ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2021


მედვეჟატნიკი -2

ნინო დარბაისელი

მედვეჟატნიკი
-----

(გაგრძელება)

2.
მე -  ნიუ ჯერსიში ვცხოვრობ,  ფრი ჰოლდში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში  პატარა საკუთარი სახლი გვაქვს წინა  და გვერდითა ეზოთი, ზუსტად  ბაბტისტური ეკლესიის გადაღმა.
    ნიუ იორკში,  საგამომძიებლო ბიურომდე, სადაც  ქართულის თარჯიმნად ვმუშაობ,  ჩემი სახლიდან  მანქანით 50 წუთია. ვიდრე დამირეკავენ და წასაყვანად მოვლენ ხოლმე, ყველაფერს ვასწრებ. გამზადებასაც. ნუ, ჩაცმით თავისუფლად  და უბრალოდ უნდა მეცვას,  ძირითადად  ტენის-შუზები, რამე  ჯინსი,  უკლავო მაისური და ზემოდან  - ჟაკეტი. ზამთარში გარედან კიდევ რამეს ვიმატებ. ფენობრივი ჩაცმა კარგი იმიტომაა, რომ ყოველგვარ კლიმატს ერგები.
უბრალოდ კი იმიტომ უნდა  მეცვას, რომ უცნობ ადამიანთან დაახლოება არ გამიჭირდეს. ახლა წარმოიდგინეთ, დაკავებულთან სასაუბროდ „მაიკლ კორსის“ ჩასაცმელით,  „ ლუის ვუტონის“
ჩანთით და „ქეით სპეიდის“ ბიჟუტერიით რომ მივიდე და თან ’’ვიქტორიას სიკრეტის’ „ვერი სექსი“ მესხას, მიმიღებს თავისიანად?
      იაფი, ათდოლარიანი ბიჟუტერია მიკეთია და სუნი არაფრისა არ უნდა ამდიოდეს. ეს სიგნალი საფრთხილოა, შეიძლება, ნეგატიურ ხსოვნას აღვიძებდეს ვინმეში და ჩაიკეტოს  ან სულაც ალერგიული იყოს ადამიანი.
წელიწადში,  მიმიმუმ, თორმეტი საათის ტრენინგი სავალდებულოა და სულ იმას გვასწავლიან, ნდობაში როგორ უნდა შევიდეთ დასაკითხ პირთან და  ეჭვმიტანილი როგორ უნდა გავხსნათ, რომ გამოძიებას დავეხმაროთ.
რამდენიმე დასაკითხი ოთახია ბიუროში. თითოეულს თავისი ჩამწერები აქვს, გვერდიდან ჩანს , როგორ ვმუშაობთ და თვალსაც გვადევნებენ. დაკითხვის ბოლოს ერთ პირს ჩანაწერისას მომცემენ.  პატარა ოფისში ჯერ უნდა  სასწრაფოდ ავკრიფო ტექსტი უზუსტესად, ქართულად,  თავისი შორისდებულებიანად, მერე ინგლისურად ვთარგმნო ასევე უზუსტესად. ამოვბეჭდო, ხელი მოვაწერო ყოველ გვერდზე და ვიდეოჩანაწერიანად ჩავაბარო.  ეს ხშირად იმავე დღეს არაფრით ესწრება და მეორე დღესაც მივყავარ სამუშაოდ.
რომ მივყავარ, არასოდეს ვიცი, იქ ვინ დამხვდება, ან რა აქვს ჩადენილი,  დაზარალებულია თუ დამზარალებელი. არ შეიძლება, წინასწარი განწყობა შემიქმნან ადამიანის მიმართ.
თარჯიმანია საჭირო და მორჩა.
შესვლისას დეტექტორი ხომ უნდა გავიარო! ჩანთას ყოველ შესვლა-გამოსვლაზე საგულდაგულოდ, სპეციალური, ლურჯშუქიანი შავი ჯოხით სინჯავენ,  თან სულ ბოდიშებით:
მე-ემ, ამას თქვენი უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთო.
ის რომ შემოიყვანეს, მე უკვე ვიჯექი. ეს დაკითხვად არც იწოდება,  ადამიანს ვეუბნებით, რომ ესაა უბრალოდ, გასაუბრება, ვიდრე გამომძიებელი მოიცლის და დაკითხვა ჩატარდება, რომ არ დაიძაბოს და არ ჩაიკეტოს თავისთავში.
გარეგნობაზე რა ვთქვა, გოგოს გამოუძინებელი და შეშინებული თვალები ჰქონდა, როგორც ყველა დაკავებულს მეორე დღეს, ტანსაცმელიც უკვე ‘’საშინაო’’ ეცვა. ნაცრისფერი, იქნებოდა ასე, ოცდახუთი- ოცდარვა წლის, ცხვირი  - სწორი, სახის კანი -  უკვე გამომშრალი,  თვალები  - მუქი, კბილები - ქართულად მოვლილი, აი,  ვითომ ყველაფერი მოწესრიგებული  რომ აქვს და ამ დროს დაპლომბილები - ფერშეცვლილია, ღრძილები - ლაპარაკისას უჩანს და შესიებულივითაა.  თმა - უკან კუდად შეკრული, გაქერავებული, სიმაღლით -საშუალოზე ოდნავ მაღალი. ტუჩები - უფრო დიდი ითქმის და მოუვლელად და ნანერვიულებად  - თეთრი იქნება, აბა, რა!
ამ ლამაზ გოგოს აქ რა უნდა- დავიწყე მე- ალბათ რაღაც გაუგებრობაა, არა?
გაუხარდა ქართულის გაგონება, თვალებში სხივივით ჩაუდგა.
- რა გქვია,  გენაცვალე, საიდან ხარ? რა კარგი სახელია ჟუჟუნა, უკვე ვიცი, ჟუჟუს დაგიძახებდნენ ბავშვობაში და თბილისშიც, ბონი აქ დაირქვი? ჰო, მართალი ხარ, ჟუჟუს თქმა არ უნდა?
რას ლაპარაკობ, შიგ დუშეთიდან? მერე,  თბილისში სად ცხოვრობდი? გათხოვილი იყავი?  რამდენი ხანი? დიღმის მასივში, ტყესთან? რას ლაპარაკობ,  შვილი გყავს? რატომ, არ შეგეძინათ? ზედ ტყის პირას იყო თქვენი ხუთსართულიანი? სვამდა? მოიცა, ეგ რომელი ხუთსართულიანია, მაგ ეზოში, თოთხმეტიანი როა, დეიდაჩემი ცხოვრობს  მანდ ლამზირა, სკოლის მასწავლებელია, ... არ გადამრიო, შენს დედამთილიც ყოფილი მასწავლებელია და  ეახლობლებოდა და შენც ყოფილხარ მის სახლში? პიანინოს თავზე ნახატი თუ გახსოვს? მე დავხატე მოწაფეობისას. რამდენი ხანია, ამერიკაში ხარ?
რა არის ცხოვრება, რა ახლობლები ვყოფილვართ! სად არ შეხვდება ადამიანი ახლობელს!
(ამას ყველაფერს მართლა, გულწრფელად ვეუბნები, აბა, ნდობაში როგორ უნდა შევიდე!)
  მოდი ეხლა და  მომიყევი, რა იყო და რა მოხდა! იქნებ რამით დაგეხმარო!
    აქედან უკვე ბონი ანუ  ჟუჟუ ყვება:
დუშეთში მამიდა მზრდიდა, ჩემმა ქმარმა  მეზობლის ქეიფიდან მომიტაცა და გამომკიდებელიც არავინ მყოლია. მერე თბილისში  სხვა გაიჩინა,  თავისივე  პატარა მაღაზიის გამყიდველი, გავშორდი,  საცხოვრებლად მაინც დედამთილთან დავრჩი, წასასვლელი არ მქონდა. ის - ახალი ცოლის ნაქირავებში ცხოვრობდა.  ცოლი რომ დაუფეხმძიმდა, დედამთილმა თავისი  ოქროული გაყიდა, მე აქ წამოსვლაში რომ დამხმარებოდა. დავპირდი, ვიშრომებ, გზაზე დავდგები და ამასაც გადაგიხდი, კიდეც მუდმივად დაგეხმარები-მეთქი. აქ სამუშაო უნდა დაეხვედრებინათ ვითომ. ერთი ბებერი მომცეს და ორ კვირაში მომიკვდა. ექვს ქალს ერთი  პატარა ოთახი გვქონდა დაქირავებული ბრუკლინში, ქირა ხომ უნდა გადამეხადა, ვიდრე რამე სამსახურს ვიშოვიდი, უმუშევარი ხომ არ დავჯდებოდი,  დილიდან გამოვედი სახლიდან და ქუჩებში დავეხეტებოდი  დროის გასაყვანად. ჭურჭლის მრეცხავი გვინდაო,  ერთი ბარის კარზე რუსულად ეწერათ და არც საბუთი უთხოვიათ, არც არაფერი, შევედი თუ არა, მუშაობა დავიწყე. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, იმავე დღეს, მუშაობა რომ დავამთავრე და  ტანსაცმელგამოცვლილი ბარის მხრიდან გამოვედი, შევნიშნე,  ერთი კარგი კაცი მარტო იჯდა მაგიდასთან და მე  მიყურებდა. გავუღიმე, გამიღიმა. მთელი ერთი თვე ასე გაგრძელდა და მეც გავთამამდი. საერთოდ,  ჭურჭლის სამრეცხაოს პერსონალს ნება არა აქვს, დარბაზში კლიენტებს მოემსახუროს, მაგრამ როცა ბევრი ხალხია, ამაზე თვალს ხუჭავენ, მეც რამდენჯერაც მომენტი მომეცა, ყურადღება გამოვიჩინე, ძირითადად ლუდს სვამდა. მერე  ერთხელ ლანჩზე დამპატიჟა, მერე მეორედ დამპატიჟა, მერე - თავის სახლში მიმიყვანა, ნახე, როგორ ვცხოვრობო. ბარიდან ათი წუთის სავალი იყო, კონდო ჰქონდა დაქირავებული.  რაღაც საიდუმლო სამსახურის ოფიცერი იყო, ბევრი არც მე მიკითხავს და არც თვითონ უთქვამს.  კიდეც რომ მეკითხა და ეთქვა, ჩემი ინგლისურით რას გავიგებდი! ურთიერთობა კარგად აგვეწყო და მის კონდოში გადავედი, თან  სამას დოლარს მე გადაგიხდი ქირას მეთქი-გავაგებინე და კარგიო. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ  ხელსაც მთხოვდა მალე.
  ერთ დღეს გახურებული მუშაობა რომ გვქონდა და მე ჭურჭლიდან მომხსნეს და  ისევ დარბაზში გამგზავნეს, ვხედავ, ჩემი თბილისელი ნაცნობია! აი, ხშირად რომ ხედავ და მეტი არაფერი. ჩემს მეზობელთან დადიოდა. გამოვეცნაურეთ ერთმანეთს. ნუგო მქვიაო. აქ ამერიკაში ფიზიკოსად ვმუშაობო, ოღონდ ნასას რაღაც განყოფილებაა აქ, ნიუ იორკშიო. მოუხშირა სიარულს. ჯიმსაც გავაცანი, ჩემი ბიძაშვილია-მეთქი, სიმარტივისთვის. ჯიმმა  ერთხელ ჩვენთან დაპატიჟა, ნუგო ქართული ღვინით მოვიდა და  მოუხშირა ჩვენთან სიარულს. ერთ დღესაც მეუბნება, მე შენს მეზობელთან იმიტომ დავდიოდი, რომ  სინამდვილეში შენ დამენახე. შენ მიყვარდი, მაგრამ იქვე, სახლის ქვეშ მაღაზიაში - ქმარი გყავდა და ვერაფერს გიბედავდიო, მერე დამიმარტოხელა,  ჯიმი შინ რომ არ იყო და ბურჯღვნა დამიწყო,  ორი სამი დაბურჯღვნის მერე  მერე ლოგინამდე რაღა გზაა! მერე დამემუქრა, რომ გავიგო მაგ  კაცთან რამე საქმე გაქვს, ორივეს ყელებს გამოგჭრითო,  თავისად რომ დამიგულა, ერთ დღესაც მეუბნება, აუ, მაგრა გავიჭედე ფულში და  ოცი ათასი მჭირდება სასწრაფოდ ორი  დღითო. მე მაგდენი სად მექნებოდა! რაც მქონდა მოგროვილი  - სამნახევარი გამოვუტანე, მივეცი და მაშინ რაკი მეტი არა გაქვს,  დანარჩენს სხვისგან ვისესხებ  პროცენტით და შენ თანდათან  გადაუხადეო, მეტი რა გზა მქონდა. ისესხე- მეთქი. მოკლედ ისე გამოვიდა, რომ იმ  ბინის ქირის სამასი დოლარის გარდა, რასაც ვშოულობდი, სულ იმის ვალში მიმდიოდა. ცოტა მაცადეო, ავაწყობ ცხოვრებას, აქედან წაგიყვან, ცოლად უნდა მოგიყვანოო. ჯიმი რას ამბობდა? არაფერს, რა კარგი ახლო ნათესაობა იცით ქართველებმაო, რამდენჯერმე გაიმეორა და ეგ იყო. საღამოთი გამოგვივლიდა, ერთად დალევდნენ ლუდს ან ერთ ბოთლ ქართულ ღვინოს მოიყოლებდა კუბიკებად დაჭრილი ყველით. მერე ჰოკეის უყურებდნენ ტელევიზორში. ერთხელ  იარაღზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ჯიმიმ თავისი რეგისტრირებული იარაღი აჩვენა, ოღონდ დაშლილს ინახავდა,  დიდი ოთახის უჯრებიან კარადაში, ქვემოთ.
გუშინ ღამე ნამუშევარი რომ დავბრუნდი, ჯიმი უკვე შინ იყო, მაგრამ  თავის ოთახში. შევიჭყიტე და ეძინა,  კარი ჩუმად გამოვიხურე, ფეხაკრეფით გამოვედი, მარტო რაღაც გავიცხელე, ტელევიზორთან დავჯექი.
კარი პასვორდით იღებოდა ჩვენთან და ნუგომ იცოდა, უცებ თავზე დამადგა,  რაღაც არეული იყო. თვალები ჰქონდა სულ ამღვრეული, უცებ გვერდით მომიჯდა და კისერზე  ძალიან ცივი რაღაც მომადო, ახლა მიდიო, უჯრა გამოაღე და  ჯიმის რევოლვერი  აქ მოიტანეო., თან თვითონაც იარაღმოდებული მომყვება. მივედი და გამოვიღე. გინდ დამიჯერეთ გინდ არა, აქამდე იარაღი ხელში არასოდეს მჭერია. ამოვიღე უჯრიდან. ახლა ეგ ტყვიებიანი აბოიმა  ქვეშიდან შიგ შეუდე და ხელი მიარტყიო, ორ მირტყმაზე გამომივიდა. მერე ჯიმის ოთახში შემიყვანა და მძინარეს ესროლეო. თან იარაღი აქვს მოდებული.  ჰა, თორე გაგათავეო. შენ ხომ ეგ გირჩევნია ჩემს თავს, არაო? განა არ ვიციო თან მეჩურჩულება. ეს ჯიმი კი წევს გაუნძრევლად... მე თვითონ არ ვიცი, როგორ გამოვკარი ხელი ან ესე ზუსტად როგორ მოხვდა, რომ ადგილზე გათავდა მძინარე კაცი. მე რომ ამ პანიკაში ვარ, მოვიხედე და ნუგო იქ აღარ არის, იარაღიანად გამოვვარდი გარეთ, არ ვიცი საით გავრბივარ! ცოტა აზრზე რომ მოვედი, იარაღი ბუჩქებისკენ ვისროლე და თავზეც დამადგნენ და ამიყვანეს.
- ესე იგი, მოკალი, არა?
-  ასე გამოდის
-  და ის ნუგო რა გვარი იყო, ან სად ცხოვრობს, იცი?
- გვარი ვიცი, მაისურაძეა. სახლი არ ვიცი,  არ მინახავს, მპირდებოდა, წაგიყვან და გაჩვენებო.
- კარგი, დღეს დაგემშვიდობები და ამ დღეებში კიდევ გნახავ, მანამდე მოვიფიქრებ, რითი შემიძლია დაგეხმარო- მეთქი, ვუთხარი და ასე დავემშვიდობე.  გაიყვანეს.
მე დაღლილი,  მძღოლი-ოფიცრის მოლოდინში  საერთო ჰოლის  სავარძელში ჩავჯექი ჩემი ცხელი რძიანი  ყავით და მიმეთვლიმა.

( გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები