ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 თებერვალი, 2021


დიდგორი

დიდგორი

ბავშვობიდან მიყვარს ისტორია, ისტორიულ გმირებზე წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.

ჩემს მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისტორიისადმი სიყვარული ჩემმა პედაგოგებმაც ჩამინერგეს გულში. ჩემი პედაგოგები მე და ჩემს თანაკლასელებს აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ გმირებზე, ქართველ მეფეებზე. განსაკუთრებით აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ დავით აღმაშენებელზე, რომელმაც დიდგორის ომი მოიგო.

ჩვენს დიდ მოურავს - გიორგი სააკაძეს აღმაშენებლის საფლავზე ფიცი ჰქონია დადებული, რომ დავითის საქართველოს აღადგენდა. სამწუხაროდ დიდ მოურავს შადიმანებმა შეუშალეს ხელი დიდ საქმეში, დანაწევრებული საქართველოს გაერთიანების საქმეში.

გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთგულმა თანამებრძოლმა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერმა მამულიშვილმა - ბიმურზა დადეშქელიანმა „ქართველების მეორე დიდგორი 1991 წლის 9 აპრილი არისო, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება“ . დიდგორზე ყოველთვის მერაბ კოსტავას სიტყვები მახსენდება: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!

მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.

ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი სამშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.

ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.

მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.

1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი გარეჯიდან დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია.

მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა - მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღსრულებულმა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

დავუბრუნდეთ ისევ დიდგორს...

„დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორი დიდი იმედიც არის...
დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს
არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს,
დიდგორი დიდი იმედიც არის“.

თქვა თავის დროზე იოსებ ნონეშვილმა!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მამულიშვილებს

მამულიშვილნო! მიყვარხართ,
დიდია თქვენი ამაგი,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩვენი ჯიში და ალაგი.

იყო დიდგორი, შამქორი,
ცხრა აპრილი და შინდისი,
ყველა ერთგული ქართველი
არის ამ ქვეყნის სინდისი.

თავისუფლებას უმღერის
დღეს მათი შთამომავლობა...
სამშობლოს სამსახურისთვის
მამულიშვილებს - მადლობა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები