ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2021


Brugge-Antwerpen

ბელგია. სადგური. ბაქანი.
რეისი: ბრიუგე-ანტვერპენ.
წინ ჯდება მგზავრებთაგანი,
ხელში კი უჭირავს მარკ ტვენის
არც ისე მოზრდილი ნოველა,
უცქერი მორჩენილ ვიტრაჟებს,
კადრებად ეწყობა ყოველი,
კადრებს ხომ არა აქვს ტირაჟი,
მკლავზე კი წითელი არშიით,
ასხვავებ მგზავრებს და გამყოლის
ხელებს და სიგრძეზე არშინის
გამოწვდილ კიდურებს აყოლებ
თვალებს და ჯიბეში ხელს იყოფ,
რომ მისცე სამგზავრო ბილეთი,
რა დროსაც აწყდები ლექსიკონს,
ნერვები გიჭირავს კბილებით,
შენ იჩხრეკ მეორე ჯიბესაც,
აქ გხვდება ასანთის კოლოფი
და რჩები ქურთუკის იმედზე,
სახეზე სიწითლე ბოლოკის
გადაგდის, როდესაც ეხება
თითები ქაღალდს და გიელვებს:
გადარჩი! არ გითრთის ფეხები,
პატარა ბავშვივით ინერვი-
ულე და წინ გიზის მარკ ტვენის
არც ისე მოზრდილი ნოველით,
შუახნის კაცი და მოელი
თუ როდის მიაღწევ ანტვერპენს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები