ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2021


" ხათაბალა "(ნაწილი 3, თავი 2 დასასრული )

(გოგლა)
ერთი თვე მიილია დამნაშავეების ძებნაში.მათ კვალს ვერსად მივაკვლიეთ. გივიმ როგორც მითხრა დიანა და ლილი  გამოუწერიათ  და მკურნალობას სახლში განაგრძობდნენ. მე სათოფეზე არ ვეკარებოდი დიანას,თითქოს,გადამავიწყდა კიდეც.მიხაროდა,რომ წამიერმა სისუსტემ ვერ მაჯობა.
მაცაცოსთვის მიცემული დაპირება,სისრულეში უნდა მომეყვანა.მეც ძალიან ვიყავი გადაღლილი და ნამდვილი შვება იქნებოდა,სადმე დასასვენებლად წასვლა. ბევრი ფიქრის შემდეგ,არჩევანი მთაზე შევაჩერე. ბუნების წიაღში უფრო ლაღად ვიგრძნობით თავს. ექსკურსიის  გეგმა ჩამოვწერე,რომელიც მოიცავდა კახეთის ღირშესანიშნავობების ნახვას. პირველ რიგში ლაგოდეხის ნაკრძალი მინდოდა მეჩვენებინა მისთვის.
-უჩვენოდ არ გამოგივათ ეგ ამბავი,-გამოგვიცახადა ლიკუნამ,როცა შეიტყო ექსკურსიის შესახებ.
-ეს ხომ ვერ მოვიშორე,-გაეცინა მაცაცოს.-დამაცდი დასვენებას?
-ჩვენ რას შეგიშლით,უფრო მხიარულად გავატარებთ დროს,-ზაზაც ჩაერთო.
იმდენი გვიტრიალეს გარშემო,სანამ არ დაგვითანხმეს. ჩვენზე ძალიან მგონი მათ უხაროდათ,სასწრაფოდ გაემზადნენ და ლამის დაძრულ მანქანაში შემოგვიხტნენ.
-ესენი ნახე?-ზაზამ გზის გადაღმა ხელით მანიშნა. თალიკოს და როზას დანახვაზე  საჭე მათკენ მივმართე და ახლოს გავუჩერე. ჩვენს დანახვაზე შეხტნენ,აშკარად არ გველოდნენ. მათ უჩვეულო სამოსმა ღიმილი მომგვარა. ყელამდე შეკრული კაბები ეცვათ,თავზე მანდილები წაეკრათ.ხელში ორივეს ფსკვნილი ეჭირა.
-არ მითხრათ,რომ მონაზონობას აპირებთ?- თავიდან ბოლომდე ავათვალიერე  მამიდები.
-აქ საიდან გაჩნდით?-აპილპილდა თალიკო.როზამაც უკმაყოფილოდ შემოგვხედა.
-თქვენ რას აკეთებთ აქ?!
-წირვაზე მივდივართ,-შემომიტიეს ერთხმად.
-როდის აქეთ გახდით თავგადაკლული მორწმუნეები?-თავს ვიკავებდი,რომ არ გადამეხარხარა. ლიკუნა,მაცაცო და ზაზა ჩუმად ფხუკუნებდნენ.
-შეუნდე უფალო,რამეთუ არ იცის,რას ბოდავს,-პირჯვარი გადაიწერა თალიკომ და ზურგი გვაქცია.როზამაც მიბაძა.
-ერიჰაა,-წაუსტვინა ზაზამ.
ოთხივეს ისეთი სიცილი აგვიტყდა,კარგა ხანს ვერ დავძარი ადგილიდან მანქანა. მივხვდით,მამიდებს ზოსიმეს ცდუნება განეზრახათ.
***
(მაცაცო)
-ნაკრძალში აღრიცხულია ორმოცდაორი სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა..ფრინველებიდან  კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი,  აგრეთვე ამფიბიის ოთხი და ქვეწარმავლების რვა სახეობა,-ლაგოდეხის ნაკრძალის შესასვლელში პატარა ინფორმაცია მოგვაწოდა გოგლამ. გაკვირვებულმა შევხედე.
-საიდან იცი?
- მოვიძიე,ხომ უნდა მცოდნოდა სად მომყავდით,ბოლოს და ბოლოს გიდობა ვიკისრე,-გაეცინა და წინ გაგვიძღვა.
ხეებში ჩაფლულ გარემოს გაბრწყინებული თვალი მოვატარეთ.
-რა სილამაზეა,-აღმოხდა ლიკუნას.-უნამუსობა იქნებოდა,რომ არ წამოგეყვანეთ.
-მართლაც საოცრებაა,-ვერც მე დავმალე აღფრთოვანება. ბუნების სურნელი ხარბად შევისრუტე და გოგლას კვალს მივყევი.
-აუ,აქ მინდა პატარა სახლი,ხომ მაგარი იქნება,ზაზ?-ზურგსუკან შემომესმა ლიკუნას ხმა.
-რა მაცხოვრებს გოგო ტყეში,-უცებ ჩაუქრო რომანტიზმი ზაზამ.
-ნახე რა ბუნებაა,სუფთა ჰაერი,სიმშვიდე,-ხელგაშლილი დატრიალდა ლიკუნა.
-ჰო,კარგია,მაგრამ არა მუდმივად საცხოვრებლად,- ხელი მოკიდა ლიკუნას და ჩვენი მიმართულებით წამოიყვანა.
-რანაირი უჟმური ხარ,-აბუზღუნდა.
-არ მოგწონვარ?-ზაზა შედგა.
-როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ სასწაულზე უარს ამბობდეს?
-საჩხუბრად წამოხვედით?!-თვალები დავუბრიალე ლიკუნას. ვიცოდი,დასვენება არ მეწერა მის ხელში.
-კარგი,ჰო,-თავჩაქინდრული აედევნა ზაზას.
ალბათ,მსოფლიოში არ არსებობს ადგილი,რომელიც ასეთი ბუნებით იქნება დაჯილდოვებული.ვუყურებდი ცამდე აზიდულ წლოვან ხეებს და გული სიამაყით მევსებოდა. მივაბიჯებდი ნოტიო ბილიკებზე და სათითაო ბალახს ვეფერებოდი.ვცდილობდი,ზედმეტად არ დამედგა ფეხი და მიწის მწვანე საფარი ჩემი ნაფეხურებით არ დამესვარა.
-მზად ხართ ჩანჩქერზე ასასვლელად?-სამივეს გასაგონად დაიძახა გოგლამ.
იმდენად მოგვნუსხა იქაურმა სილამაზემ,ყველაფერზე თანახმა ვიყავით. თავდაუზოგავად მივაპობდით ოღრო-ჩოღრო ბილიკებს. საყრდენად ჯოხები გვქონდა მომარჯვებული.
-ვაიმე,იქ მგონი მგელია! -განწირულმა დაიძახა ლიკუნამ.ყველანი შევდექით და ტყე მონადირეებივით დავზვერეთ.
-მელიაა,-თვალი წაასწრო ზაზამ ხეებს მიღმა ცხოველს.
-აუ,მეშინიაა,-აწუწუნდა ლიკუნა.
-რა ვიცი,აქ კი აპირებ ბინის დადებას და..-გამეცინა და გზა განვაგრძე.
ქვაღორღიან,წყლის ნაპირთან შევჩერდი,ვგრძნობდი ძალა მეცლებოდა.გოგლას ვუთხარი,ცოტა შევისვენოთ,თორემ ვეღარ ვივლი-მეთქი.
-არ ხართ სალაშქრო ხალხი,-თავი გააქნია და უკან მობრუნდა.
იქვე,ლოდებზე ჩამოვსხედით. ოთხივე ღრმად ვსუნთქავდით.წინ დიდი გზა გველოდა.
-გოგლა,მტაცებელი,რომ შეგვხდეს,რას ფიქრობ?-ლიკუნას შიშს ჯერაც არ გაევლო.
-შენს თავს გადავუგდებ,ტყუილად კი არ წამოგიყვანე,-გაეცინა გოგლას.
- კი იზამთ მაგას,-მტრულად გადმოგვხედა.
-მშია,-წამოიძახა ზაზამ.
-მაძღარი ვეღარ ივლი,წინ დიდი გზა გვაქვს,ავიდეთ მაღლა და იქ წავიხემსოთ,-გოგლამ ზურგჩანთა თავისკენ მისწია,ზაზას რომ არ წასძლოდა სული.
-აუ,იქამდე რა გაძლებს,მეც მშია,- ლიკუნაც აჰყვა.
-თუ გინდათ,აქ დაგველოდეთ,მე და მაცაცო ავალთ.
-არა,ზაზას იმედზე ვერ დავრჩები,-მკვირცხლად წამოხტა ლიკუნა.
-სახლი უნდა გოგოს ტყეში,-გაბრაზებით თქვა ზაზამ და ისიც წამოდგა.
შესვენებამ შედეგი გამოიღო,სხარტად მივიკვლევდით გზას. შორიდანვე დავინახეთ კლდეზე გრძელ ბაირაღივით გადმოფენილი ჩანჩქერი,ხმაურით,რომ სწვდებოდა ჩვენს ყურებს. ოთხივეს აღტაცების შეძახილები აღმოგვხვდა.
-ღმერთო,ეს საოცრებაა,- გაოგნებული ვუყურებდი სამყაროს შედევრს.
-ცოტაც და მივალთ,თუ ძალიან არ ვიქნებით დაღლილები,შეგვიძლია,თავზეც მოვექცეთ ჩანჩქერს,-ღიმილით გვითხრა გოგლამ და გზის გაგრძელება გვანიშნა.
-უკან დასაბრუნებელი გზა ხომ გახსოვს?-ვკითხე გოგლას და ჩემს უკან ტყეს გავხედე.
-აი,ლიკუნას ემახსოვრება,-გაიცინა.
-ჩემს იმედზე იყავით კი,თავს ამოგაყოფინებთ სხვა ქვეყანაში,-აკისკისდა ლიკუნა.
-მე მახსოვს,-სერიოზულად თქვა ზაზამ.
-გოგლა,ხუმრობ?-ცოტა არ იყოს შემეშინდა. ლამის ქალაქში ვიკარგებოდი და ტყეში ხომ საერთოდ,ცხრა კომპასიც ვერ მიშველიდა.
-ვხუმრობ გოგო,წამოდი,-ხელი დამიქნია.
-მართლა,რომ დავიკარგოთ?- ისეთი ხმით თქვა ლიკუნამ,ტანში გამცრა. რატომღაც ბოშა ქალის სიტყვები გამახსენდა,დიდი გზა,სისხლი და სიკვდილიო,იქნებ ამ გზას გულისხმობდა? გავიფიქრე და ადგილზე შევდექი.
-რა დაგემართა?-გოგლაც შეჩერდა.
-მოდი,არ გვინდა,ხომ დავინახეთ ჩანჩქერი,დავბრუნდეთ რა უკან,-ჩემმა მავედრებელმა ხმამ დააბნია.
- დაიღალე,თუ რატომ გადაიფიქრე?
-დავიღალე.
ვერაფრით ვეტყოდი ნამდვილ მიზეზს. მეტიც არ უნდოდა,ისევ გაები მახეშიო,მეტყოდა.
-რაღა დარჩა,აქვეა,წამოდი,-ხელი ჩამავლო და ლამის ძალით წამიყვანა. მივყვებოდი და ფეხები კი უკან მრჩებოდა.თითქოს უბედურება მომდევდა ფეხდაფეხ,მთელ ტანში ელვასავით მივლიდა ცუდი წინათგრძნობა.
ჩანჩქერს როგორც კი მივუახლოვდით,ორი მამაკაცი დავლანდეთ.ის იყო წყლიდან ამოსულიყვნენ და ტანსაცმელს იცვამდნენ.ზურგით იდგნენ,ჩვენი მიახლოვება ვერც გაიგეს ჩანჩქერის ხმაურში.
-მარტო არ ვყოფილვართ,-იმედი მომეცა ხალხის დანახვაზე.
-გამარჯობა,-ხმამაღლა დაიძახა გოგლამ და მათკენ აიღო გეზი,ჩვენც მივყევით. მამაკაცები მოულოდელობისგან შეცბნენ,დაუპატიჟებელ სტუმრებივით,რომ გამოვეცხადეთ,სახეზე შევატყვე,არ ესიამოვნათ და კუშტად შეგვათვალიერეს. დავინახე,როგორ შეკრთა გოგლაც,ხელის მოძრაობით მის ზურგსუკან გამწია და იარაღი მოიმარჯვა. ვერ მივხვდი,რატომ გადამეფარა. ორივეს დავაკვირდი და გაოგნებისგან პირზე ხელი ავიფარე,რომ უცაბედად წამოსული ხმა დამეხშო.არც მეტი,არც ნაკლები ჩვენს წინ ჩემი პირველი ცალმხრივი სიყვარული მურმან ცხადაძე იდგა.მეორე კი ვერ ვიცანი.
-შეხვედრაც ამას ჰქვია,-ღვარძლიანად გააქნია თავი მეორე მამაკაცმა და საიდან გამოაძვრინა ასე უცებ იარაღი,ვერ დავინახე,გოგლას,რომ დაუმიზნა,მაშინ კი შევკივლე.ლიკუნამ იდაყვი გამკრა,გაჩუმდიო..ზაზამ ორი ნაბიჯით წინ წაიწია,რაზეც მურმანმა კბილებში გამოსცრა.
-დაეტიე ადგილზე!
შიშისგან ისე ვკანკალებდი,ალბათ,გულიც კი წამივიდოდა,რომ არა გოგლას ხელი,რომელიც ძლიერად მიჭერდა მკლავზე.
-დაუშვი იარაღი,ქალები არიან,წამოდი,იქით დავილაპარაკოთ,- გოგლას ხმა ვერ ვიცანი,სადღაც უიმედოდ ჩაკარგულს უგავდა.უარესად ავცახცახდი.
-ო,ბატონი გამომძიებელი მოლაპარაკებას გვთავაზობს,რაო,შემოგჩივლა შენმა ტურფამ?-ცინიკურად გაეცინა იარაღიანს.
-ვალერ!-დაუყვირა გოგლამ.
-იცნობ?-თვალები ვჭყიტე.
-დრომ თავისით მოიტანა ჩვენი შეხვედრა,რომ გავსწორდეთ,-ვალერიმ  უშნოდ გაიცინა.
-გოგლა,ვინ არიან ესენი?-ზაზაც ჩემსავით გაუგებრობაში იყო ჩავარდნილი.
-ო,დიდი ისტორიაა,-ვალერიმ თვალები მოჭუტა,თითქოს რაღაცის გახსენებას ფიქრობდა.
დამფრთხალი ვუყურებდი მამაკაცებს და ვერაფრით ვხვდებოდი,გოგლას ნაცნობი ვალერი და ჩემი ცალმხრივი სიყვარული მურმანი,რატომ გვემუქრებოდნენ.
-ესენიღა გვაკლდნენ,-მობეზრებულად თქვა ლიკუნამ და იქვე ჩაჯდა.მგონი საქმის სერიოზულობას ვერ ჩაწვდა.
-ზაზა,წაიყვანე გოგოები,მოვალ მალე,-გოგლამ ზაზას ტყის სიღრმისკენ ანიშნა.
-არ გაინძრეთ!-იარაღი ჩვენსკენ მომართა ვალერიმ. არც განვძრეულვართ, სამივე,ისედაც  ადგილებზე ვიყავით გაყინულები.
-მერამდენედ უნდა გადამეღობო გზაზე,ჩემი წერა ხარ! -კბილები ააკრაჭუნა იარაღიანმა.
-წასულია შენი საქმე,აქ,რომ გაისროლო,მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგადგება თავზე.ეს ნაკრძალია,-გოგლა სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
-რამდენს ყბედობ,დააგდე იარაღი,-ახლა მურმანმა გამოაძვრინა იარაღი და იმანაც გოგლას დაუმიზნა. დრო არ ითმენდა,სანამ უბედურება დატრიალდებოდა,სასწრაფოდ უნდა ჩავრეულიყავი.გოგლას ზურგს მოვცილდი და მურმანს თვალი გავუსწორე.
-მიცანი?!-დავუყვირე.
წარბშეკრული დამაკვირდა,ცოტა ხანს მიყურა,შემდეგ ნელნელა გახსნა შუბლი და კბილებიც გამოაჩინა.
-ვაი,ვაი,ეს ვინ ყოფილა აქ,მაცაცო?!
-დიახ! -ამაყად ვუპასუხე. გოგლამ ცალი თვალი გამოაპარა ჩემსკენ.
-გეღირსა გათხოვება,თუ ისევ ცალმხრივ სიყვარულებში იფერფლები?-დამცინავად მიყურებდა. დავრეტიანდი,ამის თქმას,სჯობდა ესროლა ჩემთვის.
-ვინ არის ეს კაცი?- გოგლამ დამიღრინა.
-წარსულის სანაგვეს გატანებული,- ბრაზიანად დავაკვესე თვალები.სულაც აღარ მეშინოდა ტყვიის,ისე გამამწარა მისმა სიტყვებმა.
-რა რებუსებით მელაპარაკები?!-დამიყვირა გოგლამ.
-ა,ეს შენი რომეოა?-მაშინღა მიხვდა მურმანი და სიცილი აუტყდა.ვალერიც დაბნეული უყურებდა ჩვენს პაექრობას.
-არაკაცო,ტფუი!-მივაძახე თვალცრემლიანმა. რა უფრო მატირებდა,ვერ გამეგო,ის,რომ ამ დუელში ვიყავით გაჩხერილები,თუ ჩემი პირველი სიყვარული,მართალია ცალმხრივი,მაგრამ მაინც სიყვარული,რომელზეც თვეები ვგლოვობდი ბალიშზე დამხობილი ,ასეთი არაკაცი გამოდგა. დამენანა მისთვის მიძღვნილი დრო.უარესად ავტირდი და გოგლას ზურგს ავეკარი.
-გამომძიებელი დაბნეულია,- კმაყოფილი სახით თქვა მურმანმა.-აი,მაგ ქალბატონს,მე ვუყვარდი,ჩემი სიყვარულით იწვოდა,იფერფლებოდა,-მისი სიტყვები ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა. მთელი სხეული ამტკივდა.
-ეს კრეტინი,როგორ გიყვარდა,გოგო?- ლიკუნა ფეხზე წამოხტა.
-ე,ე,ლაწირაკო!-ახლა ლიკუნას მისამართით დაიყვირა მურმანმა და იარაღი დაუმიზნა.
ლიკუნამ საცოდავი სახით გახედა,თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერა ,მივხვდი,რაღაცას დააყრანტალებდა.არც შევმცდარვარ.
-მურმანის ეკალი!- თქვა და მურმანის მიმართულებით გადააფურთხა.
-ლიკუნა,მოკიდე მაცაცოს ხელი და წადით აქედან!-გოგლას მოთმინების ფიალა აევსო. -ზაზა,მიყევი!-ბრძანება გასცა.
-შვილის გვარი არ მიეცი და აქ კაცობ?!- ისე იქუხა ვალერიმ, ჩანჩქერის ხმა გადაფარა.
მეგონა მომესმა.წინ გადავდგი ნაბიჯი და გოგლას შევხედე.არც ის იყო ნაკლებ დღეში,ძარღვებდაჭიმული უყურებდა მამაკაცს.
-გოგლა,რას ბოდავს ეს კაცი,ვინ შვილი?-ისე სწრაფად იცვლებოდა კადრები,თავი სიზმარში მეგონა.
-რაო,არ იცის,სიმართლე?- ვალერიმ ირონიულად ჩაიცინა.
-ისევ ის ინტრიგანი ხარ,რაც სკოლაში იყავი,-გოგლას უარესად დაეჭიმა სხეული.
ახლა კი გასაგებია,საიდან იცნობენ ერთმანეთს.მაგრამ ასეთი მტრობა?
-მაგისთვის ცალკე აგებ პასუხს,-ვალერის თვალებმა ბოროტად გაიელვეს.
-ვინ შვილი?-ამდენ გაუგებრობაში,ყველაზე მეტად ამ სიტყვამ ამაფორიაქა. ნუთუ გოგლას შვილი ჰყავს და სიმართლე დამიმალა? წარმოუდგენელია!
-რა პატარა კაცი ყოფილხარ,იმის ვაჟკაცობაც არ გეყო შვილად გეცნო და  სიმართლეც გეთქვა,-თავი გააქნია ვალერიმ.
გოგლა გაშეშებული იდგა,შევატყვე ტვინი არეოდა,თვალებს შეშლილივით ატრიალებდა,აშკარად მოულოდნელი იყო მისთვისაც.
-ვისზე ამბობ?-ძლივს გამოსცრა.
-ო,აქ უკვე მქუხარე ტაშია საჭირო,-თავი დაიქინია ვალერიმ.-შენს და დიანას შვილზე!
დავინახე,გოგლამ როგორ დაკარგა წონასწორობა და წინ გადაქანდა.
-ვინ დიანა გოგლა,ვინ შვილი?!-ზაზამ გაკვირვებით შეხედა ჯერ გოგლას,შემდეგ მე.
-მოგკლავ!-დაიღრიალა გოგლამ და ადგილიდან დაძვრა ვერ მოასწრო,უცებ აირია ყველაფერი.იარაღის გასროლის ხმაზე ,ერთი ის მახსოვს ლიკუნამ,რომ მტაცა ხელი და ტყისკენ მიკრა თავი.გიჟივით გარბოდა და მეც თან მიმათრევდა.
-გოგლა! გოგლა!-შეშლილივით ვკიოდი,თუმცა გაჩერების საშუალება არ მომცა ლიკუნამ.
კიდევ ბევრჯერ გაისმა ტყვიის გავარდნა,ორივე წამიერად შევდექით ადგილზე.
-მაცაცო,დროზე! -ჩემზე ადრე ლიკუნა მოეგო გონს.
-გოგლა, ზაზა!ვერ დავტოვებთ ლიკუნა,-ტირილით მივდევდი.
-სხვა გზა არ გვაქვს,ვერაფერს ვუშველით!-ლიკუნამ სირბილს უმატა.
იმდენი ვირბინეთ, უღრან ტყეში ამოვყავით თავი. გასასვლელის ძებნაში,შიშით ვაცეცებდით თვალებს.
- როგორმე უნდა გავაღწიოთ და მილიციაში დავრეკოთ,-სულ ვეღარ ითქვამდა ლიკუნა.
-მგონი ორივე მოკლეს,-თავში შემოვირტყი ხელები.-დავბრუნდეთ რა,აღარაფერი ისმის.
-მოიცადე ცოტა ხანს,-თვალმოჭუტულმა დაზვერა გარემო.-რაღაც შრაშუნი ისმის,-თქვა და პირზე თითი მიიდო,სიჩუმე მანიშნა.
-რატომ ფეხი არ მომტყდა,სად მოვდიოდი?- გაფრთხილების მიუხედავად მაინც აღმომხდა.
-რადიო გადაყლაპე ,გოგო? -თვალები დამიბრიალა.
-შენ ხარ,თარსი,სულ შენი თარსი ფეხის ბრალია,-გოდება გავაგრძელე.
-რას ერჩი ჩემს ფეხებს?-თავმომწონედ დაიხედა ზედ.
-აიტეხე წამოსვლა და აჰა?!- ლიკუნაზე ვიყარე ჯავრი.
-მე კი არა,შენ ხარ თარსი,სულ რაღაც ხიფათში ხარ,ზოსიმეს ლოცვები გჭირდება,-ისეთი მუჯლუგუნი წამკრა,ძირს გავგორდი.აღარც ავმდგარვარ,მიწაზე დამხობილმა  განვაგრძე ცრემლების ღვარღვარი.
-გოგო,არ გესმის?-ყურთასმენა დაძაბა ლიკუნამ.მეც წამოვხტი და სმენად ვიქეცი.
-ზაზას ხმაა,მაცაცო!-სიხარულით წამოიძახა.-ზაზა,აქ ვართ,ზაზაა!-მისი ხმა ექოდ გადაეცა მთელ ნაკრძალს.
-საიდან ისმის,ვერ ვიგებ?-დავტრიალდი ყველა მიმართულებით.
-ვერც მე,მაგრამ არაუშავს,გვიპოვნის,-იმედიანად თქვა ლიკუნამ და მომეხვია. გული ამომიჯდა და მწარედ ავქვითინდი.
- მაცაცოო! ლიკუნაა!-ზაზას ხმა გვიახლოვდებოდა.
ჩვენც საპასუხოდ ავტეხეთ ყვირილი.
***
(გოგლა)
ძალაგამოცლილი ვიწექი. ფანჯარასთან მდგომი მაცაცოს კითხვანარევი მზერა უარესად მკლავდა. თავში ათასი აზრი მერეოდა. ჩემი და დიანას შვილი? საიდან,როგორ? ნუთუ,იმ სამმა ღამემ ნაყოფი გამოიღო? კი მაგრამ რატომ დამიმალა,ან რატომ გაჰყვა სხვას? ვალერიმ იცოდა და მე არა? დიანას სიტყვებიც გამახსენდა,მე შენთვის არ მიღალატიაო. სიბრაზე ერთიანად მივლიდა.
-როდემდე უნდა იდგე მანდ?- მაცაცოს გავხედე,შემეცოდა,მთელი ღამე ფეხზე გაატარა.
-როგორ ხარ?-სევდიანად მკითხა.
-კარგად,-თვალი ვერ გავუსწორე. დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე თავს,თუმცა ჩემი ბრალეულობა რა-ში მდგომარეობდა მეც ვერ ვხვდებოდი.
-წავალ,-მშრალად მითხრა.
-მაცაცო,ვიცი რასაც გრძნობ,მეც გაურკვევლობაში ვარ,ჩემთვისაც მოულოდნელი იყო,- შიში შემეპარა,მის გაუცხოვებულ ხმაზე.
-მესმის,მაგრამ ახლა უნდა წავიდე,-მითხრა და კარისკენ დაიძრა.
-მაცაცო,ხომ იცი,შენს და ზურიკოს გარეშე აზრი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს?!
შეჩერდა,თვალი თვალში გამიყარა,თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, თავი გადააქნია , უხმოდ შეტრიალდა და წავიდა.
გულმკერდზე სიმძიმე ვიგრძენი,ლოდივით დამაწვა და განძრევის საშუალება არ მომცა. პირი გავაღე,ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა,რამოდენიმე ცდაზე გამომივიდა კიდეც.
-ხარი ხართან დააბიო,ისეა შენი საქმე,გადაგდო მაცაცომ?-პალატაში გივიმ თავი შემორგო.
უკმაყოფილოდ გავხედე.
-ო,მაპატიეთ,სხვაგვარად უნდა დამეწყო, ამა წლის შვიდ ივლისს,კრიმინალურ დაჯგუფებასთან მწვავე შეტაკების შედეგად,გმირულად დაიჭრა..
-მორჩი!- დამთავრება არ ვაცადე,ისე შევუღრინე.
- რა ომობონა გამართე,სრულ ჭკუაზე ხარ?!-დასერიოზულდა და ჩემს საწოლთან მოიდგა სკამი.
-ახალი რა არის,შენ ის მითხარი?-არ მესიამოვნა შენიშვნა,ისედაც ვგრძნობდი ჩემს სიფიცხისგან დაშვებულ შეცდომას.
-არც არაფერი,შენ აქ წევხარ საცერივით დახვრეტილი მკლავით,ისინი აორთქლდნენ,აი ასე,-თითებით ჰაერში გაფანტვის იმიტაცია გააკეთა.
-ეგ როგორ?!- გამიკვირდა. ზუსტად მახსოვს ვალერი,რომ დავჭერი ფეხში,კოჭლობდა.
-ჭრელად,-მხრები აიჩეჩა გივიმ. -გაქრნენ,ვერსად მივაკვლიეთ.
-შანსი არ არის,დაჭრილი იყო,შორს ვერ წავიდოდა!
-რატომ არ გაუშვი მშვიდობიანად? რატომ,გამაგებინე? რატომ შეუქმენი საფრთხე ოჯახს,რის გამო?!- გივიმ გამწარებით შემომიტია.
-ვაპირებდი,თუმცა..
-რა თუმცა,რამ  გადაგიტრიალა ჭკუა?!
-მე და დიანას შვილი გვყავს!
ნათქვამმა გივიზე ისე იმოქმედა,სკამზე  გადაქანდა.
-რა?
-ჰო,-სიმწრით დავუქნიე თავი და ყველაფერი მოვუყევი.დრო და დრო უფართოვდებოდა თვალები,ყურებს არ უჯერებდა.
-მაცაცო?-შიშით იკითხა.
-არაფერი უთქვამს,მაგრამ ხომ ვხვდები რაც ტრიალებს მის გულში,არ ვიცი რას ფიქრობს,ეს უარესად მაგიჟებს,- ვთქვი და თავი ბალიშზე გადავკიდე.
-რაღა იმ დროს გადაგეყარა გზაზე,ამას ჰქვია ბედის ირონია,აუჰ,-დანანებით დაჰკრა ხელი ხელს.
-მეც გარკვევა მჭირდება,დალაგება აზრების,დიანა უნდა ვნახო,პირველ რიგში.
-იქნებ ტყუილია?-წარბშეკრულმა მითხრა.
-არ ვიცი,არეული ვარ,-ჩავფიქრდი.
-მდა.. ვერაა კარგად საქმე,-ჩაფიქრდა გივიც.
-შეძლებ დიანას მოყვანას?
ჩემს კითხვაზე გამოერკვა.
-აქ?
-ხო,დრო არ ითმენს.
-დრო კი არა,შენ ვერ ითმენ,ისე არ ქნა,ორი კურდღლის მადევარივით.
-დღეს ანდაზების წიგნი გადაყლაპე,თუ რა გჭირს?-გავბრაზდი.
-აქ არ ღირს,გოგლა,როცა გაეწერები,მერე ნახე.
-შეძლებ,თუ არა?!
უარესად გავღიზიანდი.
-მოვიყვან!-დაიბუხუნა და ხელი ჩაიქნია.
***
(მაცაცო)
-როდემდე უნდა მათრევინო ეს შენი მზითვი აქეთ-იქით?- მობეზრებულად დაყარა ნაჩქარევად შეკრული ფუთები ლიკუნამ და დოინჯშემოყრილი დადგა.
-ეს ბოლოა,-მტკიცედ ვთქვი და  ჩემს მონატრებულ სახლს თვალი მოვატარე.
-რის გამო შორდები,გოგო?!
-არაფერი გესმის,ლიკუნა!
-კიდევ მე არ მესმის? შვილი ჰყავს,გოგო,ვეფხვი ხო არა,რომ გეცეს და გიკბინოს,-ცხვირში ჩაიფრუტუნა.
-საქმე ის კი არ არის,რომ შვილი ჰყავს,არამედ ამდენ ხანს სიცრუეში,რომ მაცხოვრა,გესმის?!
-ვერ ხარ შენ დალაგებული,არც თვითონ იცოდა,გოგო!
-ეგ კიდევ საკითხავია,იცოდა,თუ არა!
- გოგლა არ არის,ის კაცი,რომ სცოდნოდა და დაემალა.
-ჰყავდეს ის თავის დიანა და იყოს!-ცრემლების ყლაპვით ვთქვი.
-ეჭვიანობ?- გაეცინა.
-აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი,სახელი გოგლას ხსენება არ იყოს ამ სახლში!-მკაცრად ვუთხარი და ფუთებს დავწვდი.
-ღმერთო,ეს ძლივს გათხოვილი ქალი,უკან არ გამოათხოვო,თორემ დაგვღეჭავს!- თქვა და სანამ მის თმას წავწვდებოდი ,გვერდზე გადახტა.
-ჰოპ, მაცაცო,დაწყნარდი,დაწყნარდი,- ხელები ასწია.
გულზე ცეცხლმოკიდებული ვალაგებდი ტანისამოსს კარადაში. ვერ ვინელებდი,რომ გოგლას ჩემამდე შეყვარებულთან ერთად,შვილიც ჰყავდა.მართალია,წარსულში მომხდარი,მაგრამ მაინც მეტკინა. შეგუება მიჭირდა ამ აზრთან,არა მარტო მე,თამრიკომაც ძალიან ინერვიულა.დამალვას აზრი არ ჰქონდა,სიმართლე ვუთხარი,რატომაც მივდიოდი.არ შემწინააღმდეგებია.
-გოგლას უყვარხარ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ,დედა-შვილურად გთხოვ,-კარში გასვლისას მითხრა და გულში ჩამიკრა.
-დაბნეული ვარ,-არ დავუმალე.
-ვიცი და მესმის შენი,-თბილად დამისვა თმაზე ხელი.
-როცა გინდა,მოდი ზურიკოსთან,-თვალცრემლიანმა ვუთხარი და კარი გავიხურე.
ვიჯექი და ცხარედ დავტიროდი ჩემს მოკლე ბედნიერებას. მკერდში სიცარიელეს ვგრძნობდი,თითქოს ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით გამომაცალა შიგნეული.
- სადამდე უნდა იგლოვო,წამოდი საჭმელი გავამზადე,-ლიკუნა ისე წამომადგა თავზე,შევხტი.
-არ მშია,-ჯიუტად ვუთხარი.
- შიმშილით რომ მოკვდე სირცხვილია,წამოდი,-ჩაიფხუკუნა.
-შემეშვი,-მხარი გავათამაშე.
-იცოდე,მანანას დავურეკავ,ხომ იცი,მერე რაც მოხდება?
-რა მოამზადე?-გვერდულად ავხედე. მუქარის ასრულებას,დანებება ვამჯობინე.
- ჩანახი,ჩახოხბილი, საცივი,ოსტრი,-უცებ ჩამოთვალა.
გაოცებულმა შევხედე.
-კაი ჰო,კვერცხი შევწვი,ადექი,-ხელით მიბიძგა.
ზურიკოს დავხედე,იწვა და თავის თავს ღუღუნით ართობდა.
-ჩემი ბედნიერება,-გავუღიმე და ხელში ავიყვანე.
-ხოდა,მაგ ბედნიერებას ჯანმრთელი დედა სჭირდება,გამოადგი ფეხი!-დამიცაცხანა ლიკუნამ.
-ამ გოგოს გარეშე,ცხოვრება ხომ ვერ მეღირსა,-მობეზრებულად ჩავილაპარაკე და სამზარეულოსკენ წავედი.
***
***
(გოგლა)
თამრიკო გულზე ხელებ გადაჯვარედინებული იდგა და მწვავე მზერით მბურღავდა. ნოდარი ნერვულად სცემდა ბოლთას,თალიკო და როზა საწოლზე,ჩემს ფეხებთან ისხდნენ და ისინიც არ მაცილებდნენ თვალს.როგორც განაჩენის გამოტანას,ისე ველოდი მათ სიტყვას.
-რა მტრებივით მიყურებთ?!-ვეღარ მოვითმინე და იერიშზე გადავედი.
-ახლა ჩვენი გამოხედვაც არ მოსწონს!-როზამ ფეხზე მიჩქმიტა.
-ხო,რა გინდათ,რა დავაშავე?- ხელი დავკარი ქვეშაგებს.
-"სამაია ხაროშაია ზაშიტა,ეტო ნაპადენიე"-თქვა თალიკომ და მეორე ფეხზე მიბწკინა.
-ასე აპირებთ ჩემს დასჯას?- ამეწვა  ფეხი და მუხლში მოვხარე.
-რას ფიქრობ,გოგლა?-თამრიკოს შეცვლილი ხმა არ მესიამოვნა.
-მაცდით ფიქრს? მომიწყვეთ აქ ოჯახური სასამართლო! - ბრაზიანად წამოვხტი და ფლოსტებში ფეხები გავუყარე.
-ხელი არ იტკინო,-თამრიკომ ჩემსკენ გამოიწია.
-როდის მიხვალ მაცაცოსთან?-ნოდარი მორჩა ოთახის ნაბიჯებით ზომვას.
-თქვენი საქმე არ არის! - ცალი ხელით,წვალებით ჩამოვიცვი მაისური თავზე.
-აბა,ვისი საქმეა? ოჯახი გენგრევა და ვისხდეთ მშვიდად?- გაკვირვებულმა შემომხედა მამამ.
-იმდენს იზამთ,სახლიდან გამაქცევთ!- დავიყვირე და სანამ კიდევ რამეს იტყოდნენ სასწრაფოდ გავედი ოთახიდან.
კაბინეტში შევიკეტე.მაგიდასთან ხელებში თავჩარგული დავჯექი. ნაწყენი ვიყავი მაცაცოზე,არ მოინდომა არაფრის გარკვევა,დაჰკრა ფეხი და გაიქცა. არ მეგონა,ჩემს სიყვარულში და ერთგულებაში ეჭვი,თუ შეეპარებოდა. დიანამ ჩემს ნახვაზე უარი განუცხადა გივის, რამაც უარესად გამაბრაზა. ისევ მე უნდა მივსულიყავი მასთან,სიმართლე აუცილებლად უნდა გამეგო. მეგი ,თუ ნამდვილად ჩემი შვილი აღმოჩნდებოდა,ცხოვრებაში ვერ ვაპატიებდი  ამხელა ტყუილს.
კარზე კაკუნს გივის ხმაც მოჰყვა.
-გოგლა,მე ვარ.
-მოდი,-გამიხარდა გივის დანახვა.შემოვიდა,თუ არა,კარი ისევ ჩავრაზე.
-მშვიდობაა?
-შემჭამეს,დამღრღნეს,ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ,ისევ საავადმყოფოში სჯობდა,-მივაყარე გაგულისებულმა.
-ყველანი აქ არიან?-გაეცინა.
-ჰო,აბა..სრული შემადგენლობით,-მობეზრებულად ავიქნიე ხელი.
-რას ფიქრობ?- ჩამოჯდა და ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოიღო.
-დიანაზე?
-მაცაცოზე!
-ხვალ ვაპირებ ასვლას,თუ ექნება აზრი,არ ვიცი,-თავი გავაქნიე.
-გააჩნია რას ეტყვი,-მითხრა და კონვერტი ცხვირწინ დამიდო.
- სიმართლეს ,კი ,იცის,მაგრამ დაუჯერებლად ეჩვენება,-კონვერტი გავხსენი და სურათს დავაკვირდი.
-რა ლამაზია,-გამეღიმა.
-ჰო,შენ გგავს,ზურიკოსაც,-გივისაც გაეღიმა.
-დედამისსაც,-გულდაწყვეტით ვთქვი.
-ასორტია,ულამაზესი,-დამეთანხმა.
-ვაკვირდები და უფრო და უფრო მეტს მსგავსებას ვპოულობ ჩვენს შორის,ნამდვილად ჩემია,-თვალს ვერ ვწყვეტდი მეგის სახეს.
-აჩქარება არ გვარგებს.ჯერ დიანას დაელაპარაკე,თუ უარყო,შემდეგ ანალიზის მიხედვით იმოქმედებ,-გივი უფრო საღად აზროვნებდა,ვიდრე მე.ისე ვიყავი არეული,ჭკუა არ მომეკითხებოდა.
-მართალი ხარ,მაგრამ გული მიგრძნობს,ჩემი შვილია,-ისევ ფოტოდან მომზირალ გოგოს დავაკვირდი.
-მეც მასე მგონია,-გივიმ მაგიდაზე ააკაკუნა თითები.
-გოგლა გამიღე!
კარს ზაზა დაეჯაჯგურა.
-ამას რაღა უნდა?-ჩავიბურტყუნე.ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა,ისეთ მდგომარეობაში ვიყავი.
-იჯექი,გავაღებ,-გივიმ დამასწრო ადგომა.
-რა ხდება?-წარბშეკრულმა შევხედე შემოსულ ზაზას.
-მაცაცოსთან ვიყავი და..-სიტყვა გაუწყდა. მზერა მეგის ფოტოზე გაუშეშდა.
-მერე?-მოუთმენლად ვკითხე.
-აქ რას აკეთებს ეს სურათი,რამე დააშავა?-გაოცებისგან პირი დააღო.
-იცნობ?-გული ამიჩქარდა.
-ჩემი მეგობარია,ჩვენი ჯგუფის სოლისტია,მეგი სამხარაძე,-ფოტო ხელში აიღო.-რა ხდება,გოგლა?
-ნამდვილად ეგაა?-ყურებს არ დავუჯერე.რა ახლოს მყოლია შვილი და არ ვიცოდი.
-ხო,ამაზე ეჭვიანობს ლიკუნა,-გაეცინა ზაზას.
უცებ გამიშრა პირი,მივხვდი ფერიც დავკარგე.
-რამე ხომ არ მიგიქარავს ამ გოგოსთან?-ძლივს ამოვიხრიალე.პასუხის მოლოდინში ყველა ძარღვი დამეჭიმა. ალბათ,დიანა რომ მდგარიყო ჩემს წინ,ცოცხალი ვერ გამასწრებდა.
ზაზამ ჯერ მე შემომხედა,მერე გივის.
-ამოიღე ხმა,ბიჭო?!-გივი წამოხტა და მხრებში ეცა.
-რა გჭირთ?-დაიბნა ზაზა.-თქვენც ლიკუნასი,ხომ არ გადაგედოთ?
-თქვი?!-დავუღრიალე.
-რა გაყვირებს?!- გაბრაზდა ზაზა.-არაფერი მქონია,მეგობარია,მეგობარი!
-ზაზა,არ მოიტყუო,-გივისაც შეშლოდა სახე.
-ზურიკოს გეფიცებით,მართლა არაფერი,რა ხდება,მეტყვით?!
შვებით ამოვისუნთქეთ.
-მგონი ჩემი შვილია,-ვთქვი და თავი ჩავკიდე.
-მეგი?!- თვალები ჭყიტა ზაზამ.-ამაზე თქვა იმ ვალერამ?
თავი სიმწრით დავიქნიე.
-ვაიმეე,-გაოგნებულმა წამოიძახა და ოთახში მოჰყვა სიარულს,არ მჯერა,არ მჯერას ძახილით.
-არაფერს შეიმჩნევ ჯერ,უნდა გავარკვიოთ ბევრი რამ,-უთხრა გივიმ.
-ჩემხელა ძმის შვილი მყოლია,დაუჯერებელია,მე მეგის ბიძა?-ხელგაშლილი მოგვიტრიალდა.
-მგონი,- ზაზას რეაქციაზე გამეცინა.
- იმათ იციან?-თითი ზემოთ სართულისკენ აიშვირა.
-იციან,მაგრამ ვინ არის,ეგ არ იციან,მეც ახლა ვნახე გავიგე.
-გოგლა,იცი,რა ლამაზი გოგოა?თან ისეთი თბილი,მეგობრული,რომ მოუსმინო,როგორ მღერის,იადონია,-სახე გაუნათდა ზაზას.
მესიამოვნა ჩემი შესაძლო შვილის შექება.
ზაზა ისე იყო აჟიტირებული,სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა.სიცილით მოგვიყვა ზურიკოს ამბებიც. მეოთხე კბილიც ამოსვლია ჩემს ვაჟკაცს და პირველი სიტყვაც უთქვამს"მამა".
უკვე ერთი კვირა იყო გასული მაცაცოს ბოლო ნახვიდან.საავადმყოფოშივე მივხვდი ,რომ ასე მარტივად არ ჩაივლიდა ეს ამბავი.სახეზე ეწერა წყენაც და განშორებაც.
ძლიერი მონატრება ვიგრძენი. დროზე უნდა მოგვაგვარო ყველაფერი,-გავიფიქრე და გივის ვუთხარი დიანასთან უნდა წამიყვანო-მეთქი.
უხმოდ დამთანხმდა.
***
(მაცაცო)
სახლის დალაგება არ მქონდა მომთავრებული,თავს, რომ დამესხნენ ზურიკოს ბაბუა-ბებიები.
-როგორ გაზრდილა,ენაცვალოს ბებიკო,-თამრიკომ გულში ჩაიკრა ბავშვი და ჩაკოცნა.
-მეც დამიტოვე,-სიცილით გამოართვა ხელიდან ნოდარიმ.
-გოგო,ასე უნდა ჩვენი დავიწყება?-საყვედური მითხრა თალიკომ.
-დაიწყე ახლა შენებურად,წამოდი აქეთ,მომეხმარე,-როზამ მხარი წაკრა დას.
-გამოვასწორებ აუცილებლად,-გამეცინა და დებს გავყევი სამზარეულოში.
იმდენი გამზადებული საჭმელი მოეტანათ,თითქოს ქორწილის სუფრა უნდა გამეშალა.
-ეს იხვია,ნიგვზით,-როზამ ჩემი გაკვირვებული გამომეტყველება დაიჭირა.
-იხვი?-პირი დამეჯღანა.
-არ გიყვარს? -შეცბა.
-მგონი,არა,-ყოყმანით ვუპასუხე.
-აი,ხომ გითხარი,ქათამი გააკეთე-მეთქი,აიტეხე ვიტვიტა და ბათურა,-თალიკომ შეუტია დას.
-არც ეს გიყვარს?-გამზადებული ხორცით სავსე წვნიანი მოსწია ჩემსკენ.სუნზე გულისრევა ვიგრძენი,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ნუფნუფია,გოგო,-თალიკომ ისევ შეალამაზა სახელი.
-ქალო,რანაირად უხსნი,სულ არ შეჭამს,-გაეცინა როზას.
-იმედია,სადმე წუნას და წრუწუნას არ მიმალავთ,-სიცილი  გულზე  მოწოლილმა სიმძიმემ შემიჩერა და პირზე ხელაფარებული გავიქეცი აბაზანისკენ.
-რა დაემართა?-ერთი ესღა გავიგე და ნიჟარაში თავით ჩავეყუდე.
-ოღონდ ეს არა,ოღონდ ეს არა,- დაფეთებული ვათვალიერებდი ჩემს თავს სარკეში. მაშინღა შევამჩნიე ჩაშავებული თვალის უპეები და გაცრეცილი ტუჩები.
-მაცაცო,კარგად ხარ?-კარზე ძლიერად დააკაკუნა თამრიკომ.
-ალბათ ,რაღაცამ მაწყინა,-უხერხულად ავიტუზე კართან.
ნაძალადევი ღიმილით ვიჯექი გაწყობილ სუფრასთან და ლუკმას ვერ ვიდებდი პირში. ყველა საჭმელი გულს მირევდა. ჩემი ეჭვების ხმამაღლა თქმას მოვერიდე.ვიცოდი,ატყდებოდა სიხარულის ყიჟინა და გოგლაც გაიგებდა,რაც არანაირად არ მინდოდა. ისე ვიყავი გაბრაზებული მასზე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი განქორწინება.
ვაი,თუ მართლა ორსულად ვარ?-გაფიქრებაზე გამაჟრიალა. ხვალვე უნდა წავიდე ექიმთან,-გულში ვთქვი და კარის გასაღებად წამოვდექი,ზარის ხმა ჩემს გარდა ,მგონი ვერავინ გაიგო,ისე იყვნენ გართულები საუბარში.

***

(გოგლა)
-რატომ მოხვედი?-კარის გაღებისთანავე თვალი-თვალში გამიყარა.
-მარტო ხარ?-მის აგრესიულ ტონის ყურადღება არ მივაქციე.
-არა,რა გინდა?-შევატყვე,როგორ აუტოკდა ნიკაპი.
-საქმე მაქვს ,ჩაიცვი,დაბლა გელოდები,-მკაცრად ვუთხარი.
-ჩვენი საქმე დიდი ხანია დასრულდა,მშვიდობით!-მითხრა და კარის მოხურვა დააპირა.ხელით შევაჩერე.
-დიანა,დაბლა გელოდები,ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო!-კბილებში გამოვცერი და ლიფტი გამოვიძახე.
მანქანაში ყბებს ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს,მოსალოდნელი საუბრისგან ერთიანად დამეჭიმა სხეული.
-აგვიანებს,-გივიმ საჭეზე აათამაშა თითები.
-ჩამოვა! - გადაჭრით ვთქვი,თუ არა,დიანაც გამოჩნდა სადარბაზოდან.დამინახა და უხმოდ ჩაჯდა ავტომობილში.
-წავედით,-გივის მისამართით ვთქვი.
დანიშნულების ადგილამდე არცერთს ამოგვიღია ხმა. გაყინულ მზერით მჯდომ დიანას,გვერდით სარკიდან ვზვერავდი.ნეტავ,თუ ხვდებოდა,რისი ახსნა მოუწევდა ჩემთვის?
გივის ნაცნობ ბაღთან  შევაჩერებინე. დიანას ვანიშნე გადმოსულიყო.
-აქ რატომ მომიყვანე,წარსული მოგენატრა?-მშრალად მითხრა და სკამზე ჩამოჯდა.
-სწორად მიხვდი,წარსულზე მოგვიწევს საუბარი,-ირონიულად გამეღიმა.
-მოგენატრე?-ცინიკურად მკითხა.
-შენ არა,- თავი გავაქნიე.
-აბა?-სახით ჩემსკენ წამოიწია.
-მეგი!
ჩემს ნათქვამზე,თითქოს დენმა დაარტყაო,ისე გადაქანდა უკან.
-ვერ გავიგე?-თვალები გაუფართოვდა.
-მშვენივრად გაიგე,ჩვენს შვილზე მოგვიწევს საუბარი,-ახლა მე წავიწიე მისკენ.
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?-ნელ-ნელა დაპატარავდა.
- გეყოს თვალთმაქცობა! -ჩემმა ხმამ მოსეირნე ხალხის ყურადღება მიიპყრო.
-ვინ გითხრა?- მომაკვდავივით ამოთქვა.
-პრობლემას იმაში ხედავ,მე ვინ მითხრა,თუ ამდენ წელი მიმალავდი შვილს? რატომ,რატომ?!- მოთმინების ძაფი წკიპზე მეკიდა.ცოტაც და ალბათ დავლეწავდი იქაურობას.
-სხვა გზა არ მქონდა,მაპატიე,- სახეზე აიფარა ხელები,მისი ცრემლები,რომ არ დამენახა.
-აზროვნებ საერთოდ,რას მეუბნები? -წამოვხტი და მხრებში ჩავაფრინდი.
-პატარა ვიყავი,გამოუცდელი..ლილიმ ,რომ გაიგო,ლამის მომკლა,ამხელა სირცხვილს ვერ გავუძლებო,ბავშვის მოსაშორებლად წამიყვანა,კიდევ კარგი არ გამოვიდა,ნაყოფი უკვე დიდი იყო,-ტირილით მითხრა.
-მე რატომ არ გამაგებინე,ან ჩემებთან რატომ არ მიხვედი?- ნათქვამმა სულ შემშალა.გადარეულივით ვატრიალებდი თვალებს.
-ბევრჯერ მოგწერე,მაგრამ შენგან პასუხი არ მიმიღია,ჩავთვალე,რომ არასასურველი ბავშვი იყო შენთვის.
-მოიცადე,ვერაფერი გავიგე,მე შენგან მივიღე წერილი,სადაც მწერდი,რომ აღარ გიყვარდი და გათხოვდი,-ტვინში, თითქოს ქარიშხალმა გადამიარა,მთელი  წარსული  თავდაყირა დამიყენა.
-ვიცი, მერე გავიგე,რომ ლილიმ მოგწერა ეგ,შენს წერილებს კი საგულდაგულოდ მიმალავდა,ფოსტალიონს უხდიდა გასამჯელოს,რომ ყველა მიღებული წერილი,მისთვის მიეცა,-თქვა ემოციებით დაღლილმა და სკამის საზურგეზე მიესვენა.
-გავგიჟდები,ეს წარმოუდგენელი ბოროტებაა?-დაჯერება გამიჭირდა, ადგილს ვერ ვპოულობდი,გამწარებული ვტკეპნიდი ბაღის მიწას.
-სასწრაფოდ მომიძებნა თავის კარგა ხნის მოწონებული სასიძო და გამათხოვა,ამით დამშვიდდა და ჩვენი ოჯახიც ხალხის მითქმა-მოთქმისგან გადაარჩინა,მაშინ უკვე სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი,-დანანებით დაიქნია თავი.
-მე რას მერჩოდა,რატომ ამითვალისწუნა?!
-არ ვიცი,უბრალოდ ვაჟა ჰყავდა აკვიატებული,მხოლოდ ეს იმსახურებს ჩვენს ოჯახსო.
-უხ,მე მაგის...-აღარ მოვერიდე,ისე შევუკურთხე გაცოფებულმა. ლამის მარჯვენა დავულოცე ვალერის,მისი კარგად ცემისთვის,ღირსი ყოფილა,რატომ არ მოკლა? გავიფიქრე გამწარებულმა.
-ვაჟამ იცის,რომ მისი შვილი არ არის?!
-არ იცის,ექიმთან ჩააწყო ლილიმ,ვითომ დღენაკლული დაიბადა ბავშვი.მეგისაც ვაჟა ჰგონია მამამისი..დავიღალე,აღარ შემიძლია ამხელა ცოდვის ტარება,-ისევ ატირდა.-შენ საიდან გაიგე? - აწყლიანებული თვალები მომაპყრო.
-ვალერიმ მითხრა,სრულიად შემთხვევით გადავეყარე!
-დაიჭირეთ?!
-ჯერ არა!
-დედამისმა მამშობიარა,-ხმა აკანკალებულმა თქვა.
-ამდენი ტყუილი,ამდენი სიცრუე,ამდენი ბოროტება,როგორ შეძელით,როგორ?!
მეგონა თავზე დამემხო ზეცა,საშინლად ამტკივდა თავი,ყურებში გაუსაძლისი შუილი ვიგრძენი,წავბარბაცდი.შეშინებული მომვარდა დიანა და სკამზე დამსვა.
-მოიცადე,წყალს მოგიტან,-ბუნდოვნად ჩამესმა მისი ხმა.
ცივმა სითხემ ცოტა მომასულიერა. უხმოდ ვიჯექი,თითქოს მთელი სხეული გამბზარვოდა,ისე მტკიოდა თითოეული კუნთი.
-მეგის მე ვეტყვი,-ჩუმად მითხრა და უკანმოუხედავად წავიდა.
მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე.
გივი,შეშინებული წამომადგა თავს,მივხვდი,დიანამ უთხრა,რომ ადგილიდან განძრევა მიჭირდა.
-წამოდი,-მხარში ამომიდგა გივი და ავტომობილისკენ წამიყვანა.
***

(მაცაცო)

-სუნზე მოხვედით?-სიცილით გამოვხსენი კარი.
კარის ზღურბლზე ზაზა და ლიკუნა ერთმანეთზე გადახვეულები იდგნენ. ისე  იკრიჭებოდნენ,დაეჭვებულმა შევხედე ორივეს.
-თქვენ რა,მთვრალები ხართ?!
-დიახ,სიყვარულით!-ზაზამ წამოიძახა და ახლა მე გადამეხვია.
-რა დალიეთ,ამისთანა?-ზაზა ხელით გავწიე უკან.
-მოემზადე ქორწილისთვის,-ლიკუნამ საჩვენებელი თითი დამიტრიალა ცხვირწინ.
-ჰმ,ცანცარა,- ტუჩები უკმაყოფილოდ ავპრიხე.
-აბა,ჟღენტების ოჯახში,რძლის ადგილს ხომ არ გავაცივებთ,-ჩაიფხუკუნა.
-ჩუმად გოგო,სირცხვილია!-თვალი სუფრისკენ გავაპარე.ყველა გაჩუმებული იყურებოდა ჩვენსკენ.
-შემოდით,-ორივეს ხელით ვუბიძგე.
ის იყო,კარის მიხურვას ვაპირებდი,გივიმ და გოგლამ გამოყვეს ლიფტიდან თავები. მთელ ტანში ერთიანად დამიარა სიმხურვალემ.წამიერად გამეღიმა კიდეც,მაგრამ უცებ მოვსხიპე პირი,გოგლამ თვალი შეასწრო ჩემს რეაქციას და ირონიამ გადაურბინა სახეზე.
გივი,რომ არა,შეიძლება უკან გამებრუნებინა კიდეც ვაჟბატონი. განზე გავდექი და შინ შევიპატიჟე ორივე.
-მაცაცო,ის დროა,სახლში დაბრუნდე,თორემ ხომ ხედავ,ყველა შენთან გადმობარგდა,-გივიმ მიჩურჩულა სუფრის წევრების დანახვისას.
-არასდროს!
-მაშინ გეყოლება მუდმივი მდგმურები,-ჩაიცინა.
შემოსწრებულების დანახვაზე,ახლიდან ატყდა ჟრიამული. ვუყურებდი მათ ბედნიერ სახეებს და გული მიჩუყდებოდა. ერთმანეთის განურჩევლად მიყვარდა ყველა, მათ გარეშე ფრთამოტეხილ ფრინველს ვგავდი. ვგრძნობდი როგორ მავსებდნენ სიყვარულით, ამ დიდ ოჯახს,ჩემს პატარა გულში ყველა კუნჭული  დაეკავებინა.
-მაცაცო,მოდი ერთი წუთით,-მითხრა გოგლამ. მონატრებული ზურიკო ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წავიდა.
-მიდი გოგო,-ყოყმანი შემატყო ლიკუნამ და თვალები დამიბრიალა.
ფეხათრევით წავედი ოთახისკენ.
- როგორ ხარ?-ახლოს დამიდგა გოგლა და ლოყაზე ხელის ზურგი დამისვა.
-ძალიან კარგად!-ჯიბრით გამომივიდა ნათქვამი.
-მიხარია,-გამიღიმა.-მე ცუდად ვარ..
გული შემეკუმშა,მაგრამ გატეხვა არ მარგებდა.
-გაგივლის,არაუშავს,-მკვახედ ვუთხარი.
-მაცაცო,მჭირდები,მართლა ცუდად ვარ..-სულაც არ ხუმრობდა,მის თვალებში იმდენი სევდა იდგა დაგუბებული,შემეცოდა.
-არც მე ვარ კარგად,-გამოვუტყდი. -მაგრამ,მეც გადამივლის,-სწრაფად დავაყოლე.
-რატომ გინდა,რომ გადაგვიაროს,რატომ?-თვალებში ჩამხედა.-არ გიყვარვარ?
მიყვარდა და თანაც როგორ, მოურჩენელ სენივით ვყავდი მის სიყვარულს შეპყრობილი.გოგლას გარეშე აზრი ჰქონდა დაკარგული ჩემს ცხოვრებას.
-მიყვარხარ,მაგრამ ..
-რა მაგრამ? -შუბლზე დამაწება ტუჩები.გავირინდე.როგორ მენატრებოდა მისი სიახლოვე.
-დაბნეული ვარ, მიჭირს იმ აზრთან შეგუება,რაც მოხდა და ხდება,-ცრემლები მომაწვა.
-მეც არანაკლებ..ამ ყველაფერმა ისე ამრია,საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი,მჭირდები,ისევ ერთად გადავლახოთ ეს ამღვრეული მდინარე,მაპატიე,რომ სანერვიულო გაგიხადე ჩემი წარსული,არც მე მიმიძღვის დანაშაული,ჩემთვისაც რთულია.
-დრო მჭირდება,დავალაგო ეს მოულოდნელი ქაოსი,-ვუჩურჩულე.
ზურიკო გოგლას მკლავში,დიდი კაცივით გასუსული გვისმენდა.
-ვიცი,მესმის შენი.. დაიმახსოვრე,შენ ხარ ერთადერთი ქალი,რომელიც განგებამ მარგუნა ცხოვრების მეგზურად.შენ და სხვა არავინ!- მითხრა და მთელი სახე დამიკოცნა.
-მერე ის?-მაინც წამისწრო ენამ.
-ის იყო წარსული და იქვე დარჩა!  გახსენებაც აღარ მინდა!
-ბავშვმა არაფერი დააშავა,-ვიფიქრე,მასზეც უარს ამბობდა.
-მეგი ყველაზე მეტად დაზარალდა,-სინანულით გაიქნია თავი.
-მეგი ჰქვია?-გამეღიმა.
-ჰო,ძალიან ლამაზია,ზურიკოს ჰგავს,-თვითონაც გაებადრა სახე.
-უცნაურია ცხოვრება,მოულოდნელობებით სავსე,-მხარზე თავით მივეყრდენი.
-ასეა,ასე,საიდან რას მოგვიმზადებს,ვინ იცის,-ჩამეხუტა.
-ხომ გამაცნობ?-ეშმაკურად მოვჭუტე თვალები.
-მეც არ ვიცნობ,იმედია მიმიღებს,-ხმაზე ანერვიულება შევატყვე.
-მე დაგიდგები გვერდში,ნუ გეშინია.
ჩემმა ნათქვამმა ცოტა დაამშვიდა. რაც არ უნდა მეჯიუტა,ფაქტი სახეზე იყო,გოგლა თავდავიწყებით მიყვარდა და ამას გულგრილად ვერ ავუვლიდი გვერდს.ჩემი ნაწილი იყო,ჩემი სულის და ხორცის!
იმ საღამოს გვიანობამდე ვიმხიარულეთ. გოგლამ დაწვრილებით მოგვიყვა დიანასთან შეხვედრის ამბავი. სიბრაზისგან უარესად გავხდი ცუდად.წარამარა გული მერეოდა.
შეშფოთებულებული დამდევდნენ უკან თალიკო და როზა.
ნერვიულობის ბრალია-მეთქი,ვიცრუე. ექიმთან მისვლამდე,არ ღირდა მათი აფორიაქება.
ზაზამ და ლიკუნამ  ქორწინების  შესახებ გადაწყვეტილება  ჭიქების ჭახუნით გვამცნეს.
იქამდე მეგონა ხუმრობდნენ,თურმე სერიოზულად გადაუწყვიტავთ.ახლიდან ატყდა ჟრიამული და მილოცვები.
-მაინც შენი გაიტანე,-გულში ჩავიკარი მომავალი მაზლის ცოლი.
-აბა რა გეგონა?-ნიშნისმოგებით გადაიკისკისა.

***
მეორე დღეს ,ექიმთან წასასვლელად ადრიანად გავემზადე. გული უცნაურად მიცემდა,ინსტიქტით ვგრძნობდი,რომ მეორე, პაწაწა გულიც ჩემში ფეთქავდა.
-ზურიკოს გიტოვებ,მალე მოვალ,-ვუთხარი ჯერ კიდევ მძინარე ლიკუნას და თან შევანჯღრიე.
-ყველამ თავის შვილს მიხედოს,-თვალგაუხელლად ამოიბუზღუნა და ბალიშს უკეთესად მოერგო.
-წავედი,-ყურსუკან გავატარე მისი უკმაყოფილო ტონი.
-მაცაცო!-კართან დამეწია მისი ხმა.
-წავედი! -დავიძახე და კარი დასტურად ხმაურით დაკეტე კარი.
სანამ მზე დააჭერდა,უნდა მომესწრო წასვლა და მოსვლაც.არ მსიამოვნებდა სითბო,ისედაც უცნაურად მახურებდა სხეულში.
ზურიკოზე ასე არ ვყოფილვარ,ახლა რა მჭირს?-გავიფიქრე და ქვაფენილიანი გზა  გადავჭერი.
-პედრო,დონალდო,პეეედროო..
ნაცნობ ხმაზე შევჩერდი და ქუჩის კუთხეში აქეთ-იქით მოსიარულე ბოშა ქალს დავაკვირდი.დამინახა თუ არა,მიცნო და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა.
დაველოდე.
- ფული არ მინდა,-მომიახლოვდა ,თუ არა,მაშინვე მომახალა.
-რატომ?-გამიკვირდა,რით დავიმსახურე მისი უანგაროდ მომსახურეობა.
გაეღიმა და ხელში ყვითელი თუთიყუში შეათამაშა.
-დევოჩკა უ ტებია,ანნა,-თვალი ჩამიკრა.
-რა?-უცებ ვერ მივხვდი,რას მეუბნებოდა.
-ლამაზი გოგოა,ანნა!- ღიმილით დამხედა მუცელზე და ნელი ნაბიჯით გამეცალა.
ადგილზე გაშეშებულს კარგა ხანს მესმოდა მისი ხმა.


-ბორია გადაი..ბორია გადაი..


დასასრული



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები