ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2021


ზღვაურა, სკაროსები და მესაფლავე

    ზღვა იყო უხში, მარილიანი. ზღვაურას ფეხები დამბალი და დახეთქილი. ნიჟარასავით ჩაგრეხილ ფრჩხილებში ჭუჭყად მარილი უკრთოდა. ქალი უკბილო პირით მოიქნევდა ზღვას, ეშვებით იჭერდა და ღრძილებით ღეჭავდა ნამცეცა თევზებს. გამოწუწვნილი, ხერხემლით მიჩონჩხლილი ქოხის შემოგარენი, სიკვდილის ტოლფას განტოლებას ხსნიდა.
    ასწევდა ქალი კალთას და შიგ იქცევდა ზღვას ქარიანად. შემდეგ უფრო მშვიდი, კაცის ალერსს ვერმგემებელი, იამებდა აშლილ ხორციელ ტკივილებს. გაბარდული წარბები, თმის ხვეულებში ბადედ გადაეწნა,  შიგ ოქროს სირმა ჩაეყოლებინა და ფატასავით წამოხურული, წელს უფარავდა. საბურავიანი სახე ჯადოსნურად იკვესებდა მოკიაფე თვალებს და თევზებსაც ადვილად აბამდა მახეში.
    ზღვასა და ქალს საზიარო ჰქონდა მარილი და თევზი, ზურგით საზიდი. კიაფობდა მარილი სხივებჩაკეტილ იატაკში, სადაც მზე სიმლაშით დაელპო, გაექვავებინა. სანაპიროზე აშრობდა მარილს, გამოსცრიდა მისგან ოქროს მტვერს და სირმებად წვნიდა. ოქრო ისევე ბევრი ჰქონდა, როგორც მარილი. კინკილა ეშვ კბილებზე ოქროს ფირფიტები გადაეკრა, მისი ცვლით გაპრიალებული მინანქარი სამართებელივით ალესვოდა. ძილის წინ აიხდიდა კაბას, ვარსკვლავები კრთოდნენ, ხედავდნენ რა, მისი სხეულის დაჭყლეტილ, სისხლნაკლულ, მკერდჩამოღელვილ სიმკვდრეს.

                                                  ***
  ზღვა ახსოვდა  საკუთარი თავივით და ვიღაც ქალი, ქვიშიან სანაპიროზე ჩამონესტილი, მოგუდული გრძნობებით მოვლენილი, მოჩქაფებული რძით როგორ კვებავდა პატარა ზღვაურას. წამოზრდილმა მეზობელი სოფლიდან ხილის მოპარვა დაიწყო. ტკბილი, სიამოვნების გაგრძელება იყო, -ძუძუთი კვებით  მოგვრილი ბედნიერების. ცოტა ხნით ნაგრძნობი შობილობა, ზრუნვა და მიკუთვნებულობა, ზღვას გადაჰკვროდა ნათელ ზედაპირზე,  გოგონას სიღრმეში ჩაძირვის უფლებას არ ძლევდა,-ჯერ კიდევ მოტივტივე, დასავიწყებელი წარსულის ჩრდილი, დედის სუნს ამახსოვრებდა, რძის  ტკბილი გემოთი და ხილის არომატით. დედა ფერწასული მოირბენდა,- არვის გაეკიცხა უკანონოდ გაჩენილი ბავშვისთვის, რომელიც ზღვას მიუგდო, მისი სიღრმისთვის გაიმეტა. ურჩხული ტალღა უკეთ დამალავდა ახალგაზრდა ვნების ნაყოფს და ჯეელობამდე დააბერებდა.ქალი აწოვებდა და ქრებოდა, ეს ერთადერთი იყო, რისი მიცემაც შეეძლო- თავადვე ტალღა-ცრემლით დახუნძლულს. მიდიოდა უუნაროდ, ქარგატაცებული ნავის აფრასავით, ტყუილად მოქანავე და საკუთარი ტვირთის მძიმებელი. მაშინ ვიღაც ჰყავდა ზღვაურას, არ იცოდა, რისთვის და მიხვედრის დროც არ ჰქონია. მერე ზღვა გახდა მკვებავი და დამძარღვავი. ზღვასავით ბუნდი იყო მისი სული, საწყისად ჩაგდებული სიბნელე, გასანათებელი და გასახილველი, ჩაწილული ბავშვის თავივით. ნამდვილად ზღვის შვილი იყო, დღემდე მის უამრავძუძუნაწოვი.

                                              ***
  ქვას ეზიდებოდა ხელის ერთთვალათი მესაფლავე. მოძვალტყავებული სხეულით, გაზეპილი ქუდით, მტვეროფლშეკოწიწებული სახის ნაღვრელით, კუზის სწორებით ჩიჩქნიდა სანაპიროს. ქვა ყველაზე მეტად ეშვილებოდა. დაღმართელების ქვეყნიდან იყო.  იქ არაფრის კეთება იყო საქმე, რასაც ივალებდნენ. კეთება მახეა, ვინც ერთხელ იქმს, ის მუდამ უნდა შრომობდესო. გაუყენეს გზას მესაფლავე, იწვნენ და ელოდნენ, როდის გაყიდიდა საფლავის ქვას, ან დამარხავდა მიცვალებულებს.
      კაცმა ქოხს ჩაუარა. ზღვაურას გაკმეულმა ჰაშიშმა საბურველში შეჰხვია, ხელ-ფეხი გაუკრა და თვალი  გაუშტერა. ქალმა ხალათის საყელოში სტაცა ხელი და ქოხში შეათრია. სამფეხა სკამზე დასვა, ნიკაპი აუწია, მარცხენა თვალი გამომცდელად შეათამაშა და დაელოდა. მესაფლავეს არც შეუხედავს, სველ შუბლზე ხელი გადაისვა, ჭუჭყის ხონხლოები აუგორდნენ.
-გემრიელი ვაშლის ღვეზელის სული მეცა, მე კი,  ტკბილი თუ მომაკლდა, თვალთ მიბნელდება!..
    ქალმა ცხვირი აიბზუა, დოინჯი შემოირტყა. დიდი თევზი დაახეთქა მის თვალწინ მაგიდაზე, სამად გადაჭრა უშველებელი დანით, მარილი დააყარა და გაწითლებულ ღუმელში შეუძახა. შემდეგ საქმიანად ტაში შემოჰკრა, ოქროს ღოჯი გამოსარკა და ტუჩი გააწკლაპუნა. კაცს თვალები დაეხუჭა. მის წინ ქადები აცეკვდნენ. ხელები გაშალა, წაცეკვება დააპირა, ქალმა მუჯლუგუნით რკინის ჭრიალა საწოლზე მიაწვინა. მკერდზე წამოაჯდა, ხელები მარწუხებად შემოაჭდო ბეჭებზე. ხელოვნური სუნთქვის ჩაბრუნებას გავდა- ლოშნა-ამოსრუტვა. ფილტვებმა გულისპირიდან იწყეს მანათობელი სფეროს გამოდევნა. კვერცხისგულა მთვარე ამოგორდა კაცის სხეულიდან, მკვრივი და კედელმოუცვეთელი. ქალმა სლუკუნ-სლუკუნით, ტკბობა-ფლობით შეისრუტა, რბილობი პირით შხუილა ფილტვებისკენ გადაუძახა. ამოაქარვა. მიწვა მესაფლავის გვერდით და ხვრინვა ამოუშვა. ნათელმა გაუპო ბაგეები, ნაოჭები წამით ამოევსო. ფეხები სინორჩემ გადაუთალა, ტანზე თმა-ბეწვი ჩამომჭკნარ ქუსლის ქერქთან ერთად დასცვივდა.

                                          ***
    გარიჟრაჟზე მესაფლავემ გადაიძრო პერანგი კანიანად, ლოდივით მძიმე გულ-მკერდი გადაიხსნა და იქიდან ყვავის ათი ფრთა ამოჩხანკალდა. ფრთების ტყლაშუნმა ცოფიანივით წამოაგდო. გული რომ არ იცოდა სად ჰქონდა, ახლა იგრძნო, -უჟმური, ამყაყებული წყლების გუბურა, ღინღლებითა და ბაყაყებით გადაფეთქილი.  ამ არსებათა ყუყუნი წურბელასავით ჩასობოდა ტვინის რბილობს. თავს ურტყამდა ქოხის კედლებს. ტკივილის მიყენებით ცდილობდა, გათავისუფლებულიყო ბნელი სიცარიელისგან. ურიკა მოძებნა, ვერ დაძრა. ქვა უკან გადმოყარა და ჩოქვა-ჩოქვით გაუდგა თეთრ ბილიკს.

                                                ***
    ზღვაურამ ზღვა საცერით ამოსცრა. ცრიდა მასთან ერთად სიტყვებს და უბრუნებდა დინებას თითო წვეთად დავალებულ უმანკოებას. დუდუნით გადაიწერა სხეულის ტარზე წყლით მოგვრილი ჟრუანტელი. წყალმა სარკე მოუტანა,-შუქის გამტარი. ჩაიხედა და ამოიგმინა. ზღვას უტოლდებოდა მისი ბოროტების სიღრმე. მესაფლავისგან გამოწურული ენერგია ზღვისთვის დაეთმო. ინანა, როცა ჩაყვინთა და ფილტვებიდან ფოსფორისფერმა ელვამ იწყო წყალში შერევა. ენერგიას ათმობინებდა ზღვა, პირობის მიუხედავად, რომელსაც საკუთარ თავს აძლევდა-თავად შეევსო დანაკლისი. საკუთარი თავის მნიშვნელობა და სიყვარული არ იცოდა და საკუთარსაც სხვას უთმობდა. კმაყოფილი ზღვა გასარკულ ტალღებს ქოჩრიდა და რწევია გვერდებს სათუთად ახლიდა ნაპირებს. ადამიანის ხრჩობის გარეშე იგრძნო კმაყოფილება, რადგან ზღვაურასავით ქალი იყო და მამრის ენერგიით ივსებდა სასიცოცხლო ძალებს. ქალი მოიკუნტა. სიშავეს გამოენგრია ქალის უჯრედისი. ბეწვი ჩაბრუნებოდა, კანქვეშ ასობდა შხამიან, ობმოკიდებულ სინაზეს. ზღვაურა იგლეჯდა სხეულიდან, როგორც ბუმბულს. ზღვაში ჩაყრილი სისხლიანი თმა, ყორნის ბოლოებად ამღვრევდა მეწამურ სითხეს.
        ზღვა გაიცრიცა. ქალი თავისკენ მიიზიდა. ჰორმონები დაურწია. მომძლავრებული მამაკაცური  საწყისი უჩეხდა გულს, რათა გამოეჩინა მისი არსება. ქალმა უკან დაიხია, წყალში თავისი სახე არეკლილიყო,- უგვანო, ბოროტების მარხილი. მისი კუპრი სახე კაწრავდა ზღვის სინათლეს. წამახვილი თვალები, ყინულის კრისტალებივით, ძვალ-რბილში ასობდა ზღვასთან სასიცოცხლო კავშირის შიშს. ზღვასთან დაბადებული, მასავით გამჭირვალე ხდებოდა, თუმც ამოუხსნელი სინათლე აბრმავებდა და კეტავდა მის ცნობიერს. თეთრ მარილში დამარხვა უოკებდა სიცხადეს, საკუთარი თავის რეალურ აჩრდილებთან შეხვედრას გუდვას ამჯობინებდა,-მარილში წუთიერ უგონობას. სინათლეს ემალებოდა, როცა მისი კრისტალები აისხლეტდა შუქს და საკუთარ არსსაც ვეღარ გრძნობდა.

                                                ***
    კაცად მისული სიცარიელე შეეჯახა სახლს. გულის ადგილას ყვავების ცარიელი ბუდე ამოსჩროდა,- „სხვისი კვერცხების მიმთვისებელი“- აბრად გადმოკიდებოდა მკერდზე, რადგან საკუთარი არაფერი გააჩნდა. რაც აქამდე ენახა და ეგრძო, წერტილებად იკინძებოდა, როგორც ბგერები სანოტო რვეულში. ცრემლად ნადნობი ყინული ახრჩობდა და ადუღებდა მის სახეს. მუდამ აღრენილი, კუდამოძუებული ძაღლივით, საკუთარ ლეშს ზემოდან დაჰყურებდა და მოსალოდნელ სიმყრალეს ჰაერში გრძნობდა.
      გარედან შემოჭრილ ბავშვების ჟრიამულზე დაფრთხა მესაფლავე, ელდანაკრავივით გავარდა გარეთ და ქვების სროლით მიმოფანტა პატარები. უკან შემობრუნებულს, ცალფეხა ბიჭუნა დაუხვდა კართან, ერთი ფეხი ზღურბლზე დაეტოვებინა.
-ვინ დაგპატიჟა სალახანა?!
-მე თვითონ მოვედი!!
-შენც ახლა, წითელი კვერცხი არ იყო!!
-დედა მეუბნება, ვინც გაბრაზებულია, საკუთარ თავს უნდა ეჩხუბოსო!!
-მომწყდი თავიდან, ჭკუის კოლოფო!
-ზღაპრის მოსმენა მინდოდა... დაწყებულს გაგრძელება უნდა!...წავალ...უკვე მივდივარ!
-იყო და არა იყო რა!..აღარაა ზღაპარი...მორჩა!..გათავდა!..მომპარეს!..წაიღეს..გამაცამტვერეს!...
-აბა, მტვერი  კარგიაო, ჩვენც მტვრისა და მატერიის ნაკადი ვართო?!!!
-მაშინ ასე მეგონა.. ახლა ამას ვეღარ ვგრძნობ, რადგან წამართვეს..წაიღეს.. მომპარეს!!..
- რა მოგპარეს?!..როგორ მოგპარეს მკვდრების დარაჯს?!!
-ძგერა, ფეთქვა მომპარეს!.. ცარიელ მიწას რად უნდა დარაჯი?! როცა საკუთარი გაგიქრა, სხვის ლეშსაც ვერ უპატრონებ!! ვაიჰ, რომ ურიტმო, უხეირო, უმარილო ვარ!!
-მარილის მეტი რა არის სანაპიროზე?!
-მაგან გამიტყუა, მაგან დამღუპა! სითეთრემ გამაშავა, სინათლემ დამაბრმავა!!!
თავში ხელი შემოიკრა და ბარბაცით დაემხო სკამზე, თავი ჩაქინდრა და ცხელი ნაკადი წასკდა თვალებიდან.
ბავშვი გულის აბრას დააკვირდა. თვალები გაუფართოვდა. ფეხი აიღო და ჩუმად გაიხურა კარი.

                                                    ***
          მესაფლავე თავის ნათქვამმა დააღონა. ცარიელ მკერდში მჯიღს იცემდა, რადგან არაფერი ახსოვდა. აბა საიდან წამოაყრანტალა, რომ წაართვეს. ნამდვილად რაღაც დარჩა ქოხში. განა არა, გზაზე ფიქრობდა, მივბრუნდე და წამოვიღოო, მაგრამ რა უნდა წამოეღო, ის არ იცოდა. ბიჭი რომ მოეძებნა, ის ბოლოს მოყოლილ ზღაპარს მოუყვებოდა, ზღაპარი კი ყველაფერს გაახსენებდა. მესაფლავე უჩვეულო სინამდვილეს ზღაპრებში ათავსებდა და ასე იცავდა, რადგან სჯეროდა, კარგი უცხო თვალისგან დაფარული უნდა იყოს და მძებნელმა უნდა იპოვოსო.
            გამთენიისას გაუდგა გზას. მარილს გაჰყვა, ბილიკად შეფენილს. გზა შავი იყო. ახლადგაღვიძებული ჩიტები ხეების გაზმორვაზე ნისკარტს დაჟინებით იწმენდნენ, რახანია გავიღვიძეთ და საქმესაც შევუდექითო. მწვანე ტყე ჩანაცრებულიყო. ხასხასა ხეების მწკრივი, მესაფლავეს, კუზიან ზურგზე მეტად ემძიმებოდა. სიომ ხარხარით მოუთათუნა სახეზე. ზღვის სუნსა და ხმაზე გააჟრჟოლა, შარდი უნებლიედ გამოეშვა. თბილი სისველე მუხლებთან შეჩერდა. ვაკუუმში შეყუჟული შეგრძნებები, ქშუტუნით აპარებდა თითო გოჯ იმედს, სიხარულსა და მწუხარებას. პყრობით დამჩატებულნი, ფარღალალა მკერდში ისე იფანტებოდნენ, როგორც ქარში- ნაცარი.
        ლოდს დაახალა თავი, მჩატედ ნაგრძნობის ხელით შეხება სურდა. ტკივილით მაინც დაემძიმებინა,- მეხსიერება დაეძაბა. ზემოთ რაღაც შეირხა. ხეზე ქალის გაფარჩხული ლანდი იჯდა. წარბგადაწნული თმის ბადე ქუდად წამოეხურა. წაბლს აკნატუნებდა და ქერქს ბუტბუტით აფურთხებდა. კაცს სიმწვანემ გადაჰკრა სახეზე, თავის შესამაგრებლად ხეს მიეყრდნო. შეეცადა ხმა ამოეშვა დასუსტებული არსებობიდან.
-ქალო, ჩამოდი მაქედან, საქმე მაქვს შენთან!..
მესაფლავეს ჭირის ოფლმა დაასხა. რაღაც ჩაილუღლუღა. ქალი ჩამოფოფხდა. სახე ახლოს მიუტანა, წარბი წარბს მიაბჯინა და თვალებში ჩააშტერდა. კაცი უკან გაიწია. ხელი მკერდზე დაირტყა.
-დამიბრუნე გული, სად წაიღე?.. შე.. შავქალა..ყვავები შენ ჩამისხი!!
    ქალი გაიქცა ზღვისკენ, კაცი დაედევნა. ზღვაურა ტალღას შეუცურდა. თავზე წამოხურული ბადე-წნული გამოსდო ზღვის სიკამკამეს. რამდენჯერმე ამოტრიალდა წყალში და დაიქუხა, ელვა გამოუშვა პირიდან. მორკარული შავი ორთქლი ნელა მოსცილდა ზღვის ზედაპირს. სიმშვიდით შეიფუთა კაცის დაორთქლილი სხეული. თბილმა ნაკადმა პლასტილინივით მოადუნა. ხელები ძლივს დაიმორჩილა თვალების მოსაფშვნეტად. ჯერ თავი ჩაყო სირაქლემასავით, რადგან სიღრმეში დენის ტალღები შეამჩნია. კიდურები თავისით ჩაეღვენთა. ფსკერისკენ ჩირაღდნები აენთოთ, რაღაც უნათებდა და სძალავდა. წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო.
  ზღვაურა ფსკერზე იჯდა, ფეხმოკეცილი. ხელები ძირს ჩამოეშვა, თავი მაღლა აეწია, გაშუქებული ბადე-თმა ზემოთა დინებას აყოლილი, შარავანდედად ედგა. მასში ფერადი თევზები ლიცლიცებდნენ. გარშემო სკაროსებს დენის წრედი შეეკრათ. ქალის ფოსფორის ფილტვები ჩონჩხის მოხაზულობას პროპორციულ ნაწილებად ჰყოფდა. ზღვაურას სუნთქვაშეპარულმა თვლემა- მედიტაციამ, მესაფლავე გააქვავა. პირი გაეხსნა, თვალები გადმოეკარკლა. უეცრად ჩასუნთქულმა წყალმა და  სკაროსთან შეჯახებამ, გონებადაკარგული, ქალს ზემოდან დასცა.
      ხმელეთზე გაეღვიძა, შიშველს. ზღვაურა ზემოდან ეჯდა, გაყინული, ბადეწნულგადაფარებული წყვილი მანამდე ერთარსებად ქცეული, ახლა ეთმანეთს სითბოს უნარჩუნებდა. კაცმა გაღვიძებისას ლორწოვანი საგანი იგრძნო გულმკერდზე. ქალის ხელში რომბისებური სკაროსი ფართხალებდა. გაახსენდა, როგორ ურტყამდა გულზე ელექტრო შოკს- განიერფრთიან, დენის წარმომშობ მანქანას. ქალმა „ხელოვნური სუნთქვა“ განაგრძნო, ტუჩების ცმაცუნითა და სკაროსის ბიძგებით. პრიალა კანი თევზივით უხტოდა მეწისქვილის მძიმე სხეულზე და პირიდან ბოხ სინორჩეს ანთხევდა.
      კაცმა პირველად იგრძნო საოცარი სიმსუბუქე. გასხეპილი ბეჭები, კუზის გარეშე, ფრთებად გაშლოდა და აფრენოდა. ზემოდან დაინახა, როგორ წამოდგა თავისი სისხლგანიავებული სხეული და ხელი აღმართა ცისკენ.  მეწისქვილის თავის ქალას ცამ ცვარი ჩამოუყარა. ტვინმა ხელი გაიწოდა, ჩაბღუჯული მუჭი ქალს თავში ჩააყარა, თვითონ კი პირი დაიბანა.
      ხილვიდან გამოსულს ქალი გვერდით ეჯდა. თევზებს ეტიკტიკებოდა, ლაყუჩებს სინჯავდა, ფარფლებს აღმა უსვამდა ხელს. ხელები დაეფლითა და სისხლის ფერით ღებავდა ზღვის ბინადართ. ცისარტყელა ეჯდა ხელებზე და სათითაოდ აფერადებდა სკაროსებს.
    კაცმა გული მოისინჯა -იგრძნო. აბრა სადღაც გამქრალიყო. სიზმრის ნათელ ფერებად გაუცოცხლდა შეგრძნებები. მზერა ნელ-თბილი გაუხდა, მასზე გვერდებს ითბობდა კმაყოფილება. ქალს სიგონჯე ნაკლად ჩაეთვალა, იმ ერთადერთ ნაკლად, რომელის შევსება არ იყო მნიშვნელოვანი, თუმც შეეძლო. მესაფლავე,- მკვდრების დამმარხველი, მათ სულმდგმელად იქცა,- საოცარი ამბების მხილველ- მთხრობლად. ასეთ ამბებს მხოლოდ ბავშვობაში ისმენენ ადამიანები.
      მესაფლავე ჰყვებოდა საოცარ ზღაპრებს ღიმილით. ჯადოსნურობაში ყველაზე დიდი სიმართლე დამალულიყო, თვალთუხილავი და მოსაძიებელი, ამიტომაც ამბებს ზღვის ფსკერი ჰკვებავდა, სადაც ელვა, შარავანდედი, თევზები, დენის გამომმუშავებელი სკაროსები და მათ შორის ის ქალი იყო, ვინც საბედნიეროდ მოაჯადოვა. ერთადერთი მდედრი ეგრძნო და ისიც გონჯი. თავად უნდა გამოეწრთო მისი ენერგიები,- გარდაექმნა. საუნჯე გაეხსნა, მასში ჩაჟანგებული მონეტები გაეახლებინა, საჭირო ტემპერატურას მიღწეული ყალიბში მოექცია-სათუთად მოევლო. ზღვაურა მარილში დამარხვით აღარ იცხრობდა შიგნიდან გამოხეთქილ სინათლეს, მას ამ ენერგიით სხვისი გამოკვება შეეძლო.ეს მიწის ენერგია იყო, რათა მეწისქვილეს ეგრძნო ცა. კაცმა ცვარი მოიშორა სახიდან და ქალს მისცა. ქალმა უკან დაუბრუნა.
-ნაკლის გარეშე ცხოვრება უფრო მეტად გვმტრობს. სხვებისთვის დაე, ვიყო ასეთი, შენთვის ისედაც მშვენიერი ვარ!!

             
         
       
                                               


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები