ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დ. /
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 თებერვალი, 2021


რა ისწავლება საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ?

      რამოდენიმე დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებს და გადავწყვიტე გამეანალიზებინა წაკითხული თუ ნანახი.  თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხზე. ჩემს მიერ განხილული  ერთი ტექსტი არის მე-9 კლასის საქართველოს ისტორიის მოსწავლის წიგნი, ხოლო მეორე საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო.
    საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის წიგნის 27-ე პარაგრაფში - "ქართული კულტურა IV-X საუკუნეებში" - მოთხრობილია ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ.  ავტორი დამწერლობის მჯელობას იწყებს დაჟინებული მტკიცებით, რომ "ქრისტინობა ებრძოდა ძველ წარმართულ რწმენებს და აშკარაა, რომ ამ დროს წარმართული კულტური მნიშვნელოვანი ძეგლები განადგურდა", თუმცა მას ამ მტკიცებითი ფორმის იქით არანაირი ისტორიული ცნობა და წყარო არ მოჰყავს ამის დასადასტურებლად, "ალბათ განადგურდა ძველი დამწერლობის ნიმუშებიც" აგრძელებს იგი. რაც ავტორის სუბიექტური აზრია და არა ისტორიული ფაქტი, ამ აზრმა ხომ მოსწავლეებში ქრისტიანული რელიგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. 
    თუმცა ქვემოთ ავტორი გვთავაზობს  ქართული ანბანის შექმნის განსხვავებულ ვერსიას. იგი  ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ ცნობების განხილვას  ისტორიული წყაროთი იწყებს, რომლის მიხედვითაც ქართული ანბანი ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ  მესროპ მაშტოცმა შექმნა, და ეს მოსაზრება ყოველგვარი კრიტიკისა და ანალიზის გარეშე არის მიწოდებული მოსწავლეთათვის. თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმ ფაქტსაც, რომ ავტორს, როგროც ჩანს, პრიორიტეტულად ქართული დამწერლობის შექმნის სწორედ ეს მოსაზრება მიაჩნია, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს იგი ქართული ანბანის შექმნის სხვა ვერსიებსაც...
      საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოც ქართული ანბანის შესახებ მსჯელობისას დიდ ადგილს უთმობს კორიუნის ცნობას, (და მას რატომღაც კორინიუსად მოიხსენიებს), მოსწავლეს კი ორ მწირ წყაროს სთავაზობს რათა თავად განსაზღვროს შექმნა თუ არა ქართული ანბანი სომეხმა მოღვაწემ. 

    შექმნა თუ არა ანბანი მესროპ მაშტოცმა? და თუ არა რატომ ისწავლება ეს ცნობა სასკოლო სახელმძღვანელოებში?

    ყოველგვარი ლინგვისტური ანალიზის გარეშეც ამ ცნობის სარწმუნოდ მიღება კი უბრალოდ ღიმილის მომგვრელი იქნება ჩვენთვის, ორი ძირითადი ფაქტის განხვილის შემდეგადაც:
1. კორიუნის ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ მესროპ-მაშტოცმა თავად არ იცოდა ქართული, რაც სრულიად გამორიცხავს ანბანის შექმნის შესაძლებლობას. ახალი დამწერლობის შექმნა გულისხმობს ენის ღრმა ლინგვისტური ანალიზის ჩატარებას, გაბმული მეტყველებისა და სიტყვების დანაწევრებას ცალკეულ ბგერით ერთეულებად, რომლებიც უნდა გამოიხატოს სათანადო გრაფიკული ნიშნებით. ხოლო ენის ანბანის შექმნა შეუძლებელია შექმნა  ამ ენის ცოდნის, და ლინგვისტური ანალიზის ჩატარების გარეშე.
  2.  ივ. ჯავახიშვილმა წარმოგვიდგინა სომხური საისტორიო წყაროების ტექსტოლოგიური კრიტიკა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მაშტოცის მიერ ქართულ და ალბანურ დამწერლობათა შექმნა-გამოგონების შესახებ ცნობა კორიუნის “მაშტოცის ცხოვრების” თავდაპირველ რედაქციაში არ ყოფილა და იგი გვიანდელ ინტერპოლაციას წარმოადგენს, კერძოდ, ივ. ჯავახიშვილმა შეამჩნია, რომ V ს. სომეხი ავტორი ლაზარ [//ღაზარ] ფარპეცი მაშტოცის მოღვაწეობის აღწერისას უხვად სარგებლობს კორიუნის ცნობებით, მაგრამ არ იცნობს მაშტოცის მიერ ქართული და ალბანური ალფაბეტების შექმნის ფაქტს (ჯავახიშვილი 1935, 181; ღაზარ ფარპეცი 1904).

    თუ რატომ ისწავლება ქართული დამწერლობის შექმნის ზემოთაღნიშნული არასწორი მოსაზრება სკოლაში, რაც ისტორიული მოცემულობის აშკარა დამახინჯებაა,  ეს ფაქტი თავად მკითხველმა განსაჯოს.
        ჩვენ კი განვიხილოთ თუ რას გვეუბნება უახლესი საისტორიო ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ:
    თქვენს ყურადღებას 1984 წელს ჟინვალის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ "დავითის სტელას" მივაპყრობ.  რომლის ერთ ნაწილზე დატანილია შემდეგი ტიპის გამოსახულება: ორ მთავარანგელოზს, მიქაელსა და გაბრილეს, ხელთ უპყრიათ ეტრატი, რომელზეც ნაკაწრის სახით შესრულებულია ქართული ასომთავრული ანბანი. ესაა პირველი ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მეცნიერთა ნაწილი ამ ანბანს მე-4 საუკუნის მე-2 ნახევრით ათარიღებს (მესროპ მაშტოცი მე-5 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა). ანბანში დაქარაგმებულია სამი ასო: "ჭ" "კ" "ტ" - რაც მეცნიერთა მოსაზრებით ციფრების აღმნიშვნელი უნდა იყოს, როგორც ვიცით ქართულ ანბანში ყველა ასოს თავისი შესაბამისი ციფრი შეესაბამება,  ეს ციფრებია 5000 (ჭ), 300 (ტ), 20 (კ). რიცხვი 5320 კი არის ქართული ქორონიკონული წელთაღრიცხვის 532-წლიანი ციკლის მე-11 მოქცევის დასაწყისის მაუწყებელი და ქართული დასაბამითგანით გვაძლევს ძვ. წთ. 284 წელს. ეს თარიღი კი მეფე ფარნავაზის მეფობის ხანას ემთხვევა (,,ქართლის ცხოვრება” მისი მეფობის ხანას ძვ. წთ. IV-III სს–ის მიჯნით ათარიღებს, დაახლ. 334-269წწ.)
    მეცნიერთა აზრით დავითის სტელაზე წარმოდგენილი თარიღი ძვ. წთ. 284 წელი ფარნავაზ მეფის მიერ "მწიგნობრობა ქართული”-ის  შექმნის თარიღად უნდა ჩაითვალოს. რაც "ქართლის ცხოვრების" ისტორიული წყაროს სანდოობას კიდევ უფრო აზუსტებს.

                       
   




წყარო:

1 https://www.tsu.ge/data/file_db/library/Lolua%20R.Dissertacia.pdf
2 https://chubinidze.ucoz.ru/photo/1-0-6-3
3 https://pustels.wordpress.com/2012/02/26/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94/
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90
4 ჯავახიშვილი 1935, 181; ღაზარ ფარპეცი 1904

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები