ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2021


შადოუმანი - ნაწილი I

შადიმანი დავარქვათ? სად გაგონილა ამდენი გიორგი, ნიკოლოზი და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი. სახელი გარეგნობიდან უნდა ამოიზარდოს. შეუსაბამო სახელდება ღრმა, ხშირ შემთხვევაში, მტკივნეულ კვალს აჩენს ადამიანის გრძნობებს, ფსიქიკის სიჯანმსაღესა და შესახედაობას. სასურველია მოწიფულობამდე მხოლოდ გვარს დავყაბულდეთ. თუმცაღა, უნიათო გვარიც ქმნის რიგ პრობლემებს საბოლოო არჩევანისას. უმჯობესია ისიც სახელთან ერთად გამოიჩორკნოს, სასოებადართული გულმოდგინებით. ინდივიდუალური, გარეგნული და შინაგანი ნიშან-თვისებების გამოვლენისთანავე ვიწყებთ მზადებას. არ ვჩქარობთ, უზურში ვიღებთ ყოველ სერიოზულ-ნაკლებსერიოზულ თუ უაზრო წვრილმანს.

ასე და ამგვარად, თმის ფერსა და ცხვირის ფორმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სხეულის ფორმები, ხმის ტემბრი, მიხვრა-მოხვრა და მისთანანი,  დაჟინებული დაკვირვებისას უმალვე ამოგვიტივტივებენ სათანადო ვარიანტებს საფიქრალში. სუბიექტი გამოკითხულ  უნდა იქნეს მომავალი პროფესიისა და ინტერესის სფეროთა შესახებ. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთ განსხვავებული სახელები შეესაბამებათ. რამოდენიმე მაგალითი: ყოვლად დაუშვებელია სკოლის მასწავლებელს შოთიკო წურწუმია ერქვას. მისთვის განკუთვნილია პროფესიები: მხატვარი, მედძმა და თარჯიმანი. ზეინაბ ორჯონიკიძეებმა ბიბლიოთეკარობასა და მკერავობას უნდა მიჰყონ ხელი. თენგიზნი, რევაზნი, ნოშრევანნი პროფესორებად და ღრმად პატივცემულ ადამიანებად ირაცხებიან. პატივი მენიჭება მეც? ვისმა მშობლებმაც არად ჩააგდეს ზემოთშემოთავაზებული იდეები და ჩემი გარეგნობის, ხასიათისა და პიროვნული ასპექტების სრული უკუგდებით, მხატვრის, კომპიუტერულ ტექნოლოგიათა სპეციალისტის, ქუთაისის მერიის უბრალი თანამშრომლის, სხვათა და სხვათა  გარეგნობას, აკადემიკოსის, მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და ლენინის ორდენოსანი აღმოსავლეთმცოდნის სახელი და გვარი მოარგეს. ამგვარად შევდგი შადიმან ამილახვარობაში ფეხი და რაღაც მანქანებით დღემდე ვშადიმანვამილახვარობ.

მომნათლეს კი. ნათლობის სახელი საბა. შადიმანის გადაფარვა შეუძლებელი აღმოჩნდა, საბას კაციშვილი ვერ შეეჩვია. წლების შემდეგ მეც გადამავიწყდა. მხოლოდ ნათლობის სანთლის ანთებისას მიხსენიებენ ზედმეტად ახლობელი ადამიანები. წელიწადში ერთხელ. ინტენსივობა უნდა გავზარდოთ. ახლოს არს ჟამი გადასხვაფერებ-გადასახელებისა.
ნათლობა ჩემი ხანმოკლე ცხოვრების ერთ-ერთი უუცნაურესი ეპიზოდია. როგორც ყველა ქართველის, ნათლობის საკითხი ჩემი დაბადების შემდეგაც დადგა ოჯახობის დღის წესრიგში. მართალია ჩემი მშობლები ყოველკვირეულ წირვა-ლოცვებში გულმხურვალედ არ მონაწილეობდნენ, ღვთის სახლისაკენ საკურთხით ხელში და რწმენით გულში არასდროს გაელვებულან, მაგრამ ნათესაობას ხომ არ აუმხედრდები სიდონიასა და გაბრიელის მშობელი ქვეყნის შვილი. მოვითხოვთ მირონცხებასა, მაშასადამე ქეიფსა დიდსა! კეთილები დიდი ხანი არ დაგელოდებიან.  მოითმენენ. უმნიშვნელოდ. დაგაგვიანდა,  ან ბავშვის გაქრისტიანება, ან ნათლობისშემდგომ პურისჭამაზე მათი მიწვევა? გამოგაჭმევენ დედიშენისას. აუცილებლად უნდა გავმართლმადიდებელქრისტიანებულიყავი. ჩემს მშობლებს კი, რატომღაც თავში მოუვიდათ, ყოველგვარ სიკეთესთან ერთად, ნათლობა თუა,  ნათლობა იყოსო, შადიმანი წინადაეცვითათ კიდეც. არვიცი სად წაიკითხეს, რომელი ღმერთის შთაგონებით გადაწყვიტეს მართლმადიდებლად მონათვლის რიტუალისთვის წინადაცვეთაც მიემატებინათ, მაგრამ ფაქტია - დამცვითეს. ყანწები და ჭინჭილები, ფიალები იცოცხლე. ახლობლები კმაყოფილი იერით, შებერილი კუჭ-ნაწლავით, მომდევნო ზუტის მოლოდინით მიეფარნენ თუალს.
აქეთ შადიმანიო, იქით საბაო, ნათლობაო, წინადაცვეთაო, ამილახვარიო, ფრანკენშტეინივით არ შემაკოწიერს ამ მამაცხონებულებმა? პრინციპში მე რა. არც მონათვლა მიშლიდა ხელს ცხოვრებაში და არც წინადაცვეთა, სანამ საცურაო აუზის გასახდელში, ერთი ვინმე ჯიგიტი არ შემომიჩნდებოდა და ივრითზე არ დამიწყებდა საუბარს. ინჩი-ბინჩი ვერ გავიგე. არ მესმის ყმაწვილო, დაუნაცვლე სხვა ენაზე, მისკუზი. ის კიდე ხან ყლეზე მიყურებს, ხან სახეზე. ბოლოს მიხვდა, რომ მართლა არ მესმოდა და დადუმდა. მეგონა შემეშვა. არაფერი გეტკინოთ. ორი კვირა დამყვებოდა, მთირავდა, თვალს მიპაჭუნებდა, შიგადაშიგ ფსტვენა-ფსტვენით I will survive_ის მელოდიას დაამღერებდა და მიიმალებოდა. ნერვიც კი არ შემფართხალებია. განა რას დამიშავებდა ისეთს-გავეკვირვებინე. მე ხომ პირველად მაშინ გავკვირდი, როცა აღმოვაჩინე, რომ შადიმანი მერქვა და მას შემდეგ ჩემს შიგანში უკვე არსებულმა, თუ ჩანასახში მყოფმა ყოველმა გრძნობამ  სიმძაფრე დაკარგა. მათ შორის გაკვირვებამაც. სტატიკური და უტყვი შევიქენ. ასე ვფიქრობდი გარკვეულ დრომდე. მოვლენათა შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, რომ სულ ტყუილად. დევნიდან ორი კვირის თავზე, ,,ავსტრიელ ებრაელთა როგორც წესია-დ განვითარების ფონდის“ ახალგაზრდული ფრთის, პერსპექტიული და უცვლელი წევრი შიშტოფ ცვაიკი, ერთ-ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიის, საღამოს საინფორმაციო გამოშვების, არანაკლებ ანგაჟირებული დიქტორის მიერ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა.  ჩემს გარდა თურმე სხვა ჩუჩამოჭრილებსაც დასდევდა და ერთ-ერთმა ნერვიულმა ,,კლანელმა“ ვეღარ მოითმინა, სადაც ვიწროა იქ გაწყდესო და გაწყვიტა. რადარებიდან გააქრო. მე კი ამოვისუნთქე, მაგრამ ოპოზიციამ - ვერ. მაშინვე ჩაიწერეს ახალგაზრდა ებრაელი საკუთარ რიგებში და იწყეს ღაღადი ხელისუფლების მიერ მორიგი შეკვეთილი გაგორების შესახებ. შეიქმნას საგამოძიებო კომისია! იყო კვლევაი იგი საკვირველი ადგილისა მისისა სამყოფელისა და მითქმაი-მოთქმაი მრავალი. სად მამაჩემის მამასთან წავიდა. არსაიდან ხმა არსით ძახილი. ნატერფალიც კი ვერ მონახეს. ვერცა ცოცხალ, ვერცა გარდაცვლილ. მხოლოდ მე და ამაორთქლებელმა ვიცოდით სიმართლე?. უფროსწორედ, მე ქვეცნობიერად ვგრძნობდი და ვხვდებოდი ამ ამბის ავან-ჩავანს. ხოლო ჩუენ, კურთხეულთა ამა სოფლისაითა, მოგვეხსენება რომ შინაგან ხმებსა და ზენა გრძნობებს არავინ არაფერში დაგიდევთ. ყურსაც კი არ ათხოვებენ ყოველდღიურ ორომტრიალში ჩართულნი, ვაი-ვაგლახად მისგან მართულნი.  ამიტომაც ვდუმდი. განა შმაგი ვარ? დავეხსენ ამა საქმისა რკვევასა. ჩემის მხრივ, კორკოტი და ნათელი არ მომიკლია, მანამ, სანამ ორი ებრაელი ჰომოსექსუალის ამერიკაში გადახვეწისა და ქორწინების ამბავი არ გასკდა სოციალურ ქსელში.. კორკოტი გამოკორკოტდა. აიკრძალოს საცურაო აუზების გასახდელში ტიტველაობა! ქართველობას გვართმევენ ხალხნო! ღვთისმშობლის წილხვედრი ალაგის სასიქადულო მამულიშვილნო ალესეთ კომბლები. სისხლის სუნი გვცემდა, ტორტის სუნი ყოფილა. . ეს იყო და ეს. არც უწინ და არც მას შემდეგ უჩუჩობას პრობლემები აღარ მოუტანია. ინშალლაჰ?.
სამაგიეროდ, ჩემი შადიმანობა ჰქმნიდა პრობლემებისა და უხერხულობების მთას და წმიდაი მთაი იგი, ჭირ-ვარამისა, მუნვე დაიძვროდა რუდუნებითა მისითა. მეახლებოდა და მიშხამავდა ყოველდღიურობას. არადა, მისხალი ვაების დამატება აღარ გვესაჭირეობოდა, თეთრი მელის თანავარსკვლავედში შესულ, ქართლოსის შთამომავალთ. როდესაც ერთიმეორის გვერდით თანაარსებობდა ორი დრო. ოთხმოცდაათიანები და მისი ინერციით ნასაზრდოები ორიათასიანების დასაწყისი. გუნდა რომ არ კეთდება. ჯერ კიდევ არსებობს ვარდისფერი ბატიბუტი და მრგვალი პური, რომლისგანაც, ხელგაწაფულ დიასახლისს დაუბრკოლებლად ძალუძს ყუების შექმნა და თვალნაღვლიანი შვილების გულის გახარება. საღამოს, უბნებში ისეთი კუნაპეტი ღამე დგას, დახუჭობანას თამაშისას არსად არ გჭირდება დამალვა. უბრალოდ დადგები სადმე, სპონტანურად შერჩეულ ალაგას ხესავით და ძეხორციელი ვერ გცნობს ვინ ჯანდაბა ხარ. დახუჭობანაში კი პიროვნების ამოცნობა და მისი დასახელება აუცილებელი პირობაა. მარტო სტუკა არ კმარა, ისიც უნდა იცოდე ვის ასტუკებ. საოფისე პროგრამებისა და ინგლისურის ცოდნა ჯერ კიდევ არ არის აუცილებელი სამსახურის დასაწყებად. პრინციპში არც სამუშაო ადგილებია ოხრად, ამიტომ ზოგიერთი ხელმარჯვე მამაკაცი უდრტვინველად ჭრის ელექტროენერგიის სადენებსა და გამანაწილებელთ, მათი ჩაბარებისა და მცირეოდენი ქაღალდის შოვნის პერსპექტივით, რომელსაც ან ოჯახში შეუშვებს ხმარებაში, ან ვენაში. ,,კერასინკები“ და გაზის წითელი ბალონები ჯერ კიდევ ხმარებაშია და უპერსპექტივო აწმყოსა და შეუცნობელი მომავლის გამოისობით, არც არავინ ფიქრობს მათი გადაფასების შესახებ.
მე ამ დროს საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვარ. დახასიათებისათვის ამ დაწესებულებას, შეგვიძლია მინი საკონცენტრაციო ბანაკი ვუწოდოთ, თანაც ფასიანი. ჩამოფხავებული კედლები, სიცივე, რომელსაც მცირედით, თითქმის შეუგრძნობლად ეპაექრება ნავთის ღუმელის სასოწარკვეთილი სიმხურვალე. ბაღში გასამწესებლად სასურველი იყო ნაირფერი სკამის შეძენა, რომელზეც, ფეხი თუ არ წასტყდებოდა,  მთელი აღმზრდელობითი პერიოდის განმავლობაში ამაყად იქნებოდი მოკალათებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშში შემოდიოდა ღრმადპატივცემული - ჯორკო. ჯირკი. ერთგვარი ზინტლიანი, ხორკლიანი ნივთი.  ხის გადანაჭრელი. დასაჯდომლად და საგორავებლად. კვება წესისამებრ სამჯერადი. ამოუცნობი საჭმლით. ადამიანს ცხოვრების განმავლობაში უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა უგროვდება, ზოგიერთს უკირკიტებს და ცდილობს ამოხსნას, უმეტესობას ივიწყებს და უკუაგდებს საფიქრალიდან, ძალიან მცირე ნაწილს ,უნებური შინაგანი გამონათებებისას, ნისლიდან გამოაჩოჩებს და ღვთაებირვი ორგაზმიც მზადაა. ჩემს ცნობიერებაში ამგვარი ამოუხსნელი ფენომენის საპატიო ადგილი ცომის, ან როგორც ბაღში მოიხსენიებდნენ - ხინკლის სუპს ეჭირა.
- ფაფას რატომ არ ჭამ შადიმან?
- შადიმანი რა არის მასწავლებელო?
- შადიმანი სახელია და ის შენი ჯგუფელია ნია.
- არმინდა მე შადიმანთან ერთად, მეშინია.
ნია. წყენანარევი სიამოვნება შეპირისპირებითა სახელისა მისითა და ჩემითა.
ჯირკზე ვზივარ და შადიმანი მქვია. რა გასაკვირია ნიას რეაქცია. მაშინ კი გამიკვირდა და გულიც დამწყდა, მე ხომ ის მიყვარდა. ბავშვურად, იმ არსებათა გასაგონად:
- ვისი გოგო ხარ შენ?
-შეყვარებული არ გყავს? ჰა, შე მამამიფსმულო?
-მოდი, კაცებში დაჯექი, ერთი სადღეგრძელო გვითხარი.
ამა სოფლისა სიმუხთლის პირველი შეგრძნება. ბაღში ისე აღარ მიმიხაროდა როგორც უწინ. მუცლის ტკივილის მომიზეზება სახლში დარჩენის მიზეზთაგან უწინარესი.
მაგრამ ზეიმი ახლოვდებოდა. კიდევ ერთი ამოუხსნელი ფენომენი. სხვადასხვა ფირმის სმარტფონებით შეიარაღებული თანამედროვე მშობლები, ჩვილის სურათ-ვიდეოებით სოციალურ ქსელებში:
“დღეს პირევლად გავიარეთ”..
“კბილი ამოგვივიდა”..
“მშვენიერი ამინდია სასეირნოდ”.
სულო და გულო, სადაც გინდა იქ აღბეჭდავ შვილიკოს, ზეიმსა თუ დარბაზობაზედ. მაშინ, კი ზეიმის ჩანაწერში იშვიათად თუ გამოჩნდებოდი. ეკრანის მთელი სივრცე ერთადერთი ვიდეოკამერიანი მშობლის მიერ გადაღებული მისივე შვილის ახლო და შორი კადრებით იყო გადავსებული. თუ მასთან ერთად გქონდა რაიმე ნომერი შენც შემორჩებოდი ისტორიას, სხვა შემთხვევაში მხოლოდ დამსწრეთა მოგონებებში გააგრძელებდა შენი ბავშვური ხატება არსებობას. რამოდენიმე კადრში გავიელვე. ნოსტალგია ნული. ცვლილებები?.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები