ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2021


გაგნება

ნინო დარბაისელი

გაგნება
— -

ეს - როგორ ხდება,
რატომ ხდება? -
რომ ცხოვრებაში  ძალიან კარგი,
მართლა კეთილი ადამიანი
ზოგჯერ ადგება და ისე ცუდად მოგექცევა,
უკანასკნელი ნაძირალაც არ იკადრებდა,
თანაც იმ დროს და იმ მომენტში,
სულ რომ არ ელი?

ეს - როგორ ხდება,
რატომ ხდება? -
თუმცა კეთილი კი არა და,
განა არსებობს ამაქვეყნად თუნდაც ერთი ბოროტმოქმედი,
რომელიც იტყვის,  მე სწორედ ახლა, ბოროტსა  რასმე  ჩავდივარო,
მთლად წითელ კარვად შეპარულმა
ვინმე მძინარეს თავი სვეტზეც რომ შეუტაკოს?

ეს - როგორ ხდება,
რატომ ხდება? -
ვით გაშლილ ზღვაში ნავს მშვიდად მცურავს
ამოვარდნილი ქარაშოტივით  ისე
მწარედ  რომ დაგიბერავენ,
სვლა-გეზს გიცვლიან
და დაბნეული ნიჩბებსაც  ვეღარ იმორჩილებ
და ლამისაა, დაილეწო ნაფოტ-ნაფოტად
და აღარ იცი, რა ჰქნა,
როგორ ქნა!
რა გადაგარჩენს!

ეს - როგორ ხდება,
რატომ ხდება!? -
ეს - ზურგქარია -  საშენოდ უფლის ამონასუნთქი!
მიგერეკება
უკეთესი შენი ხვედრისკენ,
რომელიც იქნებ სულ ახლოა,
შენ - კი აქამდე  ერთ ადგილას ნიჩბებს უსვამდი და სავალი ვერ გაგიგნია.

ყდამოგლეჯილი,
ფურცელნაკლული,
წაკითხული თუ  გადაუშლილი,
წაუკითხავად ჩაფერფლილიც -
გარიდებულიც ცხოვრების გნიასს, -
ყველას ცხოვრება,
თითო ცხოვრება - თითო წიგნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები