ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2021


სკამი

ჩამოვიბანე ამ დღის ჭუჭყიც, ღამის ლაქებთან
ერთად და ვფიქრობ, რას მოიტანს ხვალის ქრონიკა,
მთელი ოთახი გაურკვევლად მელაქლაქება,
ვერაფერს ვიგებ, არ მიცდია, შენც არ მომიკვდე.
ავიღოთ სკამი, მაგალითად, უბრალო სკამი,
რომელიც უკვე ზურგს მიმაგრებს თითქმის მეხუთე
წელია, იცის ყველა ჯდომა, მიმოხვრა, ჩქამი,
ხმაური, გმინვა, ღამისთევა, სულის შეხუთვა,
გადაღლილობა, მწუხარება, ლოცვა, ლოდინი,
დაკარგვა, ძებნა, იშვიათად რამის მიგნება,
მან იცის ბევრი, უფრო სწორად, მცირეოდენი
დოზით კამათი, კინკლაობა, გაქილიკება
ჩემივე თავის, მეგობრების ან უფრო ბედის,
ტყუპისცალივით შემეზარდა, ვეღარ ვიცილებ,
ვინძლო იცინის, როცა მთვრალი უმიზნოდ ვყბედობ
და შესაძლოა, ჩემზე მეტად, უყვარს სიცილიც.
გვყავს ერთადერთი მეგობარი, რუხი მაგიდის
სახით და ამგვარ, გაუსაძლის დღეების დასტას
გადავაგორებთ ან უბრალოდ ფეხით დავკიდებთ,
რომ სისხლი ტვინში ჩაექცეს და უეცრად გასკდეს,
წნევის მოწოლით ეს დღეები-ასე უცნობი,
ასე თავნება, რომც გინდოდეს, გვერდს ვერ აუვლი,
ამ სკამმა იცის ყველა ნატვრა, ყველა ოცნება,
ყველა იმედი, მოგონება და სასწაული!
ჩამოვიბანე ამ დღის ჭუჭყიც, ღამის ლაქებთან
ერთად და ვფიქრობ, რას მოიტანს ხვალის ქრონიკა,
სკამიც, მაგიდაც გაურკვევლად მელაქლაქება,
ვერაფერს ვიგებ, არ მიცდია, შენც არ მომიკვდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები