ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2021


ტავერნა. დილით მოგზაურისა

ნინო დარბაისელი

ტავერნა. დილით მოგზაურისა
- - - -

უთენიისას ტავერნის კართან როცა მივიდა,
ღამისთევის და
საუზმისა  და 
ცივი  საგზლისთვის
როცა  გროშები გადაუხადა  მასპინძლის ბიჭსა,
ჯერაც თვალებს რომ  ზანტად იფშვნეტდა და  ზრდილობისთვის უღიმოდა,
სთქვა მოგზაურმა:

- მისმინე, შვილო,
ერთი ლუკმა და
ერთი ყლუპი და
ერთი გროში კი
სადაც წახვიდე,  სულ თან ატარე!
ცოტა არის თუ ბევრი არის,
შენი სამყოფი მიმავალმა  - წაიყოლიე!

იმ ქვეყანაში,
მოკრძალება  სადაც ღირსებად კი არა და უძლურებად მიუჩნევიათ,
თავი არავის წაუხარო,
თორემ ზურგზედაც  მოგახტებიან
და “აჩუ ცხენოს “ ძახილით მერე სახრესაც მწარედ გადაგიჭერენ,
“აჩუ ცხენოდან”  - “აცე ვირომდე”კი 
ერთი, 
მოკლე  გადაკვრაა..

ჰო, დედამიწა - მრგვალია და
ჭრელია და
ათასგვარია.
ერთი საქმისთვის - ერთგან
ოქროს ტახტს დაგიდგამენ,
სხვაგან - სიკვდილი არ აგცდება.

თქვა და წავიდა.
წუთით უცქერდა  პატარა ბიჭი შორს მიმავალის გაცვეთილ ზურგს,
მერე  შიგნიდან გამოსძახეს
და  უფროსებმა სადილაო საქმეს შეაბეს.

ის - მიდიოდა.
დილის ნისლი კი თანდათანობით იკრიფებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები