ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2021


გვიანი გამოფხიზლება

ჭორი გავრცელდა, გვერდითა სადარბაზოში მცხოვრებ დემნასთან ადრე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონიაო ვაჩეს ცოლს, ვიდრე გათხოვდებოდა მანამო... უბრალო, ლამაზი და ზღვარგადაუსვლელი კავშირი, რომელიც მხოლოდ გოგოს გულში იკვანძებოდა თურმე გრძნობებად. რაღა გააჩერებდა ამის შემდეგ ენებს?.. აჩურჩულდნენ მეზობლები, იმაზე მეტად გაამძაფრეს სმენები და მზერები, ვიდრე მაშინ დემნამ და ვაჩემ სახლებში თავიანთი პატარძლები რომ მიიყვანეს. (ადამიანის ბუნებაა ასეთი: იმ ინტერესითა და ინფორმაციით იტვირთავს გონებას, რომლებიც ნაკლებად თუა საჭირო მისი ცხოვრებისთვის.)
გავრცელდა ჭორი და იმ დღიდან უკვე იცოდა უბნის კოლორიტმა რამდენიმე აქტიურმა"თვალმა" თუ როდის, სად და ვისთან ატარებდა დღეებს დემნა და სად ვაჩეს ცოლი. განსაკუთრებული დაკვირვება კი გაზაფხულის მშვიდ საღამოებს მიმდინარეობდა, როცა ახალგაზრდობა საერთო ეზოში გულის გადასაყოლებლად, გასართობად იკრიბებოდა!
ხშირად უწევდათ შეხვედრა დემნასა და ვაჩეს ცოლს-ლილეს!-
შეხვედრაც და კონტაქტიც, სხვაგვარად არ შეიძლებოდა, სხვაგვარად არ ხერხდებოდა, ისინი ხომ მეზობლები იყვნენ, მეზობლები და თანაც ბიჭებს გარკვეულწილად საქმიანი ურთიერთობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან!
თითქმის ყოველდღე ხედავდა დემნა ლილეს და პირიქით, მაგრამ ერთი თვალის შევლებით ეს უბრალო შეხვედრა იყო, უბრალო მისალმება, უბრალო ღიმილი და უბრალო დამშვიდობებაც. ორივე მათგანს საკუთარი ოჯახები ჰქონდათ და აღმერთებთნენ კიდეც თავიანთ მეორე ნახევრებს, ერთი თვალის შევლებით! თუმცა ბევრი თვალის შევლებით სულ სხვა რამე ხდებოდა დემნაში, იმ დემნაში ლილეს გულში რომ ცხოვრობდა წლების მანძილზე და უცაბედი ქორწინებით რომ დაკარგა მერე ეს სანდო და მყარი ბინა. რა ექნა?- შეუყვარდა და შეირთო კიდეც!
ასეც უნდა მომხდარიყო ალბათ, შემდეგ რომ ვაჩეს ეპოვა ლილე და რომ ის ცარიელი სახლი, ცოლისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღტკინებულს, ხელახლა გაევსო ფერადი და ცოცხალი ვნებებით!
მართლაც იშვიათი გრძნობით უყვარდა ვაჩეს ცოლი, ყველა ჯერზე ისეთი არაამქვეყნიური მზერით უყურებდა ლილეს, თითქოს ქალს კი არა, ხატს ხედავდა და მზად იყო მუხლებზე დაშვებულს თაყვანი ეცა მისთვის. არ ერიდებოდა, ყველასთან და ყველგან საუბრობდა თავის საოცარ სიყვარულზე და ამაყობდა იმით, რომ
იმ გულის გათბობა შეძლო, რომელიც გაცნობის მომენტში ყინულზე მეტად ცივი და ულღობი იყო! არაფრისფერად, არავისმსგავსად, უკიდეგანოდ უყვარდა ღვთაებად ქცეული ხორციელება და ქალიც ისე შეაჩვია ამ სასწაულებრივ დამოკიდებულებას, ამ საოცარ ჟინს, ისე შეაყვარა მასაც თავისი სული, რომ ვერც კი წარმოედგინა გოგოს თუნდაც ერთი წუთიც უსაზღვროდ რომანტიკოსი ქმრის გარეშე.
....
სანამ დემნა და ლილე შემთხვევით არ შეხვდნენ ერთმანეთს ეზოში, მანამდე ვაჩემ არაფერი იცოდა მათი ნაცნობობის შესახებ.
არც ძველ "წყვილს" ჰქონდა ინფორმაცია ერთმანეთის მეზობლობი თუ იყვნენ და როცა ყველაფერი იმ წამსვე გაირკვა, როცა დემნამ ლილე გათხოვილი იხილა, რაღაცნაირად აირია, დაიბნა, შეშინდა, საკუთარმა გრძნობებმა თუ შეაშინა ალბათ, მომავალში რომ "ყოფილზე" ოცნებებად გადაიქცეოდა უეჭველად.
არაფერი გამოპარვია ვაჩეს თვალს და რომც გამოპარვოდა ლილე არ დაუშვებდა ამას, ხელახალა გააცნო ქმარს მისივე მეზობელი, ოღონდ ამჯერად თავისი ძველი და ძლივს დავიწყებული სიყვარულის სტატუსით! ბიჭმა ცოლს თვალებში ჩახედა, იქ ის წაიკითხა, რასაც ელოდა და გაუღიმა. მერე კი დემნას ისე ჩამოართვა ხელი, თითქოს ეუბნებოდა ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვი, როცა ამ ქალშივე მოიკალი თავიო და მასაც გაუღიმა, იმ დიდი სულით, რომელიც მხოლოდ ერთეულ ადამიანებშია ჩასახლებული.
....
გადიოდა დღეები... ვაჩესა და ლილესთვის სხვადასხვანაირად ოვაციური, სურნელოვანი და ტკბილად შეშლილი დღეები,
დემნასა და მისი ცოლისთვის კი ჩვეულებრივი, ზომიერად თბილი, მოვალეობრივი საათები.
იყო მუდმივი შეხვედრები შემთხვევითი, ვითომ შემთხვევითი და ზოგჯერ "ჩაწყობილიც!" ვაჩეს ბევრჯერ დაუტოვებია ცოლი დემნასთან მარტო სასაუბროდ, ლილეში ეჭვი არასდროს შეუტანია, მისი ნდობა ყველაფერზე მაღლა იდგა და საერთოდ არ აშინებდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა უკვე შეყვარებულ დემნას ქალისთვის გონება აერია... არა და არა... იცოდა ვაჩემ ზემოთ დაწერილ კავშირს ვერანაირი ქვემო ძალა რომ ვერ დაარღვევდა და უფრო და უფრო აღმერთებდა თავისი ცოლის თითოეულ ქმედებას.
ასე იყო ეს და ასეც უნდა ყოფილიყო! იქ, სადაც შიში და უნდობლობა დაიდებდა ბინას ვერცერთი გრძნობა რომ ვერ გადარჩებოდა ამას კარგად აცნობიერებდა ბიჭი, ამიტომ არაფრით დაუშვებდა საკუთარი სულის მოწამვლას უშინაარსო ეჭვებით და თანაც...
განა კი ჰქონდა საამისო მიზეზი?
...
ჭორი გავრცელდა, გვერდითა სადარბაზოში მცხოვრებ დემნასთან ადრე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონიაო ვაჩეს ცოლს, ვიდრე გათხოვდებოდა მანამო...
რა გამოეპარებოდა უბნის კოლორიტ აქტიურ "თვალებს?!.."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები