ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 თებერვალი, 2021


მცირე შტრიხი თანამედროვე მწერლობაზე

  მცირე შტრიხი თანამედროვე მწერლობაზე

კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ადრეულ ეტაპზე, ადამიანთან ერთად დაიწყო თანაარსებობა, იმ დროისათვის რაღაც ირეალურმა, საოცრად მოქნილმა და სიცოცხლისუნარიანმა მიმდინარეობამ, რომელიც მის ყოველდღიურ ყოფიერებაში შემდგომში ხელოვნების სახელით შევიდა. მან თავის არსენალში შური, მზაკვრობა, გაუტანლობა, მტრობა და კიდევ ბევრ სხვა უბედურება გააერთიანა და ამასთან ადამიანს საოცარი შესაძლებლობები შესთავაზა, ოღონდ უანგაროდ, უცერემონიოდ, გულღიად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რითაც მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელიც შეიქმნება. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გახდა იგი HOMO SAPIENS-ის’ მარადიული ტანდემი და გონითი შესაძლებლობების გზის მანათობელი.

თუმცა ხელოვნება მარტო ამას არ იკმარებს და მომავალში, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არსებობისათვის სასიცოცხლო სივრცეს მოითხოვს. მოითხოვს და მიიღებს კიდეც, ადამიანი უყოყმანოდ დაუთმობს თავის საცხოვრისს, პლანეტა დედამიწას.

  დღევანდელი ,,გადასახედიდან“ ჩვენთვის უკვე ძნელია იმის განსჯა თუ რა სჯობდა მაშინ, სამუდამოდ სამოთხეში დარჩენა თუ ბოროტების შეცნობა. თუმცა, არ იქნებოდა ეს უკანასკნელი, მაშინ ადამიანი ვერასდროს იხილავდა მატერიალურ სამყაროს, ვერასდროს შეძლებდა სიცოცხლით ტკბობას, არც ხელოვნება იარსებებდა ამგვარი სახით.

  რა არ მოიგონა ეპოქების მანძილზე HOMO SAPIENS-მა თავისი სახიერის მოსაკვდინებლად,  რა არ მოიგონა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე, ისე არაფერს გაუმართლებია, როგორც ხელოვნებას, სხვაზე ძალადობის შეუცვლელ ინსტრუმენტს ადამიანის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების უმოკლეს და უტყუარ საშუალებას,  ... დიახ! საშუალებას!

  ხელოვნება მართლაც საშუალებაა და არა მიზანი. ის განსაზღვრავს, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე ნებისმიერი ერის და კაცობრიობის ყოფიერების ,,ცხოვრების წესს“. მისი ,,დახვეწა“, ადამიანის გონითი შესაძლებლობების დახვეწის პარალელურად ხედებოდა, რითაც ,,გარემოსთან“ ადაპტაცია არ გასჭირვებია. მისმა მოქნილობამ და მასშტაბებმა ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ თანამედროვე ეპოქაში ბოროტების სინონიმადაც კი იქცა.

  ხელოვნება ღვთიურ კანონებს არ ემორჩილება, ის სულ სხვა სივრცესა და დროში არსებობს, ეს სამყარო არც აბსტრაქტულია და არც მიწიერი, მასში დრო არც მიედინება და არც ერთ ადგილზე დგას. აქ რეალობა სინგულარულია და აზრი კოლაფსირებული, მისაღებიც და მიუღებელიც ისეა ერთმანეთში შერწყმული, რთულია მათ შორის ზღვარის გავლება, დასაშვებია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნის მიღწევას ემსახურება, რითაც მიზანი ამ შემთხვევაში ნამდვილად ამართლებს საშუალებას.

  იულიუს ფუჩეკმა ასეთი რამ თქვა: ,,თუ შენ გინდა ახვიდე მაღლა, ადი საკუთარი ფეხით, ნუ მოინდომებ აგიტანონ იქ და ნურც დაჯდები სხვის ზურგსა და თავზე“ (ჩვენებურად ალბათ იგულისხმება კისერზე).

  რა დიდებული შეგონებაა! ... ალბათ უფლის ათი მცნების შემდეგ, ამგვარი ჭეშმარიტება ძნელად თუ უთქვამს ვინმეს, მაგრამ ასევე ძნელად თუ გაუთვალისწინებია ისევ იმ ვინმეს.

  ხელოვნებაში სხვა ზნეობრივი ფასეულობები არსებობს, ,,სხვის ზურგსა და თავზე“ წამოსკუპება ჩვეულებრივი ნორმაა ისე, როგორც გამარჯვების მოპარვა ,,კვანტის დადებით“, სამწუხაროდ მას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული ქცევის წესები, მისი მოქმედების არეალი ,,დაუწერელი კანონებით“ განისაზღვრება, რომელთა ტექსტებში რაღაც სამართლებრივი აქტების ერთობლიობა კი არ იგულისხმება,  არამედ ამ ცნების ჭეშმარიტი არსი, დაფუძნებული სისასტიკესა და ძალადობაზე და მას ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული.

  ხელოვნება მუდმივ განახლებას განიცდის სივრცესა და დროში, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ყოველი გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ, ,,თამაშის წესების“ დახვეწის ხარჯზე, ის უფრო მოქნილი და ფსევდოცივილიზებული ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ხელოვნება, გაკეთილშობილებული ავანტურაა.

  წავიდა ის დრო, როცა ხელისუფლება ,,ზამთრის სასახლის“  ქვაფენილზე ეგდო და ..ამღები“ არ ჩანდა, ასეთ სისულელეს მან საბოლოოდ უთხრა უარი. ხელისუფლების ხელში აღების შიში პოლიტიკოსებს დააძლევინა და და ამით პოლიტიკის კეთების საშუალებაც შეიქმნა.

  ეს გახლავთ ადამიანის საქმიანობის ერთადერთი სფერო, სადაც სიკეთეს ვერასდროს მოიმკით, რადგან ყველაზე კარგ შემთხვევაში, მაქებარიცა და მაგინებელიც თანაბრად გეყოლებათ, მიუხედავად იმისა, რომ მაგინებელთა უმრავლესობა შეიძლება თვალითაც არასდროს გყავდეთ ნანახი.

  ხელოვნება ,,დიდი ნაგავსაყრელია“, რაც მეტად გაქექთ, მით მეტად აქოთდება. აქ ყველაფერს იპოვით, თვით ,,ხალას ოქროსაც“ კი. მთავარია დროულად შეამჩნიოთ. თუ შეამჩნევთ კარგია, მაშინ არჩევანი  ,,ნეხვსა“ და  ,,ოქროს“ შორის მოგიწევთ, ეს კი ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ.

ხელოვნების ამგვარმა შესაძლებლობებმა ადამიანის  ,,ცნობიერების ასტრალი“ სწრაფად შეავსო და  დიდ, ,,ცისფერ გალაქტიკად“ ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სიდიდისა და სიკაშკაშის ,,ვარსკვლავებმა“ გააცისკროვნეს - მუსიკამ, ლიტერატურამ, სახვითმა ხელოვნებამ  ...

მათ კი თავის მხრივ ,,ორბიტებზე გაიყვანეს“ კამერული, პოლიფონიური, ჯაზური,  პროზაული, პოეტური, ფერწერული, გრაფიკული და ა.შ. პლანეტები და ერთგვარი ,,მზის სისტემებიც“ შექმნეს.

ხელოვნების ირგვლივ ათასგვარმა მიმდინარეობამ დაიწყო ბრუნვა, მაგრამ სამი ძირითადი მიმართულება - მუსიკა, ხატვა და ლიტერატურა, მათი მხცოვანებიდან გამომდინარე, შეუცვლელი დარჩა.

ამ ე.წ. ,,ხელოვნების გალაქტიკის“ ცენტრში მუსიკაა, შემდეგ ხატვა და ლიტერატურა კი მხოლოდ ,,მესამე მზეა“.

რით არის გამოწვეული ჩემს მიერ ზემოთ წარმოდგენილი ამგვარი კლასიფიკაცია? ... ადამიანის სულიერი სამყაროს მრავალფეროვნებით, რადგან ხელოვნება წესითა და კანონით, ზეცით გადმოსული მადლია - ღვთიური ნიჭი.

ჩემი ვარაუდით  ,,პირველად იყო მუსიკა, შემდეგ ხატვა და ლიტერატურა ... პირველყოფილი ადამიანი ვიდრე ხორცის მოპოვებას დაიწყებდა, მანამდე ბუნებისაგან ბოძებულ მცენარეულ საკვებს მიირთმევდა (ხილი, ბოლქვები, ბოსტნეული და სხვ.). გამოქვაბულში ან  ,,რკალისებრ სასახლეში“, ცეცხლისპირას მიმჯდარს, ალბათ ბევრჯერ სმენია ქარის ზუზუნი ან მხეცთა გაბმული ღნუილი და მათ ხმას თავისიც  შეურთავს. შემდეგ ეს არამუსიკალური ხმები დაუხვეწავს და ერთგვარი საგალობელიც წაუღიღინებია. თანდათან ,,მადა ჭამაში მოსვლია“ და გამოქვაბულის კედლებზე ცხოველთა ფიგურებიც გამოუსახავს, მოგვიანებით კი მათთვის და კარგი მონადირეებისთვის ლექსებიც მიუძღვნია (აღნიშნული საკითხი, რადგან ჩვენი განხილვის თემა არ გახლავთ, სივრცეს პოლემიკისთვის დავტოვებ).

ახლა კი დავიწყოთ თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების განხილვა ... ვის შეიძლება ეწოდოს მწერალი (პროზაიკოსი, პოეტი)? ...

ამ კითხვას იმდენი პასუხი გააჩნია, რამდენი ადამიანიც მოისურვებს პასუხის გაცემას ან შეიძლება ცოტა ნაკლები, რადგან თანმხვედრი აზრებიც იქნება, მაგრამ თუკი მათ თავისი შემოქმედების შეფასებას მოვთხოვთ, დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ყველა უპირობოდ დაასახელებს საკუთარ თავს ,,დიდებულ“ თუ არა,  კარგ მწერლად. არგუმენტებსაც სათანადოს მოგიყვანთ ... ასი რომანის, ათასი ლექსისა და ორასი წიგნის ავტორისთვის ასეთი შეკითხვა წესით თურმე არც უნდა შეგებედათ.

ასეთ დროს მკითხველს არავინ იხსენებს. არავინ ფიქრობს იმაზე, სიმრავლე ხარისხს რომ არ განაპირობებს. არადა, სწორედ ეს გახლავთ თანამედროვე მწერლობის ,,აქილევსის ქუსლი“, გინდათ ,,საჯილდაო ქვა“.

მწერლის ფინანსური სიძლიერე, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის პოპულარობას. პრეზენტაციები, რეკლამები, აქეთურ-იქეთურები და შენ უკვე არათუ შემდგარი, არამედ ,,ოლიმპოზე“ ფეხშედგმული ან მწვერვალამდე ერთ ნაბიჯში მდგარი მწერალი ბრძანდები.

მერე, ასეთი ,,ცნობილი ადამიანები“ უკვე იმდენს ბედავენ, რომ სხვების ბედის გადაწყვეტაში აქტიურ როლს თამაშობენ. ვინ დაამუხრუჭონ ან ,,მაჩანჩალათა რიფებში“ ვინ ჩარიცხონ, რადგან გვერდით დგომაზე და მითუმეტეს წინ გადასწრებაზე ლაპარაკიც არ არის,  საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ.

,,თაფლისა და ბაღდადისა არ იყოს“, მაქებარი აუცილებლად გამოუჩნდება, თანაც ისეთი, ამ ,,ცნობილი მწერლის“ ნაწარმოები წაკითხულიც რომ არ აქვს, მაგრამ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული რომ გახლავთ ... თუ მანიცდამაინც, ერთი ფურცელი თავში, ერთიც შუაში და ... ან მარტო ბოლო ფურცელი! ... აზრის გამოთქმისთვის სრულიად საკმარისია.

ამას კიდევ არაფერი უჭირს, ,,ცნობილი მწერლები“ რაღაც ღირებულს მაინც ქმნიან, მაგრამ ,,რახი“ (ე.ი. მდარე) და თანაც  ,,რუხი“ (დაუნდობელი), ანუ ,,რახა-რუხა“ მწერლები რომ მომრავლდნენ, ეს არის სამწუხარო  ...

და ბოლოს!
მათთვის ექსპრომტად ადრე დაწერილი ლექსი მაქვს და ბარემ აქვე შემოგთავაზებთ:

            უკვდავი  ჩეჩმა
              (ექსპრომტი)
ვიცნობდი  ერთ პოეტს, სახელად მზისდარი,
(არ ვიცი ვინ მისცა ასეთი სახელი),
ხმა ჰქონდა თითქოსდა ვიღაცის მიმგვანი,
კლდის ქიმზე ხევიდან ექოთი ნახეთქი;
,,ზემოდან ყურების“ წიკებით სნეული,
ქირქირით ამკობდა პარნასის ბინადართ,
საშუალო პოეტი, არაფრით რჩეული,
მზისდარის უღელქვეშ სატირით გმინავდა:
,,ეს რითმა არ მომწონს, ის ტექსტი ცუდია“! -
ანთხევდა პირიდან შხამიან კომენტარს,
ითხოვდა მწერლების კონკურსის მუნდიალს,
ტრიბუნას, სათქმელი ხმამაღლა რომ ეთქვა;
ამ  ვიშში, ვაიში და სხვების ,,კბენაში“,
,,ცხოვრების დოლაბმა“ ’ ჩამოფქვა საფქვავი,
დროებამ  უსისხლოდ აუღო რევანში,
გათხარა ღრმა ორმო და არა საფლავი;
ამჟამად ორმოზე ,,ჩეჩმა“  დგას ფიცრული
და ეპიტაფია თეთრ ფონზე გვაუწყებს:
,,მზისდარი-მოლაყბე“ ცხოვრებით ბინძურით,
სამსახურს პოეტებს ამგვარად გაუწევს“!
                    02. 03. 15. წ.

P. S.
არ ვთვლი, რომ რაიმე ღირებულს ვქნი, ,,ჩემს ჭიას ვახარებ“, ოღონდ ნუ მეტყვით ,,გრძელი ჭია მყოლიაო“. მხცოვანი ადამიანის დაცინვა ცუდ ტონად ითვლება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები