შენ ალბათ ისევ მოუსმენ ბოჩელს ან წაიკითხავ სულაც ბოკაჩოს. გინდა, რომ შენი წვალება მორჩეს, ბოლო ნაფაზი გინდა მოქაჩო.
" ლექსები გიყვარს შენში, რომ სდუმან," კუთხე, საფერფლე, ყავა და ნამწვი. კითხულობ დიკენსს, ხანაც დიუმას, რთულია როცა ქუჩაზე არ წვიმს.
უსმინე ჯოისს, უსმინე ჰაგარდს, ვიღაცის ცოლს ან ვინმეს დეიდას. ყავას ყოველთვის იკეთებ მაგარს და უშაქროდ სვამ ისიც დღეიდან.
ღამდება, ღამით უფრო მოიტანს, სისხლში აიმღვრევ ალბათ მეტადონს. ხმა მომიტანეს, რომ ხარ პოეტი და სუიციდზე ფიქრობ მეტადო.
მზე გადავიდა, მთვარე კამეა, ღამემ წაიღო.. ის რაც შორია. სიკვდილშიც რაღაც სიკამკამეა და გადარჩენის ალეგორია.
შენ რაღაც სხვა ხარ, გერგო რა როლი.. არავინ იცის, გარდა მუზების. შენ მოხვალ როგორც ბრძენი " კაროლი " და მაგიდაზე აიტუზები.
შენ ალბათ ისევ მოუსმენ ბოჩელს ან წაიკითხავ სულაც ბოკაჩოს. თუ გინდა შენი წვალება მორჩეს ბოლო ნაფაზიც უნდა მოქაჩო!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|