ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2021


"წრე"

თეთრად გადაპენტილ გვირილებით მოფენილ მინდორში პეპლები გაზაფხულის ცეკვას ასრულებდნენ. თითქოს უკანასკნელი ფარფატი ყოფილიყოს,ისე მონდომებით იქნევდნენ სიფრიფანა ფერად ფრთებს.
-ბაბუ,დავიჭიროთ რა?! - აღტაცებით წამოვიძახე და  ბაბუს მკლავზე ჩამოვეკიდე.
-არა,ბაბუ..ტყვეობისთვის ცოდონი არიან,- თავზე დაყვავებით გადამისვა ხელი.
- დავიჭიროთ რა?!- წყენა გავურიე ხმაში.
- ვთქვათ და დავიჭირეთ,მერე?-გამომცდელად შემომხედა.
-სახლში წავიყვან და ქილაში ჩავსვამ,- ვუთხარი  და მოლოდინში ცქმუტვა დავიწყე.
-მერე?-  ყრუდ გაისმა მისი ხმა.
-მეყოლება ქილაში,ლამაზია!
-შენ,რომ დაგიჭირონ და გამოგკეტონ ქილაში,მოგეწონებოდა?
-მე ადამიანი ვარ,ის პეპელაა,ქილაში როგორ ჩავეტევი?- გამეცინა ბაბუს მიამიტურ შეკითხვაზე.
-კარგი,ხვალ მოვიდეთ დასაჭერად,დღეს არც ბადე  გვაქვს,არც ქილა,- ხელი მომკიდა და სახლისკენ მიმავალ ბილიკისკენ წამიყვანა.
-მართლა მოვალთ ხვალ?- დასაზუსტებლად კიდევ ვკითხე.
-ჰო,ბაბუ,ჰო,-თავი დამიქნია.
სახლამდე ხმა არ ამოუღია.
დრო და დრო დარდიანად ამოიოხრებდა ხოლმე.
მივხვდი,ღრმა ფიქრებში წასულიყო.
ჩვენს ეზოს ჭიშკართან ბავშვებს მოეყარათ თავი. ჩემს გამოჩენას ელოდნენ.
-ილიკო,ხომ წამოხვალ მდინარეზე საბანაოდ?-დამინახეს,თუ არა,ატეხეს ყიჟინა.
სანამ მე გავცემდი პასუხს,ბაბუმ დამასწრო.
-დღეს ვერ წამოვა,ილიკოს პატარა საქმე აქვს!
ბაბუს მკაცრი ტონი მეხამუშა,თან ბავშვებისაც შემრცხვა.პირველად მეუბნებოდა უარს საბანაოდ წასვლაზე. ან  რა საქმეს გულისხმობდა,იმასაც ვერ მივხვდი.
ყურებჩამოყრილმა შევაღე ჭიშკარი და სახლში ნაწყენი შევედი.უკან მომყვა ბაბუც.
-მოხვედი,ბებოს მერცხალო?- დამჭკნარი მკლავები მომხვია ბებომ და გულში ჩამიკრა.
ლამის ავზლუქუნდი. თვალის უპეებზე ცრემლები გადმომეკიდა.
-რა გატირებს ილიკო?- ბებო სახეზე დამაკვირდა.
-არაფერი,-თავი გავიქნიე გაბუტულმა და ჩემს ოთახს მივაშურე.
გაბრაზებით დავეხეთქე ტახტზე.
ღია ფანჯრიდან ბავშვების ჟრიამული მომესმა. სიცილ-ხარხარით  მიუყვებოდნენ გზას მდინარისკენ.
შუბლშეკრული წამოვჯექი.
ოთახში ბაბუ შემოვიდა.ხელში ნახშირი ეჭირა.
-ილიკო,ადექი ბაბუ ფეხზე და მოდი აქ,- ოთახის შუაგულისკენ მანიშნა. დაბღვერილი ჩამოვხტი ტახტიდან და მინიშნებულ ადგილზე დავდექი.
-გაშალე მკლავები,-მითხრა და ჩაიმუხლა.
გამიკვირდა,თუმცა თხოვნა იყო,თუ მოთხოვნა,შევასრულე და მკლავები განზე გავშალე.
ბაბუმ ცალი თვალი მოჭუტა და ჩემს გარშემო ნახშირით წრე შემოხაზა.
- დღეს ეს შენი სახლი იქნება.ამ ზოლს არ უნდა გადმოსცდე,-თითი ნახშირის ნაკვალევს გაუყოლა.
-ჩემი სახლი?- განცვიფრებულმა ჩავიბუტბუტე.
-ჰო,დღეს აქ იცხოვრებ,ამ შემოსაზღვრულ ადგილში,-მითხრა და ფეხზე წამოდგა.
მივხვდი,რაღაცისთვის მსჯიდა,მაგრამ სად მიმიძღოდა დანაშაული,ამას ვერაფრით მივხვდი.
-არ მომწონს ეს სახლი,- შეწინააღმდეგება ვცადე.
- მე არ გეკითხები მოგწონს,თუ არა,- დამიბუხუნა.
შევხტი,მეგონა ბაბუ ჭკუიდან შეცდა. სად გაგონილა ასეთი სახლი?-გავიფიქრე და ნახშირის ზოლის გადაკვეთა ვცადე.
- ამ ზოლს,რომ გადმოსცდე,მე უნდა გაგიღო კარი,იქამდე ვერსად წახვალ,დაიმახსოვრე!- მითხრა და ისევ ჩაიმუხლა. წრეს ჩაკეტილი კლიტე მიახატა და ქვემოდან კმაყოფილი სახით ამომხედა. ჩემს გაოცებულ თვალებს,რომ წააწყდა,ცალყბად ჩაიღიმა.წამოდგა და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
ბაბუს უცნაურმა საქციელმა ცოტა არ იყოს და შემაშინა. რამოდენიმეჯერ დავაპირე ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა. წრეზე დავიწყე სიარული,ცოტა გამართო კიდეც ამ თამაშმა. შემდეგ ასკინკილით გავაგრძელე ,ესეც მალევე მომბეზრდა და წრეში ჩავჯექი ჩაფიქრებული.
არც ბებოს შემოუკითხავს ჩემთვის,არც ბაბუს.არადა,შიშილს ვგრძნობდი,წყალიც მწყუროდა. კიდევ დავაპირე "სახლიდან"გაპარვა.წრიდან გადმოვხტი და კართან ფეხაკრეფით მივედი. ფეხის ხმა მომესმა,თუ არა,მთელი სისწრაფით ვისკუპე ისევ წრეში და გულისფანცქალით დაველოდე,ვინ შემოაღებდა კარს.
ბაბუ იყო. ერთ ხელში თეფში ეჭირა,მეორეში წყლით სავსე ჭიქა. უხმოდ მომიახლოვდა და ფეხებთან დამიწყო. წამიერად შემათვალიერა და გავიდა.
წყენა გამიათმაგდა. რატომ დამატუსაღა ვერ ამომეხსნა. თეფშს გაბრაზებით დავხედე.მიუხედავად ძლიერი შიმშილისა,წამში გამქრობოდა მადა.არც წყალს გავეკარე. წრეში მოვიკუნტე და თვალები დავხუჭე.
გვიან ღამით ,ჩემს ლოგინში გამომეღვიძა. ვერ დავიჯერე და ხელები მოვაფათურე.ნამდვილად საწოლზე ვიწექი. წამოვხტი და შუქი ავანთე,ოთახის შუაგულში ნახშირის წრეს კლიტე აღარ ჰქონდა.
***
-ილიკო,ადექი,გაემზადე,- დამიძახა დილით ბაბუმ.
ზანტად წამოვდექი და ჯერაც გამოუფხიზლებელი თვალები მოვისრისე. სად მივყავდი,იქამდე ვერ მივხდი,სანამ ბაბუ არ დავინახე პეპლების საჭერი ბადით და შუშის ქილით ხელში. გულში უცნაურად გამკრა.
უხალისოდ ვცდილობდი ამეწყო ნაბიჯი.ისე სწრაფად მიიწევდა წინ,ვერ ვეწეოდი. ნაცნობ ბილიკს უხმოდ გავცდით და გვირილებით გადაპენტილ მინდორთან შევდექით. ჭრელა-ჭრულა პეპლები ისევ გაზაფხულს ეცეკვებოდნენ.
-დაიჭირე!- მითხრა ბაბუმ ომახიანად და ბადე გამომიწოდა.
მორიდებით ჩამოვართვი,თან მის სახეს დავაკვირდი. ქვედა ყბის ძვალი უცნაურად უთამაშებდა.
-მიდი!- თავით მინდვრისკენ მანიშნა და მოთმინებით დაელოდა ჩემს ქმედებას.
გვირილების ზღვას მძიმე ნაბიჯით შევუერთდი. პეპლებმა,თითქოს იგრძნეს სტუმარი, ფარფატს უმატეს და ლამის ჩემს თავზემოთ მოექცნენ.
უხეიროდ დავიქნიე ბადე. არ ელოდნენ. წამიერად მგონი ფრენაც შეწყვიტეს,ან მე მომეჩვენა. ბაბუს გავხედე და მის სინანულით სავსე თვალებს წავაწყდი. ვერ მივხვდი,რას მერჩოდა. ისევ პეპლებს მივუბრუნდი და მთელი მონდომებით ვეცადე დამეჭირა რომელიმე მაინც. ცოტა ხნის დევნის შემდეგ, ბადეში ჭრელი პეპელა მოვიმწყვდიე და სიხარულისგან შევყვირე კიდეც.
ბაბუსთან მივირბინე და კმაყოფილმა გავუწოდე ბადეში მოფრთხიალე.
-კმაყოფილი ხარ..- თავი გააქნია და პეპელა დიდი სიფრთხილით გადასვა ქილაში.
ისევ უხმოდ გავლიეთ გზა სახლამდე. ბაბუ ჩაფიქრეული მიუყვებოდა ბილიკს.მე კი კმაყოფილი, დატყვევებული პეპლით ხელში.
ბებო ისევ შემეგება,თუმცა არც თავისი დამჭკნარი მკლავები მოუხვევია ჩემთვის,არც სიყვარულით უთქვამს რამე.
გამიკვირდა. ჩემს ოთახში შევედი და ქილა მაგიდაზე დავდგი. პეპელა შუშის კედლებს ეხეთქებოდა და ამაოდ ცდილობდა თავისუფლების მოპოვებას.
ბაბუც შემოვიდა,ისევ ნახშირი ეჭირა ხელში.
-ილიკო,ჩამოუშვი ხელები,- ზუსტად დატყვევებულ პეპლის წინ დამაყენა და უფრო პატარა წრე შემოხაზა ჩემს გარშემო.
უსიტყვოდ მივხვდი,რომ იმ დღეს იმ "სახლში" უნდა მეცხოვრა.
გაშეშებული დავრჩი ახალ წრეში.
პეპელამაც შეწყვიტა ფრთხიალი. მინის კედელს აესვეტა და კარგად დავინახე,როგორ გამისწორა თვალი.
შევცბი.
მის მზერაში საყვედური,ტკენა და სიცოცხლის ნელ-ნელა ჩაქრობა ერთიანად ამოვიკითხე.
გამშრალ პირში ძლივს მოვუყარე ნერწყს თავი და წვალებით გადავყლაპე.
კარგა ხანს ვუყურე ტყვეს,მე  თავად ტყვემ.
სიმწრით მოვმუშტე თითები და ცრემლები წამსკდა.
დავინახე პეპელამ როგორ გაამოძრავა ჯერ თავი,შემდეგ ფრთები და ქილის ფსკერზე მოწყვეტით დაეცა.
-ბაბუ კვდება,ბაბუ!- წამოვიძახე ტირილით და  შეშინებულმა  ხელში ავიტაცე ქილა.
მინდვრამდე არ შევჩერებულვარ,მთელი ძალით გავრბოდი.უნდა მომესწრო. ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი,რომ დამეგვიანა.
გვირილებში აქოშინებული შევვარდი და ქილას თავი მოვხსენი.
პეპელა არ შერხეულა.
-გთხოვ..გთხოვ..-ვემუდარებოდი და ვცდილობდი მისი ჭრელი ფრთები ამომეძრავებინა თითის შეხებით.
თითქოს ჩემი ვედრება შეისმინა. თხელი ფეხები შეარხია, მინის კედელს ისევ ისე აესვეტა და ისევ გამისწორა მზერა.
გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
მოლოდინში ერთიანად ავცახცახდი.
-გაფრინდი,გეხვეწები,- დავუყვირე ტირილით.
ნელ-ნელა დაიწყო ცოცვა და ქილას ზემოდან მოექცა.
ისევ შემომხედა,თითქოს დარწმუნება უნდოდა,ნამდვილად ვუშვებდი,თუ არა.
-მიდი,პეპელა,მიდი..-ვუთხარი სლუკუნით.
პეპელამ ჯერ ფრთები შეატყუპა,შემდეგ ფეხები ერთმანეთს გაუსვა. ასაფრენად მოემზადა. გვირილების თავზე მოფარფატე სხვა პეპლებიც ჩვენსკენ გამოემართნენ.
ელოდნენ.მივხვდი,რომ ელოდნენ.
-გაფრინდი!- ხელი ჰაერში ავიქნიე და ჩემი გათავისუფლებული ტყვეც ფარფატით შეუერთდა გაზაფხულის მოცეკვავეებს.
უცებ ვიგრძენი სხეულში სიმშვიდე.
ბილიკისკენ შევტრიალდი.
ბაბუ იდგა.
ნახშირიან თითებს იწმენდდა.
დასასრული




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები