ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2021


მედვეჟატნიკი - 4

ნინო დარბაისელი

მედვეჟატნიკი
- - - - - - - - -
(გაგრძელება)

4

ხომ ვამბობდი, არის თვეები, სამუშაო საერთოდ არაფერი მაქვს-მეთქი და  ახლა ერთმანეთზე ისე  მიეწყო, სახლამდე გვიანობამდე ვეღარ ვაღწევ. კიდევ კარგი, ჩემი ქმარი კომპიუტერული თამაშებით ერთობა და ძაღლიც გაჰყავს პიპი-პუპებზე  დღეში რამდენჯერმე.
ჟუჟუ-ბონისთან ასეთი მდგომარეობაა: ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, რომ არაფერი სჭირს.
ახლა ორი ვარიანტია. ან შეგნებულად იგონებს, რომ ის  ნუგო ანუ ემზარ მაისაშვილი იქ იყო და  იარაღის მუქარით აიძულა,  ჯიმი მოეკლა, ან ის კაცი... არა, იქ, როგორ  იქნებოდა! იმისი ანაბეჭდებით კი სავსეა იქაურობა, მაგრამ ალიბი აქვს,  კვების  დაწესებულებიდან ამოღებული  რისითი- გადახდის ქვითარი, წყალი არ  გაუვა!
... მაგრამ მანამდე,  თუ იმ ჯიმიმ მართლა თავი თვითონ მოიწამლა, მიზეზი რა იყო?
როგორც გამოვიცანი, საქმე ახალგაზრდა გამომძიებელს გადაეცა და ახლა ის სწავლობს ქაღალდებს და ვიდეო ჩანაწერებს.  ამ უახლოეს  დღეებში დანიშნავს დაკითხვას და უჩემოდ ნაბიჯს ვერ გადადგამს. უნდათ თუ არა,  ყველაფერს გავიგებ.
მე კი დღეს  სასწრაფოდ ახალი გაცნობა მაქვს. არასრულწლოვანია, ფეხმძიმე.
არავითარ შემთხვევაში არასრულწლოვანის დაკითხვა უფროსის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ, გაცნობაა.
მაშ ასე, ვზივარ, შემოჰყავთ,  ვიწყებ:
- გამარჯობა! ეს ლამაზი გოგო აქ რამ მოიყვანა! გაუგებრობა იქნება ნამდვილად.  რა გქვია, გენაცვალე!
„დიახ პაწიავ, ქართველი ვარ , ქართველი გესმის?“  -  ერთ ლექსში საბა რომ ეუბნება სტამბოლის ბაზრობაზე ნაყიდ ბავშვს და ბიჭი უსაზღვრო  აღტაცებით რომ შესცქერის, ვისი ლექსია აღარ მახსოვს, მაგრამ  ალბათ  ისე მიყურებს. პრინციპში,  ყველა ახალი ეგრე მიყურებს.  თავიდან, ეს სამუშაო რომ დავიწყე,  ასეთი რამეები ძალიან მიტოკებდა გულს.  ღამეები არ მეძინა. მერე ადამიანი რაღაცნაირად  ეჩვევი  ერთიდაიმავეობას  და ახლა გონების გზით მიმდის ყველაფერი. ლირა რქმევია.  ეს - რაღა სახელია! ...  როგორც ამიხსნა დედა -  ლია და მამა - რამაზი ჰყოლია და მათი სახელების პირველი მარცვლები შეუერთებიათ.
ტანად კაფანდარა, ჭორფლებიანი, მოწითურო, მუცელი კარგად ეტყობა. ჯერჯერობით მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს, მერე  თანდათან გაირკვევა რაღაცეები.
შემდეგი კითხვა - თბილისელი ხარ?... საქართველო ისეთი ქვეყანააა, პატარა. ხალხი ერთმანეთზე ისეა გადაბმული, ლამის ყველა ყველას ბიძაშვილი, ნათელმირონი და მეგობარ-მეზობელია, თუ არა და  - მტერი.  ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ საერთო ნაცნობი ვერ გამოგვენახა. განსაცდელში ყოფნა კი ისეთი რამეა, კაცი გამარჯობით რომ ძლივს იცნობდეს ვინმეს, რაკი  ჩვენ შუა საერთო ნაცნობობის ჯაჭვია გასაბმელი, რომ  როგორმე მოეჭიდოს და ორმოდან ამოჰყვეს,  მეგობრად და ნათესავადაც გამოიყვანს. მეღიმება ხოლმე ამ  გულუბრყვილობაზე, მე  ხომ ამ დროს სულ სხვა რამ მაინტერესებს, კერძოდ, ის,  რასაც ტრენინგებზე გვასწავლიან და რასაც“ ნდობაში შესვლა და ეჭვმიტანილის პირველადი გახსნა ჰქვია“.  პირველადი ინფორმაცია მაქვს მოსაპოვებელი, ის,  რაც ჩვეულებრივ, ისედაც ადვილად დადგენადი  თარიღებისა და ფაქტების მიღმაა და რაც საქმის გახსნას აადვილებს.
თბილისიდან არ ყოფილა, ქუთაისელია... ქუთაისელს რაზე უნდა ელაპარაკო, როცა საერთო ნაცნობი არ გეგულება? -  გელათის, გეგუთის  და სათაფლიის, თეთრი ხიდის, კარგი!  - წყალტუბოს  შესახებ, მერე  უნდა მიუშვა და თვითონ  გააგრძელოს, რომ ქუთაისიდანაა ყველა, ვისაც ქართულ კულტურაში ლიტერატურა იქნება, კინო თუ სპორტი,  რამე გაუკეთებია.  მერე მიწექი სავარძელზე, ფეხი ფეხზე გადაიდე და მიეცი დრო, დაიცალოს. ერთი საათი მაინც გასაყვანია.  გაცვლითი სტუდენტური პროგრამით ჩამოსულა ერთი წლის წინ. ამხანაგებთან ერთად გემით თავისუფლების ქანდაკების სანახავად ყოფილან, გემბანზე გაუცნია ასაკით მასზე უფროსი  ბიჭი - ტატო, გაამერიკელებული ქართველი,  ბათუმიდან. გაზაფხული იყო, პროგრამა მთავრდებოდა, შეყვარებიათ ერთმანეთი,  წამიც ვეღარ ძლებდნენ უერთმანეთოდ. სექსიც ჰქონიათ, პირველი, მეორე,  მეასე, დაუცავი, საიდან ეცოდინებოდა  საქართველოდან ჩამოსულ სკოლის მოსწავლეს კონტრაცეპტივების მოხმარება! დაფეხმძიმებულა.  თავისი ჯგუფის  მეგობრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებში იყვნენ განაწილებული,  მოუტყუებია, მე აქ მტოვებენ სწავლის გასაგრძელებლადო, ოჯახისთვისაც იგივე შეუტყობინებია, ტატოს უთქვამს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ  შვილი გვეყოლოს და აქ ბედნიერი ოჯახი შევქმნათ, ოღონდ, მინდა იცოდე, თავიდან  რომ გითხარი, უცოლშვილო ვარ-მეთქი, მთლად მართალი არ იყო. თბილისში ცოლი და ორი ბიჭი მყავს დატოვებული, თორმეტის და რვის. ფაქტობრივად გაშორებული ვარ, მაგრამ ჩემს ცოლს ისევ ჰგონია, აქ უნდა ჩამოვიყვანო ბავშვებიანად, ხელი არა გვაქვს გაწერილი.  მართლა ძალიან შემიყვარდი და ჩემს მომავალს უშენოდ ვერ ვხედავ, მაგრამ  ფრთხილად იყავი, რამე სოციალურ ქსელში ზედმეტი სურათი არ დადო ერთად გადაღებული,  ვინმემ შემთხვევით არ დაგვაფიქსიროს, კადრში არ მოვხვდეთ  ერთად.  მე ბინას დავიქირავებ, იქ მეყოლები  არაფერს მოგაკლებ, ვიდრე გარეთ ამბებს მოვაგვარებ. დღეის  მერე ერთად -  გარეთ აღარ უნდა გამოვჩნდეთ, ქართველებით სავსეა აქაურობა და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.  თან  ჯერ კი არაფერი გეტყობა, მაგრამ არც შენ გაწყობს  ეს ამბავი,  ცოტა ხანში მუცელი რომ გამოგებერება, შენიანებმა სადმე ფოტოზე გინდაც მარტო  გნახონო. დარეკვით - მობილური სულ გექნება, თუ გინდა, ყოველდღე ელაპარაკე, შენ ჭკვიანი გოგო ხარ და არაფერი შეგეშლება, არც ზედმეტი წამოგცდებაო.
სახლი პატარა, ტყისპირა  დასახლებაში დაიქირავა. მე გარეთ სასეირნოდაც არ გავდიოდი, არც მეზობლებს ვიცნობდი.  ყველაფერი თვითონ მოჰქონდა. ყოველდღე მოსვლას ვერ ახერხებდა, რადგან  მუდმივად  ორ ცვლაში მუშაობდა, დღე და ღამე. ბოლოს რომ დამირეკა, კართან ყურადღებით იყავი, ნახევარ საათში მოვალო. შემოდგომაა და  მძიმე წვიმიანი,  ჭექა- ქუხილიანი დღე იყო. კარის ხმა არ გამომეპაროს-მეთქი და იქვე ვიდექი. ველოდე, ველოდე, არ მოსულა. არც მეორე, არც მესამე დღეს.  ვურეკავდი და მობილურს არ პასუხობდა. ჯერ კი არაფერი მაკლდა,  მაგრამ აღარ ვიცოდი,  რა  მეფიქრა და რა მექნა. საერთო მეგობარიც არავინ გვყავდა, რომ დავკავშირებოდი და რამე მეკითხა,
მერე გარეთ დიდი მოძრაობა ატყდა. პოლიციის მანქანები... მერე მე მომადგნენ. დაბლა მოშორებით ერთი სახლია, იმის პატრონს ძაღლი გაუყვანია ტყეში გასასეირნებლად, ძაღლს რაღაცის ირგვლივ ტრიალი დაუწყია და სადაც ლელქაშების ჯგუფია, იქ უპოვიათ მკვდარი, თავისი იარაღი ხელში სჭერია. თავი მოუკლავს.
გული მიგრძნობდა, რამე ასეთს იზამდა,  ვგრძნობდი როგორ ორცეცხლშუა იყო. ჩემთვის, ჩვენი ბედნიერებისთვის დღე და ღამე იბრძოდა, საქართველოსთანაც  - ამდენი ამბები ჰქონდა მოსაგვარებელი.  დღე არ იყო, იმის ცოლ-შვილს სათითაოდ რომ არ დაერეკა,  რა მექნა, ვიტანდი, ხანდახან ნახევარი საათი რომ ელაპარაკებოდა ყველას , თანაც ფეისთაიმით, უყურებდა და მამიკოს ვაჟკაცოო, ბიჭებს ეუბნებოდა შენ იცი, უნდა ივარგო და არ შემარცხვინოო,  ცოლს კი, თვალებს რომ დავხუჭავ, იმ ყვავილებიან კაბაში გხედავ, აეროპორტში გამოცილებისას რომ გეცვა, ბოლოს  გამცილებლები რომ მიატოვე, მე რომ უკვე ესკალატორზე უნდა დამედგა ფეხი, კიდევ  რომ  გამოექანე, ჩამეხუტე და გვერდით ზმეიკა  რომ გაგისკდაო.  მე გვერდით ოთახში მესმოდა ყველაფერი. იმ დროსაც და  ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, მაგრამ ამას რა ვუყო, მუცელში რომ მყავს-მეთქი, ვფიქრობდი. დამასწრო!

პირველი შეხვედრისთვის საკმარისი იყო.
და ჩემი ტრადიციული:  შენ სცადე, დაწყნარდე, ნუ გეშინია,  ყველაფერი კარგად იქნება!
ვნახოთ, რით შემიძლია, დაგეხმარო!

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები