ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2021


გადარჩენა

შენი მამიკო ბაბუას რატომ ჰგავსო ბავშვური, გულუბრყვილო ინტერესით ჰკითხა პირველ კლასელ ნიკას მასავით პატარა და დიდგულა თანაკლასელმა. ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა ახლად შეძენილ მეგობარს, მეგობარს, რომელსაც ამ შეკითხვამ მარგალიტის მძივებად დაკიდა ლოყებზე ცხელი, სამყაროსოდენა ტკივილის დამტევი ცრემლები. გაფითრდა ბიჭუნა, გაშეშდა და უკვე მერამდენედ გაუჩინარდა შორს, სადღაც უსასრულობაში, იქ, სადაც შვება, სიმსუბუქე და ჟანგბადი ეგულებოდა, იქ, სადაც  შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ადგილის პოვნა, რომლიდანაც მზეს მოიპარავდა და სულში არსებულ ყინულს გაილღობდა, იქ, საიდანაც თითქოს და მართლაც შეძლებდა თავად სიცოცხლის წამოღებას, მერე კი მის გაჩუქებას, გასხვისებას, ყველასთვის უანგაროდ დარიგებას...
რამდენიმე წამს იყო პატარა ნიკა რეალურ დედამიწას მოწყვეტილი, მხოლოდ რამდენიმე წამს მოახერხა მარტოს ეზეიმა უკვდავება. შემდეგ გამოერკვა, თავისი ოცნების უცნაურობამ გამოაფხიზლა, მეგობარს მშრალი გამომეტყველებით შეხედა და როგორც ჩვეულებრივ, უბრალო კითხვას, ისე უბრალოდვე უპასუხა:
იმიტომ რომ მამა კი არა ბაბუა არისო! გულში კი მსხვრევადი ქარიშხალი დაუტრიალა ამ ვითომდა ჩვეულებრივმა, უემოციო პასუხმა.
.................
სასკოლო ეიფორიაში იყო ექვსი წლის ნიკუშა. უცხო და ფერადი მომავალი ესახებოდა თვალწინ. ახალი გარემო, ახალი მეგობრები, ახალი სიტუაცია, რომელიც არაფრით იქნებოდა ბაღში გატარებული წლების მსგავსი, რომელიც ისეთივე რთული და განსხვავებული იქნებოდა აქამდე არსებული რეალობისგან, როგორც აკანკალებული დეკემბერი ადუღებული აპრილისაგან. რთული და აუცილებელი, საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ არ აშინებდა ეს სირთულე პატარა ბიჭუნას, რადგან იმ მცირე ასაკშიც კი, მშობლების დახმარებით, კარგად აცნობიერებდა, რომ სიძნეელებით დაწყება ცხოვრების მარტივად გაგრძელების გარანტი იქნებოდა!
......
სულ რამდენიმე კვირაღა რჩებოდა ახალ საფეხურზე ასვლამდე, როცა ნიკას დედ-მამამ ცაში გასეირნება "გადაწყვიტეს", სამუდამოდ!
.............
შუაღამისას დაურეკეს პროფესორ ნადიბაიძეს...
რამდენიმე ღამის უძილარმა ექიმმა, როქორც იქნა მოახერხა ცვლის კოლეგისთვის გადაბარება და სახლში დამშვიდებული დაბრუნდა იმ იმედით, რომ ორი დღე მაინც მოახერხებდა დასვენებას. მაგრამ... იმედი იყო, შესაძლებლობა კი არა...
ძლიერი დაღლილობის მიუხედავად პირველივე ზარზე გაეღვიძა, პროფესიამ ფრთხილ ძილს კარგა ხნის წინ მიაჩვია. სწორედ სიფრთხილე და სისხარტე იყო ის განსაკუთრებული თვისებები ( სხვა დანარჩენთან ერთად), რომლებიც მის პიროვნებას კიდევ უფრო ამაღლებდა სხვების თვალში. მორიგე ექთანი საავადმყოფოში აუცილებელ ვიზიტზე ატყობინებდა. საუბარი დასრულებული არ ჰქონდათ უკვე რომ წასასვლელად მზად იყო. გარდა პროფესიის უსაზღვრო სიყვარულისა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაც გააჩნდა ექიმს, მხოლოდ ადამიანების არა, ყველა სულიერისა და უსულოს, ზოგადად სამყაროს მიმართ. სხვანაირად არ შეეძლო, სხვანაირად არც შეიძლებოდა. მას მხოლოდ სიყვარულს ასწავლიდნენ, მხოლოდ თანადგომას აჩვევდნენ, მხოლოდ სიკეთეს ანახებდნენ... ეუბნებოდნენ რომ გულით სიყვარული საკმარისი არ იყო, რომ მოქმედებითაც უნდა ყვარებოდა, რომ თავად ქცევას, თუნდაც უბრალოდ აწეულ ხელსაც კი თითებიდან სულის სიწრფელე უნდა ეღვრებოდესო. თანადგომის საჩვენებლადაც თითებს მოიშველიებდნენ ხოლმე. ეტყოდნენ აბა დააკვირდიო... ცერა თითს თუ არ მიაშველებ, განა დანარჩენი ოთხით რაიმეს აღებას შეძლებო? როგორც ეს ხუთი ძმა უდგას ერთმანეთს გვერდით, შენც ასე უნდა მოიქცე, თუნდაც ზოგჯერ ბრიყვადაც შეგრაცხონ ამის გამოო. შენ შენი გააკეთეო. სიკეთე დათესეო და...
ისევ თითები...
კეთილ საქმეს გული "უკვეთავს", ხელი კი აკეთებსო. ყველა თითია საჭირო სულ პაწაწა, ჩვილ ნერგს მიწა რომ შემოუთოხნოს და სიცოცხლის აყვავილებაში დაეხმაროსო. ასეა ეს და დაიმახსოვრეო!
ახსოვდა, ახსოვდა და აკეთებდა კიდეც ისე, როგორც ჩაუნერგეს- სწორად და სრულყოფილად! რწმენით და იმედიანად! სუფთად და ღვთიურად!...
ვინ ასწავლა? ვინ მიაჩვია? ვინ დაანახა? ვინ იყო მისი საოცრად საინტერესო გზის დასაწყისი? ვინ იყო მისი სიბნელის გამაკაშკაშებელი სხივი? ვინ იყო მისი ცხოვრების ასე მადლიანად განმკარგავი? ვინ?..
.........
ბევრი იტირა ნიკამ მშობლების გაყინულ მზერებს რომ მოჰკრა თვალი. შუაღამისას ჩუმად შეიპარა იმ ოთახში, სადაც ისინი ეგულებოდა. იმ ოთახში, რომელსაც იმის მერე აღარასდროს სტუმრებია, არა იმიტომ რომ ეშინოდა. არც ისევ დიდი ტკივილის განცდის გამო... არა და არა. არ სტუმრებია, იმიტომ რომ არ უნდოდა იქ სიცარიელე დაენახა, არ უნდოდა ტვინს მშობლების სამუდამო წასვლა აღექვა. მხოლოდ იმას აჯერებდა თავს, რომ ისინი მისგან შორს კი არა, უბრალოდ მასთან არ იყვნენ. ამიტომაც იყო რომ მათი დაკრძალვის დღეს ნიკა სახლში ვერ იპოვეს. ის, დილიდან პატარა მდინარის პირას იჯდა და გვიან საღამომდე საიდუმლოდ  ეჩურჩულებოდა ისედაც გულაჩქარებულ ვერცხლისფერ ზმანებას...
მერე იყო პირველი სექტემბერი, წარმოსახვისგან ბევრად განსხვავებული- ჰო... ობოლი იყო იმ წელს სექტემბერი!.. იყო პირველი კლასი, პირველი წიგნი, პირველი მასწავლებელი და პირველი მეგობარი. მეგობარი- ნამდვილი და მარადიული!
იყო დღეები, ერთფეროვანი და მაინც განსხვავებულნი, თეთრები და მაინც ბნელგადაკრულები, ღიმილიანები და... შეფუთულღიმილიანები... ნიღაბაკრულნი ან უბრალოდ ნიღაბდაკარგულნიც, სველები, ძალიან სველები!.. მერე კი დრო გავიდა... დიდი დრო! და დათბა შესაშურად!
.......
ბაბუამ გაზარდა... ბაბუამ აღზარდა!
უთხრეს ვერ შეძლებო, ინტერნატში წავიყვანოთო, მაშინ ნახავ, როცა მოისურვებო. ეს მასზე უარის თქმას არ ნიშნავს, პირიქით  მისთვის დიდი სიკეთე იქნება, გზაზე დააყენებენო!..
ადრიანი ჭაღარა ასწია ტანდაბალმა კაცმა, მრისხანების ნატამალს ვერ შეამჩნევდით მის ნოტიო თვალებში, იქ მხოლოდ ოცნება და ოდნავი ირონია დაცურავდა. ოცნება ერთადერთ იმედს-ნიკუშას დასტრიალებდა, ირონია კი ამ  აბეზარ "კეთილისმსურველებს", რომლებსაც თავიანთი საქმეებისთვის ვერ ეშველათ და სხვისას ეპოტინებოდნენ გატკეპნილი ემოციებით. მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა ბაბუამ მათ:
ჩემი გზის დასაწყისს რას უწუნებთ?-ო და პასუხსაც კი არ დაელოდა, ისე გაეცალა იმ სულ+გამოფიტულ "თანადგომას!"
------ ბაბუამ გაზარდა...
ბაბუამ "იტვირთა!"------
.......
-იმიტომ რომ მამა კი არა, ბაბუა არისო!- ტკივილდაფარული ხმით უთხრა ნიკუშამ მეგობარს და იმ დღიდან მართლაც მამასავით შეიყვარა ჭაღარა სასწაული!
ერთმანეთის იმედად იქცა ეს ორი, ერთმანეთის მიზნად, ერთსულად, ერთგულად. ყველგან ერთად იყვნენ, ერთ გზა ჰქონდათ,  ერთი ბილიკი. დრო თევზაობაში, ნადირობასა და ფეხბურთის თამაშში გაჰყავდათ, თუმცა სწავლა პირველ ადგილზე იყო და გართობაც მხოლოდ მის შემდეგ იწყებოდა. ბაბუაც მასთან ერთად სწავლობდა, მასთან ერთად იზრდებოდა და ბრძენდებოდა კიდეც. ეგ კი არადა, როცა ნიკა ცივდებოდა, ბაბუაც ზუსტად მაშინ "გაცივდებოდა" ხოლმე. "იყოფდა" შვილიშვილის  ტკივილს და წამლებშიც ეცილებოდა, აბა როგორ? როგორღაც ხომ უნდა ეჩვენებინა ბიჭისთვის, რომ გამოსაჯანმრთელებად ზოგჯერ ნემსის გაკეთებაც აუცილებელი იყო? ჰოდა "ცივდებოდა" ეს ჭაღარა მთაც და იკეთებდა მერე ნემსებს. პატარა ბიჭს ართობდა ბაბუას ამგვარი ოინბაზობები და მის დღეებსაც ფერები ნელ-ნელა უკაშკაშდებოდა. იყო მომენტები, როცა მოიწყენდა და ცრემლი ნიაღვარივით მოასკდებოდა, მაგრამ ამ დროს იმ ოთახისკენ გაიხედავდა, სადაც მისი მშობლები ჯერ კიდევ "ცხოვრობდნენ" და საოცრად მშვიდდებოდა. ან, რომ იტყვიან სულზე მიუსწროო, ბაბუა დაადგებოდა ხოლმე თავზე და კოცნით ამოუშრობდა იმ ზღვისფერ თვალებს, ტალღებს რომ უნებართვოდ ისვრიდნენ დედამიწაზე.
მერე კი მიჰყავდა მთასა და ბარში, ზღვასა და ცაში... სადაც ნიკას უნდოდა, სადაც ნიკა გაერთობოდა და თავს ბედნიერად იგრძნობდა. დაბადების დღეებზეც დაჰყვებოდა, არა როგორც მისი აღმზრდელი, არამედ, როგორც ძმაკაცი. ნიკუშას მეგობრებისთვის ბაბუა ერთადერთი დიდი და ყველაზე სანდო მეგობარი იყო, მეგობარი, რომელთანაც ყველაფრის მოყოლა შეიძლებოდა, მეგობარი, რომელიც ბავშვების პრობლემებს ყოველთვის ისე მოხერხებულად "აგვარებდა", რომ ბიჭები აღტაცებას ვერ მალავდნენ. ამიტომაც იყვნენ ისინი ნიკას ხშირი სტუმრები, ბაბუაც ისე იღებდა და  ევლებოდა თავს მათ, როგორც თავის ერთას! ასე ფერადად გადიოდა ბავშვობის წლები. ერთ დღეს კი, თითქოსდა მოულოდნელად, ნიკუშა დიდი ბიჭი გახდა. სკოლა დაამთავრა და სამედიცინოს ფაკულტეტზეც ჩაირიცხა. პირველმა სიამაყემ სასიამოვნოდ მაშინ დაუარა ბაბუას ძვლებში, როცა დაფინანსებულ სტუდენტებში ნიკოლოზ ნადიბაიძის პიროვნებამაც გაიჟღერა. მეორე სიამაყე კი, უფრო ძლიერი და უფრო გამართლებული მანტიაში გამოწყობილმა ნიკას დანახვამ მოგვარა, იმ მანტიაში, უნივერსიტეტის დასრულების დღეს რომ მოირგო თავისმა ბიჭმა. მესამე და შემდეგი სიამაყეები შვილიშვილის დაქორწინებამ და მისი ორი ვაჟის ხილვამ გამოიწვია. უყურებდა ბაბუა თავისი გენის, თავისი სულის, თავისი "ნატვირთის" ცხოვრებას და ივსებოდა, ისე როგორც დიდი წვიმების შემდეგ ჭა ივსება ახალი სისხლით, ისე როგორც დიდთოვლობის შემდეგ მარტი ივსება უცხო სიგიჟით და ისე, როგორც შემოდგომა ივსება ყვითელი ფოთლების ამფერივე სევდით ან უბრალოდ მათი გაცრეცილი სურნელით. ივსებოდა და გაივსო კიდეც... ისე გაივსო, რომ გადაწყვიტა, ვიდრე ეს ბედნიერება  გადმოეღვრებოდა, მანამდე წაეღო... იქ მიეტანა... იქ- ნიკას მშობლებთან და მათთვის თავის მიერ მიღწეული მიზანი ეჩვენებინა. ჰოდა, წაიღო! აღარ მოუცადა გაზრდილის უცხოეთიდან დაბრუნებას. გადაწყვიტა მანამდე წასულიყო, რადგან არ უნდოდა  შვილიშვილს, ოდესმე, მისი ჩამქრალი და უემოციო თვალები ენახა!
მერე კი ნიკაც დაბრუნდა... დაბრუნდა და დიდი, ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმ გზას ისევ რომ დასდგომოდა, რომელსაც ბაბუა უგებდა მთელი ცხოვრება.
..........
პროფესორი ნადიბაიძე, სატელეფონო ზარიდან, ზუსტად, ათ წუთში უკვე საავადმყოფოს ჰაერს სუნთქავდა. ორ საათში კი ოპერაციაც დაამთავრა, რა თქმა უნდა წარმატებით. მან ტანდაბალი, დიდი და კეთილი თვალების მქონე მოხუცი, საკუთარი გულის სინათლით მოჰპარა ბნელ ძალებს!
ნიკოლოზ ნადიბაიძემ ბაბუა გადაარჩინა... სხვისი ბაბუა... ბაბუა, რომელიც სურნელით ძალიან ჰგავდა ნიკას ცხოვრების გადამრჩენელ უკვდავ სხივს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები