ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2021


ანტიოქიის პალეკარტის მიღმა

*
სიყვარული არ არსებობს,
- თქვეს მათ
და დასვეს წერტილი.
ახლა სხედან და იმ წერტილს ყარაულობენ,
მყარად დაებნენ,
რომ შეუვალი გახადონ აზრი...

სიყვარული  საკუთარ არსთან ყველაზე მეტად მიახლოვებაა,-
ვთქვი მე
და უწერტილოდ დავტოვე სივრცე,
გზა გავაგრძელე
ახალ აზრამდე.

ლექსი რითმაა,-
თქვეს მათ.
„ლექსს ვერლიბრის ძაძის ქვეშაც უნდა უჩანდეს ანტიოქიის პალეკარტივით ძვირფასი რითმა“...

მე ეგოიზმთან ვაკავშირებ
იმ მონდომებას,
რითიც ლექსი უნდა ბრწყინავდეს.
ისევე, როგორც
ტაძრის ფილაქნის გულმოდგინე ცვეთას,
სულის გადასარჩენად...

მერე რა,
რომ  დაემსგავსნენ  ჩემი ლექსები საპროტესტო პროკლამაციებს.
სუნიც დაკარგეს,
გემოც.
სხვანაირად ირონიას ვერ გამოიწვევდნენ.
ირონია კი ისე აკვდება მათ უმ სახეებს,
უარს აბა როგორ ვიტყოდი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები