ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2021


ჩემი პატარა, ოქროსფეხება

ნინო დარბაისელი

ჩემი პატარა, ოქროსფეხება
- - - - -
      ჩემს შვილს ჰყავდა მუსიკის მასწავლებელი, ნინო ბაბუცაძე, ულამაზესი მშობლების პატრონი. დედამისი - ვიდრე რაჭულად ხმას ამოიღებდა, ფრანგი გეგონებოდათ.      თვითონაც კარგი გოგო იყო, გარეგნულად - არა უშავდა, შავგვრემანი, მოკლედ თმაშეჭრილი,  თანამედროვე, იმდროინდელი გაგებით, აი, ბუნებით, ბორჯომის ხეობისა არ იყოს,  არაფერი და არავინ სჯობდა.
      ოთხმოცდაათიანი წლები იყო, სიბნელე, უგზობა, უფულობა, უტრანსპორტობა... მეც ვთქვი, რა! ამით საქართველოში ვის გააკვირვებ! ჩვენს მუსიკალურ სკოლაში ისე ყინავდა, რომ მასწავლებლები ზამთარში გარეთ გამოდიოდნენ ხელების გასათბობად, ცოტა მზის სხივი მაინც მოგვხვდებაო. დირექციამ გამოაცხადა, ვისაც საშუალება გაქვთ, ან მოწაფე მივიდეს მასწავლებელთან, ან მასწავლებელი მოწაფესთან, ოღონდ კლავიატურის სპირტით გაწმენდა არ დაგავიწყდეთ ყოველი გაკვეთილის წინო.
      ჩვენ - ასე მოვილაპარაკეთ, კვირაში ერთი დღე - ნინო მასწავლებელი მოვიდოდა, მეორე გაკვეთილზე - ჩვენ მივაკითხავდით სახლში. ჩვენს სახელებს შორის მანძილი ასე, ორი კილომეტრიც იქნებოდა. თუ ჩვენ მივიდოდით,  მისი სასწაულად წარმოსადეგი, ჭაღარაკულულებიანი, ტკბილი მამა, ბატონი შამშე -  შებინდებულზე მუდამ შინამდე მოგვაცილებდა, სადარბაზოს შემოსასვლელში  იცდიდა და რკინის კარის შეჯახუნების ხმას ელოდა, რომ დარწმუნებულიყო, შევედით თუ არა,
კვირის მეორე დღეს - ნინოს მოაცილებდა და არაფრით არ შემოვიდოდა სახლში, ორი საათი ქუჩაში, სიბნელეში იდგა,  მარტო. ხანდახან მამა-შვილი ერთასდაც გვაცილებდა და შამშე  ჩვენს მასწავლებელს  ნინოდ არც მოიხსენიებდა, “ჩემი პატარა, ოქროსფეხება გოგოო”, ასე ამბობდა.
      ნინოს ძმა ჰყავდა თავისზე  ცოტათი პატარა, თუ სწორად მახსოვს, ზაალი ერქვა. მზეჭაბუკს რომ იტყვიან, ისეთი იყო: მაღალი, ქერა ხუჭუჭთმებიანი, ცისფერთვალება, აი, ძველად რომ წამოსცდებოდათ შეხედვაზე, რა დედამ გშობაო, ზუსტად ისეთი. დაგვინახავდა, მოგვესალმებოდა, ორი სიტყვით მოგვიკითხავდა, მათ ტერიტორიაზე თუ შეგვხვდებოდა, მაგრამ არ მახსოვს,  ოდესმე  ჩვენს  მიცილება-მოცილების ამბავში ჩართულიყო,  არადა, ამასობაში წლები გადიოდა.
        ერთ დღესაც გაკვეთილის მოლოდინში ეს ზაალი მოგვადგა. ჩემმა დამ გთხოვათ,  მე ვერ მოვალ და იქნებ ჩვენთან მოხვიდეთ სახლშიო.  ეს თქვა და დაგველოდა, მეტი არაფერი.
( მაშინ ხომ ტელეფონებიც არ მუშაობდა),
გავყევით. მათ სადარბაზოსთან რომ მივედით, სასწრაფოს მანქანა ეზოდან გადიოდა.
რომ იტყვიან, გულმან რეჩხი მიყო.
სადარბაზოში, ბინის კარიდან უკვე მეზობლები გადიოდნენ.
გამიხარდა,  კარი რომ ბოლომდე გაიხურეს, რადგან თბილისური წესით, თუ ვინმე მიიცვლებოდა, კარს  გასვენებამდე  დღე და ღამ ღრიჭოდ ტოვებდნენ.
        ნინო თვალებმძიმე დაგვხვდა, თავის ოთახში შეგვიყვანა და ჩურჩულით დაიწყო!
-  ძალიან გადაგვირჩა ჩვენი შამშიკო.  წნევამ რამის დაარტყა,  უცებ კეფაზე რომ  მოუჭირა, ორასოცი ასოცზე ჰქონდა. ჯერ გვეგონა, აპარატმა აურია, მერე მეზობლისაზეც რომ იგივე აჩვენა, ზაალი გაიქცა სასწრაფოში, თან ხუთლიტრიანი კანისტრით ბენზინი გააყოლა, მეზობელს  ამოაღებინა ბაკიდან,  კიდევ კარგი, წაიღო,  სასწრაფოს მანქანები გამოძახებაზე ვერ დადიან, ბენზინი არა გვაქვსო. აქედან შენობა კი ნახევარ კილომეტრშია, მაგრამ მთელ ბრიგადას ფეხით ხომ არ წამოიყვანდა.  ახლა  ნემსები აქვს გაკეთებული და ექიმმა თქვა,  იძინებსო. ჩვენ  აქეთ კარი შემოვიხუროთ და  ჩვენთვის,  წყნარად ვიმეცადინოთ. 
    -დღეს მზად არა ვარ, შეიძლება, გაკვეთილი გადავიტანოთ?-  ნაზად აღმოსთქვა ჩემმა  საზრიანმა,  თავაზიანმა, შეგნებულმა და, დედა ენაცვალოს, ყოველმხრივ გადასარევმა შვილმა.
      -  როგორც გირჩევნიათო,  გვიპასუხა.
        -მე ხომ არ შემიძლია, რაიმეთი დაგეხმაროთ- მეთქი,  შევაგებე თბილისური კლიშე.
    -არა, ყველაფერი გვაქვს.  ექიმმა, სიმშვიდის მეტი არაფერი სჭირდებაო.
      - როგორი ჯანსაღი კაცი ჩანდა და საერთოდ ვერ იფიქრებდი, წნევა თუ აწუხებდა.
        - არა , არც არასდროს შეუწუხებია აქამდე.
          ამ დროს ჩემი შვილი  წითელფარდაგაწეული  ფანჯრიდან ცენტრალურ პროსპექტზე მანქანების მიძრაობას აყოლებს თვალს,  ანუ ‘ იქ არ არის’... აღზრდა, აღზრდა, ჩემო კარგებო!            - აბა, მოხდა რამე?-  იაპონელი გეიშასავით მოკლე-მოკლე ნაბიჯებით ვუახლოვდები გაუკაფავს.
  რაღა დაგიმალოთ და,  ეს ნინო ერთი ჩემი უცოლო ნათესავისთვის მომწონს. ბინა აქვს ჩემსას, ინჟინერია.  ასეთი ცოლი - წესიერი, ნორმალური ოჯახიდან,  მუსიკის მასწავლებელი , თავისი ორი კაპიკი რომ სულ ექნება, მისთვის ცუდი არ არის-მეთქი,  ვფიქრობდი.  ახლა, მთლად  ანგელოზი არ არის შესახედად, მაგრამ ანგელოზ ცოლს დევნაც დიდი უნდა და მოვლაც, ვიღას აქვს ამ გაჭირვებაში მაგისი თავი, თანაც არც ჩემი ბესოა დიდი ყარამან ყანთელი, ერთი გეპეიდამთავრებული მხაზველია-მეთქი, ჩემიანებს ვუთხარი და კარგი, ბატონო, ვცადოთო. შევახედე კიდეც, შუა გაკვეთილზე  ბესომ  კარი შემოგვიღო, ვითომ რაღაც ჰქონდა ჩემთვის სათქმელი. ფეხზე დამდგარი არ უნახავს, მე ავუხსენი, ტანად კი პატარაა,  მაგრამ კოხტა და პროპორციული, მაღლები რომ აცვია, კარგად გამოიყურება-მეთქი (ვიღას ეცვა  მაღლები ოთხმოცდაათიანებში,  ყველანი თბილ „ვალინკებს“ ვეძებდით).
      ვედაქალებოდით ერთმანეთს მე და ნინო,  თუმცა  როგორც მშობელი და მასწავლებელი,  ანუ ოპტიმალურ დისტანციას არ ვაუქმებდით.  ხომ  შეეძლო, მარტივად ეთქვა,  არა, ისეთი არაფერი ყოფილაო, მაგრამ ვიგრძენი, მსმენელი უნდოდა, არადა გარეთ უკვე შებინდება იწყებოდა.
      რაღას იზამ ამ დროს, უნდა მისცე ადამიანს საშუალება, ილაპარაკოს, ოღონდ არ უნდა ჩაერთო, თორემ უფრო გააგრძელებს და დროც მეტი გავა. ვიცი, გამოცდილი მაქვს.
და დაიწყო:
- დღეს დილას უკვე მოსწავლესთან მივდიოდი, რომ კარზე კაკუნი იყო. გავაღე და ქალი იდგა.
შამშიკო იკითხა. უკვე გავრბოდი, არც  დავკვირვებივარ  სახეზე. ახლა  ხომ ბევრი ვინმე დადის კარდაკარ, სულ რაღაცეებს იწერენ, ხელს გაწერინებენ ან გაყიდვა უნდათ  ან მათხოვრობენ და რა ვიცი! ვერ დავეჩვიე, რომ გლაზოკში უნდა გავიხედო და  კარი უცნობს არ უნდა გავუღო.
    გაკვეთილიდან რომ დავბრუნდი, შამშიკომ მითხრა, ხელებს რომ დაიბან,  ჩემთან შემოდი, სალაპარაკო მაქვსო. შევედი და მეუბნება. იცი, ის ქალი ვინ იყოო?
    გერმანიიდან, სამხედრო სამსახურიდან რომ ჩამოვედი, დედაშენი სიყვარულით რომ შევირთე, შვილი არ გვიჩნდებოდა  მთელი  ხუთი წელი,  თან  ახალგაზრდებიც აღარ ვიყავით, აყვანა გადავწყვიტეთ, მამიდაშენს დღემდე რატომ არ ველაპარაკებით, თუ იცი?  გვითხრა, ერთი მუსიკის მასწავლებელი ქალია, დირექტორისგან დაფეხმძიმდა და  ბავშვს გააჩენს თუ არა,  აგვისტოს ბოლოს უწევს, იმწუთას უნდა, რომ ბავშვი ჩუმად გააშვილოს, ვითომ კართან მოგიგდეს და ადვილად გაიფორმებ, მეტრიკას თავიდანვე შენს გვარზე  აუღებ, სამეზობლოში  და ნათესავებში კი გამოვაცხადოთ, რომ მამა შენა ხარ, ბავშვი ვიღაც ქალმა გაგიჩინა და დაგიტოვაო...  მე ვუთხარი, კომუნისტი კაცი ვარ,  უკვე ამხელა ქარხნის მთავარი ინჟინერი, მედლებიანი! ჩუმი და დაფარული არაფერი მინდა,  ოფიციალურად  გადმომიფორმოს თუ უნდა-მეთქი...
    მე შამშიკოს მოყოლა არ შევაწყვეტინე, ვითომ არაფერი ვიცოდი,  სინამდვილეში, დედაჩემს რომ რადიკულიტი ჰქონდა და მატყლეულს ვერ ანიავებდა. მე რომ ტახტიდან ამოვაწყვე, იქ, ძირში ვიპოვე ჩემი მეტრიკა  სხვა გვარზე და ხელწერილი გამშვილებლისა, რომ არ უნდა მეძებოს და კონტაქტში არ უნდა შემოვიდეს და ათი წელია,  ვიცი, აყვანილი რომ ვარ.  თავიდან ისე განვიცადე,  მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, გათიშული დავდიოდი რამდენიმე დღე, მაგრამ  მერე  ვიფიქრე, ვიღაცამ  გამაჩინა და გადამაგდო, შამშიკომ და ნაზიმ  ისე გამზარდეს,  სულ პირველ ადგილზე მე მაყენებდნენ, კონსერვატორია დამამთავრებინეს, სამსახურიც მიშოვეს, ჩემთვის სული და გული არ დანანებიათ არასდროს და  არც ვეტყვი, რომ საბუთები ვნახე-მეთქი და დღემდე არ მიგრძნობინებია . მუსიკის ნიჭი კი, ეტყობა,  იქიდან გამომყვა. ჩემიანებს არავის აქვს.
      შამშიკომ მითხრა, აგიყვანეთ და  იმწუთას დედაშენიც დაფეხმძიმდაო, ცხრა თვეში ზაალი გაჩნდა. შეიყარა მთელი სანათესაო. მოვიდა მამიდაშენი დატვირთული, ძმისწული შემეძინაო და დედაშენს ეუბნება. ახლა,  თქვენ ეგ აყვანილი ბავშვი რაღად გინდათ, ღმერთმა თქვენი მოგცათ და  ახლობელი მყავს უშვილო და რას არ გადაიხდის, ოღონდ ბავშვი  აშოვნინაო. მოვკიდე  პლაშის  საყელოზე ხელი, ეს როგორ გამიბედე, ამ ოქროსფეხებამ საკუთარი  ვაჟი მოიყოლია ჩემს ოჯახში და ამას ვინმეს როგორ გავატან-მეთქი და მოვისროლე აქედან. მას შემდეგ  რანაირად არ გვეხვეწა,  მაპატიეთო, ვინ აღარ მოგვიგზავნა, მაგრამ ფეხი აღარ შემოადგმევინა დედაშენმა. ნაზიკო ხომ იცი, ვითომ რბილიო და ისეთია, თავის ნათქვამს აღარ გადავა.
        ალბათ სულ გინდოდა გცოდნოდა, რატომ გეძახდი ასე, ჩემი პატარა, ოქროსფეხება’ მეთქი და აი, დღეიდან იცოდე. ის ქალი, დღეს რომ მოვიდა, დედაშენი იყო, ქიმიას ვიკეთებ და  უბრალოდ, მინდა ვნახო, როგორი გოგო დადგაო. 
      შემეხედა მაინც, ისე!... მაგრამ გავრბოდი.
      შამშიკოს ჰგონია ალბათ, მივატოვებ ამ სიბერეში და იმ ქალის საძებნელად წავალ. ამაზე ინერვიულა. ხომ სწორად ვიქცევი, რომ არც მაინტერესებს?
        აქ  „ნინო მასწმა“ , რომელიც აქამდე, რაღაცნაირად  ზოგად მსმენელ ინსტანციად მგულისხმობდა, უკვე პირდაპირ თვალებში შემომხედა. ახლა შევნიშნე, რომ თვალები შავი რომ მეგონა, მუქი  თაფლისფერი ჰქონია,  ან უფრო - წაბლისფერი.
        მდაა!- ვეუბნები- თან საჩქაროდ ჭკვიანურ აზრებს ვაწყობ -  ერთხელ, გარდატეხის ასაკში, აი, ენამწარეობა სიამოვნებას რომ გგვრის, რაღაცაზე  დედაჩემმა მითხრა, მე ჩემი შვილებისთვის შეუძლებელი შევძელი,  თავგანწირული, გიჟი დედა ვარ, სხვა დედებს კი არ ვგავარო და მე  ვუპასუხე, კარგი,  რა! არ არსებობს დედამიწის ზურგზე დედა, ზუსტად ასე რომ არ ფიქრობდეს თავის თავზე.  თვით იმ დედამაც კი, ბავშვი, რომ გააჩინა და  სანაგვეზე მიატოვა, თავისი მაქსიმუმი გააკეთა მისთვის, მთავარი რაღაც, სიცოცხლე აჩუქა-მეთქი.
      აბა, მე რა გირჩიო, ყველამ თავისი საქმისა სხვაზე უკეთ იცის. როგორც გულმა გითხრას, ისე მოიქეცი!. ერთი რამ კი სულ გახსოვდეს, რომ მე ძალიან კარგ ადამიანად მიმაჩნიხარ და შენიანებიც ძალიან მიყვარს. ამ სიტყვებზე, ჩავეხუტე. გარეთ უკვე ძალიან ბნელდებოდა, მოვკიდე ჩემს წიწილას ხელი და შინისაკენ უგამცილებლოდ გავეშურეთ.
მერე ბარბარობა დადგა,  მოჰყვა ძველით შობა, ახლით შობა, ძველით ახალი წელი,  ახლით ახალი წელი, ორი ნინოობა.... მიეწყო და მიეწყო.  ადრე  მასწავლებელს სახელის დღეს მაინც როგორ არ მიულოცავდა ადამიანი,  მაგრამ  უკვე ყველას  ისე უჭირდა,  ხალხი ერთმანეთს თვალს არიდებდა,  ადრე სტუმრიანობით ცნობილი ოჯახის დიასახლისებიც კი  კაკუნზე კართან ფეხაკრეფით მიდიოდნენ  მოულოდნელი  სტუმარის შიშით.  გასაყოფი ლუკმა აღარავის ჰქონდა.
        და ასე შეწყდა და დამთავრდა ჩვენი მუსიკობანა.
      მაშინ  დედამისი ნახა თუ არა, არ ვიცი,  წლები გავიდა. ახლა გავიგე, რომ  „ჩვენმა  პატარა, ოქროსფეხებამ“ ჯერ  ხომ  წლობით მოხუც დედ-მამას უარა,  მერე  ტყუპი ძმისშვილებიც დაუზრდია, ერთი დაუოჯახებია კიდეც და ამ სიბერეში, უცებ  საიდან სადაო და არ გათხოვილა?!
        თანაც  - კარგად!
        ნეტა თუ ვახსოვარ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები