ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2021


ეს - იმ ღილისა და ღიმილისა

ნინო დარბაისელი

ეს -  იმ ღილისა და  ღიმილისა

- - - - - - - - - - - - - - - - -

  იმათ სწყევლიდა  გამწარებული ბებიაჩემი მთელი არსებით,  დედაქალაქის შუაგულში  ვინაც ცხოვრება კი მოინდომა, მაგრამ  ვერ შესწვდა, ქირა - ქირაზე მიემატა და როცა ვალი დაუგროვდა, დრო შეარჩია და რაწამს სახლის პატრონები შორს გაგვიგულა, კარს მოაყენა ‘’გრუზავიკი“, ლეიბ-საბნებით,  ჯამ-ჭურჭლითა და ხარახურით გამოძეძგვა და გაგვეპარა.  ბოლოს ნაგავი დაგვიტოვა გამოსახვეტი.
    ხოლო ასეთი,  როცა კარზე ბევრი მდგმური გყავს, ცოტა როდი გამოგადგება.
  ზოგი  სოფლიდან მშობლებისგან ქირისათვის გამოგზავნილ ფულს დახარჯავდა მეგობრებში, თავად კი  არა ეძევებოდა.
    ფული საშოვნად არის ძნელი, თორემ ხარჯვას  განა რა უნდა!

    და უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის წყევლას ისეთი ჭრა აქვს,  თითქმის ფეხმძიმე ქალის წყევლის ტოლფასი არის  და სულ ოდნავად, ღვთისანაბარა დატოვებული  ობლის წყევლას თუ ჩამორჩება.

    და მე არაფრის მეშინია ამ ქვეყანაზე იმაზე მეტად, რომ თუნდ  შემთხვევით, ვინმე ერთი და ერთთაგანი  მთლად უსამართლოდ,  მოულოდნელად, უცებ  ხელში  არ შემომეჩაგროს და მართლის წყევამ მე არ მიწიოს, რადგან ეს წყევლა  ისეთია, ერთადერთია, მაწყევართან რომ არ ბრუნდება, ხოლო დაწყევლილს, სადაც უწევს, იქ მოერევა.

    და ამის გამო, იქნებ ამქვეყნად  ბევრ რამეში ვერ ვიოსტატე, განშორებისა კი კარგად ვიცი: 
  თუკი მიდიხარ,  იმგვარად  უნდა აიბარგო, რომ  უკან დამრჩენს, ვინც გინდა იყოს,  სახემღიმარი,  გულში ჩაკვრით და  ხელხვავიანად ეთხოვებოდე,  თან  მიმავალმა ყველაფერი გამოხვეტო საგულდაგულოდ. ზურგსუკან - აღარ მოიტოვო  არა ნაგავი! 
    უმჯობესია,  გაიმეტო  პატარა ნივთი ღირებული, ვითომდაც დაგრჩა ფანჯრის რაფაზე,  ანდა  დაგვარდა საბოლოო სიჩქარეში და ვერ მობრუნდი.
    ო, ისე უყვართ ადამიანებს, თვით  თაღლითისგან,  მძარცველისგანაც  რომ შეირჩინონ  ბედად ამწყდარი და ბალახებში გადავარდნილი, პატარა ღილი, თავად ბოლომდე გაძარცვულნი როცა რჩებიან,  ასე უაზროდ, გათიშულად  გაღიმებულნი.

მაგრამ ამ ერთხელ ისე წავედი, არ მოელოდი,  გეგონე ყბედი;
ვერ გაბედავდა  წინამორბედი,  ისე გავბედე არგასაბედი; 
ცეცხლგაჩენილი და უცაბედი,  დაიწვი მარტო, როგორც აბედი.
არ მომაწყევლო, იფიქრე მხოლოდ,  რომ უსამართლოდ მოიქცა ბედი!
მე არ მოვსულვარ მკერდგაღეღილი, არ ვიცი, რა დროს ამაწყდა ღილი,
ანდა ნაპოვნი  რად ვიუარე...
კარგად იყავი,
თავს მოუარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები