ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2021


ბიტ მოჟეტ ან მოჟეტ ბიტ

ნინო დარბაისელი
     
„ბიტ მოჟეტ’ ან „მოჟეტ ბიტ“
        - - - - - - - - - - - - - - - -
    (მოგონება ფაცია პაიჭაძეზე)

      მე მაშინ ათი წლისა ვიქნებოდი,  სასახლის „ნორჩ შემოქმედთა სტუდიის“ წევრი,  როცა  ჩვენი  მასწავლებელი - ფაცია დეიდა (ოფიციალურად - ლიგია პაიჭაძე) ორმოცდაათი წლისა შესრულდა და რომელიღაც გაზეთში მასზე  უზარმაზარი სტატია გამოქვეყნდა სათაურით - „საბჭოთა საქართველოს ხნისა“. იქიდან დავიხსომე, რომ 1921 წელს იყო დაბადებული,  იმ საბედისწერო დღეს, -  25 თებერვალს და დღემდე არ დამვიწყებია.
          ანუ  იგი  ახლა ასი წლისა შესრულდებოდა.
        მშობლები ადრე დაეხოცა, არ ვიცი, როგორ,  პატარა ობოლი დების აღზრდა უფროსმა დამ,  მაშინ უკვე 15 წლის დეიდა ქეთომ ითავა.  როგორც მახსოვს, ფაცია დეიდამ 16 წლის  ასაკში დაიწყო მუშაობა სასახლეში და ღრმა სიბერემდე შემოქმედ ბავშვებთან გაატარა. ნონეშვილს რომ აქვს, „მასწავლებელი, ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელიო“, ასეთი იყო.  ერთმა ნაწილმა მისმა შვილივით გაზრდილი მოსწავლეებისა, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე,  რაღაც კარიერასავით გაიკეთა და ეტყობა, ესირცხვილებოდა, რომ პიონერთა სასახლის აღზრდილი იყო და ამის დამალვას ცდილობდა, ფაცია დეიდას აღარც მოიკითხავდა და აღარც  ახსენებდა.  იგი ამას ძალიან განიცდიდა, ენატრებოდა  ყველა, ყველასი ყველაფერი  ახსოვდა და სიახლე აინტერესებდა.  თავისი გაზრდილებიდან ყველას სახელი  იცოდა....  ზოგს -  მართლა არ ეცალა... ღმერთმა ყველას  თავის გზაზე გაუმარჯვოს!
      მის ბინაში ბევრჯერ ვყოფილვარ.  დიღმის მასივშიც და საბურთალოზეც ,  ‘’სეროჟას სიზმრის’ უკან, ბოდიში,  მეტრო  დელისის  მაღლა. შიგ ბევრი არაფერი ედგათ, მაგრამ ყველაფერს არანორმალური წკრიალი  გაუდიოდა. გეგონება,  შიგ სამი  სულდგმული  კი არ ცხოვრობდა, საბინაო წესრიგის მუზეუმი იყო....
      ვერ ვწერ ვერაფერს და ვწვალობ! რაღაც დატკეპნილობა გამომდის.
ხომ  არ გირჩევნიათ, მოკლე-მოკლე რაღაცეები გითხრათ?
        აი,  მაგალითად:
          ქარი ქრის , ქარი ქრის ქარი ქრის,
        იმ სულელს ჯინსები აცვია,
        ამდენ გიჟს, ამდენ გიჟს , ამდენ გიჟს
        გაუძლებ დეიდა ფაცია?!
      ეს პაროდია, როგორც მახსოვს,  ლაშა თაბუკაშვილმა გამოუთქვა.
        პიონერთა სასახლეში ყველაზე პატარა ოთახი ფაცია დეიდას ჰქონდა და იმ ოთახში ლამის ერთმანეთზე ვისხედით. რამდენჯერ დავტეულვართ  ერთ სკამზე  - ორნი, ორ სკამზე -  სამნი!
მარია მონტესორის აღზრდის სისტემა, რომელზეც  რახანია მსოფლიო ირევა და რომელმაც ამ ბოლო წლებში საქართველოს პრესტიჟულ სკოლებშიც შემოაღწია, მას, ცხადია,  გაგონილიც არ ჰქონდა. დამოუკიდებლად მივიდა  თავის მეთოდამდე, რომელიც, ახლა რომ ვუკვირდები,  მონტესორის ანალოგიურია.    განსხვავებით საბჭოთა სასწავლო დაწესებულებებისგან და თვით პიონერთა სასახლისგანაც  კი, რომელიც კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის რესპუბლიკურ ცენტრს, იდეოლოგიურ დაწესებულებას წარმოადგენდა და  ამ მხრივ კომკავშირის  ცენტრალურ  კომიტეტს ექვემდებარებოდა,  ფაცია დეიდა სერიოზულად მუშაობდა იმაზე, რომ ყოველ ბავშვში ის მხარე  შეესუსტებინა და მოეხსნა, რომელიც მის  სოციალურ უნიფიცირებას შეუწყობდა ხელს.  სხვადასხვვანაირ გზებს მიმართავდა, რომ ინდივიდუალური მიდგომის წყალობით,  გაეხსნა  მოზარდში  ჩაბუდებული ტალანტები, პიროვნებად ეგრძნობინებინა მისთვის თავი.
      ვისაც ის წლები არ გამოუვლია, ალბათ ვერც მიხვდება, ახლა რა მნიშვნელოვან რაღაცაზე ვლაპარაკობ.
        ეს ყველაფერი ფაცია  დეიდას პატარა ოთახს, რომელშიც ძველებური, განიერი  ლამფა მწვანედ ანათებდა საწერ მაგიდას და ზამთრის ცივ დღეებში ზედ თითებსაც ვითბობდით,    საბჭოთა იდეოლოგიის ბირთვში აღმოცენებულ  ნამდვილ ოაზისად აქცევდა. მე იმ ოაზისში  გავატარე მთელი  ბავშვობაც და მერე  კარგა ხნით, მასწავლებლად დავუბრუნდი. ვაღიარებ:  ჩემს წინააღმდეგობებით სავსე პიროვნებაში თუ რამ კარგი და ნათელია, ძირითადად იმ ოაზისიდან მომდევს.
ბოლო კლასებში  მისი მოსწავლეები მოვილაპარაკებდით, ჩვენ-ჩვენი  სკოლებიდან  შატალოზე ვიპარებოდით, შევაჭრიალებდით მისი ოთახის ძველ, ოქროსფერსახელურიან  კარს და უკვე მისი  გულგარეთა კივილი იწყებოდა:
-  მიშველეეთ,  გავგიჟდები, გავგიჟდებიიიი!  კიდევ აქ მოვიდნეენ, რა გინდათ თქვენა?  რას გადამეკიდეთ? გინდათ, რომ ამ სამსახურიდან  სულ გამაგდონ? ახლა ვინმემ რომ შემოიხედოს , რა ვუთხრა?  სად უნდა იყოთ და სადა ხართ?  წადიით, ახლავე წადიიით!  არ დაგინახოთ ჩემმა თვალებმა!
-  თან, წარმოიდგინეთ,“ ნორჩ შემოქმედთა  სტუდიის“ ის მოცუცქნული ოთახი ზედ დირექტორის კაბინეტის წინ იყო, მეორე სართულზე. უთუოდ ის გვშველოდა, რომ სხვა კაბინეტებში კი დადიოდნენ მალ-მალე რეიდებზე, მაგრამ ვერც დაუშვებდნენ ფიქრად, რომ შატალისტები მთლად  ფაციას ოთახში, ცხვირწინ ვეყოლებოდით, ან რა ვიცი!
      მერე ისევ ჩაგვიტკბებოდა ჩვენი ფაცია დეიდა  და დაიწყებოდა  ძველებურად  ხმადაბალი საუბარი ექვთიმე თაყაიშვილზე,  პავლე ინგოროყვაზე, ახმატოვაზე, ცვეტაევაზე, პატერნაკმა რომ  უთხრა, ეს ისეთი გამძლე  თოკია, ბარგს რომ კრავ, ზედ თავის ჩამოხრჩობაც შეიძლებაო;  ტერენტიზე,  გალაკტიონის ბინაზე,  პაოლოზე... ვისზე  და რაზე აღარ!  სულ  ისეთ რაღაცეებს გვიყვებოდა,  რაც წიგნებში  არსად ეწერა ან  იქნებ ეწერა კიდეც, მაგრამ ხელი  ძნელად ვისმე მიუწვდებოდა. ჩურჩულით გვიამბობდა  ჟორდანიას,  ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და 1956 წლის ამბებსაც, მტკვარი რომ სისხლისფერი იყო.
        მარო მაყაშვილის და -  ნუგეშა - მისი მეგობარი იყო და ტაბახმელის ამბებიც  დაწვრილებით მისგან გავიგეთ, მაგრამ ეს ყველასთვის არ იყო. სხვებს თუ  გულის სითბოს უზიარებდა, ჩვენ -  გულის მესაიდუმლეებად ვყავდით. .. მაინც როგორ რისკავდა, როცა გვიყვებოდა,  ლავრენტი ბერიას სტალინის დედა,  კეკე, მეორე სართულის ბოლოში,  ახლა რომ ბიბლიოთეკაა  მოთავსებული, იქ ჰყავდა ჩაკეტილი და კეკე ყოველდღე განცხადებას უწერდა, გთხოვთ,  ჩემი შვილი  სოსელო გამოუშვათ კრემლიდან და დააბრუნოთ მოსკოვიდან,  რომ მოხუც დედას მომიაროს, მას ცუდი არაფერი ჩაუდენიაო...  ჰო , კიდევ ძია გაიოზი უყვარდა, იმედაშვილი.  გვეუბნებოდა, ეგ ხომ იცით,  მსოფლიოში  სახელგანთქმული რუსთველოლოგიაო.    ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყველაფერზე ასე ვლაპარაკობდით: -  აბა, ვნახოთ, ვის რამდენი გვაქვს, ერთი  მსოფლიოში სახელგანთქმული ლაღიძის  იმერული თავისი ალუბლის  წვენით  თუ  მოგვივა! ან აუ,  მსოფლიოში სახელგანთქმულმა ორმა ნომერმა ავტობუსმა გაგვასწრო და ასე შემდეგ.
ერთიც არ მინდა დამავიწყდეს:  ვარ ასე, მეხუთე კლასში და  რვა მარტი მოდის. ახლა არ ვიცი როგორ არის და მაშინ წესად იყო, რომ დღესასწაულებზე მასწავლებლებისთვის  მშობლებს საჩუქრები უნდა მიერთმიათ. სკოლაში ამ საქმით უფრო  ის ენთუზიასტი მშობლები იყვნენ დაკავებულები,  არსად რომ არ მუშაობდნენ, მშობელთა კომიტეტის წევრები ან მთლად თავმჯდომარეები რომ  იყვნენ,  აი, ისეთები, სულ ჟურნალით რომ დარბოდნენ, მასწავლებლების მარჯვენა ხელები ხდებოდნენ, ფულს ააგროვებდნენ მშობლებისგან და ერთიან რამე საჩუქარს უყიდდნენ მასწავლებელს, სამაგიეროდ,  ეს უკანასკნელი მათ შვილს უკეთესი თვალით გადმოხედავდა და  ნიშანს  ცოტათი წაუმატებდა. სასახლეში კი საახალწლოდ  ერთი კოლოფი შოკოლადი ‘’ჩიტის რძე“ რომ გამატანა დედაჩემმა, ფაცია დეიდამ იქვე გახსნა, პატარა სკალპერივით დანა ჰქონდა, იმითი შუა-შუა გაჭრა და იქვე  ყველას  ჩამოგვირიგა.  ერთხელ თავზე ერთი ბოთლი ბულგარული სუნამო ‘’მოჟეტ ბიტი’ თუ „ბიტ მოჟეტი’ დავიცალე ფაციასთან წასვლამდე და რომ მივედი, რა  კარგი სუნამო ასხია ვიღაცას, ცოტა მძაფრი კია, მაგრამ  ოდნავ რომ იბკუროს ადამიანმა,  უთუოდ  ძალიან სასიამოვნო სასიამოვნო სუნი  ექნებაო... და  ამ სიტყვებზე,  სხვათა შორის,  ცოტა ფანჯარა შეხსნა. 
    ჰოდა, მე დედაჩემს გამოვუცხადე, საიდანაც გინდა მიშოვე, ფაცია დეიდასთვის ეგ  დუხი მჭირდება, ძალიან მოსწონს-მეთქი.  მიშოვა. მივიტანე პერგამენტის ქაღალდში  გულმოდგინეთ შეხვეული  და არ ვიცი, როგორ მივცე, ვწრიალებ, ვწრიალებ, წასვლის დროა. რაღა ვქნა! ამოვიღე ჩანთიდან და საწერ მაგიდაზე დავუდე, ფაცია დეიდა,  ეს თქვენია,  ალბათ, აქ იდო-მეთქი.  ჩემს თვალწინ გახსნა, ვნახოთ, მაინც  შიგ რა არისო და ალბათ ვინმე ბავშვს დარჩაო. იმის მერე ყველა გაკვეთილს იმით იწყებდა, რომ  წიგნების კარადის თავიდან ჩამოიღებდა იმ პატარა კოლოფს და ბავშვებო, ეს ვინმეს ხომ არ დაგრჩათო და ისევ ადგილზე დებდა, არა უშავს, ვინმე გამოჩნდებაო.  უკვე  ამ ყველაფრის ატანა აღარ მქონდა!
      დავამთავრე უნივერსიტეტი და მივედი სასახლეში სამუშაოდ. ჯერ სხვა, ენის კაბინეტში მიმიღეს, რადგან სტუდიაში ადგილი არ იყო. დაიწყო სასახლის რემონტი და ჩვენ ერთი სართულით მაღლა უნდა გადავსულიყავით დროებით. ვეხმარები ფაცია დეიდას ავეჯის ატანაში,  უკვე ბოლოა,  წიგნის თარო  გამოცლილი დგას და მუშების შემოსვლამდე,  ბარემ თავზე  ხელი მოვუსვი და  ის ჩემი წყეული „მოჟეტ ბიტი“ თუ „ბიტ მოჟეტი“, ისევ იქ არ დევს?!
  ამასობაში მარჯვე მუშებმა ის კარადაც გაიტანეს, მე თავი მოვხსენი  გრძელყელა პატარა ბოთლს და  ვტრიალებდი და ირგვლივ  ვიქნევდი, ვღვრიდი, ამ დროს მოულოდნელად ისევ ფაცია დეიდამ შემოაღო კარი, მიყურებს და  რა სასიამოვნო, თუმცა მძაფრი  სუნამოს  სუნიაო...
  აი, დე ჟავიუ!
    სიცილისგან,  ისტერიკა რასაც ჰქვია, ის დამემართა!
ბოლოს 1998 წელს ვნახე. სასახლეში შევიარე, ჩვეულებრივ გამოიყურებოდა.  მთელი ცხოვრება ისეთი გარეგნობა ჰქონდა, წლები რომ  ბევრს ვერაფერს აკლებს, ანუ თავიდანვე დაკლებულად მოავლენს ღმერთი ამ ქვეყნად და ეს საშიშროება აღარ ემუქრება.  - ფაცია დეიდა, მე ნინო ვარ, ნინო-მეთქი.
      მოსიყვარულე, თავაზიანი ღიმილით კი  იცქირებოდა წინ , მაგრამ მისი მზერა ჩემზე აღარ იყო ფოკუსირებული. ვგრძნობდი, რომ რაღაც  დაუსახსრავ, საერთო განფენილობაში აღმოვჩნდი მოქცეული.  ვიცოდი, მეტად ვეღარ ვნახავდი და  მინდოდა, ჩავხუტებოდი ან  იმ ეგზემიან ხელებზე ვმთხვეოდი, მაგრამ ყელი  ჩამეკეტა,  უბრად  დავჯექი, ვიჯექი, ვიჯექი და უბრადვე წამოვედი.
      მეორე დღეს  მე საქართველოდან უკვე კარგა ხნით მივემგზავრებოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები