ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2021


გასაუბრება მფარველ ანგელოზთან



_რაც გატკენს, არ გინდა, გოგონა... სასიამოვნოსთან ერთად, სარგებელიც უნდა მოგიტანოს.
-ო, აბა, რა ვუყოთ ოცნებებს?
_ოცნება გაქრება, გოგონა, შენ კი, ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაქრე. იმსხვრევა ყოველი ქიმერა, შენ კი თავთან ხარ, თავის უფალი ხარ... შენ ხარ, შენ ხარ თავად სიყვარული, სიცოცხლე, ამიტომ, ნურავის გადაყვები, რადგან არავინ ღირს შენს ცრემლად, ვინც ღირს, ის არ აგატირებს- აკი, ეს დაგვიბარა მარკესმაც და როგორი ბრძნულია. შენც ხომ გიყვარს ლიტერატურა, გოგონა? დავამატებდი: არ გინდა დიდი სიყვარული, გოგონა, რადგან მოგკლავს, გაგანადგურებს...
-ო, აბა რა ვუყოთ სურვილს, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ?
-ეს ბუნებრივია, მაგრამ ქალისთვის ხომ მთავარია, უყვარდეთ? ეს არ არის ეგოიზმი. ის შეიყვარე, ვისაც მთელი გულით შეუყვარდები, და არა მხოლოდ გარეგნულად მოეწონები. სიყვარული კი მან ქმედებით უნდა დაამტკიცოს, და დროით უნდა განმტკიცდეს ეს ყველაფერი, უნდა გაგრძნობინოს, რომ არსად წავა, და სულ დაგელოდება...
_მეც ეგ მინდა...მაგას ვეძებ, და ვერა და ვერ ვპოვე... აბა, ეძიებდე და ჰპოვებდეო?
-კი, მაგრამ ეს გზა არც ისე იოლია, გოგონა. მოთმინება დაგჭირდება სამოსლად, თორემ გაიყინები, რადგან მოლიპულია ეს გზა და ხშირად თოვს... და თუ მაინც გეტკინება, ე.ი. ვერ გაუფრთხილდი თავს, და უნდა ისწავლო, რომ წამოდგე, და ყურადღება გაამახვილო სხვა რამეზე, რადგან ზოგჯერ რასაც აიკვიატებ, ის არ გამოგივა, პირიქით, განიზიდება შენგან. ჰამსუნის ნაგელს ნუ დაემსგავსები, ჩემო გოგონა, მე შენ მიყვარხარ, ეს გახსოვდეს, მიყვარხარ უსასრულოოდ... უპირობოოდ...
_აბა, დაველოდო, თუ არა?
_არ იფიქრო ამაზე... ლოდინი დამღლელია, მაგისთვისაც არ მემეტები, ჩემო ფარფატა, სიფრიფანავ... შეიყვარე უფრო მეტად თავი შენი, შენ ხომ მშვენიერი ხარ, ნუ დასწვავ შენს სათუთ ფრთებს ამაოების კოცონზე... შეგახსენებ: შენ მუდამ მაღალი სული გქონდა... ახლაც, მინდა, ასეთი იყო, არ დაღონდე... არ ჩამოყარო ფრთები.... შენ პეპელა ხარ, იფრინე, დატკბი და დაატკბე ყველანი... ყველაზე დიდი შედევრი ხარ ღმერთის _ ქალი ხარ _ იდარდოს იმან, ვინც დაგკარგა, ვერ დაგინახა. ბრმები არიან, უბადრუკნი. მე კი, მალამოს გამოგიგზავნი, რომ შეგიხორცო ფრთები და სული.
-მაშ, არ გავფრინდეთ?
_ჯერ, მიწაზე უნდა იფრინო. ნუ გეშინია... გამოჩნდება ისევ ხალისი, და ისეთი ცისარტყელები, ჯერ არნახული, სულ სხვა ფერებით. ჩემო ფერიავ, გეფერები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები