ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2021


* * *

მათ, ვინც შიმშილი საკუთარი ხუთი თითივით
დიდი ხანია მარცვალ-მარცვალ გაიზეპირა,
ვისაც ყელში აქვს ამოსული უხმოდ ტივტივი,
ფსკერზე კი არა, იმის იქით და სურს ჯებირის
სიმტკიცე ჰქონდეს, ისე იდგეს, რომ ვერ წალეკოს,
ათასმა ტალღამ, ათასგვარმა ტაიფუნებმა,
მეტყველად იდგეს, რომ სიჩუმის ჩქამიც არ იყოს,
რომ არ დაემსხვრეს იმედები ფაიფურივით,
ზღვათა ხმაურში, თოლიების გამკივან ხმაში,
როს მეკობრეთა ქვემეხთაგან ვარდება ბოლი,
რომ მთელი ზეცა გადაღებოს სუდანურ ხნაში,
რომ ჰორიზონტის კიდეებზე წითელი ბოლო
ჩამოწვეს, როგორც შებინდება, როგორც მიმწუხრის
ლოცვა, თვითგვემა, მეტანია, როგორც მხილება,
მზესთან-ვარსკვლავთა ანუ ყველა მისი ძმისწულის,
მათი სიზმრების, ზმანებების, უფრო ხილვების,
მათი კაშკაშის, მათი ციდან მოწყვეტის წამის,
მათზე სურვილის ჩაფიქრებაც, ძილის წინ დათვლა,
მართლა მეჭეჭებს ხომ არ აჩენს იმავე ღამეს,
ან როგორ ქმნიან სილუეტებს თევზების, დათვის,
ჟირაფის, კურდღლის, მშვილდოსანის, მენახირესი,
ითვლი და ძილი გეპარება, როგორც ტივტივა-
თვალებზე და შენც გამოაღწევ სანაპიროსკენ,
რომ ეს სიზმარიც საკუთარი ხუთი თითივით
გაიზეპირო, გაიღვიძო და წყალთან მოყვე,
მოყვე ნახევრად მძინარემ და თვალების ფშვნეტით
და მერე წყლითვე მოიბანო შუბლი და ლოყა
და არაფერი აღარ შეგრჩეს ამ ლექსის მეტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები