ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2021


პეპლის ეფექტი

ვდგავართ რელსებზე მე და აპრილი,
ღამე თრილერს ჰგავს ისე ხმაურობს.
თუ ბედისწერის შეცვლას აპირებ
ნუღარ დატოვებ უსათაუროდ.

ხეებს რომლებიც ქარში გაშიშვლდნენ
გავყვები ჩუმად ღამის ხმაურში.
ამ ფოთოლცვენის ღრმა პანაშვიდებს
გამიჯნურებულ გულს გადავუშლი.

მივდივარ მაგრამ გზები მებნევა,
მხდალების სულში ვხედავ ქრისტეებს.
ვაშლის ჩირებით დგანან ბებრები,
მზერით ავაზაკ წყვდიადს მისდევენ.

რაღაც სხვა მინდა და ეს გადამრევს,
ვუსმენ გოიას, საფოს, ეზოპეს.
დიდება თალესს, ნიცშეს, გადარელს,
მათ ხომ სიგიჟე დაიმეზობლეს!

მე თვალს ვადევნებ სულთა ბენეფისს
ეს ჩემი ლექსიც დროის ობია.
მინდა სიგიჟე ლურჯა ცხენების
და ყველა ტანჯვა რაც უცნობია.

მგონი სულს ვღაფავ, როგორც სამყარო,
დროის ძაფებით სიკვდილს ვეკავე.
მოფრინდებიან თეთრი ყვავები
და სულსაც ერთ დროს ამოკენკავენ.

ვდგავართ რელსებზე მე და აპრილი
და ზეცამ შეკრა ლურჯი ირაო.
თუ ბედისწერის შეცვლას აპირებ
ჯერ მიწა უნდა ააყირაო!

                          მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
                                          2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები