ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2021


მედვეჟატნიკი - 5

მედვეჟატნიკი
(გაგრძელება)

5.
არ ვიცი, დღეს რა მოხდა. ადრე ასეთი არაფერი მახსოვს.  დაკითხვა დილაადრიან დაიწყო, რომ  დავამთავრეთ, ჩვეულებისამებრ, დავრჩი და ტექსტის გაშიფვრას შევუდექი და სადღაც, შუა მუშაობაში ვიყავი, რომ ოფის-მენეჯერის ასისტენტი  ფეხაკრეფით შემოვიდა და  ხმადაბლა, თითქმის ჩამჩურჩულა, დღეს  ჩვენს განრიგში უმნიშვნელო ცვლილებებია.  სამი საათით ადრე ვამთავრებთ მუშაობას. მენეჯერმა მთხოვა,  გადმოგცეთ, რომ  პირადად თქვენ  დღევანდელი დღის სრული ანაზღაურება მოგეცემათ, ასევე, ბიურო გიხდით შინ  ქებით (ანუ ტაქსით) გამგზავრების ხარჯს, ქვითრის წარმოდგენისთანავე და  ეს - კიდევ არ არის ყველაფერი,  ბიურო  გჩუქნით ,,თი ჯეი მაქსის“ორმოცდაათდოლარიან  ბარათსო. კონვერტი წინ დამიდო და დააყოლა:
-  მეც ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი საჩუქრით, თან მთელ ქსელში სწორედ დღეს დიდი სეილი აქვთო.
  ძალიანაც კარგი, -გავიფიქრე, - უკვე ადრე კი ღამდება, შემოდგომაა, მაგრამ შოფები ხომ ჩვეულებრივ, გვიანობამდე  მუშაობენ,  ბიურო ბრონქსშია, აქედან ქვინსამდე მაინცა და მაინც დიდი მანძილი არ არის, იქ ,,თი ჯეი მაქსის’ პოვნას რა უნდა, შევივლი, ვნახოთ, რა აქვთ, მერე იქიდანვე აიფონით გამოვიძახებ ქებს და შინ წავალ-მეთქი.
  შოფში რაღაცეები ვათვალიერე, არც  ისე იაფი გამოდგა, როგორც წარმომედგინა, ქმრისთვის  ‘’პოლოს’  ორი, ლურჯი და წითელი  პულოვერი მომივიდა და ერთი შარფი - ჩემთვის, შავ ფონზე ისეთი ფერებით, ბევრ რამეზე რომ წავა.  არც ხალხი იყო უკვე ბევრი, მალე გამოვედი.
შოფინგი იმითაა კარგი, რომ საყიდლების თვალიერებაში  თან თავში აზრებს ალაგებ.
  გამოხვალ და რაღაცნაირად, ნაამები ხარ, იმის მიუხედავად,  რამე იყიდე თუ არა... რაო,  „ო’შერლიო“?... თან ქვინსში?! მოიცა, ეს ის  პატარა ბარი არაა, დღეს დაკითხვაზე რომ ლაპარაკობდნენ? ხომ შეიძლება, ერთხელ  მეც შევიდე  და რამე წვენი დავლიო, თან ქალების ოთახითაც ვისარგებლო.
  შევედი.  დავრეგისტრირდი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირადობის მოწმობა კომპში შეიყვანეს. 21 წელზე ნაკლები ასაკისანი - არ დაიშვებიან, რადგან ალკოჰოლური სასმელის მომხმარებლის ასაკი - ლიმიტირებულია.  მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გამოიყურები. პირადობის მოწმობაში ასაკი აუცილებლად მოწმდება, ოთხმოცისაც რომ იყო.  ათ წუთში დამსვეს, ფორთოხლის წვენი ყინულებით და  მარილიანი მოხალული არაქისი შევუკვეთე. ვიდრე მომიტანდნენ, დროით ვისარგებლე , ადგილი დავტოვე და  მოსალევი მოვილიე. თეთრ ყვავად  თუ გინდა იგრძნო თავი,  უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ. ჩემი ხნისა ირგვლივ არავინ იყო.
იქ ან ყველა  ერთმანეთს მართლა იცნობდა, ან ურთიერთობის ასეთი ფამილიარული სტილი იყო მიღებული.  შევხედე ბარტენდარს, ჩვენებურად ბარმენს რომ ეძახიან. ახალგაზრდა ქალი იყო, ჟანა - ჟანაო, წამდაუწუმ ეუბნებოდნენ,  თვალები ჩალურჯებამდე ჰქონდა შეღებილი, ცხვირს - ნაოპერაციები ეტყობოდა,
თმები - ხუჭუჭა მოწითალო-ქერა,  მხრებზე დაყრილი,  კბილები - დიდი და ჯიშიანი, თეთრად უელავდა.“- ჟანა ბაი, ცავატანემ!’  ამ სიტყვებით ვიღაცამ ხელმოწერილი რისითი (ანუ ჩვენებურად ჩეკი) დაუდო,  ზედ მსხვილი ტიპი (ანუ ‘’ჩაევოი“) დაამატა და  წავიდა. სხვა არაფერი.
ტაქსი გამოვიძახე. ვიტრინიდან რომ დავინახე, გაჩერდა ის ნომერი, გამოვედი, ფერადკანიან მძღოლს მივესალმე,  უკან ჩავჯექი და  მოვდუნდი.
  მოკლე, მაგრამ  როგორი  სტრესული და დატვირთული დღე იყო. სასიამოვნო ამბით დაიწყო:  რაკი ჟუჟუ-ბონი მკვლელი არ გამოდგა, მისი  ბეილი ემიგრანტ ქალთა მფარველობის  თუ უფლებების რაღაც საზოგადოებამ შეიტანა სასამართლოში,  გაიყვანეს, დააბინავეს, პროცესებზეც -  მოწმის სტატუსით ისინი ატარებენ და საადვოკატო მომსახურებასაც ვიკისრებთო.
  ფეხმძიმე ლირას რაც შეეხება, ქალთა  თავშესაფარში გადაიყვანეს და მისი საკითხი ჯერ კიდევ ირკვევა...
თუმცა ამ ანაბეჭდების ბანკმა ისე გაამარტივა გამოძიების პროცესი, თავის დროზე თბილისში ერთი იურისტის დიპლომი სადმე, კერძო უნივერსიტეტში მეც რომ მეყიდა,  მე თვითონ  ვთარგმნიდი, როგორც წესია,  დავამოწმებინებდი, საგნების მიხედვით  გავლილი საათების ცნობასაც რამენაირად გავაკეთებდი, ამერიკაში ცოტას გავიჭირვებდი, თუნდაც კომუნითი კოლეჯის  იურიდიულს დავამთავრებდი და სხვაზე ნაკლები გამომძიებელი არც მე ვიქნებოდი.
  ახლა ქეისი მომხდარი არ არის, რომ გახსნილია, დანარჩენ დროს ოფისში სხედან და  კომპზე ვითომ რამეს აკეთებენ, საქმიანი სახით  რაღაცეებს თამაშობენ  და თან ეს ყველაფერი აკრძალულიც არ ყოფილა რატომღაც.
არა, უკმაყოფილო  კი არა ვარ, ინგლისურის მასწავლებლობა რომ  მოვინდომე! უნივერსიტეტიც დავამთავრე, სკოლაშიც ვიმუშავე, მთარგმნელთა ბიუროშიც.  ცოტა კერძო მოწაფეებისგანაც შემომდიოდა,  აქაც რაღაცეები გამიადვილდა, მაგრამ თარჯიმანი -  მაინც არავინ არა ხარ, ყველა შენი უფროსია. ბიუროში და ყველგანაც  ხომ  ხაზგასმული თავაზიანობით მექცევიან,  მაინც ვგრძნობ, რომ  გულში ზემოდან მიყურებენ, უბრალოდ, ძალიან კარგად მალავენ.
ანაბეჭდები შეაგდეს ბაზაში თუ არა, პირდაპირ გაირკვა, რომ ეს ტატო და ემზარ მაისაშვილი ერთი და იგივე პიროვნებაა. ადგილზე მისი ტელეფონიც იპოვეს, ხმაა ჩაწერილი,  რატომ, რა მიზნით, გაუგებარია. ჯერ ბოლომდე დამუშავებულიც არ არის, მაგრამ რაც ისმის,  საკვირველია, ისე მკაფიოა. ქართულად მიდის:
-  ძმაო, მე, რაც მითხარი,  როგორც მითხარი, ყველაფერი გავაასუფთავე და ჩემგან რა გინდა! ამის მერე არ გიცნობ, არ მიცნობ,რა! (ეს, როგორც  ჯერ ლერამ  და მერე დამატებით ჟუჟუმაც  დაადასტურა, ტატოს, იგივე ნუგოს, იგივე  ემზარის ხმაა).
-  ეგრე არ გამოვა. ძმა! იცი, ამდენი ხანი სხვები რატო არიან მიწაში და ციხეში და  მე  - ცოცხალი და გარეთ? ძმაც რო იყოს, შვილიც რო იყოს, ცოცხალი  მოწმე არ უნდა დატოვო.  ამას უყურე და  აირჩიე,  ნახე,  ყველა შეყვანილი მყავს, ერთ თითს დავაჭერ და მთელ ინტერნეტში წავა ეს ამბავი! ამოირჩიე, რა გირჩევნია.  ჰა, დროზე, თორემ  გავუშვი!  რამდენი ხანი ვიდგე ესე წვიმაში (ამ ხმის პატრონის  იდენტიფიცირება ჯერ  ვერ ხერხდება)
-  არა ვარ მე ხმის ამომღები კაცი,  არ გინდა ეგეთი... რაც კი (თუ  ‘რეზკი’.?).  რამეები!
- ჰა,  ხო არ დაგეხმარო?
-ძმურად, არ შეიძლება ჩემი სიკვდილი, რა, ეხლა არ შეიძლება და მერე, ასე,  ექვს თვეში ნაბიჭვარი ვიყო,  შენ  ან ვინმე თუ ვაწვალო.
- ეგ ზღაპრები მოუყევი ბაბოშენს, ვაჭერ!
-არ შემიძლია, რა, აჰა, იარაღი და შენ თვითონ მესროლე.
(აქ ძალიან ხმამაღალი სიცილი უცნობის მხრიდან )
-  მე იარაღს ხელს არ ვადებ,!... ჰა, ვაჭერ, იცოდე!
- მაცადე რა, აზრზე მოვიდე!
- არ ვიცი, ვაჭერ!
- მაცადე!
-  ვსიო, ვაჭერ!
(ერთი გასროლის  ხმა და მერე კიდევ რაღაც , თანაბარი ფონები).
ამის გაშიფვრა მოვასწარი სულ.
ეს ამონაწერია, თვითონ ტელეფონს - ცალკე უტარდება ექსპერტიზა.
  რაღაც აუცილებლად უნდა იყოს შიგო.
ჰო, კიდევ,  თვითმკვლელის მანქანა ტყის შესასვლელთან იდგა,  დაკეტილი, შიგ ‘პაბლიქსის’ პარკებით ბანანები,  ფორთოხლები, გატარებული ხორცი,  ერთი გალონი რძე და რაღაც სურსათეულობა ელაგა.  ახალგაზრდა გამომძიებლის ზერელე ანგარიშით,  ამ ორ მკვლელობასა თუ თვითმკვლელობას  შორის  ის დროითი ინტერვალი იყო, რამდენიც დასჭირდებოდა მანქანით წასვლას, გზად ‘პაბლიკში” გაჩერებას და ძალიან სწრაფად რაღაცეების აღებას.  მეორე მკვლელობის ადგილამდე მისვლას.. მეორე - არაიდენტიფიცირებული პირის მანქანის ანაბეჭდები წაუკითხავია, რადგან ტყის შესასვლელი  მანქანების საერთო სავალის ადგილას მდებარეობს და უამრავი კვალია არეული, თანაც იმ ღამეს ძალიან  მძიმედ წვიმდა.
არსებობს  ლელქაშებში მდებარე გადახურულში დატოვებული ტალახიანი  სპორტული ფეხსაცმლის ძირების ფიგურული ანაბეჭდები, ზომა 10,5. ასეთი ფეხსაცმელი ნახევარ ამერიკას აცვია. ზომით კი იმის თქმა შეიძლება, რომ საშუალო სიმაღლისაა.
  ქართულად რომ ლაპარაკობს და კაცია, ესეც გასაგებია. აქცენტით და მეტყველების ხასიათით რა უნდა ითქვას. ახლა ტელევიზიის დიქტორებიც  კი ასე ლაპარაკობენ და კიდევ უარესად...მიდი და ეძებე!
იარაღზე, როგორც მოსალოდნელი იყო,
მხოლოდ თვითმკვლელის ანაბეჭდებია.
არავითარი ძალადობის კვალი.
  ვიდეოთვალი რამდენიმე ადგილას აყენია და სწორედ ეგ ადგილია ვიდეო ხედვის არეში მოუქცეველი, - გზა ლელქაშებისკენ.  გადახურულში - ძელსკამზე- ბევრი კვალია, ახალი კი არაფერი, ეტყობა,  ზედ არც დამსხდარან. ფეხზე დამდგრები ლაპარაკობდნენ, გვამი - სკამის მარცხნივ, ზურგზე იყო დაგდებული.
  ამ დროს, მოკლულს წყალგაუვალი ალიბი აქვს,  ფაილში დევს რისითი, რომელიც ამტკიცებს, რომ მთელი საღამო  ქვინსში იყო და ‘’ო’ შერლიდან’ არ გამოსულა.
  ცოცხლისთვის - გასაგებია, მკვდარს კი რაღას  უშველის ალიბი, მაგრამ...
თან იმდენს მეც მივხვდი, რომ ინტერნეტით რაღაცას გავავრცელებო,
ემუქრებოდა. პირადი ცხოვრების ამსახავი
რა კომპრომატი უნდა იყოს ისეთი, ადამიანმა გავრცელების შიშით თავი საკუთარი ხელით რომ მოიკლას?
  კონ არტისტი ანუ თაღლითი რომ იყო, ხომ ცნობილია! ეგეთები კრიმინალს ერიდებიან.
  ქალებს რომ აშანტაჟებდა ფულის შესაწერად ფარული ჩანაწერებით, ეგ გაირკვა. მაგის გულისთვის თავს კაცი არ მოიკლავდა, მთლად რაიმე ინცესტიც რომ ყოფილიყო ჩაწერილი.
  თან კაცი იმდენი ხნის წინაა ამერიკაში ჩამოსული.
  ჯგუფური ჩანაწერიც რომ ყოფილიყო,
კარგი ამაში რა არის, მაგრამ თვითმკვლელობისთვის მაინც ცოტაა.
  არც სვინგერობაა გამორიცხული, ეს როგორც დავაზუსტე, იმას ნიშნავს, რომ
ჟუჟუს ქმართანაც შეიძლება ჰქონოდა რაიმე.
  გასაგებია, ასეთ შემთხვევაში მკვლელობის მოტივი პირდაპირ სახეზე იქნებოდა,  მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით, ამ მხრივ ხელშესახები არაფერია.  თვითმკვლელობის იძულების მოტივად ვერ გამოდგა.
  საქართველოდან მოპოვებული ფარული ჩანაწერი ხომ არ იყო მისი ცოლის შესახებ?
  შვილების დედის  საქვეყნო კომპრომეტირება ინტერნეტით -  არ იქნებოდა  კარგი, მაგრამ ამის გამო?....
რა იყო ამისთანა?
თუ არც ეს,  მაშ რა?
 
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები