ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2021


მდიდრის ბალადა

ნინო დარბაისელი

მდიდრის ბალადა
- - - -

ამბობენ, ერთმა მდიდარმა კაცმა,
კაცმა მდიდრებშიც გამორჩეულმა,
მთელი ქვეყანა შეიძინა,  თავის კოშკებით,
მთა- ველებით,
მდინარეებით
და მთელი მისი დიდი ოჯახ-სანათესაო
ხარობდა თურმე,
საქვეყნოდ ფართოდ ხელგაშლილი და ფრთაგაშლილი.

თავზე ეხვიათ ფარეშები
და გარეშენი საკუთარ თავზე წარმოდგენას იმით იქმნიდნენ,
ოდესმე,  სადმე ახლობელი თუკი ჰყოლიათ,
იმ ერთი კაცის ლხინში წვეული.

დიდ სასახლეში
უფრო სწორად,
მის დიდ ეზოში
იმ კაცს უმდიდრესს
თურმე ერთი ადგილი ჰქონდა.
ადგილი ჰქონდა საიდუმლოდ გამოკეტილი.
იმის გასაღებს, თურმე,
ნიადაგ გულზე რამ ძეწკვით დაკიდებულს დაატარებდა,
შიგ შევიდოდა ყველასაგან, თურმე, მალულად,
დიდხანს რჩებოდა
და მერე გარეთ ბედნიერი გამოდიოდა.

ეს - დიდი ფული,
ფული ისეთი ოხერია,
სხვამ თუ არ მოგკლა,
ერთ დღესაც გული,
როგორც გინდა, კარგად უარო,
იუარებს და თავისითაც გაგიჩერდება.

და მოკვდა კაცი,
აი ასე, იყო და მოკვდა
და აირია მემკვიდრეობა
და წაიკიდნენ ქონებისთვის,
იმ გასაღების ხელში ჩაგდებაც
ყველამ ინდომა
და ბოლოს ასე მოარიგა ვიღაც საერთომ,
ადვოკატების თანდასწრებით
და ერთი კაცით,
კაცით  ვიდეო კამერიანით 
ერთად მივიდნენ და  კარი გახსნეს.

დანარჩენი ვიდეოზეა:

კარს შიგნით - კარი მოჭრიალე,
ალაგ - საღებავგადაცლილი,
ბევრჯერ ნაღები;
იმ კარის შიგნით -
ერთი ოთახი,
ოთახში - ერთი “ატამანკა”,
ორი მუთაქით
და ჭრელი საბნით უსაპიროთი,
ზემოთ - პატარა სარკეები დაბინდულები;
ერთი - მაგიდა მუშამბიანი;
კედლის კუთხეში, იატაკზე
- ალუმინის მრგვალი ტაშტი და
ჭერიდან -  წყალი წკაპაწკუპით შიგ ჩამდინარი
(მერე ალბათ ქვეშგამდინარი);
ლურჯ შპალიერზე - ფოტოები შავი ჩარჩოთი,
გაუქმებული ფანჯრის  რაფის ქვეშ შეფარებული -
- ერთი წითელი, სამბორბლიანი ველოსიპედი.

რამ გამახსენა სევდიანი ესე ამბავი?!
რამ და
რა ბინა ანდა რა  სახლი,
სასახლეები -  მრავლის მრავალი,
პირისფარეშთა -  რა ერთგულება,
მთავარი  მაინც ის  ერთი არის,
ადგილი,
სადაც  შენი თავი შინ გეგულება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები