ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2021


კაცის წერილი - კაცს




გუშინ მირჩიეს წერილი მომეწერა შენთვის.
მომეწერა და არ გამომექვეყნებინა)
ერთი ის, რომ აქ ყველაფერს ვერ დავწერ და მეორე ის, რომ როგორც შენ ამბობდი -"კაცს სენტიმენტალურობა არ უხდება".
მაგ კუთხით ცოტა ცუდი შვილი გყავს და შენს ცოლს დაემსგავსა (თუ გინდა გაგიკვირდეს)... ფილმებზეც ტირის, წიგნებზეც და ერთხელ სცენაზე იტირა 1000 კაცის წინაშე (კვნ-ის თამაში მოიგო).
აუცილებლად უნდა იცოდე ერთი რამ! როცა კვდებოდი - ყველამ მიგატოვა. არც შენი შვილი იყო შენს გვერდით და არც დედა, მითუმეტეს შენი "ძმაკაცები" და უამრავი ნათესავი.მხოლოდ ის ადამიანი გედგა გვერდზე, რომელსაც ყველაზე მეტად ატკინე გული და რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდი ამას. ასე რომ არასოდეს გავითვალისწინებ შენს რჩევას ქალებთან მიმართებაში!
აუცილებლად უნდა იცოდე ისიც, რომ ვეწევი (უკვე მეექვსე წელია) და ტატუც მაქვს...
საერთოდაც უნდა იცოდე, რომ არასოდეს მიგრძვნია ისეთი თავისუფლება, როგორც იმ დღეს, როცა გარდაიცვალე.
დიპლომი ძლივს ავიღე, რადგან არცკი მიცდია სწავლა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სადმე შეგიძლია თავისუფლად თქვა, რომ შენი შვილი იურისტია.
უნდა იცოდე, რომ საშინლად აზარტული ვარ... როგორც შენ! მაგრამ ეს ყველაფერი ვაღიარე, ვებრძოლე და მჯერა, რომ დავამარცხე კიდეც... თუმცა შენ რომ ჩემთვის ქონება დაგეტოვებინა, ალბათ უკვე ბლექჯეკში მთლიანად წაგებული მექნებოდა. ისე შეგახსენებ 400 ლარი ვალი დამიტოვე...
მე ერთ ადამიანს ვიცნობ, ჟიგული აჩუქე (როცა 17 აფთიაქი და 2 რესოტრანი გქონდა), მაგრამ მე მაინც ვალი დამიტოვე))
ერთი ჭადრაკის მასწავლებელია, რომელსაც დღემდე ცალყბად ვესალმები და ვერაფრით ხვდება რატომ. მეკიდე მუდმივად მინდა ძვლებში გადავამტვრიო. რატომ? 12 წლის ასაკში შენთან "ჩამიშვა" და მანქანაში ისეთი გამარტყი ლამის ცხვირი გამიტეხე.
მე ისიც მახსოვს ზუსტად მაგ წელს... მსოფლიო ჩემპიონატზე ბათუმში პირველი ორი პარტია ვერ მოვიგე და როგორ მომხსენი "ვითომ" ტურნირიდან და მერე სოფლიდან გამიშვი მარშუტკით ტურზე. თუ გამოიცნობმესამე ტური რაღატო ვერ მოვიგე? და მეოთხე საერთოდ ხომ არ წავაგე?!
მოკლედ შემიძლია საათობით ვწერო და არსებობს მილიონი ან ასი მილიონი რამ, რასაც ვერასდროს გაპატიებ და ვერც გპატიობ. არადა 8 წელი გავიდა.
----
იცი რა არის უცნაური? წარმოუდგენლად მინდა შენთან 10 წუთით ლაპარაკი)
შარშან დავიფიცე, რომ იქამდე არ მოვიდოდი შენს საფლავთან, სანამ დიდოსტატი არ გავხდებოდი ჭადრაკში. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ პანდემია გვაქვს და 1 წელია ჭადრაკი არ მითამაშია. ამიტომ ახლა ვფიქრობიქნებ მაინც მოვიდე და ჰეინიკენს ამოგიტან. დავიფიცე იმიტომ, რომ ამეხდინა საკუთარი ბავშვობის ოცნება... ბავშვობის ოცნება იმიტომ, რომ ეს შენი ოცნებაც იყო.
რომ იცოდე მოსწავლეები მყავს და ამბობენ, რომ კარგი მასწავლებელიც ვარ. ზოგს საერთოდ უკვირს რანაირად მაქვს ასეთი ურთიერთობა ბავშვებთან. მეკიდე არაერთხელ გამოვიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ ზუსტად ისეველაპარაკები და ვეხუმრები მათ როგორც შენ. თითქოს ჩემი ტოლები არიან) არადა თუ გახსოვს ერთხელ გეჩხუბე როცა ჩვენი მეზობელი "სამველიკა" შენობით გელაპარაკებოდა.
პოლიტიკური შეხედულებითაც საშინლად მემარცხენე ვარ... თუ გამოიცნობ ვისი წყალობით?! ოღონდ სტალინიც და რუსეთიც ცუდია მამა, იმედია გადმოხვედი ჩემ აზრზე.
როგორც იქნა გავსინჯე ზეთისხილი და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, მართლა ძალიან გემრიელია. ოღონდ იმიტომ გავსინჯე, რომ შენ გიყვარდა ასე ძალიან.
მართალი იყავი, ჯობდა მაშინ მესწავლა, მემეცადინა და გართობისთვის მერეც მექნებოდა დრო... წარმატებულს მეგობრებიც მეყოლებოდა და გოგოებიც, მაგრამ მე თუ მეყოლება შვილი არ დავაძალებ... თუ უნდა ჯერ გაერთოს და მერე ისწავლოს (აზრი არ აქვს ხომ ხედავ).
შენს სურნელს ხანდახან ახლაც ვგრძნობ...
ახლაც სული მეხუთება ზინედინ ზიდანივით კეფაზე გამელოტებულ კაცს თუ ვხედავ ქუჩაში.
ერთხელ თუ გახსოვს, მაშინ როცა შენი ქონება წყალმა წაიღო... საამაყო ბოლო გამოშვების "მოსკვიჩით" მომაკითხე სკოლაში, მეკიდე გითხარი, რომ მეგობრებთან ერთად უნდა წავსულიყავი სახლში (ერთ-ერთისმამამ მოგვაკითხა ჯიპით). სულ თვალწინ მიდგას შენი იმედგაცრუებული სახე, დარწმუნებული ვარ იფიქრე, რომ შემრცხვა შენი... ბევრჯერ მიფიქრია, რომ მეზიზღები... როცა სიკვდილს ჩავხედე თვალებშიისე არ შემშინებია როგორც მაშინ მეშინოდა როცა შენს გაბრაზებულ მზერას დავაფიქსირებდი... მაგრამ არასდროს 1 წამითაც არ შემიწყვეტავს შენით სიამაყე... შემიძლია მუდმივად გაუჩერებლად ვილაპარაკო შენზე.
ყველაზე რთული ადამიანი იყავი ვისაც ვიცნობ, ვინც მინახავს... ვინც გამიგია. მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა იცოდე, რომ მე შენი მესმის. უფრო სწორად როგორც იქნა გაგიგე.
ძალიან გული მწყდება, რომ ცოტათი უფრო ადრე არ გაგიცანი, რომ იმ ლეგენდებს არ შევესწარი... რასაც მიყვებიან.

და ბოლოს...
როცა მიმატოვე...
ჩავთვალე, რომ თუკი რაიმე შანსი არსებობდა მე შენ გიცნობდი და შენ ჩემ გამო გამონახავდი გზას, რომ მოსულიყავი ჩემამდე და მე ეს მეგრძნო.
თითქოს გავბრაზდი კიდეც და ხელიც ჩავიქნიე... ალბათ არაფერი მსგავსი არ არსებობს და არც არასდროს არაფერი მიგრძვნია. სიზმარშიც კი არ გნახულობ)
მაგრამ...
ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ - ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, ყოველი საქციელი, ყოველი შიში და ბედნიერება, ყოველი ემოცია - შენითაა გაჟღენთილი.
შენ რას იტყოდი... შენ რა რეაქცია გექნებოდა... გაგეცინებოდა ... გაბრაზდებოდი ... იჩხუბებდი ... არ იჩხუბებდი.
იცი რა?! მე სხვანაირად გავზრდი შვილს.
საერთოდ არ მინდა ჩემი სიკვდილის მერე წლობით მქონეს გავლენა მის ცხოვრებაზე...
ხომ ხედავ (ან იმედი მაქვს ხედავ), რომ საერთოდ ვერ მიიღე ის შედეგი რაც გინდოდა.
თან შენი ცოლი გამომიტყდა, რომ სულაც არ გინდოდა ბიჭი...

ამიტომ, ძვირფასო მამა! ცოტა უფრო მეტი უნდა გეცოცხლა და გელაპარაკა ჩემთან, ახლა უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი...
თუ მოხდა რამე სასწაული და ამის წაკითხვა მოახერხე...
იცოდე, რომ მე შენთან ლაპარაკი მინდა!
10 წუთი მეყოფა
ნუ მაქსიმუმ 15
დანარჩენი შენ გადაწყვიტე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები