ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2009


ქარის მეტამორფოზა


სეხნიას


სეხნი,
გაუფრთხილდი თითებს,
ხშირად სწორედ მათი გადაგრეხვით იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი,
და თვალებს ნურასოდეს ააფარებ ლიბრს,
რადგან ისედაც ვერ ხედავენ თვალები,
და გულის მიღმაც შეიძლება იყოს მორყეული ბოგირი,
სადაც მშიერი ძაღლი სალაფავს ელის
და სცივა...

სინამდვილეში მხოლოდ ამ მღვიმეების ბინადარმა,
სტალაგმიტებთან ატუზულმა სიკვდილმა იცის,
რომ ამქვეყნად ერთადერთი მზეა,
რომელიც არასოდეს ჩადის და რომელსაც მისი სახელი ჰქვია.
აქედან შორს,
კარსტული მღვიმეების სინესტეში,
ტაოტისფერი ზღვების ზეფირში დაცურავენ
ქალაქებისა და დედოფლების სეხნია გემები
და მომწიფებული ფოლიკულებივით ტოვებენ ვიწროყელიან სრუტეებს.

შენ ჩემი სეხნია ხარ.
მზის გულში ჩაწებული ფუნჯებით გხატავ,
ყოველდღე შფოთიან სიზმრებში გნახულობ, -
და მაინც,
არ მიყვარს მარტი,
როცა ვნებიანი მიმოზები გათრობენ და
ჭიშკართან დაგუბებული სურნელი პირობით საზღვარს გიწესებს,
როცა გაწეწილი ზღვაური ბამბუკის ტოტებს ერჩის
და მამხელს...
ამ დროს ქაშმირის ლალივით ვწითლდები
და ვხვდები -
მიყვარხარ.

მიყვარხარ...
შენ ჩემი სეხნია ხარ,
მკერდსავსე ნაპირზე ცხოვრობ,
ჯიშიან სხეულს ანებივრებ...
...ეს მე ვარ,
საკუთარ თავს უდაბნოში გაბნეულ ხელოვნურ მარგალიტებად ვაგროვებ
და ზვირთსაჭრელთან მიმაქვს,
რათა ხელახლა გადავყარო ზღვაში...
იქნებ, რომელიმე მაინც გაცოცხლდეს,
რომელიმე მაინც გადაიქცეს თუნდაც სასაცილო მოლუსკად...

ახლა,
როცა მწუხრივით გარდაუვალია ქარის მეტამორფოზა,
ვახშირებ სუნთქვას...
მუჭში მომწყვდეული დაბადების მოწმობა მამცნობს:
დედა - ნადირობის ქალღმერთი დალი,
მამა - ირმის ნახტომიდან ასხლეტილი ცეცხლოვანი კომეტა,
დაბადების ადგილი -  ერცახუს დასავლეთი კალთა, 
დაბადების თარიღი - შხაპუნა წვიმების სეზონი,
და იქვე - თითქმის გადაშლილ ბეჭედთან -
”დაიბადა მკვდარი”...
 
თითებს გაუფრთხილდი, სეხნი!..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები