა.
    -ნუ გეშინია, მომენდე..- საკუთარი სპორტული მოსაცმელი გაიძრო და ჩანთასთან ერთად მომაწოდა. -დაისვენე! მე აქვე ვიქნები.
    ცეცხლთან მყუდროდ მოვიკალათე. ჩანთა თავქვეშ ამოვიდე და მისი მოსაცმელი მივიფარე. კოცონიდან მომავალმა სითბომ ჰიპნოზივით იმოქმედა. მზერა ალს გავუსწორე თუარა ძილმა ხელი ელვის სისწრაფით მტაცა და ჰაერში ღრუბლის ქულასავით ამაფარფატა.
     
   

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები