ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2021


მან მხოლოდ პლაჟი დატოვა...

ბიოლოგიის მესამე კურსზე რომ ჟღალთმიანი გოგონა სწავლობს, შენ გინახავსო? როგორ თუ მინახავს?- ვიცნობ კიდეც, თანაც საკმაოდ ახლოსო. რომ იცოდე ძალიან პოპულარულია, უნივერსიტეტის თითქმის ყველა ბიჭი მისი გულის მოგებას ცდილობსო! ჰოდა ეგ გოგო ძალიან შემიყვარდაო, უთხრა ზურამ დასავით თანშეზრდილ, თავისი ცხოვრების ყველაზე სუფთა და უცოდველი პერიოდის გაუხუნებელ საჩუქარს-ელენეს! როდის მოასწარიო გულწრფელად გაოცდა ლურჯთვალა მზის სხივი. მერე კი უსაზღვროდ თბილი, იშვიათი თანაგრძნობით ახედა თავისზე ბევრად მაღალ ბიჭს და დაცვარული ხმით ასძახა: შარისთვის მიგიგნია ჩემო "პატარაო."
ძალიან კარგად იცნობდა ელენე მარტივით თავნება მეგობარს. იცნობდა და იცოდა თუ რამეს ჩაიფიქრებდა, მიზანსაც აუცილებლად მიაღწევდა, თუნდაც ამისთვის თავად სამყაროსთან შეხლა დასჭირვებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ  ზურა ყოველთვის იმგვარ ირეალობას აქცევდა ხოლმე რეალობად, რომელიც  არავის აზარალებდა. მისთვის ყველა ადამიანი ფასეული იყო, თითოეულ კაცში რაღაც ღირსებას ყოველთვის ხედავდა და არასდროს აძლევდა თავს უფლებას, რომ საკუთარი იდეის  ჩრდილს რომელიმე მათგანის პიროვნება ჩაენთქა. თავისი მიზნის გზაზე თუ ვინმე ზიანდებოდა ხოლმე, ეს ისევ თვითონ იყო და არაფრის დიდებით სხვა.
ჰო... ასეთი იყო ზურა, დიდი გულისა და კიდევ უფრო დიდი სულის პატრონი. ჰოდა ამჯერადაც დაესახა ამ დიდგულა ბიჭს მიზანი, ოღონდ არცთუ ისე იოლად მისაღწევი, არცთუ ისე თავისუფლად მფრინავი, თავისუფლად ამოსასუნთქი.  საქმე ჟღალთმიანი ქარიშხლის დადევნებას ეხებოდა, იმ ქარიშხლისას, რომელიც ბიჭის გულში თავისდაუნებურად შეჭრილიყო და ვერც კი გაეცნობიერებინა, ამ გაუმიზნავი ქცევით, იქ არსებულ ყველა კედელს როგორ დამანგრეველ ბზარებს ავლებდა. რთული ჩანდა გზა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ გოგონასთან მისასვლელი ბილიკი საერთოდ არ არსებობდა ან თუ არსებობდა, იქ ზურას ნაბიჯების ადგილი არ მოიძებნებოდა. არ იცოდა ბიჭმა ამის შესახებ, ჯერ არ იცოდა. შინაგანად კი გრძნობდა, რომ ეს იმ ბრძოლებს არაფრით ემსგავსებოდა, რაც მანამდე გადაეტანა. წინ დიდი ომი ელოდა, სადაც  შეიძლებოდა მხოლოდ სხეული გადარჩენილიყო, უბრალოდ ცარიელი სხეული.
.......
არც კიბეებზე შეხვედრიან ერთმანეთს. არც დერეფანში შეჯახებულან და არც ფურცლები დასცვენიათ მოულოდნელად. მათი მზერები მაშინ შეერთდნენ, ჟღალთმიანმა რომ ზურას ავტომობილის კარი გამოაღო და გვერდით მიუჯდა. როცა გოგონამ საჭისკენ გაიხედა და იქ უცხო ადამიანს მოჰკრა თვალი გაოგნდა, მერე კი უცებ გონს მოვიდა, მიხვდა რაც მოხდა, შემთხვევითობის გამო ბოდიში მოიხადა, ოდნავ, მკრთალად გაიღიმა და მაშინვე დატოვა წამიერად დაკავებული ადგილი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ მცირე დროში, მას ბიჭის გულში შეღწევა და გაბატონებაც კი მოესწრო. იმ დღის შემდეგ ზურა შეიცვალა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ გადასახვაფერდა. მეტად და მეტად გაკაშკაშდა, გაბრწყინდა, გაიზარდა, გაბევრდა და გამთლიანდა. მანამდე თუ დროის უმეტესს ნაწილს მეგობრებთან ყოფნას, სამსახურსა და ელენესთან ურთიერთობას უთმობდა, ახლა ყველა მათგანს "პარავდა" გარკვეულ საათებს და ჟღალთმიანს "ჩუქნიდა" დაუნანებლად. მერე კი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანებიც გარია, მოულოდნელად ატეხილ, ამ სასიამოვნო გაუგებრობაში და სხვადასხვაგვარი სიყვარულითა თუ თანადგომით გაჟღენთილი ყველა წამი, მთელი გულით მიუძღვნა საოცნებო ქალს.
.......
ზურას სამსახურის შენობა იმ უნივერსიტეტის მარჯვნივ იდგა, სადაც ნათია (ჟღალთმიანი) სწავლობდა. მარცხენა მხარეს კი ავტოსადგომი იყო. ამიტომ ბიჭს, ავტომობილის დაყენების შემდეგ, ყოველდღე უწევდა სასწავლებლის შესასვლელთან გავლა. ჟღალთმიანთან შეხვედრის მერე კი დღეში რამდენჯერმეც. ხან რაღაც "რჩებოდა" მანქანაში, ხან  რაღაცის "ჩადება" უნდოდა, ხან კიდევ უნივერსიტეტში "უჩნდებოდა" მნიშვნელოვანი საქმეები და "იძულებული ხდებოდა" მათ მოსაგვარებლად დრო სამსახურისთვის მოეპარა. ერთხელ მეგობრის ძმას, სხვა კურსის ბიჭებთან უსიამოვნება მოუვიდა და სიტუაციის გასარკვევად მას მოუხდა მისვლა, რადგან თავის მეგობარს "არ ეცალა". უნივერსიტეტში მისული, სრულიად "შემთხვევით"ნათიას აუდიტორიის კართან აღმოჩნდა და იმ დღის შემდეგ პირველად შედგა კიდეც მათი "მოულოდნელი პაემანი". სულ ორ წუთიანი, მაგრამ ხომ შედგა? გოგონამ მაშინვე იცნო უცნობი "მძღოლი" და ისევ გაიღიმა, ამჯერად უფრო ღიად და საოცრად დამატყვევებლად. თუმცა რაღა დატყვევება უნდოდა, ისედაც სიყვარულის გისოსებში გახლართულ უგანაჩენო რომანტიკოსს? ოდნავ შეკრთა ზურა, მაგრამ არ დაბნეულა, ჟღალთმიანს თავისი სახელი აჩუქა და მისიც მიიღო დაუძალებლად. მერე კი წავიდა... უფრო სწორად კი გაფრინდა იმ საქმის "მოსაგვარებლად."
მეორეჯერ იმიტომ შეაბიჯა უნივერსიტეტის შენობაში, რომ თავის მეზობელს, რომელიც ამავე სასწავლებლის სტუდენტი იყო და რომელიც დღეს დილით დაიმგზავრა, ავტომობილში საგამოცდო ტესტები დარჩა და "აუცილებლად" უნდა მიეტანა. მაშინაც "მოულოდნელად" შეხვდა ნათიას. (წინასწარი პატარა გამოძიების შედეგად, ზურა უკვე ფლობდა ინფორმაციას ჟღალთმიანის ყოველდღიური გრაფიკების შესახებ, რომლებიც თითქმის ერთმანეთის მსგავსნი იყვნენ.) ის დღეც ბიჭის უმისამართო ფრენით დასრულდა და კიდევ მრავალი დღეც, როცა სხვადასხვა საქმეები ჩნდებოდა ზემოთ აღნიშნულ შენობაში ან მის შესასვლელთანაც, ზუსტად იმ დროს, ჟღალთმიანს რომ ლექციები უმთავრდებოდა. მერე კი ზაფხულიც დადგა და ნათიაც გაქრა. ვიდრე ზურასთვის მისი ადგილსამყოფელი გახდებოდა ცნობილი, რომელსაც რატომღაც ორი დღე დასჭირდა, ბიჭი თავისთავს აღარ გავდა. მეგობრები ძალიან შეშფოთდნენ მისი ამგვარი მიჯაჭვულობის გამო, განსაკუთრებით კი ელენე დარდობდა, ბავშვობის ელენე, ბავშვობის სუნთქვა, ბავშვობის სუნი, გემო და ფერი. წუხდა ელენე- ზურას ცოცხალი დღეების ის მარადიული პეპელა, ნაცრისფერი პერიოდების გამფანტავი ტკვარცალა ნიავი და წყარო... ცივი არომატით, მაგრამ ამავე დროს არაამქვეყნიურად თბილი შეხებით, ბიჭის ცხოვრებას რომ უანგარო იმედად ეპკურებოდა. სარკეც იყო ელენე. ზურას ყოველ ჩანაფიქრს, სურვილს, მიზანსა თუ ნაბიჯს უთქმელად, უნახავადაც ირეკლავდა და მზის გულს აფიცხებდა მერე გასაშრობად. რომ გაღვივებულიყო, რომ ასრულებულიყო, რომ მიღწეულიყო, ნაკლები ეკლით, ნაკლები ტკივილითა და ნაკლები დაცემით რომ გაევლო. მაგრამ ამჯერად გაუჭირდებოდა გოგონას მეგობრის შველა, რადგან...
......
უყვარდა ელენეს ზურა, ზურას კი ელენე უყვარდა არამიწიერად. თავიანთი ბავშვობა უყვარდათ ერთმანეთში, თავიანთი გავლილი და გასავლელი გზები. მომავლის ის ბილიკი უყვარდათ, რომელსაც ერთად დაადგამდნენ ნაბიჯებს. ის ბილიკი, რომელიც ბედნერებასთან ერთად სისხლისა და ოფლის სუნითაც იქნებოდა გაჟღენთილი. ბილიკი, რომელიც რომანტიული წვიმებით აალმასდებოდა ანდაც გადაუღებელ თავსხმებს შეეწირებიდა. იცოდნენ მეგობრებმა ამ გზის შესახებ, იცოდნენ  და მაინც უყვარდათ, უყვარდათ, რადგან ისიც მათი იყო, მათი ცხოვრების გზა, მათი ბედისწერა-  ერთად ასახდენი, ერთად გასავლელი, ერთად გასატკეპნი, გადასათელი. მზად იყვნენ, სიმამაცე და სიძლიერე არ აკლდათ, წამოდგომა და თანადგომა არ ეშლებოდათ და ამიტომაც არ ეშინოდათ. წამდათ, ბოლოს მაინც გაიმარჯვებდნენ და მერე იალაღიც გამოჩნდებოდა, მწვანედ დაფიფქული, ცის ფეხქვეშ გაგებული, აპრილ ამოხეთქილი და მარადიულ გაზაფხულად აგალობებული.
............
ზურამ ზღვაზე მიაგნო ჟღალთმიანს, სადაც გოგონა შეყვარებულთან ერთად ისვენებდა, იმ კაცთან ერთად, რომელიც ზაფხულის ბოლოს ჯერ საქმრო, მერე კი მეუღლეც გახდებოდა.
ნათიას არსებობით მოჯადოებულ ბიჭს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ის მისი არასდროს იქნებოდა. ადრეც უთხრეს, გოგონა რომ თავისუფალი არ იყო, მაგრამ მანამ არ გაითავისა ეს ცნობა, სანამ თავად ჟღალთმიანის ტკბილი, ემოციური და მხურვალე ბგერები არ მისწვდა მის ყურთასმენას. ბგერები, რომელითაც ბიჭს თავისი მომავალი სიყვარული წარუდგინა გასაცნობად. ზურამ მხოლოდ მილოცვა მოახერხა. ეს იყო და ეს. მერე კი წავიდა. ნათიადან არა... მან მხოლოდ პლაჟი დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ იმედი თითქმის არ არსებობდა, ის მაინც იმ დღეებს ჩაებღაუჭა, რომელიც ქორწინებამდე იყო დარჩენილი. როგორც ყველა შეყვარებულ ადამიანს, მასაც სჯეროდა, რომ ღმერთი ამხელა სიყვარულს ასე უბრალოდ დასასრულებლად არ მოუვლენდა. გრძნობით შეპყრობილ მოკვდავებს, გვინდა, რომ ვინც ჩვენ გვიყვარდება მათთაც შევუყვარდეთ და ერთად ვიყოთ მერე მთელი ცხოვრება. ეს ასე თუ არ ხდება ვწუწუწუნებთ, ვსაყვედურობთ, ვგლოვობთ- რატომ? რა დავაშავე? უიღბლო ვარ...ხომ შეიძლება მეც მათსავით (ვინმე ბედნიერ წყვილს მოვიყვანთ მაგალითად) გამიმართლოს ოდესმე? ვეჩხუბებით ძალას, რომელმაც ასე "გაგვიმეტა" და იმაზე არასდროს ვფიქრობთ, რომ თუ იმგვარად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ე.ი ჩვენთვისვე ჯობნებულა ასე. არ ვფიქრობთ, რადგან იმ მომენტში მტანჯავი სიყვარულის მარწუხები გვიჭერს და გვაღრჩობს, მერე კი როცა მისგან ვთავისუფლდებით, ვხვდებით, რომ ის, სხვა "ძალა" ჩვენზე ძლიერი და გაბედული ყოფილა, თანაც გონიერი, რადგან მშთანთქმელ უფსკრულთან ძალიან ახლოს არ მიგვიშვა, მხოლოდ შორი-ახლო გვატრიალა, რომ მისი სიტკბო და სიმწარე ერთნაირად გვეგრძნო, რომ მერე სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, იმ ნამდვილი და მარადიული სიყვარულის წიაღში,  წარსულის ეს იმედგაცრუება  მაგალითად გამოგვეყენებინა და ნაკლები შეცდომებით დაგვეტვირთა მომავლის ხურჯინი.
........
ზურამ გეგმა დასახა. როგორც კი ნათია ქალაქში დაბრუნდებოდა სიყვარულში გამოუტყდებოდა. იქნებ და ისიც გრძნობდა რამე მსგავს ბიჭის მიმართ, მაგრამ ახლა, მოჭარბებული ემოციების გამო, ამას ვერ ხვდებოდა. გადაწყვიტა და გაანდო კიდეც თავის გულისნადები ჟღალთმიანს, რითაც გოგოსთან დაკავშირებული ის მოჩვენებითი მეგობრობის ძაფიც გაწყვიტა. სექტემბერში კი საბოლოოდ დაკარგა თავისი სიცოცხლე. მაგრამ ოცნების დასრულება მაინც ვერ გაბედა, ვერ შეძლო, ვერ გაიმეტა. გადამალა, სულის იმ ღრმა კუთხეში მიმალა, რომლის შესახებ ელენემაც კი არ იცოდა. თავისთვის დაიტოვა, მხოლოდ თავისთვის. ღამით მაინც რომ მიახლოებოდა სასურველი ქალის აჩრდილს. ღამით, დახუჭული თვალების მიღმა მაინც რომ ეცეკვა მასთან ტანგო. მერე კი წავიდა. ამჯერად მართლა წავიდა, საზღვრებს მოედო თავის ოცნებასთან ერთად. ყველა და ყველაფერი დატოვა. ბავშვობის გარდა... ის ელენეში ჰქონდა საიმედოდ გადანახული. ახლო წარსული ეგლოვებოდა, აწმყო ეჯავრებოდა, მომავალი კი ეზარებოდა. ამ მდგომარეობაში იყო ზურა, როცა ჟღალთმიანის თვალებიდან ბედნიერების ოკეანე პირდაპირ თეთრ კაბაზე იღვენთებოდა, როცა საქორწინო თაიგულმა ცისარტყელას კვალი გაიყოლა პატარძლის თითებიდან და როცა ოთახში უკვდავ მელოდიად აცეკვდა ერთიანობა.
ამ მდგომარეობაში იყო ზურა, როცა სხვა ხალხს, სხვა ცას და სხვა მზეს შეერია... სხვა მზეებს, რომლებიც 10 წელი დააქროლებდნენ და უსასყიდლოდ ათბობდნენ სევდაზე შეყვარებულ გადამთიელს.
..........
ქორწინებიდან ორ წელიწადში ნათიას გოგონა გაუჩნდა, თავისსავით ჟღალთმიანი და ქათქათა პრინცესა. მამას უსაზღვროდ უყვარდა პაწაწა არსება. ცოლი კი მთელი მისი არსებობა იყო. ეს ორი, სუსტი და კაფანდარა გოგო, იმხელა ძალას აძლევდა კაცს, რომ მთელი სამყაროს მხრებზე მოდებას და მათ ფეხქვეშ გაგებასაც კი შეძლებდა, მაგრამ არა... არ უნდოდა... არ უნდოდათ... უბრალოდ,  არ სჭირდებოდათ. ისედაც არაფერი აკლდათ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ჰქონდათ, თუმცა... სიყვარული ფეთქავდა ზომაზე მეტი ამ ოჯახში, ჩქეფდა, ქუხდა და ჯებირებიდან იღვრებოდა. სწორედ ამიტომ ჰგავდა სამოთხეს მათი ცხოვრება, სინათლე კაშკაშებდა ყველგან, სადაც ეს სამი სხეული და სამი სუფთა სული ჩაიქროლებდა. მერე კი მოულოდნელად დაბნელდა. გოგონები მარტო დარჩნენ. მათი მთლიანობა დაირღვა. რჩეული ქმარი და მამა, ჯერ თვითმფრინავის, მერე კი საკუთარი სულის ფრთებს მიენდო ცაში ასაფრენად.
..........
ჟღალთმიანმა სიცოცხლე გააგრძელა... მეორე ჟღალთმიანისთვის!
ქმრის წილი გული, ქმარსვე გააყოლა! მკერდში მხოლოდ ბავშვისთვის დაიტოვა რაღაც მფეთქავი, რომელიც ნახევარიღა თუ დარჩენილიყო.
.........
სულ ხუთი წელი გაატარა ნათიამ ქმართან. ხუთი, ისეთი სავსე წელი, ბევრის ოცდაათწლიან ცხოვრებასაც რომ დაიტევდა.
..........
ზურას არასდროს მოუკითხავს თავისი სიყვარულის ამბავი. არასდროს არავისთვის უკითხავს როგორი იყო ჟღალთმიანის ბედნიერი დღეები. არც ელენესთან წამოცდენია ოდესმე, ისევ რომ კვდებოდა, მაგრამ გოგოს რას გამოაპარებდა? იმ გოგოს, რომელიც ბიჭის სულს და გულს საკუთარივით ცნობდა და საკუთარივით ესათუთუთებოდა? არ წამოცდენია და არც დაიკო ეუბნებოდა რამეს ამ საკითხზე...
ამბობენ, ვინც გიყვარს ყველაზე მეტად მისი ბედნიერება გინდაო. -ეს მართალია, ნამდვილად ასეა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით რომ საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნა მარტო მათთვის კი არა, ჩვენთვისაც გვინდა. მათი ბედნიერება იმიტომ გვინდა და იმიტომ გვახარებს, რომ ამით ჩვენც ვბედნიერდებით. მათი სიხარული ჩვენც გვაბედნიერებს! შეიძლება ასეთი შეგრძნებები ჰქონოდა ზურას იმ 10 წლის მანძილზე, რაც ნათიასგან შორს იმყოფებოდა. შეიძლება ეს წლები იმით იარსება, რომ თავისი სიყვარული უსაზღვროდ ბედნიერი ეგულებოდა, მაგრამ განა საკმარისი იქნებოდა ასეთი ფიქრი მისი ბედნიერებისთვისაც?
ელენემ იცოდა რომ არა... თავად ზურამაც იცოდა...
..........
ჟღალთმიანი მარტო შეუდგა თავისი სამი წლის გოგონას აღზრდას, მშვიდი და გონიერი ბავშვი იყო პატარა. ნაკლებად აწვალებდა დედას. ტკბებოდა ნათია პრინცესას ცქერით, მისი გაუთავებელი ტიკტიკით და დღეებიც შეუმჩნევლად გადიოდა. უცებ გაფრინდა კიდევ სამი წელი და უმცროსი ჟღალთმიანი სკოლაშიც შევიდა. ამის შემდეგ დროის უმეტესი ნაწილი სწავლას დაეთმო. ყველა დღე ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ  საინტერესო იყო და ცხოვრებაც ასე თუ ისე ფერადდებოდა, შვილის ხათრით.
მერე კი ზურა დაბრუნდა, ოცნებასთან ერთად... ყველასთვის მოულოდნელად!
...........
წესიერად სახლშიც არ იყო მისული, მეგობარმა რომ ბავშვის ნათლიად დაპატიჟა. ელენეს სთხოვა ჯვრის საყიდლად გაჰყოლოდა. გოგონა ისე იყო მონატრებული ძმის სურნელს, რომ ბედნიერებისგან რეტი ესხმოდა. ცეკვავდა, ხტოდა, კისკისებდა, მეგობარს დაუსრულებლად ეხვეოდა და კოცნიდა.
ბიჭიც ეფერებოდა, ხელში აჰყავდა თავისი ბავშვობა და ისე როგორც პატარაობისას, გაუჩერებლად აფრიალებდა.
ზურას, ნათიას ამბები აიტერესებდა, მის შესახებ რაიმეს გაგება და ნახვის სურვილი, ალბათ საქართველოში დაბრუნებამ თუ გაუმძაფრა. ასე ახლოს და მაინც ასე შორს რომ ეგულებოდა, ეს ფაქტი ყელში უჭერდა და სუნთქვას აწყვეტინებდა. იცოდა რომ ოჯახს არ უნდა გაკარებოდა, მაგრამ ზემოთ ამოტივტივებული ოცნება მოსვენებას უკარგავდა. ბევრჯერ დააპირა ელენესთვის ეკითხა, თუმცა მერე სიტყვას პირზე შეიშრობდა და საუბარს სხვა თემაზე გადაიტანდა.
საიუველირო მაღაზიაში მიმავლებს ის უნივერსიტეტი უნდა გაევლოთ, სადაც  წლების წინ ზურამ თავისი ოცნება აღმოაჩინა. გაიარეს და უცხოეთის 10 წელიც სადღაც გაქრა. და მან, უკან დაბრუნებულმა, ნათია დაინახა. კედელს მიყრდნობოდა, ოდნავ ფერმკრთალი, მეგობრის ლოდინით დაღლილი ჟღალთმიანი ასული.
უცებ გამოფხიზლდა. ელენე მიუხვდა წარსულის ზმანებას. მერე კი ჯვარი შეიძინეს.
........
გასასვლელში პატარა გოგომ შემთხვევით ფეხი დაადგა ძალიან მაღალ ბიძიას. თავისი მოუხერხებლობის გამო თმებისფრად შეეღება ლამაზი ლოყები და ბოდიშიც შეფაკლული ღიმილით მოიხადა. ბავშვის დედაც შეწუხდა ამ უცაბედი შემთხვევის გამო და როცა მანაც აღმართა მზერა პატიების თხოვნით, ადგილზე გაიყინა.
..........
ისევ ისეთი იყო... ისეთივე უბრალო, ისეთივე უნაკლო, მშვენიერი, იმავე ფერის თმით და იმავე მზერით, ოღონდ ამჯერად სევდაჩაგუბებულით. უყურებდა კაცს და ვერ იჯერებდა, რომ მის წინ ახლა ის ადამიანი იდგა, რომელიც 10 წელი არ ენახა, რომელსაც ეს 10 წელი მხოლოდ თმაზე დასტყობოდა და ახლა იმ ქალის მზერას იპარავდა შიშვლად, რომლითაც ოდესღაც  მალულად კვებავდა მისსავე სულს. იდგნენ ასე უსიტყვოდ, უხმოდ, უბგერებოდ... ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას უსმენდნენ და ტანსაცმლის შიგნით, ძლიერი ფეთქვით, ერთმანეთის არსებობას აღნიშნავდნენ.
........
ჟღალთმიანს ქმარი ისე ძლიერად უყვარდა, რომ სულ ამბობდა აი, აქ დარჩება სამუდამოდო და მკერდზე ხელს მიიჭერდა ხოლმე ჩვეულად, მაგრამ ზურას დაბრუნებამ რეალობა ამოუტრიალა მარტოსულ ქალს... მარტოხელა დედას. ქალსა და დედას... დედასა და ქალს!
........
ელენემ მეგობარს ყველაფერი უამბო ნათიას ცხოვრების შესახებ. ყველა დეტალის შესახებ, რაც მან, რა თქმა უნდა, დანამდვილებით იცოდა.ისე უყვებოდა, რომ ბიჭს ტკივილისა და სიხარულის შეგრძნებები გაუერთიანდა.
მერე კი...
........
მერე ზურამ ნათიას სთხოვა, უფლება მიეცა, უმცროსი ჟღალთმიანის მამა რომ გამხდარიყო. გოგონას უკვე შეყვარებოდა კეთილი, ყურადღებიანი ბიძია და ერთ დღესაც დედიკო აჩუქა მთელი გულით. შედგა ოჯახი, დაგვიანებული, მაგრამ მართალი, სუფთა, უანგარო. ბოლოსდაბოლოს იზეიმა წრფელ და შეურყეველ გრძნობაზე დაშენებულმა ერთიანობამ.
ზურამ მიზანს მიაღწია. ოცნება აუხდა, რადგან ის თან წაიყვანა, ყველგან ატარა, ყველგან მასთან ერთად იარა,  არსად დარჩენია, არც არსად დაუტოვებია. მან მხოლოდ პლაჟი დატოვა...

........
და მაინც... ვინ თქვა სიყვარული ერთხელ მოდისო?
ვინ?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები