ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2021


" ხათაბალა "(ნაწილი 3 ,თავი 1 )

"ბორია გადაი"

ღმერთი დამემოწმება,კატეგორიულად მქონდა გადაწყვეტილი,რომ  გოგლას გარეშე ნაბიჯიც აღარ გადამედგა.ჩემს ხიფათიან ცხოვრებისთვის წერტილი უნდა დამესვა.ბოლოს და ბოლოს დედა ვიყავი და შვილი მყავდა აღსაზრდელ-გასაზრდელი. გოგლას შევპირდი,რომ აღარასდროს მძლევდა ცნობისმოყვარეობა და მის საქმეებში ვეღარ იხილავდა ჩემს კეხიან ცხვირს.ჩემმა ფიასკო განცდილმა დეტექტივობანამ ,გვიან,მაგრამ მაინც მასწავლა ჭკუა. დავდინჯდი და დავღვინდი რასაც ჰქვია.თამრიკოსთვის ჩვენი შერიგება დღესასწაულის ტოლფასი იყო.აღარ იცოდა,როგორ ესიამოვნებინა ჩემთვის.თითს არ მაკარებინებდა არაფერზე,ფრთაშესხმული დაჰქროდა ოთახიდან ოთახში.
***
ძილში ჩამესმა გოგლას ხმა,ზანტად გადავბრუნდი მის მხარეს.საწოლზე იჯდა და თვალების ქაჩვით გამოფხიზლებას ცდილობდა. კედლის საათი დილის ექვსის  ნახევარს უჩვენებდა.
-რა დაგემართა?-ვკითხე და ზურიკოსკენ გავაპარე მზერა.მშვიდად ეძინა.
-სამსახურში მივდივარ,გამომიძახეს.
-რამე მოხდა?
-ზახარიჩს მოვენატრე,-წარბაწეულმა გადმომხედა.-რამე,რომ არ მომხდარიყო,ამ დროს ვინ დარეკავდა,მაცაცო?
-ხომ იცი,დილით ტაძარში უნდა მივიდეთ,ზურიკოს ნათლობა კიდევ რომ გადაიდოს,გავგიჟდები,-ავბუზღუნდი.
-აი,მაშინ,რომ არ გეჯიუტა,ახლა არ მოგვიწევდა სირბილი,-უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა და წამოდგა.
-მე თვითონ ვნახავ მამაოს,არაუშავს,-ჩემი შეცდომა,თავადვე უნდა გამომესწორებინა.
-თუ მოვახერხე ერთად მივიდეთ,ჯერ გავიგო,რა ხდება,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-თერთმეტ საათზე იქ ვიქნები,-ყოველ შემთხვევისთვის დრო ვუთხარი.
-ვეცდები,-მითხრა უკვე საკმაოდ შეფხიზლებულმა.
ისე უცებ შევიბრუნე ძილი,გოგლას წასვლა არც გამიგია.

(გოგლა)
შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევედი.გივი ადგილზე დამხვდა.ოთახში ბოლთას სცემდა.დამინახა,თუ არა,წარბაწევით გადმომხედა.
-შედი,შენ დაკითხე,თორემ ისეთ ხასიათზე ვარ,ულაპარაკოდ დავამტვრევ ძვლებში!
გავიხედ-გამოვიხედე,ვერ მივხვდი,ვისზე მეუბნებოდა.
-რა მოხდა?-მზერა წინასწარ დაკავების საკნისკენ გამექცა.
-განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ძარცვა, ერთი დააუთოვეს,მეორე უმოწყალოდ სცემეს!
-წესიერად ამიხსენი,მომეცი აქ,-ხელიდან წავართვი თაბახის ფურცლები.
წარბშეკრულმა დავიწყე კითხვა.დაზარალებულის ფოტოს დავხედე, სახელი და გვარი,რომ ამოვიკითხე თვალებს არ დავუჯერე.
გარკვევით ეწერა- დიანა ჭუმბურიძე. გული უცნაურად შემიხტა. რა პატარაა სამყარო,-ვთქვი და ფიქრებში წავედი.
***
ჩემი და დიანას მეგობრობა სკოლის მერხიდან დაიწყო. გვერდიგვერდ ვისხედით. ძალიან ლამაზი იყო,დიდი შავი თვალებით და ზურგზე ჩამოწოლილი თმის სქელი ნაწნავით. ლამის მთელ სკოლის ბიჭებს უყვარდა.ხშირად მიწევდა მისი დაცვა აბეზარ თაყვანისმცემლებისგან. ვატყობდი,როგორ მოსწონდა და ამაყობდა ჩემი საქციელით.როდის გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა დიდ სიყვარულში ვერ მივხვდით,იმის აღმოჩენამ,რომ  უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით,ორივე დაგვაფრთხო და დაგვაფიქრა. თითქოს ჩვენს შორის ნაპრალი გაჩნდა,გავურბოდით პირისპირ შეხვედრას. ის კი არა და,დიანამ მერხიც კი შეიცვალა,არ მწყენია,პირიქით,გამიხარდა კიდეც,რომ მისი სიახლოვე გვერდს აღარ ამიწვავდა.მიუხედავად ,ჩვენს შორის მანძილის გაზრდისა,მე ისევ განვაგრძობდი მის დაცვას. ვცდილობდი,შეუმჩნეველი დარჩენოდა ჩემი მალული ზრუნვა.არ ვიცი,სადამდე გასტანდა ეს დახუჭობანა,რომ არა ერთი ინციდენტი, რამაც ისევ გაგვაერთიანა.
სკოლის ყოჩი იყო ვალერი. იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილი.მამამისი,გერასიმე  ქვლივიძე  იმჟამად საქალაქო სასამართლოში,მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობდა. დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლის ჩათვლით ყველა რიდით ექცეოდა ვალერის.ზედმეტ შენიშვნას ერიდებოდნენ,რომ გერასიმეს მრისხანე სახის წინ არ მოეწიათ თავის მართლება.  გათამამებული ვალერიც მოურიდებლად ეხვეოდა ათას შარში,საიდანაც ყოველთვის სუფთა ძვრებოდა მამამისის წყალობით. მის გამო ბევრმა მოსწავლემ შეიცვალა სკოლა.
დრო და დრო დიანას ვატყობდი შიშს,დამფრთხალი თვალებით ზვერავდა ხოლმე დერეფანს და კლასშიც სულ კარისკენ ეჭირა თვალი.მეუცნაურა მისი ასეთი ქცევა. გაკვეთილების ბოლოს ,სკოლის ეზოში წამოვეწიე და ვთხოვე სალაპარაკოდ,იქვე მდებარე პარკში გამომყოლოდა.
-მეჩქარება,გოგლა,-ჩუმად მითხრა და თვალების ცეცებას მოჰყვა.
-რაღაც ხდება შენს თავს,თუ მეჩვენება?- დიანასთან ახლოს მივიწიე და ხელი მოვკიდე. შეშინებულმა გამომტაცა თითები და ზურგსუკან წაიღო.
-ყველაფერი კარგად არის,- თავი დახარა.
-შემომხედე,-ნიკაპზე მოვკიდე ხელი.
-რატომ აწუხებ გოგოს?!
მხარზე დამეჯაჯგურა ვიღაც.შევტრიალდი და ვალერის ავად მოელვარე მზერას წავაწყდი.
-შენ ვინ ხარ?- შევუბღვრე და დასარტყმელად მუშტები მოვამზადე.
-შენ გაჩვენებ ვინც ვარ!- დამიღრინა და გაშლილი ხელი მომიქნია,ოსტატურად ავიცილე და მუშტი მოვდე ყბაში. წაბარბაცდა,მაგრამ არ წაქცეულა,გააფთრებულმა გამოიწია ჩემსკენ.არც მე შევეპუე,მოძიძგილე მამლებივით ვეცით ერთმანეთს. დიანა ჩვენს გაშველებას ცდილობდა,მეხვეწებოდა,გავცლოდი იქაურობას.მისი შეშინებული ხმა,უარესად მახელებდა.მივხვდი,სკოლის ყოჩს მასზე ჰქონდა დადგმული თვალი. დაუნდობლად ვურტყამდი ძირს დაგდებულ ვალერის,სისხლით შეღებილმა მისმა სახემ,თითქოს წითელი ნაჭერი ამიფრიალესო,უფრო გამეტებით შევდექი ზედ. ხმაურზე მთელმა სკოლამ ჩვენს გარშემო მოიყარა თავი,მოახლოვება არავის უცდია.მივხვდი,ყველას ჯავრს ვიყრიდი. უფროსების ჩარევამ შეაჩერა ჩვენი ორთაბრძოლა. ვალერი წამოაყენეს და ჩემი გაკიცხვა დაიწყეს.დირექტორი,გულნარა თოფაძე ცოფებს ყრიდა,შეშინებული დასტრიალებდა ცხვირ-პირ ჩანგრეულ ყოჩს.
-შენ გაჩვენებ სეირს!-დამემუქრა ქალბატონი გულნარა და მიბრძანა მივყოლოდი კაბინეტისკენ. არ დავემორჩილე.მხრების უხეში მოძრაობით მოვიშორე თავიდან.ფერდაკარგულ დიანას ხელი ჩავკიდე და სკოლის ტერიტორიას გავეცალე.
-დაგიჭერენ,გოგლა,-ცრემლმორეულმა მითხრა.
-ნუ ნერვიულობ,-ვუთხარი და სახეზე ხელი მოვისვი,მაშინღა მივხვდი წარბი მქონდა გახეთქილი.
-ხომ იცი,მამამისი ვინც არის?-შეჩერდა და სევდიანი თვალები მომაპყრო.
-არ მეშინია,-გავუღიმე.მართლაც არაფრის მეშინოდა და არც შედეგზე ვფიქრობდი.მთავარი ის იყო,რომ დიანას ხელი უწინდებურად მეჭირა.
-წამოდი ჩემთან,ასე,რომ დაგინახავენ სახლში,გული გაუსკდებათ,-წარბი შემითვალიერა.
-მიგაცილებ,-მხოლოდ ეს ვუთხარი და გულზე მივიკარი.
იმ საღამოსვე გვეწვივნენ არასასურველი სტუმრები. თამრიკოს ფორმიანების დანახვაზე შიში აღებეჭდა სახეზე,ნოდარი უფრო გმირულად შეხვდა ამ ამბავს.
განყოფილებაში ,მუქარის და ცემის მიუხედავად, მაინც ვერ დამაწერინეს ჩვენება,სადაც უნდა მეღიარებინა,რომ  მოულოდნელად დავესხი თავს ვალერის და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მივაყენე.რის გამოც შრომა-გასწორებით კოლონიაში მომიწევდა სასჯელის მოხდა.
აქ კი მოხდა სასწაული,რამაც ბეწვზე გადამარჩინა.მთელი სკოლის მოსწავლეებმა ჩემს სასიკეთოდ მისცეს ჩვენება.გამიკვირდა კიდეც,რომ ვერცერთზე მოახდინეს ზეწოლა. ყველამ ერთხმად  განაცხადა,რომ ვალერი პირველი დამესხა თავს. ამ ამბის  გახმაურება ნამდვილად არ აწყობდათ,ეცადნენ უხმაუროდ ჩაეფარცხათ.გაფრთხილება მომცეს და ისე გამომიშვეს.კარგა ხანს კი მტკიოდა ნაცემი ნეკნები.
სკოლაში ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი.ვალერი იქ აღარ დამხვდა,სხვა სკოლაში გადაეყვანათ. დიანასთან ურთიერთობა განვაახლე,უჩემოდ წუთიც ვერ ძლებდა.ჩვენი სიყვარული ყველასთვის აშკარა იყო.
-ჯარიდან,რომ დავბრუნდები,ვიქორწინოთ,-ბანკეტზე,ცეკვის დროს ვუჩურჩულე და გულზე მივიხუტე.
-ორი წელი..-უკმაყოფილოდ შემომხედა.
-არც ისე ბევრია,ხომ დამელოდები?-მოუთმენლად ვკითხე.
-უშენოდ ვერ გავძლებ,-თავით მხარზე მომეყრდნო.
-მეც გამიჭირდება უშენობა,სამაგიეროდ,მერე სულ ერთად ვიქნებით!-შევპირდი და აწითლებული ღაწვები დავუკოცნე.
სამხედრო სავალდებულო სამსახური რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში უნდა მომეხადა.მახოვს,წასვლის წინ,როგორ მეხუტებოდა დიანა,თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა.ასეც,მოხდა.პირველი პერიოდი ხშირად მწერდა წერილებს,ერთგულებას მეფიცებოდა.მის ბოლო წერილში,რომელიც ხუთი თვის დაგვიანებით მივიღე,  მთხოვდა,რომ დამევიწყებინა მისი არსებობა,ვინაიდან გათხოვდა და აღარ უნდოდა ჩემთან კონტაქტი. რა და როგორ მოხდა,არაფერს მწერდა. თითქოს გული მიგრძნობდა კიდეც,რომ ასე მოხდებოდა. განვიცადე,ღამეები არ მეძინა ნერვიულობისგან. ვისზე გამცვალა? ეს კითხვა არ მშორდებოდა თავიდან. ერთი სული მქონდა,როდის ჩავამთავრებდი მოვალეობას და დავბრუნებულიყავი.პირისპირ უნდა შევხვედროდი და მისგან გამეგო სიმართლე.
ორმა წელმა დიანაზე ფიქრებით ჩაიარა. ყოველ მის გახსენებაზე გულზე მარწუხებს ვგრძნობდი.ჩამოსვლიდან მეორე დღესვე მივადექი მის სახლს. კარი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო,ნასვამი ჩანდა.
-გისმენთ?!-კუშტად შემათვალიერა.არ მესიამოვნა,თუმცა უკან დახევა აღარ გამოდიოდა.
-დიანას მეგობარი ვარ,-ვეცადე გამღიმებოდა,თუმცა მის უკან თვალცრემლიან დიანას დანახვაზე ,წარბი შევკარი.
-რომელი მეგობარი ხარ?-აგდებულად მკითხა და დიანას ავად გადახედა.
-სკოლიდან,კლასელები ვიყავით,- სიმშვიდე შევინარჩუნე.
-იყავით,აღარ ხართ! მორჩა! აღარ შეგვაწუხო,არც მე,არც ჩემი ცოლი!-მკვახედ მითხრა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. ადგილზე გავხევდი. მოულოდნელობისაგან ვერაფერი მოვიმოქმედე.კედლის მიღმა ქალის ქვითინი რომ მომესმა,კარზე გამეტებით დავაბრახუნე.
-ვინ ხარ,ბიჭო?!- კარი გამოგლიჯა და ჩემს წინ ნესტოების ბერვით დადგა.
-გოგლა გთხოვ,წადი,ოჯახი მყავს,-სასოწრკვეთილი დიანაც ჩემთან გაჩნდა.მის სახეს ახლოდან დავაკვირდი,ქუთუთოს გარშემო მელნისფერი ლაქა ცუდად მენიშნა.კბილი-კბილს ისე დავაჭირე,ჭრიალი გაისმა.
-ამ ვიგინდარასთან როგორ ცხოვრობ?!
-შენ ბიჭო,რამდენს ბედავ?!-წამეჭიმა მამაკაცი  და ხელი წამოიღო დასარტყმელად. თვალწინ გამირბინა წარსულმა.გამახსენდა ჩემი და ვალერის ჩხუბი. მხრებში ჩავავლე ხელი და კიბისკენ გავისროლე. ხმაურით დაგორდა საფეხურებზე და მიჩუმდა.
-მოკალი?!- დაიყვირა დიანამ და მისკენ გაიქცა.
-რატომ?! -ერთადერთი კითხვა,რაც დამებადა იმ დროს,ეს იყო.
-წადი და აღარასდროს მნახო!-ტირილით ამომძახა დიანამ და დასისხლიანებულ ქმარს ზედ დაემხო.
მძიმედ დავიძარი.ჩასვლისას ძირს დაგდებულს ფეხი მივკარი,შეტოკდა.დავრწმუნდი,რომ ცოცხალი იყო.დიანას თვალი თვალში გავუყარე,საიდანაც უიმედო მომავალი მიმზერდა.დანანებით გავიქნიე თავი და უკანმოუხედავად წავედი.
***
-წამოდი,-წარსულიდან გივიმ გამომიყვანა. ფეხათრევით დავიძარი საკნისკენ.
ეჭვმიტანილმა უტეხად შემოგვხედა.მის სახეზე სინანულის ნატამალიც არ ჩანდა. მორიგეს ვანიშნე, კაბინეტში გამოეყვანა.
-თავის მოთოკვა მიჭირს,-კბილებში გამოსცრა გივიმ.
-გივი!
შევუბღვირე და მაგიდას მივუჯექი.
დაკითხვა კარგა ხანს გაგრძელდა,თუმცა უშედეგოდ. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით,მაინც ვერ ვათქმევინეთ მასთან ერთად მყოფი ორი  ეჭვმიტანილის ვინაობა. გივის მოთმინების ფიალა აევსო.შუაში,რომ არ ჩავმდგარიყავი,ალბათ მუქარას აუსრულებდა.
უკვე თერთმეტი საათი ხდებოდა,განყოფილებიდან,რომ გამოვედით. პირდაპირ ტაძრისკენ მივაშურე,მაცაცოსთვის მინდოდა მიმესწრო.

(მაცაცო)
-პეედრო,დონალდო..პეედროო..
ბოშა ქალის ხმა აცოცხლებდა  ქუჩას. დამინახა თუ არა,ჩემსკენ გამოემართა.მივხვდი,მისი მოშორება გამიჭირდებოდა და სწრაფი ნაბიჯით ავუქციე გვერდი.
-ბორია გადაი..ბორია გადაი..მოდი გოგო,ღველაფერს გითხრამ,შენ თვალებში ბევრი სევდებია,მოდი..-მაინც ამედევნა.
სად დამინახა სევდები? მშვენიერ ხასიათზე ვიყავი,ტაძარში მივიჩქაროდი,სადაც გოგლა მელოდა.
-არ მინდა ,მადლობა,- ვცადე თავაზიანად გავცლოდი.
- შენი ქმარი საღვარელი ღამს! -მომაძახა და შეჩერდა. გულში ტყვიასავით გამიარა სიტყვებმა,ადგილზე შევდექი და თავი ნელ-ნელა მისკენ მივატრიალე.
გოგლა და საყვარელი? უნდა, რომ ანკესზე წამომაგოს,ვერ მოგართვი! თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე.
-ერტი შული გღავს,ბიჩი,-  ჩემი ეჭვების გასაქარწყლებად ,კიდევ დამიმატა.
ისევ მივუტრიალდი და უნდობლად ავათვალიერე ფერად სამოსში გამოწყობილი.ერთ  ხელში ყვითელი თუთიყუში ეჭირა,მეორეში წვრილ რეზინზე ჩამოკონწიალებული ბრჭყვიალა ბურთები,საღეჭ რეზინებთან ერთად. სახეზე დავაკვირდი,ნაცნობს ჰგავდა. გონება დავძაბე ,ვერაფრით გავიხსენე სად მყავდა ნანახი.
- არ ვარ,გათხოვილი,- მკვახედ მივახალე და ნაბიჯს ავუჩქარე.
რაღაც გაურკვევლად მომაძახა,ყურადღება აღარ მივაქციე.თუმცა გზაში ბოშაზე მეფიქრებოდა.
-როგორც იქნა!-ჩემს დანახვისთანავე წამოიძახა გოგლამ.
-რა იყო,სად გეჩქარება?-თვალებმოწკურული მივაჩერდი,რაღაც აღელვებული მეჩვენა.
-სამსახურში , დროზე შევიდეთ,უნდა გავიქცე მერე,ბევრი საქმე მაქვს,-ხელი მომკიდა და  ლამის სირბილით წამიყვანა.
ტაძრის კართან თავსაბურავი მოვიხვიე და პირდაპირ მესანთლესთან ავისვეტეთ.
-მამა ზოსიმეს ნახვა მინდა,-ხმადაბლა უთხრა გოგლამ.
-აღსარება,ქორწილი,ნათლობა?-დაზეპირებულივით მიაყარა.
-ნათლობა.
-მოიცადეთ,-ხელით გვანიშნა და თაღებს შორის გაუჩინარდა.
ფრესკებს მზერა მოვატარე. არასდროს მიფიქრია აღსარების ჩაბარებაზე.გადავხედე ჩემს ცხოვრებას,წვრილ-წვრილ ცოდვებს თუ არ ჩავთვლიდით,მომაკვდინებელი ვერაფერი აღმოვაჩინე. ამ მცირედისთვის,არ ღირს ღმერთის შეწუხება-გავიფიქრე და ჩვემსკენ მომავალ წვეროსანს დავაკვირდი.მოგვიახლოვდა და კისერზე მსხვილ ჯაჭვზე მობმული ჯვარი ზედ ჩემს ცხვირთან აღმართა. დავიბენი და გოგლას შევხედე.თვალით მანიშნა,ეამბორეო. სხარტად შევასრულე და მამა ზოსიმეს იდაყვამდე ტუჩების ცმაცუნით ავედი.
-საკმარისია,შვილო ჩემო,-მღვდელმა უხერხულად  გასწია მკლავი.გოგლამ მსუბუქად მომიჭირა ხელი და მიჩურჩულა.
-კიდევ კარგი მეორე მკლავზეც არ გადახვედი.
სიცილი ძლივს შევიკავე.
ზოსიმემ პატარა ლოცვა ჩაიბუტბუტა და კითხვის ნიშნიანი თვალებით მოგვაჩერდა. ბევრი დრო არ დაგვჭირვებია,მალევე შევთანხმდით,რომ ზურიკოს ნათლობა მომდევნო შაბათს გაიმართებოდა. კმაყოფილები გამოვედით ტაძრიდან.
-წამოდი ,სახლში გაგიყვან,-გოგლამ ხელმკავი გამომდო.
-მაღაზიებში გავივლი,რამდენი ხანია გამოკეტილი ვარ,გავისეირნებ,-საყვერდური გავურიე ხმაში.
-მაპატიე მაცაცო,ამ სამსახურის გადამკიდე,არც მე მრჩება დრო,მაგრამ გამოვასწორებ,-მაკოცა და გამიღიმა.
-უკვე სამი წელია ერთად ვართ და არსად ვყოფილვართ დასასვენებლად,- ბუზღუნს ვუმატე.
-გპირდები,ნათლობის შემდეგ , დაუვიწყარ დასვენებას მოგიწყობ,-თვალი ჩამიკრა.
-არ მატყუებ?- უცებ მოვედი ხასიათზე.
-მართლა,მართლა,-გაეცინა.
-მარტო მე და შენ?-ყურებს არ ვუჯერებდი.
-თუ გინდა,მარტო მე და შენ,-მხრები აიჩეჩა.
- რა მაგარია!-სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ლამის ასკინკილით გავუყევი გზას.რამდენჯერმე გავხედე გოგლას,ღიმილით მიყურებდა.
-ბორია გადაი,ბორია გადაი..
ზურგსუკან მომესმა ნაცნობი ხმა და შევჩერდი. მაშინვე მიცნო და საქმიანი იერით წამოვიდა ჩემსკენ.
-ფული არ მინდა,ისე გითხრამ,-ხელზე დასკუპებული თუთიყუში შეათამაშა.ჩიტმაც არ დააყოვნა და ბოშას ხელში მოქცეულ ხვეულ ქაღალდებიდან ,ნისკარტის ერთი დაკვრით ამოაძვრინა ფურცელი.
-რატომ გადამეკიდე?-მეც მივუახლოვდი და თვალი თვალში გავუყარე. უცებ შევკრთი და უკან გადავხტი.ვიცანი,დიახ ,ზუსტად ის იყო,უკვე სამჯერ,რომ მესიზმრა.ოღონდ იქ ბოშა არ იყო,სხვა ტანისამოსი ეცვა.
-ზუდი გზა,ზუდი.. პისტალეტები,კროვ,-დანანებით გაიქნია თავი.შიშისგან მოვიბუზე. დავაპირე სწრაფად გავცლოდი.მიხვდა და ხელით დამიჭირა.
-არ წაღვიდე,ტი საჟალეეშ აბ ეტამ,-მითხრა და ხელი გამიშვა.
შევტოტმანდი,სხეულში დავლილმა ცხელმა ნაკადმა ყელში ამოაღწია,გულისრევა ვიგრძენი. სანანებელი რა უნდა გამხდომოდა,რომელი გზა,ამას ვერ მივხვდი.
-რა გზა?-ძლივს ამოვილუღლუღე.
-დაროგა დლინნაია,-მრავალმნიშვნელოვნად მითხრა და შეტრიალდა.
-პეედრო,დონალდო,პეედრო.
თვალი გავაყოლე ჩემს წინ მიმავალ ბოშას და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში. რომელ გზა გულისმხობდა?!
-მოიცადე!- დაუძახე და მასთან მივირბინე.
-ფულს მოგცემ და ყველაფერი  მითხარი,-სწრაფად ამოვიღე საფულე.
ხარბად შეათვალიერა ჩემს ხელში მოქცეული ფული,შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და ლამის ცხვირზე ცხვირით მომედო.
- ვიჟუ სმერტ!-მითხრა და გამეცალა.
ლამის ადგილზე ჩავიკეცე.ჩემს თვალებში სიკვდილი ამოიკითხა?  დაუჯერებელია! ალბათ,ფული ეცოტავა და ცდილობდა მსუყე თანხა გამოეტყუებინა ჩემთვის. ცოტა ხანს ვუყურე,როგორ მიაშრიალებდა ფერად კაბას. თავის გაქნევით ვეცადე ცუდი ფიქრებიდან გამოსვლა.
შენ ვერ ჩამიშხამებ სიხარულს! -ვთქვი მტკიცედ და იქვე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში შევედი.

(გოგლა)
-მურმან ცხადაძე, ვალერიან ქვლივიძე,-წავიკითხე და ტანში უსიამოდ გამცრა.ისევ ნაცნობი გვარი,თან ვინ?! წამოუდგენლად მომეჩვენა.რატომ ვბრუნდებოდი წარსულში ?!  წარბი შევკარი და  ჩემს წინ ამაყად მჯდომ გივის შევხედე.
-არა, ბიჭოს!- ნიშნისმოგებით თქვა გივიმ.
-როგორ ააჭიკჭიკე?- მივხვდი,რა მეთოდიც გამოიყენა ეჭვმიტანილის ასალაპარაკებლად.
-გეფიცები,არაფერი,-იუარა.
-გივი?!
-გოგლა,საშიში დამნაშავეები  გარეთ არიან და არავინ ვიცით,რას ჩაიდენენ,თუ დროზე არ გვეცოდინება მათი ადგილ-სამყოფელი,სხვა გზა არ მქონდა,მოხვდა ცოტა და დაყაჭა!
-კარგი,წავედით დაზარალებულებთან,-გაბრაზებით ვუთხარი გივის და კარისკენ გავემართე.
***
კიბეზე ფეხს ვითრევდი.ოცდაორი წელი გასულიყო ჩემი და დიანას ბოლო შეხვედრიდან.
-რაღაც უხასიათოდ მეჩვენები?-გივიმ შემატყო ცვლილება.
-რომ იცოდე,ვისთან მივდივარ დასაკითხად,არ დაიჯერებ,- სინანულით გავაქნიე თავი.გაკვირვებულმა შემომხედა.
-იცნობ?-გაუკვირდა.
-თან ძალიან კარგად,ამასაც და იმ ვალერიან ქვლივიძესაც,-სიმწრით ჩამეცინა.
-საიდან?-შეჩერდა და წარბაწევით დამაკვირდა.
მოკლედ მოვუყევი ჩემი იმედგაცრუებული სიყვარულის ამბავი. გაოცებული მისმენდა.
-გოგლა,ისევ გიყვარს?-მკითხა მოულოდნელად.
-არა,ჩაიარა მაგ მატარებელმა,-გამეღიმა.
-ჩავლილს არ ჰგავს,-საეჭვოდ შემათვალიერა.
-გივი,სისულელეს ნუ ამბობ,-გავბრაზდი.
-იმედია,ვცდები..
-ცდები,-თავი დავუქნიე. დიანას სიყვარული დიდი ხნის წინ ჩავიკალი გულში,თუმცა,მისი სახელის წაკითხვისას ყველა მოგონება ამომიტივტივდა და ვიგრძენი,ჯერ კიდევ ახლობელი იყო ჩემთვის.
-გინდა,მარტო მე შევალ?-გამომცდელად შემომხედა.
-არა,წამოდი,-ვუთხარი გადაწყვეტილად და პალატის კარზე დავაკაკუნე.
-დიახ,-სუსტად გაისმა ქალის ხმა. შესვლა შევაყოვნე.გივიმ თავი გადაიქნია და კარი შეაღო.
მკლავებზე სახვევებ დადებული,გაფითრებული იწვა.დაგვინახა,თუ არა,ნახევრად წამოიწია .გივიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და გაშეშდა.მიცნო. იქამდე ვფიქრობდი,რომ სადაც არ უნდა მენახა,ზიზღის მეტს ვერაფერს დაიმსახურებდა ჩემგან,მწარედ ვცდებოდი. ხმის ამოღება გამიჭირდა,ვუყურებდი ფერმკრთალ დიანას და ჩვენი ბოლო შეხვედრები მიტივტივებდა  გონებაში.სიყვარულით და აღმაფრენით სავსე სამი ღამე. ჩემს მხარზე მისი ცრემლები და შეპირება,რომ სიცოცხლის ბოლომდე დამელოდებოდა.
გივიმ ჩაახველა და დიანასკენ დაიძრა.ვინანე,გივის რომ არ დავუჯერე. გამოშიგნულივით ჩამოვჯექი და არაფრის მთქმელი თვალები ფანჯრისკენ მივმართე. რთული აღმოჩნდა მასთან შეხვედრა.არც დიანა ჩანდა უკეთეს დღეში.მესმოდა,ენის ბორძიკით,ძლივს აძლევდა ჩვენებას გივის.როგორც აღმოჩნდა ერთი ქალიშვილი ჰყოლია,რომელიც  ძარცვის ღამეს მეგობართან იყო.სახლში კი დიანა და მისი ხანშიშესული დედა,ქალბატონი ლილი  იმყოფებოდნენ.მძარცველებმა,დიანა ცხელი უთოთი დაწვეს,ლილი კი სასტიკად ნაცემი,ქალაქის სხვა საავადმყოფოში იმყოფებოდა. ყველაზე მეტად მისი მეუღლის ასავალმა დამაინტერესა,ერთი სული მქონდა,როდის ჰკითხავდა მის შესახებ.
-ესე იგი,სახლში მხოლოდ თქვენ და დედა იმყოფებოდით?-დასაზუსტებლად კიდევ ჰკითხა.
-დიახ,-მძიმედ ამოთქვა დიანამ.
-თქვენი მეუღლე,ვაჟა სამახრაძე,სად იმყოფებოდა?-გივიმ ჩემსკენ გამოაპარა თვალი.
-მეუღლეს შვიდი წელია რაც დავშორდი,რუსეთში ცხოვრობს,სხვა ოჯახი ჰყავს,-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
ვიგრძენი როგორ გამიხურდა ხელის გულები. არ გამკვირვებია მისი უიღბლო ქორწინება.გამახსენდა დიანას მელნისფრად შეფერილი თვალები და გული მომეწურა.რომ დამლოდებოდა,სხვაგვარად იქნებოდა მისი ცხოვრება. მაგრამ მაცაცო?! უცებ მოვეგე გონს. მაცაცო და ზურიკო მსოფლიოს მერჩივნა.მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ყოფა. ამ ფიქრთა ჭიდილმა ისე გამიტაცა,გავბრაზდი კიდეც. დიანა ჩემთვის აღარ არსებობს! ვთქვი გულში და წამოვდექი.
-გარეთ დაგელოდები,-ვუთხარი გივის და ოთახი დავტოვე.

(მაცაცო)
სახლში შესვლისთანავე ლიკუნა შემომეგება ბავშვით ხელში.
-დედიკოც მოსულაა..
-არ გასვენებს გამჩენი,-წავუსისინე. ზურიკო გამოვართვი და თავ-პირი დავუკოცნე პატარას.
-მადლობა თქვი,ვაჭამე და გამოვუცვალე,-ვალი დამადო უცებ.
-ვინ გეხვეწებოდა?-წარბაწეულმა შევხედე.
-რა შხამიანი დედა გყავს,-ზურიკოს მსუბუქად უჩქმიტა ლოყაზე.
-რას მივაწერო შენი გამობრწყინება?-გამეცინა.კარგა ხანი იყო გასული,რაც ლიკუნა აღარ გვსტუმრებია.
-მომენტარე,გოგო,-ეშმაკურად ჩაიცინა.
-ჩვენ,თუ ის?-წავკბინე.ვიცოდი,ზაზას გამო იყო მობრძანებული.
-ის არა,გაბრაზებული ვარ,-დასერიოზულდა.
-არ გადამრიო,შავმა კატამ ჩაგირბინათ?- "შევიცხადე"
-გიხარია,ხომ?-უკმაყოფილოდ დაიმანჭა.
-დავფრინავ,-სიცილი ამიტყდა.
-ფრთებს გაუფრთხილდი,-თვითონაც გაეცინა.
-რა ვერ გაიყავით?-დამაინტერესა,რა ბზიკმა უკბინა.
-უკვე ორჯერ ვნახე ვიღაც გოგოსთან ერთად,-სიბრაზისგან ტუჩები მოსხიპა.
-იქნებ მეგობარია?
-შენც მის მხარეს ხარ! ზუსტად მასე იმართლა თავი,-წამოჭარხლდა სახეზე.
-რატომ არ გჯერა,რა საბაბი გაქვს საეჭვიანოდ?- დაფიქრებულმა შევხედე.დავიჯერო,ზაზას გადაუარა ლიკუნას სიყვარულმა?
-ჯერ არაფერი..მუსიკალურში სწავლობს ის გოგოც და არ მომწონს ეს ამბავი!
-რა მოხდა,გოგო? უმეგობროდ ხომ არ იქნება? შენც ხომ გყავს მეგობრები?
-კი მაგრამ..
-რა მაგრამ?
-ლამაზია,- უიმედოდ ჩამოყარა მხრები. ლიკუნას თვალებში შიში ამოვიკითხე,შიში ზაზას დაკარგვისა.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ და არჩევანი შენზე გააკეთა ზაზამ,დაწყნარდი,ნუ გაუმართავ სცენებს,-ვეცადე დამემშვიდებინა,თუმცა,ეჭვმა მეც გამკრა გულში.
-ის უფრო ლამაზია,დიდი ნაცრისფერი თვალებით,შავი გრძელი თმით,-ცრემლების ყლაპვით მითხრა.
-რა სულელი ხარ,ლიკუნა,-გამეცინა და ჩავეხუტე. გული აუჩუყდა და თამამად გადმოუშვა შეკავებული ცრემლი.
-მოხვედი,მაცაცო?-სამზარეულოდან თამრიკომ გამოყო თავი.-სადილი გავამზადე,გელოდებოდით მე და ნოდარი,-გამიღიმა.
მესიამოვნა,სულ ასე ზრუნავდა ჩემზე. ლიკუნას  ვანიშნე, სახე დაიმშვიდე  და ისე შემოდი-მეთქი.თავი დამიქნია.
ნოდარი და თამრიკო შეხმატკბილებულად ჭუკჭუკებდნენ.ამ ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ,რაც ყველას გვახარებდა. მაგიდას მივუსხედით,თუ არა,ზაზაც მოვიდა.ლიკუნა სკამზე აწრიალდა. ზაზამ გაუღიმა და გვერდით მიუჯდა.
-მე არ მშია,ზურიკოს მივხედავ,-მოულოდნელად წამოხტა ლიკუნა და ბავშვი ხელიდან გამომტაცა. ზაზამ ირონიული ღიმილით გააყოლა თვალი.
-ნაწყენია?-თამრიკომ წარბი შეუკრა შვილს.
-უაზროდ ეჭვიანობს,-გაეცინა ზაზას.
-ზაზა! - ნოდარს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა.
-არაფრისგან ქმნით პრობლემას!-გაბრაზდა ზაზა .
-რა მოხდა?-ვითომ არ ვიცოდი,წყნარად ვკითხე.
- ჯგუფში ერთი სოლისტი ავიყვანეთ, ჩვენთან სწავლობს ის გოგო და იმაზე ეჭვიანობს,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-ალბათ,რაღაც შეგამჩნია,- თამრიკომ შეუბღვირა.
-მართლა არაფერი ხდება,მეგობრები ვართ!
-ზაზა,იქნებ დაილაპარაკოთ?-მე მაინც დიპლომატიური მიდგომა ვურჩიე.
-რამდენჯერ,მაცაცო?
-რამდენჯერაც საჭიროა,ალბათ შენს სიყვარულში დარწმუნებული არ არის,თორემ ნდობა ექნებოდა.
-კარგი,კარგიი!- მუქარასავით თქვა და წამოდგა.
-ჭამე ჯერ,მშიერი კაცი, შარიანია,-გაეღიმა თამრიკოს.
-აღარ მშია!-გაჯიუტდა ზაზა და სამზარეულოდან გავიდა.
თვალი გავაყოლე.გოგლა,რომ დავინახო სხვა ქალთან,ნეტავ რა რეაქცია მექნება? გავიფიქრე და გამახსენდა ბოშა ქალის სიტყვები"შენს ქმარს საყვარელი ჰყავს!" უცებ დამეკარგა მადა.თამრიკოს ხათრი,რომ არა,მეც ლიკუნას და ზაზას გზას მივყვებოდი.უხალისოდ ჩავღეჭე ორი ლუკმა.

(გოგლა)
დერეფანში ნერვულად მიმოვდიოდი. ჩემს თავზე ვბრაზობდი,ერთი სიტყვაც,რომ ვერ დამცდა.მისალმებაც კი ვერ მოვახერხე. მეშინოდა,მის თვალებში ჩახედვის,მეგონა ახლიდან დამატყვევებდა. უარესად ვცოფდებოდი,რომ მასზე  გარიდებული,ისევ დიანაზე მეფიქრებოდა.ერთი სული მქონდა,როდის ჩაამთავრებდა გივი დაკითხვას,რომ იქაურობას გავცლოდი. ლილისთან წამსვლელი არ ვიყავი,იქაც გივის მოუწევდა მისვლა.
-გეძახის,-მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა გივი.
-რატომ?-დავიბენი.არ მეგონა,ჩემს ნახვას,თუ მოინდომებდა.
-რა ვიცი,აბა..შეხვალ?-ყოყმანი შემატყო.
-არ ვიცი,-ხმა დამეხშო.
-გეშინია?-გამომცდელად დამაკვირდა.
-შიში არაფერ შუაშია.
-მესმის შენი..-მხარზე ხელი დამადო.-წავედით,-ხელით კიბისკენ მიბიძგა.
-მოიცადე!- ვუთხარი და პალატისკენ დავიძარი.საკუთარ თავისთვის უნდა დამემტკიცებინა,რომ  ნამდვილად მქონდა დიანას სიყვარული გულიდან ამორეცხილი.
-გოგლა,მაცაცოზე იფიქრე,-გზაში დამეწია გივის ნათქვამი.ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევხსენი.
შევატყვე,მელოდა.
-გამარჯობა ,გოგლა,-სევდიანად გამიღიმა. ეს ღიმილი იყო მაშინაც,ჭკუიდან,რომ მშლიდა,ახლაც იგივე დამემართა. ვცდილობდი,არაფერი შემტყობოდა,მშვიდად ჩამოვჯექი მის წინ.
-გამარჯობა,დიანა,-მივხვდი,ხმამ გამყიდა,გაეღიმა.
-როგორ ხარ?- მითხრა და აკანკალებული თითები ერთმანეთს გადააჭდო.
-კარგად..-საუბარი გამიჭირდა,ვერ ვუძლებდი მის მზერას.
-იცოდი,ვისთანაც მოდიოდი დაკითხვაზე?- ნაკვთიც  არ შეტოკებია ,დაჟინებით მიყურებდა.ცდილობდა პასუხი ჩემს სახეზე წაეკითხა.
-ვიცოდი,-გულრწფელად ვუპასუხე.
-ჩემი ნახვა გინდოდა..-თავდაჯერებულმა თქვა.
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ,-არ მესიამოვნა გამოჭერა.
-ახლაც?-გაეღიმა.
კუთხეში მიმწყდეულივით შევხტი. ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე.
-ახლაც.. ვიფიქრე,რამე დაგრჩა სათქმელი გამოძიებისთვის,იმიტომ მოვბრუნდი,- ძალა მოვიკრიბე სიცრუისთვის.
-კარგი,ნახვამდის,არაფერი მაქვს დასამატებელი,-წყენა შევატყვე.
-ნახვამდის,-ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი.
-მე შენთვის არ მიღალატია! -მისმა სიტყვებმა ადგილზე გამყინა.ათასი აზრი წამში ამერია გონებაში.
-ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს!-უკანმიუხედავად გამოვცერი კბილებში.
-უბრალოდ,მინდოდა გცოდნოდა,-ხმა შეეცვალა.
-რისთვის უნდა მცოდნოდა?- წარბშეკრული შევტრიალდი და მის აცრემლებულ თვალებს წავაწყდი.-ან რატომ მიყვები ზღაპრებს,რის იმედით? გათხოვდი,შვილიც გააჩინე და მეუბნები,რომ არ გიღალატია?!- ხმას საგრძნობლად ავუწიე,თავის კონტროლი გამიჭირდა.
-მე ოჯახი მყავს! მორჩა,დასრულებულია ყველაფერი და აღარ მაინტერესებს რა იყო წარსულში!-მხრებში ჩავავლე ხელი და თვალი თვალში გავუყარე.
-ვიცი,რომ ოჯახი გყავს,-თავი გვერდზე მიაბრუნა.
-ძალიან კარგი,თუ იცი!-ხელი შევუშვი.
-გეშინია ჩემი,-ირონიულად მითხრა.უარესად ავენთე,ზუსტად მიმიხვდა.წლები ვიტანჯებოდი მის გამო,მასთან შეხვედრას ყოველთვის გავურბოდი. კლასელების შეკრებაზეც ამ მიზეზით არ მივდიოდი. ვიცოდი,თავს ვერ მოვერეოდი და ისევ მისი დაბრუნების სურვილი მექნებოდა.ახლა კი? ახლა მაცაცო მყავს,ზურიკო მყავს,სულ,რომ სურვილით ვიწვოდე,ვერაფერი გადამადგმევინებს ამ ნაბიჯს.
-დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე,დიკო!-ცინიკურად გავუღიმე და ოთახი დავტოვე.
ავტომობილში ჩაჯდომისას გივის არაფერი უკითხავს,ალბათ ,ყველაფერი სახეზე მეწერა. მხოლოდ თავის  გადაქნევით შემოიფარგლა.

***
(მაცაცო)
ზურიკოს ნათლობისთვის განსაკუთრებით დავიწყე მზადება.მინდოდა,ყველაფერი იდეალური გამოსულიყო.  გოგლა დიდად ვერ მეხმარებოდა,ბოლო ხანები უხასიათობას ვამჩნევდი,რაც მის გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ვაბრალებდი.ლიკუნა კი გვერდიდან არ მშორდებოდა.ზაზასთან ურთიერთობა ისევ დაათბო.ეჭვიანობდა,მაგრამ თავისთვის,ჩუმად. მაგრამ,როდესაც შეიტყო,ზაზამ თავის რამოდენიმე მეგობართან ერთად ის გოგოც დაპატიჟა, მაშინვე აუშვა აფრები.
-ხედავ? არ ვტყუოდი!-გაკაპასებული მეცა.
-შენი ხმა არ გავიგო! -მისი გაუთავებელი წუწუნით დაღლილმა თვალები დავუბრიალე.
-შენ გოგო ჩემი ნათესავი ხარ,თუ დათვის?-ეწყინა და ტუჩები გაბუშტა.
-მილიონჯერ აგიხსნა,რომ მხოლოდ მეგობრები არიან!
-ერთი გოგლას ჰყავდეს მასე მეგობარი ქალი და ვნახავ რა ჭკუაზე დადგებოდი,-ნიშნისმოგებით მითხრა.
-ჰყავდეს რა,-უდარდელად ვუთხარი,თუმცა გულში უსიამოვნოდ გამკრა.ალბათ,მეც მოვუწყობდი ეჭვიანობის სცენებს.
-რაღაც არ მგონია,მშვიდად შეხვედროდი.
-მორჩი გოდებას,ქვეყნის საქმე გვაქვს,- წინსაფარი ავიფარე და კულინარიული წიგნი გადავშალე.
-ალუბლის ტორტი  გააკეთე,ხომ იცი,მიყვარს,-უცებ გადაერთო სხვა ტალღაზე.
-მაგას ვაპირებ,-გამეცინა.
სანამ მე და ლიკუნა სამზარეულოში ვფუსფუსებდით,თამრიკო და ნოდარი ზურიკოს ართობდნენ. ამ ბოლო დროს ზნეც შეეცვალა,ისე გამეტებით აღარ ტიროდა,უკვე ცხრა თვის ბიჭია,აღარ ეკადრებოდა უმიზეზოდ ცრემლების ყრა. სამ თვეში დეკრეტული შვებულებაც მიმთავრდებოდა და სამსახურში მიწევდა გასვლა.
საღამო ხანს თალიკო და როზაც გვესტუმრნენ. ვიფიქრეთ,დახმარება დაგჭირდებოდათო და მთელი შემართებით დაბზრიალდნენ. ახმაურდა და გახალისდა სახლი. ერთმანეთთან კინკლაობაში შეახვიეს ტოლმა.როზას თალიკოს მოხვეული არ მოსწონდა და წარამარა შენიშვნებით იკლებდა.
-გოგო,წააჭერი კომბოსტო ცოტა,რომ დაუტოვე ამხელა კუდი,სად უნდა დაუმალო?-გაცხარდა როზა.
-კუდი,კუდი..-აბუზღუნდა თალიკო.
-არც მაგდენი ფარში უნდა,-როზას მხრიდან შენიშვნები არ ილეოდა.რაზეც ისე გაბრაზდა თალიკო,სულ დაანება ტოლმას თავი.გინდა შეახვიე,გინდა შიშვლები ჩააწყვეო.
მე და ლიკუნას სიცილი აგვიტყდა.
-აი,ასეა მთელი ცხოვრება,ხედავთ რას ვუძლებ?-შემოგვჩივლა თალიკომ სიცილით.
-გათხოვილიყავი მერე,-წაკბინა ტყუპისცალმა.
-ყველას რაღაც ხინჯი მოუძებნე და დამტოვე შინაბერა,-თალიკოს საყვედურმა როზა გააბრაზა. დოინჯი შემოირტყა და თვალმოჭუტულმა შეხედა.
-მე მაბრალებ?!
-დიახ!-თვალები ააელვა თალიკომ.
-სულ გამოჩერჩეტდი ამ სიბერეში?! -როზამ თავი ანება კომბოსტოს.-ნიშნობის ბეჭედი მე ვესროლე ფანჯრიდან?!
ამის გაგონებაზე მე და ლიკუნამ ერთმანეთს გადავხედეთ.პირველად მესმოდა თალიკოს ნიშნობის ამბავი.
-იმიტომ,რომ სერგომ შენ წამოგაცვა თითზე ბეჭედი შეცდომით,მე ვეგონე! თან თვალშიც  არ მოგდიოდა,ლექსებს უწუნებდი,იმდენი მეჩიჩინე,გადამაფიქრებინე!
-ვერ გვარჩევდა და ვაი,და მერეც ვერ გავერჩიეთ?-ეშმაკურად ჩაეცინა როზას.
-მაგას ეშველებოდა,მაგრამ სტრიქონებს რატომ უწუნებდი?
-"შენ ხარ ჩემი გულის შპილკა,შენზე მეტად მიყვარს კილკა",ან ეს,"შენ ხარ ჩემი მუხლუხო,მე ბოსტანა ჭია,ვნების ალში გაგახვევ,აუ,როგორ მშია"?რომელია აქედან მოსაწონი?!-როზამ ხელები გაშალა.
სიცილისგან ცრემლები გვცვიოდა მე და ლიკუნას.
-დიახ,პოეტი იყო!-ამაყად შეიფერა თალიკომ.
-ტოჟე მნე პოეტ! -აფხუკუნდა როზა.
-ზეპირად კი გისწავლია მისი შემოქმედება,-თალიკოსაც გაეცინა.
-ამის დავიწყება,შეუძლებელია.. "მთელი სიზუსტით დაგითვლი თმის ღერს,ვითარც ჰიპარქე,ნიუტონივით აგიმოძრავებ ციურ სხეულებს, ხელით გავცურავ ბუსუსდაყრილ ჩამოთლილ მკლავზე და ჩაგეკვრები ტაო დაყრილ ლამაზ სხეულზე"-მხატვრულად თქვა როზამ და გადმომხედა.
-ეს ცოტა უკეთესია,- ვთქვი და თალიკოსკენ გავაპარე თვალი.
-კარგ ლექსებს წერდა,უბრალოდ როზა ვერ უგებდა,-დამეთანხმა თალიკო.
-ჰმ,რა გამეგო? ეს? "შენი თვალები მაგონებს ელვას, ღრუბლიან ცაზე რომ გაინათებს,წვიმად დამაყრი დაგროვილ სევდას,გამლუმპავ ,მაგრამ მაინც ინათებს"-როზამ საწყალი სახით დააბოლოვა.
-გოგო,ისე დაგიმახსოვრებია ყველა, შენც მასზე ხომ არ იყავი შეყვარებული?-ეჭვიანი მზერა მიაპყრო დას.
-ა,ხომ ვთქვი,გამოჩერჩეტდა ეს საცოდავი,-ხელი ჩაიქნია როზამ და სამზადისი განაგრძო.
ვატყობდი ხუმრობა სერიოზულში გადადიოდა,კიდევ კარგი გოგლამ შემოხსნა კარი,ყველა ერთად ,რომ დაგვინახა,სახე გაუნათდა. ამდენი დღის უხასიათობა სადღაც გაექრო,ხალისიანად ჩამოგვიარა  და მოგვეფერა.გამიკვირდა. მალულად დავუთვალიერე ტანსაცმელი და მეძებარ ძაღლივით დავყნოსე.ჯერ კიდევ ბოშას სიტყვების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი.
-რა გჭირს?-გაეცინა.
-მომენატრე,-ჩავეხუტე და ყელზე ცხვირის ნესტოები დავაკარი. უშვეულო ვერაფერი ვიგრძენი და დავწყნარდი.
-მაჭმევთ რამეს,თუ ჯერ არ შეიძლება?-სიცილით ჩაიჭყიტა ქვაბებში.
მაშინვე დავფაცურდით. ზაზაც მალევე შემოგვესწრო.ლიკუნას თვალი ჩაუკრა და გვერდით მოგვიჯდა.
***
(გოგლა)
იმ დღის შემდეგ დიანას აღარ გავკარებივარ,ვცდილობდი შორს დამეჭირა თავი მისგან.საქმე ნახევრად გივის გადავაბარე . ეჭვმტანილების ძებნაში კი აქტიურად ვიყავი ჩართული. თითქოს მიწამ ჩაყლაპა,ვერცერთის კვალს  მივაგენით. ქვეყნის მასშტაბით ძებნას ისევ ვაგრძელებდით. უშედეგო ათი დღე საპონივით გაილია.
-გოგლა,ეს პერანგი ჩაიცვი,გიხდება,-საკიდიანად მომაწოდა მაცაცომ.
-დამცხება,რამე მოკლემკლავიანი სჯობს,-დავუწუნე არჩევანი. ზაფხულის პირველივე თვე მწველი აღმოჩნდა.
- მაშინ შენ თვითონ აარჩიე,-განზე გადგა.
-შენ არ ემზადები?-ჯერ კიდევ ხალათში გამოწყობილს შევხედე.
-ჯერ ზურიკო უნდა გავამზადო.
-ცოტა დროზე,დაგვაგვიანდება,-საათს გავხედე. სამ საათზე ტაძარში უნდა ვყოფილიყავით,ზურიკოს გაქრისტიანებამდე საათნახევარი დარჩენილიყო.
-არის უფროსო,- ჩემს წინ გაიჯგიმა.
-"ქეთევანი" არ დაგავიწყდეს,-გამახსენდა მრავალ ტანჯვა გამოვლილი რელიკვია.
-მაგას რა დამავიწყებს,-გულიანად გადაიკისკისა.მეც გამეცინა.
ქვედა სართულიდან ხმაური შემოგვესმა . მეც იქით გავემართე.ყველას ერთად მოეყარა თავი.მანანა ჩვეულ ამპლუაში,ზურა მშვიდი ღიმილით. გივი საგანგებოდ გამოწყობილი.ელისოც მოსულიყო თავის მეუღლესთან ერთად.როზა და თალიკო საქმიანად მოძღვრავდნენ თამრიკოს.
-დაივიწყე წყენა და ჯვარი დაიწერეთ,ამ სიბერეში მაინც აპატიე,-ხმამაღლა უთხრა თალიკომ,რამაც თამრიკოს გაწითლება გამოიწვია.
-ძლივს რაღაც ჭკვიანურს ამბობს,დაუჯერე,-აჰყვა როზა.
ღიმილით გადავხედე სამივეს.
-მართალს გეუბნებიან,-თამრიკოს თავი დავუქნიე.უარესად აუჭრელდა სახე.ნოდარს გაეცინა და დედას ხელი მოკიდა.
-გაჩერდით ახლა,- მორცხვად დატუქსა მულები.
-აუ,რა მაგარი იქნებაა,-ტაში შემოკრა ლიკუნამ და ზაზას მხარი გაკრა,ამყევიო.
-დროა,დედა,დრო,-ზაზაც აცმუქტდა.
მამას თვალით ვანიშნე,რას გაჩუმებულხარ,ასეთ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებ-მეთქი.უცებ გამოცოცხლდა და თამრიკოს მთელი სერიოზულობით სთხოვა ხელმეორედ ხელი.
ცოტა ხანს კი იყოყმანა დედამ,მაგრამ იმდენი ვუკიჟინეთ აქეთ-იქიდან,ჩვენი ხათრით,თუ საკუთარი სურვილით იყო,თანხმობა კი განვაცხადებინეთ. 
ჟრიამულით გავემართეთ ტაძრისკენ. თავს ბედნიერად ვგრძნობდი,ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
(მაცაცო)
-მარტო ამ დღისთვის ღირდა ნათლობის გადადება,-ვუჩურჩულე გოგლას და ბედნიერად მომზირალ თამრიკოს და ნოდარს გავხედე.
-კუდიანი ხარ,გული გიგრძნობდა მგონი,-გაეცინა გოგლას და მხარზე მიმიხუტა.
მამა ზოსიმე საქმიანი იერით წამოვიდა ჩვენსკენ. გოგლამ წინ წაიწია,ჯვრისწერის საკითხთან დაკავშირებით.ვჩქარობით,ემანდ არ გადაეფიქრებინა თამრიკოს.
-ღმერთო,ამას ვის ხედავს ჩემი თვალები?-თალიკო გაოგნებული სახით  ჩამომეკიდა  მკლავზე.
-ნეტა არ გავგიჟდებოდე,-არანაკლებ გაოგნებული როზა მეორე მხრიდან დამეკიდა.ორივეს გაკვირვებულმა გადავხედე. ზოსიმეს უყურებდნენ პირღიები.
-როზა,მელანდება,თუ მართლა სერგოა?-იკითხა პირგამშრალმა თალიკომ.
-პოეტ! -როზამ თქვა დასტურად.
-ჰაერი არ მყოფნის,-ხელით დაინიავა თალიკომ.
-არც მე,-როზამაც მიბაძა.
თავი შევიკავე,არ გამცინებოდა.
ზოსიმე ჯვრისწერაზე დაგვთანხმდა.ჯერ პატარა გავაქრიასტიანოთ და შემდეგ დიდებს მივხედოთო,გაგვიღიმა და ყველა აგვათვალიერა.მზერა ჩემს მხრებზე აკრულ ტყუპებზე შეეყინა.ხან ერთს უყურებდა გაოგნებული,ხან მეორეს.
-თალიკო? როზა?-გაკვირვება ვერ დამალა. დები ადგილზე ჩამოიღვენთნენ.
გაპარული ღიმილით ეამბორნენ მხარზე ზოსიმეს,სახეაწითლებულებმა მოიკითხეს და ისევ მე ამომიდგნენ აქეთ-იქიდან.
-როგორ უხდება წვერი,ხომ?-ისე მკითხა თალიკომ,თითქოს უწვერო სერგო ნანახი მყავდა.
-ანაფორაც უხდება,-როზამ გადმოგვიჩურჩულა.
-ა,ხომ გეუბნებოდი,ამასაც უყვარდა,-თალიკომ თვალები დაუბრიალა დას.
- "ჩემს ეზოში ფოთლებს ხვეტავს ქარი,
სევდიანად აყრის  სახლის კარებს,
მესიზმრება ორი ,ერთნაირი ქალი,
არჩევანი მანგრევს,მანგრევს!"-ნიშნისმოგებით გაუსწორა თვალი როზამ ტყუპისცალს.
-ეგ სად წაიკითხე?-აიფოფრა თალიკო.
-სერგოს ჯიბის წიგნაკში,-გაეცინა როზას.
კიდევ კარგი შუაში ვიდექი,ორივეს მკლავი ძლიერად მეჭირა,თორემ წაწვდებოდნენ ერთმანეთს.
-სახლში მოგივლი,-დაემუქრა თალიკო.
-უჰ,შემეშინდა,-გულზე ხელი იტაცა როზამ.
შეკავებული სიცილისგან გავწითლდი.პირს ძლივს ვუყრიდი თავს. ვუყურებდი ასაკოვან დებს,რომლებიც პატარა ბავშვებს დამსგავსებოდნენ.
ნათლობის რიტუალი ზურიკოს ბღავილის ფონზე წარიმართა. თამრიკოს და ნოდარის ჯვრისწერაზე კი ტკბილად ჩაეძინა.
-აი,ხომ გითხარი, აქამდე უნდა მოგენათლათ,-მიჩურჩულა მანანამ და უდრტვინველად მძინარე ზურიკოს თავზე მიეფერა.
სადღესასწაულო განწყობა ორმაგად აგვიმაღლდა. ტაძრიდან გამოვედით და სახლში წასასვლელად მოვემზადეთ, სუფრით უნდა დაგვეგვირგვინებინა ეს დღე. თალიკომ და როზამ ზოსიმე-სერგოც  დაპატიჟეს,სიხარულით მიიღო შეთავაზება და ზაზას ავტომობილში დებს შორის მოკალათდა.
-ესენი იმდენს იზამენ,ცოდვას ჩაადენინებენ ამ კაცს,-ჩაიფხუკუნა გოგლამ.
-გოგლა?!-გაეცინა თამრიკოს.
-დროა ქალაქი მოემზადოს სენსაციისთვის,-მხარი აუბა ნოდარმაც სიცილით.
-გაჩუმდით,სირცხვილია,-თამრიკომ დაუცახცხანა ქმარ-შვილს.
-ბარემ ხარჯი ხარჯია და მე და ზაზასაც დაგვეწერა ჯვარი,რა იქნებოდა?- არიქა,მოხუცებმა არ დამასწრონო,მომეტმასნა ლიკუნა.
-ერთი დღისთვის ნამეტანი იქნებოდა ამდენი ბედნიერება,დაგვინდე,-იდაყვი წავკარი.
-რა ყველაფერი ჩემია ზედმეტი?-უკმაყოფილოდ დაბრიცა პირი.
-ლიკუნა,მორჩი წუწუნს,-გამეცინა.
-ის გოგო რატომ არ მოვიდა?-მაშინღა გამახსენდა მისთვის არასასურველი სტუმარი.
-დედა და ბებია ჰყოლია ცუდად,-სიხარული შევატყვე ხმაში.
აღარაფერი მითქვამს, წარბშეკრულმა ჩავუწვინე მკლავებში ზურიკო , გოგლას  გვერდით მოვთავსდი მანქანაში და სანამ კარს მოვიხურავდი,დავინახე  გზის მოპირდაპირედ მდგომი ბოშა ,ირონიული ღიმილით მიყურებდა,ზუსტად ისე,როგორც სიზმარში ნანახი ქალი. გულში უსიამოვნოდ გამკენწლა.რას გადამეკიდა? გავიფიქრე და სახე მომექუფრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები