ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2021


ახლა რას გვეტყვი,ჭადრის ფოთოლო?..

ახლა რას გვეტყვი  , ჭადრის  ფოთოლო,
რომ  შეიძლება  მალე მოთოვოს?
რომ  ჩვენს  სიყვარულს, ცაში მოგონილს,
შენ  რომ  დაუსვი  ოქროს  ბეჭედი,
შავი  ღრუბელი  დაემუქრება 
და  ეს  ცისფერი  ცაც  გამუქდება?
რომ  დაიწყება,  რაც არ  გვინდოდა:
რაღაცის შიში, ფიქრი,ეჭვები.
და  კლდის  გულიდან მომწყდარ  ლოდებად
შეიცვლებიან  რიყის კენჭები?
ხშირად ის ვარდი მომაგონდება,
ვარდი კი არა, კონა ვარდების!
წყალწითელაზე  წვრილი  ბონდებით
რომ მოვქროდით და მოვნავარდობდით.
როცა  მოგვისწრო წვიმამ  ხრესილთან
და ცხენებივით  წყალში  გავტოპეთ.
ტყეში  დაგვქონდა  საგზლად  ლექსი და
დამშეულ მთვარეს  ასე  ვართობდით .
რა  გვქონდა  მაშინ  სადარდებელი,
სამყაროს  ჭიპი  იყო ოკრიბა.
ჭყეპში  გაჩერდა  მატარებელი.
გლეხის  ეზოდან  მსხალი მოვკრიფეთ.
ახლა რას გვეტყვი, ჭადრის  ფოთოლო,
როცა ვიზრდებით , რატომ ვრთულდებით?
ჩვენ ხომ სიმდიდრე  არ გვინატრია
გელათის  წყალში  ჩაყრილ ხურდებით ...
ჩვენ ხომ  ოცნება  გვქონდა  უბელო-
რომ უნდა  გვევლო  ცაზე  ღრუბელით!
სად  გავაბნიეთ ეს ოცნებები,
ან სად  გავაქრეთ ,ან რა ვუქენით?
...............................................................
ახლა რას  გვეტყვი,ჭადრის  ფოთოლო?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები