ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 იანვარი, 2021


ღვინის სამშობლოდ საქართველოს აღიარების საკითხებისათვის

  ღვინის სამშობლოდ საქართველოს
  აღიარების საკითხებისათვის

ღვინის ,,დაბადების“ თარიღად დადგენილია. ძვ. წ. აღ. დაახლოებით 6000 წელი. მართალია ის ლუდზე თითქმის ორჯერ უფრო ,,ახალგაზრდაა“, მაგრამ დედამიწის ცივილიზაციის განვითარების ისტორიაში, მანაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

ღვინის სამშობლო საქართველოა. ყოველგვარი  ,,თუ“-სა და ,,ალბათ“-ის გარეშე ... ჩვენი ქვეყანა, საქართველო.

საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჩასახვა ნეოლითის ეპოქაში მოხდა. ამაზე მიუთითებს მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ფაქტი. ამ მხრივ საყურადღებოა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მარნეულის ველზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწების ასაკიც - ძვ. წ. აღ. მე-7 ათასწლეული. ეს წიპწები განეკუთვნება ენეოლითის პერიოდს და ასეთი არტე-ფაქტი გამონაკლისი არ არის. დიხა-გუძუბაშში (ანაკლიის ტერიტორიაა, ასევე იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკიც მცირედით, სულ რაღაც ათასი წლით არის ახალგაზრდა.
2007 წელს მარნეულის ველზე ნამოსახლარის ახალი გათხრების შედეგად, ისევ იქნა აღმოჩენილი ვაზის რამდენიმე წიპწა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს წიპწები ვაზის კულტურულ სახეობას - Vitis Vinifera Sativa-ს განეკუთვნებოდა. ხოლო თიხის ჭურჭლის ერთ-ერთი ფრაგმენტის ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა ღვინის მჟავას კალციუმის მარილის კვალი, რომელსაც ღვინო ან ყურძნის წვენი (ბადაგი) შეიცავს.

არქეოლოგიური აღმოჩენები კიდევ უფრო გაამდიდრა თანამედროვე ვაზის ჯიშების პირველი წინაპრის აღმოჩენამ. მიაკვლიეს ველური ვაზის ჯიშს - კრიკინას, რომლის მეცნიერული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ იგია ყველა ვაზის წინაპარი ... გარდა ამისა, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიც გაკეთდა. უძველესი ქვევრები, მარნები, საწნახლები, თიხის, ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ფიალები მოპოვებულია ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში.

ამათგან საყურადღებოა ალაზნის ველის ძვ.წ. აღ III-II ათასწლეულის სამაროვნები. ბაგინეთის (მცხეთის რაიონი) ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეულის კერამიკული ჭურჭელი, მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები, ვარძიის ორმაგკედლიანი ქვევრი (ხვდებით ალბათ, პატივცემულო მკითხველო! ეს რასაც ნიშნავს - პირველ თიხის თერმოსს) და სხვ.
ყველაფერ ამას ერთგვარ გვირგვინად თავზე ადგას, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი - სიწმინდე ქართული სარწმუნოებისა, რომელიც ასევე გახდა ერის იდენტიფიცირების სიმბოლო.
უფრო მნიშვნელოვანი და ეპოქებში გამოტარებული, სხვა რა უნდა დაეტოვებინათ ჩვენს წინაპრებს, ვიდრე ვაზი და ღვინოა? ... რამდენად საამაყოა ეს ფაქტი! ...

ძნელი წარმოსადგენია, რამდენად საამაყოა წერა მაშინ, როცა უდიდესი იმპერიების მაგალითების მოტანა არ გჭირდება, კაცობრიობის გარიჟრაჟის უძველეს ეპოქებს შენი წინაპრების ნაღვაწის ხარჯზე, მათი მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების წარმოჩენის მაგალითზე აკეთილშობილებ და თანაც, მათ მიერაც დაწერილ მსოფლიოს ისტორიას აშფოთებ.

სწორედ ასეთთა რიცხვშია ღვინო, რომელიც ქართველმა კაცმა შექმნა და გააკეთილშობილა, რადგან უძველეს ხანაში, ღვინოს ქვევრებში არ ინახავდნენ. ის მღვრიე სასმელს წარმოადგენდა და მალეფუჭებადიც იყო.

მაგრამ დროთა განმავლობაში, ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით, დაიხვეწა მისი შენახვის წესი. თიხის მომცრო მიწისზედა ჭურჭელი ქვევრმა (ჭურმა) შეცვალა. დაინერგა ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიაც - ყურძნის ყლორტებითა და ჭაჭით ღვინის დადუღება, ჩამოსხმის მეთოდი, დალევის წესი და პირველი ფიალით შემოქმედის სადიდებლის წარმოთქმა.

ღვინო თუ ლუდი? ... აი  ,,მარადიული შეკითხვა“, რომელიც არამარტო ქართველს, მსოფლიოს აწუხებს. ცალსახა პასუხი ან ერთის ანაც მეორის სასარგებლოდ არ არსებობს, რადგან ამ კითხვას რომ პასუხი გასცე, რაღაც მეთოდოლოგია უნდა შეიმუშაო, კრიტერიუმები განსაზღვრო და შეფასებათა სისტემის გამოყენებით ქულები დაუწერო, მერე ეს ქულები შეკრიბო ... მერე! ... დამპიტაურიდან დიმპიტაურამდე მიხვიდე და ბოლოს შედეგი მაინც საკამათო დადო.

ორივე სასმელმა კაცობრიობის განვითარებას ფასდაუდებელი კვალი დაამჩნია. ეს არც მაღალფარდოვანი და არც ლიტონი სიტყვებია. ამ სიტყვებს პირდაპირი დატვირთვა გააჩნიათ და კოსმოსში დედამიწელთა ,,სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენენ ... დიახ! ჩვენ! არამიწიერ ცივილიზაციებთან ურთიერთობაში: ენასთან, პოლიფონიასთან და ზოგადსაკაცობრიო იდეალებთან ერთად, თავს თუ რამით გამოვიჩენთ, ეს ლუდი და ღვინოც იქნება ... შემოქმედის სადიდებელი ხომ მხოლოდ ამ ორი სითხით ისმევა?  ... ღვთაებრივად აღიარებული, მხოლოდ ამ ორი სითხით!

გარდა ქართველებისა, ალბათ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება სხვა ერი, რომელსაც ღვინის დაყენების ისეთი მასობრივი კულტურა გააჩნდეს, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია და ეს მასობრიობა ისეა გენებში გამჯდარი, ეპოქებში გზას თავისით მიიკვლევს.

არაკეთილმოსურნენნი ვერ ეგუებიან ღვინის წარმოების დარგში ჩვენს პირველობას და ათასგვარ ზღაპრებს იგონებენ. ყველა მეთოდით - დასაშვებითა და დაუშვებლით ცდილობენ ჩვენთვის პირველობის დაფნის გვირგვინის ჩამორთმევას და რომელიმე სხვა ერისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება იგი, გადაცემას. არადა ფაქტი ჯიუტია, რამდენიც უნდა ითავცემონ, ამ საქმეში პირველები ვართ და ამად დავრჩებით.

ახლა კი ისე, როგორც ზემოთ, მხოლოდ სიტყვების რახა-რუხი რომ არ გამომივიდეს, დავიწყოთ ისტორიის უძველესი სიღრმიდან ჩვენი მიმართულებით სვლა და მეცნიერულად იმის დამტკიცება, რაც მიუკერძოვებელი სამეცნიერო წრეებისთვის უკვე დამტკიცებას აღარ საჭიროებს, ოღონდ ჩვენ სხვა გზით წავიდეთ.

ჯერ წამოვაყენოთ ჩვენი ჰიპოთეზა თუ თეორია: ყურძენი, რომლისაგანაც ღვინო მიიღება, შეიძლება დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხარობდა, მაგრამ მისგან ღვინის დამზადება პირველმა ქართველმა კაცმა შეძლო.

საწინააღმდეგო არგუმენტი კი ასეთია: რადგან ვაზი დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე ხარობდა, ქართველებამდე მისგან ღვინის დაყენება სხვებმა ისწავლეს ... მერე ამას მოსდევს ამ ჰიპოთეზის მომხრეთა არამყარი არგუმენტები და ბიბლიური ამბები.

დავიწყოთ იმით, რომ ეს ჰიპოთეზა არაფერს არ ამტკიცებს, გაიხსენეთ ნატუფიელები, ქერი, შვრია, ბრინჯი და ა.შ ... ლუდის მოსახარში მასალა თითქმის ევრ-აზიის მთელს კონტინენტზე მოჰყავდათ, მაგრამ ლუდის დაყენება პირველებმა მათ შეძლეს და ეს გააკეთეს 13 ათასი წლის წინ.

ვაზი, მცენარე, როგორც ასეთი დედამიწაზე მეზოზოური ერის ცარცულ პერიოდში აღმოცენდა. ითვლება, რომ ის მთელს პლანეტაზე იყო გავრცელებული. პანგეის გაყოფის შემდეგ, ვაზის სხვადასხვა ჯიში ახლად წარმოქმნილ კონტინენტებზე გადანაწილდა, ანუ  ველური სახით გავრცელდა.

მისი კულტივირება არ იყო ადვილი, რადგან კულტურული ჯიში ადვილად ველურდება და ,,ტყიურ ვაზთან“ კონტაქტში წარმოქმნის ე.წ. ჰიბრიდულ ჯიშებს.

ე.ი. ყველა ვაზის ნაყოფისაგან შეიძლება ღვინის დაყენება, მაგრამ არ შეიძლება კარგი და სასარგებლო ღვინის მიღება, რადგან ე.წ. საჭმელი ყურძნისა და ჰიბრიდული ჯიშის ღვინოები მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის ... ეს, ისე, შეხსენებისთვის.

ვაზის შესახებ ცნობები გვხვდება ბიბლიაშიც. როცა წარღვნის შემდეგ ნოემ კიდობნიდან თხა გამოუშვა, მან ყურძენი შეჭამა და უკან კუნტრუშით დაბრუნდა (შეხტებოდა და ირქინებოდაო. ასეა აღწერილი ბიბლიაში). ნოე ამ მცენარით დაინტერესდა და მოაშენა, მცირე ზომის ზვარი გააკეთა ... ,,და იწყო ნოემ კაცმან საქმე და დაასხა ვენახი. და სუა ღვინისაგან და დაითრო, განშიშულდა სახლსა შინა თუსსა“(დაბად. 9; 20-21).

ბიბლიის საგვარეულო შტოს მიხედვით ადამი შეიქმნა დაახლოებით ძვ. წ. აღ-ის 5506 წელს. მისი მეეცხრე შთამომავალი იყო ნოე, რომელიც ძვ. წ. აღ-ის 4452 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 3502 წელს, ხოლო მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიხედვით, წარღვნა მოხდა 3266 წელს. ამავე წელს გარდაიცვალა მათუშალა, ადამიანთა შორის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები.

,,საგვარეულო შტოს“ მიხედვით კი მათუშალა დაიბადა 4821 წელს და გარდაიცვალა 3852 წელს. თუ ის წარღვნის წელს მოკვდა მაშინ, ჩვენ რაღაც ცდომილებასთან, დაახლოებით ექვსას წლთან გვაქვს საქმე და ვდგებით პრობლემის წინაშე.

არის კიდევ ერთი საკამათო საკითხიც, რომელიც ჩვენს პლანეტაზე გლობალური მაშტაბის კატასტროფის - წყალდიდობის დაწყების თარიღად დაახლოებით ძვ. წ. აღ-ის 5500 წელს მიიჩნევს. ამ წინაისტორიულ ეპოქაში წარმოიშვა ,,შავი“ და ხმელთაშუა ზღვა (ამ ფაქტს ადასტურებს რამდენიმე მნიშვნელოვანი წერილობითი წყარო და არქეოლოგიური კვლევა). ასეთ შემთხვევაში კი ეჭვქვეშ ისევ ბიბლიური თარიღების ჭეშმარიტება დგება. გამოდის,რომ ადამის დაბადების მეექვსე წელს, დედამიწაზე წარღვნა მომხდარა. 

რადგან ჩვენ არ ვიკვლევთ ზემოთ წამოჭრილ საკითხებს და გვაინტერესებს მხოლოდ წარღვნისშემდგომი პერიოდი, მოდით ასეთი განმარტება გავაკეთოთ: ბიბლიაში გადმოცემული ფაქტები, რა თქმა უნდა ჭეშმარიტებაა და მისი შეუსაბამობა კაცობრიობის ისტორიის ათვლის სისტემასთან, არა ,,დიადი წიგნის“, არამედ მეცნიერთა უზუსტობების ბრალია, რადგან მატერიალურ გარემოში ისტორია, როგორც დანარჩენი ყველაფერი, ფარდობითი მეცნიერებაა ... დაზუსტებისთვის დავამატებ, რომ ნახშირბადის დაშლის მეთოდით თარიღების დადგენა დიდ ცდომილებებს იძლევა, რასაც თანამედროვე მეცნიერებიც აღიარებენ. ამიტომ დედამიწის ჩამოყალიბების გეოლოგიური ერები, ბიბლიას დროში არიან აცდენილნი. აგრეთვე აქვე დავაზუსტოთ ისიც, რომ მთა არარატი, სადაც კიდობანი გაჩერდა, დროში გავრცობადობით, მდებარეობდა რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მაშასადამე წარღვნის შემდგომ დედამიწაზე მხოლოდ ნოე და მისი სახლეული, შვილების - სემის, ქამისა და იაფეთის სახით თუ იყვნენ წარმოდგენილნი, მაშინ ვღებულობთ ასეთ მოცემულობას: დედამიწაზე ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანთა გარდა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და ძველი ცივილიზაცია აღარ არსებობდა.

ასეთ შემთხვევაში, რადგან ისტორიული წყაროები და არც ბიბლია მიუთითებს წარღვნამდელ პერიოდში ღვინის არსებობაზე, ეს სასმელი ადამიანის მიერ უნდა აღმოჩენილიყო წარღვნის შემდგომი პერიოდისთვის, რასაც ,,დაბადებაც“ ეთანხმება (ზემოთ ამის შესახებ უკვე მოვიტანე ციტატა). 

ე.ი. თხის მიერ აღმოჩენილი და შემდგომ ნოეს მიერ თავისი საცხოვრისის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზი, წარღვნამდელი პერიოდისთვის ღვინოდ არ გამოიყენებოდა და  აგრეთვე,არ იყვნენ ერები და ეროვნებები ჩამოყალიბებულნი. მათ ჩამოყალიბებას ნოეს შვილების დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე განსახლებამ დაუდო სათავე.

ახლა კი გავიხსენოთ წარღვნის შემდგომი პერიოდისთვის სამხრეთ კავკასიაში არსებული სახელმწიფოები: კოლხეთის სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო თუ არა, ეთნო-ტერიტორიული ერთეული მაინც (თუმცა ოცდათოთხმეტი საუკუნის წინ, აიეტის ძლევამოსილი  ,,კოლხთა სამეფო“ უკვე არსებობდა), იბერია, მითანა - ჩრდილოეთ ნაწილით, ხურიტები, ურარტუ, ასევე ჩრდილო-ტერიტორიიით (დაინგრა ძვ.წ. აღ-ის 333 წ.), სპარსეთი და ალბანეთი.

არარატაის მთა სხვადასხვა დროს ხურიტების,  ურარტუელების, სპარსელებისა და სომხების ტერიტორიებზე მდებარეობდა. აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე სახლობდნენ ქართველური ტომები - კოლხები, ხათები და იბერები.

რადგან ბიბლიაში მითითებული არ არის ის ფაქტი, რომ კიდობნის დატოვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, მაშინ, როცა მან ვაზი გააშენა და პირველი ღვინოც დააგემოვნა, ნოემ სად აირჩია საცხოვრისი, მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ტერიტორია მდებარეობდა იბერიის სამხრეთში, არარატის მთიდან სადღაც რამდენიმე ორასეულ კილომეტრში, სადაც მისი მოყვანისთვის დღესაც შესანიშნავი პირობებია, ანუ ეს იყო თანამედროვე ბორჯომ-საგარეჯოს ტერიტორიებს შორის მდებარე სივრცე (წიპწების აღმოჩენის ლოკაციაც ამ ტერიტორიას განეკუთნება).

ამასთან, კიდობნიდან გადმოსვლის შემდგომ, ნოე შვილებთან ერთად აუცილებლად დაიწყებდა ნაყოფიერი მიწების მოძიებას, რათა მოემრავლებინა შინაური ცხოველები და ჩვენებურად თუ ვიტყვით ,,ოჯახი ერჩინა“. ასეთი ტერიტორიები (ნაყოფიერი) კი არარატის მთის შემოგარენში თითქმის არ გვხვდება, რადგან აღნიშნული ,,საარსებო სივრცე“ ძირითადად გახრიოკებულია და ის სწორედ რამდენიმე ასეული კილომეტრის (200-300კმ. შემდეგ გადადის ზომიერ სარტყელში. ხოლო აღნიშნული მანძილი არაფერია იმსათან შედარებით, რაც შემდგომ მათ ,,განსახლებისთვის“ გაიარეს.

ნოე და მისი შვილები მოგვიანებით არაბეთის ნახევარკუნძულისკენ, ანუ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, ალბათ აქედან წავიდნენ და განსახლდნენ სხვადასხვა მხარეში.

რატომ იბერიის ტერიტორია? ... საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის წიპწების ასაკი, როგორც ვიცით 8000 წლით ანუ ძვ. წ. აღ-ის 6000-5800 წ.წ. თარიღდება. ეს არტე-ფაქტი მთელი ექვსასი წლით უფრო ადრინდელია ზაგროსის მთიანეთში (თანამედ. ირანი) აღმოჩენილ ღვინის კვალზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის მიერ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო პირველი ღვინის წარმოება ... ვინ იყო პირველი მეღვინე? ...  წარღვნის შემდგომ ნოე! ...  ანუ, წარღვნა თუ ძვ. წ. აღ-ის 3852 წელს ან 3266 წელს მოხდა, გამოდის, რომ საქართველოში ცოტა უფრო ადრე, წარღვნამდელ პერიოდშიც ამზადებდნენ ღვინოს, რადგან ,,წიპწები“ ძვ. წ. აღ-ის 6000 წლით თარიღდება, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ბიბლიური წელთაღრიცხვა და თანამედროვე დროშია აცდენილი.

ამ ეპოქაში შეეძლო ადამიანს შესაბამისი  ყურძნის ჯიშის - Vitis vinifera-ას კულტივირება და მისგან ღვინის დაწურვა? ... შეეძლო და აი, რატომ ? ...

ადამი იშვა ძვ. წ. აღ-ის 5506 წელს ანუ 7506 წელს, მაგრამ არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ ადამიანის ასაკი გაცილებით უფრო ძველია ე.ი. ადრეულია ... ეს რა, შეუსაბამობაა? ...

არავითარი! ... საქმე იმაში მდგომარეობს, რომ HOMO SAPIENS-ი ანუ კრომანიონელი და ადამიანის უცნობი სახეობა, რომელიც არსაიდან ... დიახ! არსაიდან გაჩნდა დედამიწაზე, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებოდა. ამის ნათელი მაგალითია შუმერთა ცივილიზაცია. ეს ხალხი შუამდინარეთში არსაიდან გამოჩნდა და მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო დედიშობილა დატანტალებდა, ისინი თაღოვან შენობებს აგებდნენ. მეტიც, მათ ჰქონდათ მათემატიკური სიდიდე, რომელიც ასე გამოისახებოდა: 195 955 200 000 000. ეს რიცხვითი მნიშვნელობა დატანილი იყო ერთ-ერთ თიხის ფირფიტაზე, აღმოჩენილი ქუიუნჯიქის ბორცქვეშ მიმდინარე გათხრებისას.

,,შავთავიანები“ - შუმერები, სწორედ მეშვიდე-მეექვსე ათასწლეულებში სახლობდნენ დედამიწაზე.

შუმერთა კულტურას ვინც იცნობს დამეთანხმება, რომ ბიბლიურ ისტორიასთან ამ ხალხს პირდაპირი კავშირი აქვთ და მათი ლეგენდებისა თუ მითების ჭეშმარიტება ბევრჯერ დაადასტურა სხვადასხვა დროს მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა.

სამწუხაროდ ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს, აქ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე, მაგრამ ის კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ცნობილი არქეოლოგის ლეონარდ ვულის სიტყვები გავიხსენოთ, რომელმაც შუმერული კულტურის კვლევას მთელი ცხოვრება მიუძღვნა:

,,თუ ადამიანების ღვაწლზე მხოლოდ მათი მიღწევებით ვიმსჯელებთ, მაშინ შუმერებს საპატიო ან შესაძლოა მოწინავე ადგილი უკავიათ, ხოლო თუ მხედველობაში მისაღებია ის გავლენაც, რომელიც მათ მოუხდენიათ ისტორიის შემდგომ განვითარებაზე, ეს ხალხი კიდევ უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს. მათ ცივილიზაციამ, როგორც მაშხალამ წყვდიადში, ისე გაანათა ჯერ კიდევ ბარბაროსობაში მყოფი მსოფლიო. მას წილად ხვდა გამხდარიყო კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მამოძრავებელი ძალა“.

მაშასადამე  ჩვენ დავადგინეთ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება, რბილად რომ ვთქვათ მხედველობაშია მისაღები და ღვინის დამზადება 8000 წლის წინ ადამიანს თავისუფლად შეეძლო, რადგან ის საკმაოდ ცივილიზებული იყო.

მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს: ვინ იყვნენ შუმერები და ჰქონდათ თუ არა კავშირი იმ ეპოქის საქართველოსთან? ...

ეს ხალხი საკუთარ თავს ,,შავთავიანებს“ უწოდებდა. ე.ი. მათ სხვები კი არ უწოდებდნენ შავთავიანებს, არამედ თავად დაირქვეს ეს სახელი ...

ქართველებთან პირველი პარალელი სწორედ აქ უნდა გავავლოთ. ჩვენც ხომ  ,,შავთავიანები“ ვართ და ეს თიკუნი, ჩვენს თავზე ჩვენივე შერქმეულია? ... დიახ, ასეა!

ძველი ქართული ეთნო-ენები: ზანური (ჭანური), იბერიული, შონური და ა. შ. თავისი სტრუქტურითა და მორფოლოგიით შუმერულ ენასთან ახლოს დგანან, რადგან, რაც უფრო ახლოა ტერიტორიულად ეთნო-ენა წინარე ანუ პრა-ენასთან, ის მით უფრო ძველი და ,,სუფთაა“. ამიტომ ეს უკვე მეორე დასტურია შუმერებთან ქართველთა ახლოდგომისა (ქართული და შუმერული სიტყვების იდენტურობის მიმართულებით, გარკვეული კვლევებია ჩატარებული,  მე არ მინდა მათი კონსტატაციით, ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო. ამიტომ ვეძებ საკუთარ არგუმენტებს, რომლებიც შეიძლება პრიმიტიულად ჟღერდეს, მაგრამ შეავსებენ არსებულ ინფორმაციას).

პრა-ენა კი შუმერულია, რომლისგანაც წარმოდგა დანარჩენი სხვა ყველა ენა. ამის შესახებ ბიბლიაც გვაწვდის ინფორმაციას: ,,და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგე ერთ ყოველთა, და ამას იწყეს ყოველთა ქმნად და აწ არა დააკლდენ მათგან ყოველნი, რაოდენთაცა ინებონ ქმნა. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თვთეულსა ხმა მოყვასისა. და განსთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა“ (დაბად. 10; 6,7,8,).

შუამდინარეთიდან საქართველომდე არც ისე შორი მანიძილია. თუ ეს გზა აფრიკუდან წამოსულმა HOMO EREQTUS -ებმა  გაიარეს, რატომ ვერ გაივლიდნენ მას შუმერები, რომლებიც პირველად ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ? ...

რა თქმა უნდა გაივლიდნენ და საქართველომდეც ჩამოაღწევდნენ. მათი ინტერესი კონკრეტულად ეს მხარე კი არ იქნებოდა, არამედ იმ ე.წ. ცარიელი სივრცეების ათვისება, რომლებზეც მაშინ მხოლოდ ნენანდერტალელები და პირველი ადამიანები - კრომანიონელები სახლობდნენ.

სწორედ ამგვარი მოგზაურობის დროს აღმოაჩინეს შუმერებმა საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებული, მათთვის მანამდე უცნობ ხალხი - თანამედროვე ქართველების წინაპრები და გააფართოვეს საკუთარი ცივილიზაციის არეალი.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი: წარღვნამდელ არცერთ ისტორიულ წყაროში ღვინის შესახებ ინფორმაცია, არ გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შუამდინარეთში შუმერთა ცივილიზაცია ამ სასმელს არ მოიხმარდა. არ მოიხმარდნენ არც მის შემდგომი უძველესი ცივილიზაციები: აქადელები, ასურელები, ხეთები და ა.შ. რომლებიც წინაისტორიულ ეპოქაში თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ და მათ საკუთარი დამწერლობაც გააჩნდათ. ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ ლეგენდას, მითსა თუ თიხის ფირფიტას, სადაც ძვ. წ. აღ-ის VI-V ათასწლეულების მიჯნაზე, საუბარი იქნებოდა ღვინის შესახებ. მაშინ, როცა საქართველოში ამ პერიოდის ყურძნის წიპწებია აღმოჩენილი.

რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ინფორმაციიდან? ...  ბრაწი, ვიღაცეებს! ... აი ეს დასკვნა გამომდინარეობს ზემოთ თქმულიდან.

მაშასადამე ჩვენ გვაქვს სამი მოცემულობა. პირველი ის, რომ ქართველები შუმერთა შთამომავლები არიან და სამხრეთ კავკასიაში ისინი შუამდინარეთიდან მოვიდნენ ... და მეორე - ჩვენ შუმერებს ადრეულ ეტაპზე ისე, როგორც ებრაელები (ოღონდ გაცილებით ადრე) გამოვეყავით და ჩამოვედით საქართველოში, მაგრამ ეს გამოყოფა იყო ნებაყოფილობითი, რადგან წარმოვადგენდით შუმერთა მონათესავე შტოს ხალხს ან სულაც მათ (ეს თეორიები ჩემამდეა გამოთქმული, ხოლო მესამე კი ჩემია).

ასეთ შემთხვევაში წიპწების ასაკსა და ღვინის სამშობლოს დადგენას შორის რაღაც კავშირი არსებობს და  რა საწინააღმდეგო არგუმენტიც არ უნდა იქნას მოტანილი, ყველა უსუსური იქნება. ბიბლიაც და ისტორიაც იმას ამბობს, რომ ერთა და ეროვნებათა ჩამოყალიბება დაიწყო შუამდინარეთიდან, პირველად იყვენ შუმერები და შემდგომ დანარჩენები, სხვა ცივილიზაციები.

კიდევ ერთხელ! ... ბიბლიაში, როცა საუბარია ადამის შექმნაზე, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს HOMO SAPIENS-ის შექმნას, რადგან ძვ. წ. აღ.-ის 5506 წლამდე ეს HOMO კრომანიონელის სახით, უკვე სახლობდა დედამიწაზე. აქ საუბარია მაღალგანვითარებული ადამიანის გაჩენაზე, რომლის მატერიალიზებული პროტოტიპი შუმერები იყვნენ. ისინი ზუსტად ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდნენ შუამდინარეთში, ოღონდ, როგორც ბიბლიური ადამი არსაიდან, ანუ სამოთხიდან - მატერიალურ გარემოში, შუმერებიც არსაიდან - ევფრატ-ტიგროსის აუზში.

,,ედემში“ ადამი და ევა არ იყვნენ ხორციელნი. ე.ი. წმინდა გაგებით, ადამიანებს (კრომანიონელებს) არ წარმოადგენდნენ, მათ იქიდან გამოძევების შემდეგ შეიძინეს HOMO SAPIENS-ისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ბიბლიაში ის ადგილიც არის მითითებული, სადაც ,,ედემის ბაღი“ მდებარეობდა, თუმცა ამ ტერიტორიის შესახებ მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან.

,,და მდინარე მესამე - ტიგროსი.  ესე ვალს წინაშე ასურეთისა - ხოლო მდინარე მეოთხე ესე ევფრატი“ (დაბად. 2;14).

ჩემი აზრით, ტიგროსით და ეფვრატითაც შეიძლება მიახლოებითი ტერიტორიის განსაზღვრა, რომელიც სავარაუდოდ ამ მდინარეთა აუზია, მაგრამ პირველი მდინარის მდებარეობა კი, რომლის სახელიც არის ფისონ (ფიშონ), მართლაც საკამათოა. მე ვთვლი, რომ იგი ფაზისია ე.ი. კოლხეთი, რადგან ის ,,ესე გარე-მოვლის ყოველსა ქვეყანასა ევილათისასა. მუნ უკუე არს ოქრო. ხოლო ოქრო მის ქვეყანისა - კეთილდ და ანთრაკი და ქვაი მწვანე“ (დაბად. 2; 11, 12). ეს მოსაზრება ჩემამდეა გამოთქმული და ამიტომ არა მაქვს პრეტენზია მის ექსკლუზიურობაზე. ხოლო მეორე მდინარის შესახებ კი მართლაც გამაჩნია საკუთარი მოსაზრება. ამ მდინარის სახელი ბიბლიაში არის - გეონი (გიხონი) და ის უნდა გავაიგივოთ მდინარე ალაზანთან, და აი, რატომ? ... როგორც ტიგროსი და ევფრატი ქმნის ჩაკეტილ ტერიტორიას, ასევეა ფაზისისა (რიონი) და ალაზნის შემთხვევაშიც, თუმცა გეონს მტკვართან და არაქსთანაც აიგივებენ, მაგრამ ესეც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, მტკვრის აუზი საქართველოს სანახებსაც მოიცავს. ე.ი. სამოთხის ჩრდილო-აღმოსავლეთის უკიდურესი ტერიტორიის საზღვარი ჩვენს ქვეყანაზეც გადიოდა. 

ისედაც, სამოთხე მატერიალურ სამყაროში დიდ ტერიტორიაზე არ იქნებოდა განთავსებული (ზოგიერთი მეცნიერი აფრიკიდან - ნილოსით იწყებს და ინდოეთამდეც კი ჩადის), რადგან ასეთ დიდი სივრცე ადამსა და ევას იმ პერიოდისთვის არ სჭირდებოდათ.

თუ ჩვენს დასკვნას სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ შუმერთა განსახლების საკითხი, რომელიც ზემოთ განვიხილე, ასევე სარწმუნო გამოვა. დედამიწის ცივილიზაციის აკვანი მართალია შუამდინარეთში დაირწა, მაგრამ მან გავრცობა ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, სწორედ ოთხ ზღვას შუა ჰპოვა: ხმელთაშუა, სპარსეთის (ყურე) შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, შუმერული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და წარმოვადგენთ აბორიგენულ ერს, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია ჩვენია და ის არავის შემოუტანია საქართველოში ... ერთი სიტყვით არავისგან მოგვიპარავს.

და მესამე მოცემულობა ...რატომ აბორიგენულ ერს, თუ კი ჩვენ, ქართველები შუმერთა ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით? ... ოთხ მდინარეთა შორის მდებარე ტერიტორიაზე, როგორც ბიბლიურად, ასევე ისტორიულად, არამარტო შუმერები სახლობდნენ, არამედ სხვა ტომები და ხალხი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან და წარმოადგენდნენ ერთიან ცივილიზაციას ... მართალია ქართველური ტომები მითითებულ ,,საარსებო სივრცის“ პერიფერიაში სახლობდნენ და დამოუკიდებლად ქმნიდნენ საკუთარ კულტურას, მაგრამ იმ დამატებით, რომ შუმერებთან მათი კულტურის შეხებით, ისინი ერთმანეთისაგან ბევრ რამეს სწავლობდნენ.

ე.ი. ჩემი ვარაუდით, ჩვენ შუმერთა პირდაპირ მემკვიდრეებს არ წარმოვადგენთ და ვართ მათი ცივილიზაციის ნაწილი, თუმცა ორივე შემთხვევაში ისტორია ,,წყალს“ მაინც ჩვენს წისქვილზე ასხამს, რადგან აღნიშნული მიუთითებს ქართველური ტომების უძველეს წარმომავლობასა და მათ ცივილიზებულობაზე ... ჩვენ არ წარმოვადგენდით განვითარებით კრომანიონელთა სახეობას მიკუთვნებულ ხალხს და თუ შუმერთა განშტოება ან აბორიგენული ერი ვიყავით, ორივე შემთხვევაში ვიდექით იმ ეპოქის ცივილიზაციის შემქმნელი ხალხის - შუმერთა გვერდით.   

ასე, რომ  საქართველოში მიკვლეული ზემოთ მოხსენიებული პროტოვაზი (ვენახის დედა) - კრიკინა, ყურძნის წიპწები, უძველესი ქვევრები და თუნდაც ბიბლიური ნოეს ვენახი, იმდენად ნათლად ღაღადებენ ჩვენს სასარგებლოდ, ბრმასაც კი თვალი აეხილება, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ  ,,დაუნახავი“ არ დააბრმავოს ... ღვინო ქართული აზროვნების პირმშოა, ჩვენი ,,სისხლი და ხორცი“! ... 

არ დაგვავიწყდეს ისიც მეგობრებო, რომ ღვინის ასაკი ადრეული ნეოლითის ეპოქას ემთხვევა - ქვის ხანის ეპოქას. მეზოლითისა და ნეოლითის მიჯნას, როცა ადამიანები მთელს დედამიწაზე მხოლოდ ქვის იარაღების იმედად იყვნენ, არ იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფოები და HOMO SAPIENS-ები ტომობრივ-გვაროვნულ გაერთიანებად გამოქვაბულებსა და რკალისებრი ყორით ნაგებ სადგომებში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ დროს კი შუმერები თაღოვან სრა-სასახლეებში ნებივრობდნენ. ჰქონდათ ლურსმული დამწერლობა და უმაღლესი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება. ამიტომ ქართველური ტომები ისე, როგორც შუმერები, თუ არ იდგებოდნენ ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურზე, ქვის ხანაში ვაზის კულტივირებას და მისგან ღვინის დაწურვას ვერაფრით შეძლებდნენ ... ესეც კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენს სასარგებლოდ.

მართალია შუმერული ცივილიზაციის მსგავსი ნაშთები, რომლებიც განეკუთვნება ნეოლითის ან თუნდაც ენეოლითის ხანას, საქართველოში ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ამას წინ არაფერი უდგას, ამქვეყნად ხომ ყველაფერი დროის საკითხია? ... ამასთან აუცილებელია ჩატარდეს ,,წიპწეპის პერიოდის“ საქართველოში აღმოჩენილი სამაროვნების გენეტიკური კვლევა, რომელიც ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს ... დარწმუნებული ვარ, რომ ღვინის შემქმნელი ხალხი, არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ,,ველური ადამიანი“ და ეს ხალხი, ,,იერარქიის კიბეზე“ გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგომებოდა.

რა საერთო დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ უკვე ყველაფრის შეჯამებით? ... ის, რომ ჩვენ ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები ორ მიმართულებად უნდა გავყოთ. პირველი - ბიბლიურის და მეორე - ისტორიულისა.

ბიბლიიდან გამომდინარე დასკვნა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
ა). ადამი არ წარმოადგენდა თანამედროვე კლასიფიკაციით განსაზღვრულ HOMO SAPIENS-ის გვარს, ის იყო შემდეგი სახეობა - HOMO  INTELLECTTUAL -ი (ჰომო ინტელექტუალი. ტერმ. ჩემია. ავტ.), რომელიც ,,შემეცნების ხის ნაჭოფის“ მირთმევის შემდეგ დაეუფლა გარკვეულ ზეციურ ცოდნას. ის პროტოტიპია ისტორიული შუმერელისა.

ბ). ,,ედემის ბაღიდან“ ევასა და ადამის გამოძევების შემდეგ, ისინი დასახლდნენ სამოთხის მახლობელ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამოთხის მიწა ფაზის-ალაზნის ან მტკვარ-არაქსის აუზის სამახებამდე ვრცელდებოდა,

- ამასთან კაენმა და აბელმა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი. სოფლის მეურნეობის ეს ორივე დარგი კი საქართველოში ადამიანის არსებობის ადრეულ ეტაპზევე იყო განვითარებული. ჩვენ ხომ GEORGIAN - ელები ვართ - მიწადმოქმედნი;

გ). სამოთხიდან გამოძევების პერიოდიდან, ვიდრე წარღვნის დასრულებამდე, ქართველებმა იცოდნენ ღვინის დაყენება, ხოლო სხვა ერებისთვის ეს ცოდნა დაფარული იყო.

დ). წარღვნის შემდგომ ნოე დასახლდა სამხრეთ საქართველოში და აითვისა ღვინის დაყენების ტექნოლოგია, გააშენა ზვარი (ვენახი);

ე). ამ მიმართულებით საჭიროა კვლევების ჩატარება და ეს ჰოპოთეზები ყურადსაღებია, რადგან არ შეიძლება ბიბლიური საკითხების განყენებულად განხილვა. ისინი უნდა მიესადაგონ კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიის შესაბამის პერიოდებს;

ვ) როცა დედამიწაზე თავის ,,ბოლო დღეებს" ითვლიდნენ ნეანდერტალელები, მათ გვერდით თანაცხოვრება დაიწყეს HOMO SAPIENS-ებმა და შუმერებმა, ანუ ასევე პირველმა ადამიანებმა, მაგრამ უფრო განვითარებულებმა.  ე.ი. თავისი მდგომარეობით დედამიწაზე სახლობდა ადამიანთა სხვადასხვა ტიპი. სწორედ ეს არის აღწერილი ბიბლიაშიც. ადამი იყო ღმრთის სახიერი, ევა ადამის ნეკნიდან შობილი, მისი სახიერი, კაენი - კრომანიონელი და სეით - შუმერი.

ზ) შუმერებთან ჩვენი წინაპრების მსგავსება, შეიძლება განხილულ იქნას საპირისპიროდაც, ისინი წარმოსდგნენ ჩვენგან და განსახლდნენ შუამდინარეთში;

ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, დასკვნა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

ა). ნეოლითში ტომობრივ-გვაროვნული თუ ეთნო-ტერიტორიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ფარგლებში, საქართველოში დაიწყეს ვაზის კულტივირება და ღვინის დაყენება;

ბ). ვენახის მოვლის კულტურის არსებობა მიუთითებდა ადამიანთა გვაროვნულ თუ ეთნო-ჯგუფთა უმაღლეს განვითარებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ნეოლითის ეპოქაში წინ უსწრებდა არსებულ დროს და წარმოადგენდა  HOMO  INTELLECTTUAL-ს;

გ). ქართველური ტომები მათი ,,საარსებო სივრცის“ არეალში, იმავე ფუნქციის მატარებელნი იყვნენ, რისაც შუმერები შუამდინარეთში;

დ). შუმერებთან ქართველური ტომების არაპირდაპირი ნათესაური კავშირი, ანუ ჩემი თეორია ეფუძნება შემდეგ მოცემულობას:

- ღმერთმა ადამი თავის სახიერად თიხისაგან შექმნა.  ე.ი. დედამიწის ბიოლოგიური მასალისაგან, ევა კი ადამის ნეკნიდან. მათ ეყოლათ შვილები კაენ და აბელ. კაენმა მოკლა აბელი და ის განკვეთილ იქნა ,,ოჯახიდან“. ამის შემდეგ ადამსა და ევას კიდევ ეყოლათ ერთი შვილი სეით (შეით).

- ადამი თავისი ბიოლოგიური აგებულებით წარმოადგენდა ღმერთის სახიერს, ხოლო ევა ადამის ნეკნისაგან შობილ არსებას. მაშასადამე მათ შორის განსხვავებას ,,დაბადება“ იმთავითვე გვამცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე კაცობრიობის არსებობის გარიჟრაჟზე, უკვე სახლობდა ორი სახის ე.წ.  HOMO SAPIENS-ი. ამის შემდეგ გაჩნდა კაენი, ანუ წინა ორის შეჯვარებით მიღებული მესამე სახეობა (აბელი გამოვრიცხოთ, რადგან მისი შტო არ გამრავლებულა). კიდევ შემდგომ მეოთხე სახეობა - სეითის სახით, თუმცა კაენი და სეითი შეიძლება ჩაითვალონ მონათესავე სახეობებად (თითქმის ერთნაირად), მაგრამ სამოთხეში ყოფნისას ადამმა და ევამ მიირთვეს ,,შემეცნების ხის“ ნაყოფი და მიიღეს რაღაც ისეთი ცოდნა, რომელსაც მხოლოდ მათი შემქმნელი უფალი და ანგელოზები ფლობდნენ.

- ადამმა და ევამ ეს ცოდნა (სწავლება), ოჯახიდან გაძევების გამო, კაენს არ გადასცეს, მაგრამ გადასცეს მათთან მცხოვრებ უმცროს შვილს - სეითს. ე.ი. კაენის შტომ წარმოშვა კრომანიონელი ადამიანი (არის ასეთი ვარაუდი, რომ ეს შტო განსახლდა სამხრეთ აფრიკის უკიდურეს ნაწილში), ხოლო სეითისამ კი შუმერი (მეტი ცოდნის მფლობელი), თუმცა ისინი ორივე HOMO SAPIENS-ის სახეობას განეკუთვნებოდნენ.

- რადგან ქართველური ტომები ადრეულ ისტორიულ ეპოქაში მაღალგანვითარებულ ხალხს წარმოადგენდნენ, სავარაუდოდ ისინი განეკუთვნებოდნენ ადამისა და ევას პირდაპირ შთამომავლებს, რადგან ,,დაბადებაში“ ნათქვამია, რომ: ,,ხოლო ცხონდა ადამ ორას ოცდა ათ წელ. და შვა სახოვანებისაებრ თვისისა და ხატებისაებრ თვისისა და სახელ-სდვა სახელი მისი სეით. ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი“. (დაბად. 5;3-4).

- ადამა იცოცხლა შვიდას ოცდაათ წელს. ეს ასაკი არ არის დიდი, რადგან ადამიანი მაგალითად მარსზე განსახლების შემთხვევაში ფორმას შეიცვლის. მისი სიმაღლე მიაღწევს სამ მეტრს (ამ სიმაღლისა იყო ადამიც), თავი წაუგრძელდება და სიცოცხლის ხანგრძლიობაც შესაბამისად გაეზრდება (დანარჩენი მკითხველმა იფოქროს. თუნდაც ის, რომ სპეციალურ ლაბორატორიაში, ბიბლიაში სამოთხედ წოდებულში, ხომ არ შექმნეს მარსიანელებმა თავისი სახიერი არსებანი დედამიწაზე? ... სადაც მათ რაღაც ისეთი ცოდნა შეიძინეს, რომ საჭირო გახდა ლაბორატორიიდან - სამოთხიდან მათი გამოძევება და დედამიწის ლოკალურ ტერიტორიაზე განსახლება, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ... ეს ცოდნა შეიძლება შეეხებოდა ადამიანების ხანგრძლივად სიცოცხლეს, ან მათი წარმოშობის საკითხს, ანდაც სხვ. ამგვარ საიდუმლოს).

- რაც შეეხება ადამის ნეკნისაგან ევას შექმნას, ეს საკითხი შემდეგნაირად უნდა იქნას გაგებული: ბიბლიაში აღწერილი პროცესი ძალიან წააგავს ჩვენი ცივილიზაციისათვის კარგად ნაცნობ ქირურგიულ ოპერაციას: ,,და დასდვა ღმერთმან განკვრვებაი ადამს ზედა და დააძინა და მოიღო ერთი გუერდთა მისთაი და აღავსო ხორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელი მოიღო ადამისაგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისა.“ ( დაბად. 2;21-22).

ამასთან,  მეექვსე დღის ბოლოს, ღმერთმა: ,,გამოსახა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (ბიბლია. 1989 წლის გამოც.), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამი (ადამიანი) გაჩენილია ე.წ. დედამიწისეული მასალისაგან ანუ ჩვენი პლანეტის ,,აბორიგენული ნივთიერებათაგან“. 

  სიცოცხლე, როგორც ვიცით მოლეკულურ კომბინაციათა ერთგვარი შერწყმაა, ამიტომ თუ ჩვენ ზემოთ მოყვანილი ტექსტის ,,მტვერს“ განვიხილავთ როგორც, რაღაც თვალით უხილავ ნაწილაკთა ერთობლიობას, მაშინ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მტვერი სხვა არაფერია თუ არა ბუნებაში არსებული მოლეკულურ კომბინაციათა სისტემები, რომლებიც გარკვეული ბმებით სხვადასხვა სახისა და ფორმის სიცოცხლეს აძლევენ დასაბამს. ხოლო, რადგან ჩვენი უშორესი წინაპრები მოლეკულების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, ამიტომ ბიბლიაში ამგვარ კომბინაციურ ერთობლიობას უწოდეს მტვერი.

თანაც ღმერთის მიერ ადამის შექმნისა და მისთვის სულის შთაბერვის პროცესი, ძალიან წააგავს ბავშვის დაბადებას. მე ვთვლი, რომ ბიოლოგიური მშობიარობა და ბიბლიური ,,დაბადება“ ერთიდაიგივე პროცესს აღწერს.

  როგორც კი ბავშვი დედის ორგანიზმს დატოვებს, ის გარე სამყაროს კუთვნილება ხდება. ტვინში არსებული სუნთქვის მარეგულირებელი ცენტრიდან ,,ბრძანება“ გადაეცემა გულმკერდის ნეკნებს, რომლებიც მაღლა იწევენ და დიაფრაგმას, რომლის შეკუმშვის შედეგად გულმკერდის ღრუში იქმნება უარყოფითი წნევა. ფილტვები გაფართოვებას იწყებენ, ამ დროს ნესტოებიდან მასში იჭრება ჰაერის ნაკადი და იწყება’ სიცოცხლე.

  დედის ორგანიზმი ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც ხდება ადამიანის ჩასახვა და ნაყოფის მომწიფება. არ არის გამორიცხული, სწორედ ამგვარ, ოღონდ ხელოვნურ ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი პირველი ადამიანი. ამის შემდეგ კი ეს ლაბორატორია ქალის (ევას) სახით შეიქმნა და იმ დღიდან მოყოლებული ადამიანი უკვე თავად არეგულირებს შთამომავლობის ე.წ. კვლავწარმოების პროცესს, რომელიც მდედრსა და მამრს გადაეცემათ მემკვიდრული ინფორმაციის სახით და ,,ჩაწერილია“ დნმ-ში გენეტიკური კოდით. ამასთან, თქვენს ყურადღებას აქვე მივაპყრობ ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსს, მაგრამ მოცულობითს, შემოქმედმაც ხომ ნესტოებიდან შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა ადამს?

  ახლა კი საკითხი მეორე კუთხით განვიხილოთ, შეიძლებოდა თუ არა, სიცოცხლე წარმოშობილიყო მიწისაგან (თიხისაგან) დედამიწაზე?

  ბიოქიმიკოსებმა შეძლეს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მრავალი მილიონი წლის წინათ არსებობდა ჩვენს პლანეტაზე. ამ ,,პრიმიტიულ ბუნებაში“ წარმოებულმა ცდებმა წარმოქმნეს ამინომჟავების დაქსაქსული მოლეკულები. მართალია ასეთ მოლეკულებიდან, რთულად ორგანიზებულ ცილის მოლეკულებამდე ძალზე გრძელი დისტანციაა, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს დისტანცია დაძლეულ იქნა. ხოლო, თუ როგორ მთლად გასაგები არ არის. ყოველ შემთხვევაში ბიოქიმიკოსები ამ საკითხზე დადებით პასუხს ვერ იძლევიან. თუმცა, ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამინომჟავებისა და ნუკლეოტიდების ბუნებრივი კონცენტრატები შეიძლება იყოს თიხები - წყლიანი სილიკატები.

  თიხების ამინომჟავებით დასველების, გაშრობისა და გახურების შედეგად, ამინომჟავები წარმოქმნიდნენ ჯაჭვურ სტრუქტურებს, რომელთა შემადგენლობა დაახლოებით რვა ერთეულის ტოლი იყო (ცილის მოლეკულის ამგვარ ჟაჭვში რამდენიმე ათასი ერთეულია). მართალია ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც ხელმოსაჭიდს მაინც იძლევა, რაც დასკვნების გამოტანისთვის მნიშვნელოვანია.

  თიხები შეიცავენ სხვადასხვა ლითონებს და მათი სახელებით იწოდებიან (სპილენძის, თუთიის შემცველი და სხვ.). დადგენილია, რომ თუთიის შემცველ თიხებს შეუძლიათ  ქიმიური ნივთიერებიდან გამოჰყონ ნუკლეინის მჟავათა შემადგენელი ნაწილაკები, რომელთა დანიშნულებაა ცოცხალ ორგანიზმში გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გავრცელება.

  თიხის ამგვარი თვისებებით ხსნიან იმ ფაქტს, რომ ყველა ცოცხალი ცილა, რომელიც დედამიწაზე არსებობს, აგებულია მხოლოდ ოცი ამინომჟავისაგან. თუმცა ისინი ბუნებაში რამდენიმე ასეულს აღემატებიან. ასეთმა აღმოჩენამ ბიოქიმიკოსები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პირველი ცოცხალი მოლეკულის შექმნაში, მონაწილეობა ჩვეულებრივ თიხებსაც მიუღიათ, რაც ბიბლიითაც დასტურდება.

  ე). ორი ვარიანტიდან - ქართველური ეთნო-ჯგუფების შუმერებთან ნათესაური კავშირის ან მათი აბორიგენული წარმომავლობის საკითხებიდან, გასაზიარებელია ორთავე და ამ ახალი მიმართულებითაც საჭიროა კვლევების გაგრძელება;
   
შემეძლო ღვინის შესახებ სხვა იფორმაციაც მომეწოდებინა თქვენთვის, პატივცემულო მკითხველო, მაგრამ მასალა იმდენად მოცულობითია, ეს ნარკვევი ყველაფერს, როგორც ლუდის შემთხვევაში, ვერ დაიტევს. ან რა აუცილებლობაა? ... საქართველოში ღვინის ისტორია, ყურძნის ჯიშები, მისი მოყვანისა და დაწურვის წესი ხომ ისედაც თითქმის ყველასთვის ცნობილია?

რაც ღვინის კულტურასთან არის დაკავშირებული, ქართველ კაცს ყველაფერი ისე აქვს დალაგებულ-დავარცხნილი, წუნს ვერაფერს აუღებთ. რასაც არ უნდა შეეხოთ, მისია,  უნიკალური, ისეთი, ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებს რომ არ გააჩნიათ და საამაყოა ის, რომ ამას თავადა ისინიც აღიარებენ.

                                                ,,შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
                                                  ნორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,
                                                    ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული,
                                                    ღმერთმან შეგამკო, ვერავინა გჯობს ქებული,
                                                    და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული".








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები