ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2021


Café de Flore

ვინა სთქვა, თითქოს დემი ურგია,
მერე რა, თუკი გვარი აქვს მური?
ხშირად პოეტი დემიურგია,
ზოგსაც სახეზე უსვია მური.
როგორ უხდება მურა კამიუს,
პარიზი, აქ დუღს Café de Flore,
ბევრი წერს, მაგრამ მურაკამისთან,
უფრო ახლოს ხარ, მეტად ეფლობი.
ხშირად იხილავთ კაფეში სარტრის,
იქვეა სიმონ დე ბოვუარიც,
სარტრი უკვეთავს ყავას და შარტრეზს,
რთულია სარტრის უთხრა უარი.
ზოგჯერ კაფეში სტუმრობს პიკასო,
საოცარია მონმარტრის ბინდი...
ის აგდებს სიტყვას და ინტრიგასო,
მერე დგება და უჩუმრად მიდის.
აქ არის ზორბა ჰემინგუეიც,
საუბრობს ბევრს და ხმის აკუსტიკა
გამოსცემს ბგერებს: ა, ო, უ, ე, ი
და თანხმოვნების უვრცეს მუსიკას.
სხედან ბრეტონი და არაგონიც,
აპოლინერი ცლის ფინჯან ყავას,
ერთხელ იქნება მეც მათთან წავალ,
ეტლით, ფიქრებით ანდა კლაქსონით.
ვინა სთქვა, თითქოს დემი ურგია,
მერე რა, თუკი გვარი აქვს მური?
ხშირად პოეტი დემიურგია,
ზოგსაც სახეზე უსვია მური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები