ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2021


მედვეჟატნიკი -3

ნინო დარბაისელი

მედვეჟატნიკი
_ - - - - - - - -

(გაგრძელება)

3.
  ასეთ საქმეებს აქ ძირითადად ასაკოვან, საპენსიო გამომძიებლებზე ანაწილებენ. ახალგაზრდებს  - რთულები  ხვდებათ, იმათაც  ერთი სული აქვთ, რამე ისეთი გახსნან, რომ  ან თანამდებობაზე ერთი საფეხურით მაღლა აიწიონ, ან რანგი მოემატოთ ან ხელფასი.
  ანუ  გამომძიებელი - მოხუცი კაცი იყო.  რაღაცნაირი,  დაღმეჭილი სახე ჰქონდა,  წითელი მოლურჯო,  დაბებკილი, მუდმივად გაციებულივით ცხვირი,  თავი - ბოლომდე გადაპარსული. ადრე მასთან არასოდეს მიმუშავია. ალბათ ცოლი უკვე  მოუკვდა,  აქედან წასვლა ამისთვის პირდაპირ მოხუცებულთა სახლში გადანაცვლებას ნიშნავს და  მუშაობას იმიტომ ებღაუჭება-მეთქი - რატომღაც გავიფიქრე.
  რა  უნდა იყოს აქ გამოსაძიებელი! ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე, ლამის ზედ ფაქტზეა დაკავებული, დანაშაულის მოტივი ცნობილია, იარაღი - ნაპოვნია,  არავინ ჩადენილის უარყოფას არ აპირებს,  პირველადი დამუშავება ჩატარებულია,  აღიარებით ჩვენებას ჩავწერთ. ექსპერტიზიდან ერთი დასკვნაც მოსულია, რომ ნამდვილად მისი თითის ანაბეჭდებია იარაღზე, შიგნიდან-გარედან და მეტი არავისი. აუტოფსიის პასუხიც  მოვა,  ფაილში ჩაიკერება. მეორე  ხარისხის მკვლელობას ჰგავს, როგორც მე ვერკვევი.  კიდევ ერთი ფორმალობა - ფსიქიატრის დასკვნაა მოსაპოვებელი, რომ  გაირკვეს, შეურაცხადი  ხომ არ არის ეს ბანი თუ ჟუჟუ.  გამომძიებელმა დაიჟინა,  შეიძლება,  ის ნუგო იქ სულაც არ ყოფილა და  მოგელანდა, რომ ვიღაც გაძალებდა, მოკალიო. ღამის ცვლაში მუდმივი მუშაობა,.  მუდმივი უძილობა, სტრესი... და ალბათ ჰალუცინაციებიც გაწუხებსო. ნარკო ტესტი - დაუყოვნებლივ ტარდება, აქ რომ შემოჰყავთ. რამე რომ აღმოეჩინათ, მეც გავიგებდი. 
  ბიუროში არცერთ საქმეზე  არც წინასწარ, არც მერე  - ზედმეტს არაფერს გეტყვიან, განაჩენის გამოტანამდე  დიდი გზაა, ამიტომ დაკავებული პირი  მისჯამდე - უდანაშაულოდ ითვლება, ცხელ კვალზეც რომ იყოს აყვანილი.
  ზოგი  ვითომ უფულოა და უცებ იმისთანა ძვირიანი ადვოკატი აღმოაჩნდება, საქმის შესწავლას იმის საფუძვლიანი რკვევით იწყებს,  მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ რაიმე  არაკანონიერი ხომ არ ჩაუდენიათ დაკავებისას ან გამოძიების პროცესში, მისი უფლებები ხომ არ შეულახავთ  ოდნავ მაინც.  ხმის  ოდნავი აწევაც კი  უფლებების დარღვევად ითვლება.
  აქ ამაზე უარესი დანაშაულისთვისაც კი  ბეილს - შესატანს  გადაიხდის ეჭვმიტანილი და  სახლში უშვებენ. ამას ვინ რა ბეილი უნდა მოსთხოვოს,  იმხელა ვალებში ყოფილა გაბმული, ან გადამხდელი ვინ ეყოლება! წესია და მაინც შეეკითხებიან, სურვილი ხომ არა აქვს. ადვოკატიც მერე სახაზინო ეყოლება, უფასო.
ადრე,  პირველი შეხვედრისას  იმ კაცის  სახელი რომ  ვკითხე და ნუგოო, გვარად მაისურაძეო, რომ მითხრა, რამდენიმე წლით ადრე ამ ინფორმაციას ოქროს ფასი ექნებოდა. ახლა?!  გინდა ყოფილა, გინდა არა.  თითის ანაბეჭდებით  იყო სავსე იქაურობა, შეაგდებ ერთ კარგ ანაბეჭდს საძიებოში და  კომპი იმწამს ამოგიგდებს პატრონის ვინაობას, ფოტოს, ბექგრაუნდია თუ წარსული ცხოვრება, იმასაც.  ვიღაც არალეგალი ყოფილა ამასავით.
    დაკითხვა რომ დაიწყო, გამომძიებელმა ჯერ ის ინფორმაცია აცნობა,  ანაბეჭდები თქვენს ბინაში რომ აღმოჩნდა, ეკუთვნის არა ვინმე ნუგო მაისურაძეს, არამედ ემზარ მაისაშვილსო.
(ეტყობა,  შორს არ წასულა, ნუგო ხომ ნუგზარი იქნება, ნუგზარი - ემზარი,  მასურაძე - მაისაშვილი).  ოღონდო,  უთხრა, ეგ პიროვნება დანაშაულის დროს იქ ვერ იქნებოდა, ქალაქის სულ სხვა ნაწილში, ბარში იჯდა,  ქვითრის პირები -  ამოღებულია, ბედნიერი საათის  დამთავრებამდე,  ნახევარი საათით ადრე არის შესული იქ.  მაგ დროს ხომ სასმელი ნახევარ ფასად იანგარიშება და  ცალკე იწერება, მერე სრული ფასებით აქვს გადახდილი და ქვითარზე  ბანკის ბარათის ნომერიც წერია და გადახდის დროცო. ამდენს ვეღარ გაუძლო ჟუჟუ-ბონიმ და გულამოსკვნით ატირდა:
- „ ეს რა მიყო,  ნუგო მაგასა და ჭირი! როგორ შემაყვარა თავი, რატომ შემაყვარა თავი...როგორ ერთიანად გამაუბედურა ...
    ქაღალდის ცხვირსახოცები მაგიდაზე,  წინ გვედო, ის კი  ცრემლებს და ცხვირს მალ-მალე სახელოთი იწმენდდა. ერთიანად კანკალებდა და მეხვეწებოდა, უთხარით, რომ  ხომ მაინც არაფერს უარვყოფ და  მაგასაც  მე თვითონ ვაღიარებ, რომ მარტო ვიყავი.  ქვეყანა რომ შეიყრება საქართველოში, მირჩევნია კიდეც, რომ მარტომ ჩავიდინე ეს ყველაფერი, ფსიქიური მოშლილობის მომენტში ან ეჭვიანობის ნიადაგზეო. მე კი იქ ჩასვლა ალბათ აღარ მეღირსება, მაგრამ მაინცო.
  საერთოდ, ადიულტერი -  დანაშაული არ არის. ეს ადამიანთა პირადი ამბავია. ის ნუგო- ემზარი ფულს რომ აწერდა, კარგი არაა, მაგრამ ესეც  - ორ ადამიანს შორის მოხდა და  ჟუჟუ ჩივილს არ  აპირებდა. რომ ძალადობდა?!  არც ესაა ადვილად დასამტკიცებელი, თუ ფაქტი არ გიჭირავს. ან  როგორ  და სად უნდა ეჩივლა არალეგალ ქალს?  იმ მაისაშვილის დაკითხვას რა აზრი ექნებოდა. ადამიანს ალიბი ჰქონდა. მომხდარის შესახებ  ინფორმირებაც კი არ იყო  მისი საჭირო.  ნათესაურად დაკავშირებული ის არ იყო და ...
დაკითხვის დრო იწურებოდა, რომ გამომძიებლის ტელეფონზე ზარი შემოვიდა. ბოდიში, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთო და გარეთ გავიდა.
- როგორა ხარ,  - ვეკითხები ჟუჟუ- ბანის  -  როგორ გექცევიან?
  ბევრს ვერაფერს ვკითხავ, ვიცი, ყველაფერი იწერება და რომც არ იწერებოდეს, რა მაქვს ერთი-ერთზე სალაპარაკო! უბრალოდ,  ადამიანურ ყურადღებას გამოვხატავ.  მკვლელია, მაგრამ მაინც ცოდოა,  ახალგაზრდა ქალია, გზაარეული. თან ეს საუბარიც რაკი ქართულადაა, მე თვითონ უნდა  გავატექსტო, მერე ვთარგმნო და ხელმოწერილი ჩავაბარო. რა ძალი მადგას!
-  ძალიან კარგად მექცევიან, საჭმელიც ძალიან კარგია, დღეში სამჯერ. ბუფეტია და  რაც გინდა, რამდენიც გინდა, ჭამე,  ერთ აღებაზე რაც დაგეტევა    დიდ ოთხკუთხედ თეფშზე.  ძალიან  სისუფთავეა.  გარეთ ბურთსაც ვთამაშობთ,  რკინის გისოსები რომ არ იყოს და ეზოს ირგვლივ მაღალი კედლები, ციხეში კი არა, დასასვენებლად  მეგონებოდა თავი.  მერე სხვაგან რომ გადამიყვანენ, იქ არ ვიცი და აქ ზედამხედველებიც სულ გიღიმიან.
      შემოდის გამომძიებელი, ცალ ფეხს კი არ მოადგამს, მოაცურებს. არა, ნამდვილად დროზეა შინ წასასვლელი! დაკითხვისას  კითხვას სვამდა და პასუხის მოსმენამდე თვლემა ერეოდა.  რას იგებს  და რას არა ჩემი ნათარგმნიდან, დარწმუნებულიც არა ვარ. საერთოდ, გამომძიებლებმა კი იციან დასაწყისში დასმული კითხვის  ბოლოში გამეორება, ვითომ პასუხი დაავიწყდათ, რომ ადამიანი ტყუილში გამოიჭირონ, მაგრამ ამას,  არ მგონია, მაგდენი ჩანაფიქრი ჰქონდეს, უბრალოდ, აღარ ახსოვს რა ჰკითხა და რა - არა.
- აუტოფსიის პასუხი მოვიდა -  ამბობს რაღაცნაირი  დაფიქრებით - სიკვდილი გაცილებით ადრეა დამდგარი, ვიდრე ტყვია მკერდის ძვალს  აცდებოდა და გვერდით გაუვლიდა, ანუ ჭრილობა სასიკვდილო მაინც ვერ იქნებოდა და სიკვდილის რეალური  მიზეზი -  საწამლავია.  მოგვიწევს განძრევა!  უნდა გაირკვეს,  მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა,  რა შეიძლება იყოს მოტივი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
  - ესე იგი, ამას უკვე გამოცვლიან - გამიელვა მე.
-  ღმერთო, ესე იგი, მკვდარი ადამიანი  მე მეორედ მოვკალი? -  პირი დააღო ჟუჟუმ. ამხელა თვალები ცხოვრებაში ადამიანის  კი არა, ანიმაციური ფილმის გმირის სახეზეც არ დამინახავს არასდროს.
  გაიყვანეს.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები