ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 თებერვალი, 2021


ფეისბუქ-დარტყმა კლასიკის მხრიდან


ნინო დარბაისელი

ფეისბუქ-დარტყმა კლასიკის მხრიდან
- - - -
(იუმორესკა ერთი პლაგიატის გამო)

      ძვირფასებო, ეს საიდუმლო ჩემგან დაიხსომეთ:
თუ ოჯახში ყავის მსმელი გყავთ და თან სიტკბოებაც გინდათ შეინარჩუნოთ, ვიდრე დილით პირველ ჭიქას დალევდეს, არათუ არ დაელაპარაკოთ, საერთოდ ერიდეთ თვალში მოხვედრას.
      იცით, ეს რა გრძნობაა?
      აი,  გაიმზადებ  დილაუზმოზე კოხტად, მოსვამ  პირველ ყუპს და ცხონდები.
ცხონებაზე გამახსენდა, ხომ არ იცით კიდევ რომელიმე ერი, ასეთი ანდაზა რომ ჰქონდეს "ქურდის ქურდი ცხონებულიაო"
      რა მოკლე გზა გვაქვს ნაპოვნი!
-  დაარქვი ვინმეს ქურდი, დააჯერე თავი და სხვებიც ამაში, მერე მოპარე რამე და  წავიდა ცხონება და ნეტარებაააა!..
    დილაუზმოს ყავის სმის დროს ლექსებიც კი  რაღაცნაირად, თავისით, დაწყობილად მოდის გონებაში. ლამისაა დავიჯერო,    რომ თუ მართლა არსებობს მუზა და შემოქმედებითი ინტენცია მისი გათანამედროვებული, გამეცნიერებული  სახელია, ის ყავის ჭიქაში  სუფევს;
    აი, მაგალითად,  ახლა უცებ ასეთი ლექსი მომივიდა თავში:
 
მე გუშინ მივხვდი, რატომ სვამენ ქალები ყავას.
მოხრუპავენ და  ყველა დარდი ჯანდაბას წავა.
ესპრესო მიყვარს, სხვა ყავისა - მნდომი არა ვარ,
ჰო, დავლიე და დედამიწა მეპატარავა.

თავზე დამადგა ის, ვინც მიყვარს  და დამხარხარებს,
რა არის ყოფა, ყავის სმითაც არ გაგახარებს!
რაც დამემართა, ვერ გრძნობს?  თითქოს არხეინია:
-კიდევ სვამ ყავას? ხომ გითხარი, კოფეინია,

და არ უხდება გულ-სისხლ-ძარღვებს, თანაც ძალიან.
სულ გაგახსენო?! მე ამდენი სადა მცალია!
- ო, მაპატიე, დამავიწყდა, თუმცა შევიტყვე,
არ გამიბრაზდე და ვიქნები მარად შენი ტყვე.

უკვე გავცალე მთელი ჭიქა ცხელი ყავა და
მინდა იცოდე, შენი ტრფობით მე ვარ ავადა.
ოდნავ მიშველა ამ ესპრესომ, ფრანგულმა ყავამ,
შენ სიყვარულო,  მოწეულო ტრფობისა ყანავ,

თუმცა მიჭრელებს თვალებს ისევ სახება შენი,
მწყურიხარ ისე,  არ მანაღვლებს აწ დანარჩენი.
ახლა ხომ მიხვდი, რატომ სვამენ ქალები ყავას,
ვაი მას ,  ვინაც ჩოქვით  მუხლი გადაიტყავა! 

ის-ის იყო, პოსტი გამოვაქვეყნე,  ლაიქებისა და გულების მოგროვების მოლოდინში ‘’პაკლონზე გამოსასვლელად მოვემზადე...  და ერთმა ახალგაზრდა მეგობარმა მომწერა,  ქალბატონო ნინო, ალბათ ვერ შენიშნეთ, პლაგიატობა გამოგივიდათო და  ჩემთვის სრულიად უცნობი ავტორის ეს ლექსი გადმომიგზავნა. თანაც ასზე მეტი ლაიქი ჰქონია:

აქ -კარგად უნდა დავფიქრდე,  საერთოდ, ხომ არ უნდა ერიდოს ჩემი ხნის ადამიანი ახალგაზრდებთან ასეთ სიახლოვეს. ეს რანაირად იციან, მეფეს მანტია ოდნავ რომ შეუფრიალდეს, იმწუთას    ქვეყანას შეუყრიან, მეფე სრულიად შიშველია ტანსაცმლის ქვეშო:

მადონა კალანდია

მე გუშინ მივხვდი...
მე გუშინ მივხვდი, რატომ სვამენ კაცები სასმელს,
გადაკრავენ და ივიწყებენ დარდსა და ნაღველს.
და მეც დავლიე ერთი ჭიქა ჭაჭის არაყი,
ფეხზე მეკიდა ეს სამყარო, დარდი, ვარამი.
თუმც მომანატრა ვინც მიყვარდა იგი
დაუნდობელო, ცრუ სოფელო, შენი ბრალია,
აღარ ახარე სულის ბაღნარს სიყვარულის ხე
და თეთრი სევდით მომიქსოვე სხივნათელი დღე.
მეც გადავკარი ერთი ჭიქა ჭაჭის არაყი
და არ მახსოვდა მე მის გარდა ქვეყნად არავინ...
ცოტათი მაინც სულს უშველა ჭიქა არაყმა,
ჩემი სევდა და კაეშანი ფიქრებს გადაყვა.
თუმცა ძვირფასი სახე ისევ ჩახატა თვალში,
ისე ძალიან მომანატრა, წყალივით დავშრი
და ახლა მივხვდი, რატომ სვამენ კაცები სასმელს,
გადაკრავენ და ივიწყებენ დარდსა და ნაღველს.

არადა რაღა ვქნა აწი!
დაჭერილი ვარ ქურდობაზე. რითი ვიმართლო თავი?!
მოიცათ, მოიცათ!
ჯერ ნუ!
მე ვწერ - ყავა მეთქი, აქ კიდევ არაყიო! - არ არის პრინციპული განსხვავება? სად ალკოჰოლი და სად -კოფეინი.
თანაც მე დიალოგის ფორმა რა მარჯვედ მაქვს გამოყენებული, როგორი ცოცხალი პოეტური ხატი შევქმენი,  ბარათაშვილის „ღამე ყაბახთან“ - მონაგონია.
  დაფასება არ უნდა?
თანაც მე ხომ ქვეცნობიერში ლილი ნუცუბიძის ერთი  უცნობილესი ლექსი მქონდა, ჯვარედინად გარითმული,(abab). რიტმული  საზომი კი ზუსტად დავიცავი, ჩემთვის უცნობი  ფეისბუქ- ავტორივით, მაგრამ  მისგან განსხვავებით,  ალკოჰოლიანი სასმელის მავნებლობიდან გამომდინარე ღვინო არყით კი არა, ყავით შევცვალე, თანაც  გარითმვა - ცოტა უკეთესად შემიძლია და მიმდევარი რითმით გავაწყვე (AABBCC)

ლილი ნუცუბიძე
***
მე ეხლა ვხვდები, რატომ სვამენ ღვინოს კაცები,
თუთუნის კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის,
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო, მინდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის,
თუთუნის კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს,
დამალევინეთ, გეხვეწებით, მაგრამ არც ერთი,
მაგრამ არც ერთი სადღეგრძელო არ მათქმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს,
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო უნდა დავლიო,
და შენი სული ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.

მე ეხლა ვხვდები, რატომ სვამენ ღვინოს კაცები..."

არა!
მგონი მირჩევნია, ჩემი ინსპირაციის თავანკარა წყარო ისევ ის ფეისბუქ- ავტორი იყოს!

  ევრიკაააა!

    ქურდის ქურდი ხოა ცხონებული და მეც  არა რამ კილვა და სასჯელი, არამედ ამის გამო ცხონება მომელის!
    არა, უკვე ვცხონდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები