ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ია კოროშინაძე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2021


სარკის ნამსხვრევი

მეშინოდა, რომ ჩემს სარკეშიც
შენს ანარეკლს დაინახავდი...
და აი, ვდგავარ
ბედის სამანზე,
სარკის ნამსხვრევით,
შამანივით და
ხელის გულებზე,
ლურჯ ხავერდებში,
მნათობებს ვიწვენ.
რას შევდგომოდი სუსტი მხრებით?!
მოკლე ხელით რას შევწვდებოდი?!
მაგრამ... ჩამხედე
ცარიელ პეშვში
ცის ტატნობს ვიტევ.
და ვიდრე ვიმცვრევ
ნაგლეჯებს დროის
და უთქმელ სიტყვებს…
ვიდრე აქ, ხიდის შუაწელზე,
ზღვის შორიახლოს, ლექავს ბროლი
სველ, ლეგა კენჭებს
და უსიცოცხლო
სადაფის სახლებს,
სიმწრისგან ვბღუჯავ ციაგ ლაჟვარდს, 
მზის ჭიაფერი სიმლაშიდან
ღებავს ცრიატებს-
იღვრება ბლანტად...
იმღვრევა ფიქრიც
და თითებს შორის,
გადაჟღენთილი  ფთილებიდან,
მოჟონავს სისხლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები