ნაწარმოებები



ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
10 მარტი, 2021


ასოთა სამეფო


ჩემო პატარებო, თქვენ ხომ იცით, რომ ძველად ბევრი სამეფო არსებობდა, მათ შორის ზოგიერთი, საკმაოდ უცნაურიც. მაგალითად: რიცხვთა სამეფო, გეომეტრიულ ფიგურათა სამეფო, კეთილი ფერიების ქვეყანა, ბოროტ ჯადოქართა სახელმწიფო და ასოთა სამეფო, რომლის ამბავსაც ახლა მოგიყვებით.
ამ სამეფოში ასოები ცხოვრობენ, ჩვენი საიმედო მეგობები. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი ძალიან კარგად იცნობს ამ სამეფოს, ბევრიც სულ მალე გაიცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებთ.
თავდაპირველად, ამ სამეფოში მხოლოდ რამდენიმე ასო ცხოვრობდა. ცალ–ცალე სახლებში ბინადრობდნენ: ა; ბ; გ; დ; ე; თ; ი; კ; ლ; ნ; ს; ტ და ჩ.  მათი დახმარებით ძალზედ ცოტა სიტყვების შედგენა ხერხდებოდა და სალაპარაკო ენაც ძალზე ღარიბი იყო. სამეფოს მცხოვრები დაფიქრდნენ, რა ექნათ, როგორ გაემრავალფეროვებინათ თავიანთი ქვეყანა. ამაზე დარდობდნენ და ფიქრობდნენ ყველგან და ყოველთვის. დილით და ღამით, სეირნობისას და ცეკვის, საუზმისა და სადილის,თამაშისა და მუშაობის დროს, გაღვიძებისას და დაძინებისას.
ერთხელ „მ“ და „ი“ სასეირნოდ წავიდნენ. გზად ღელე შეხვდათ. „ი“ შეწუხდა:
- როგორ გადავიდე, პატარა ვარ და ფეხები დამისველდებაო. „მ“ დაიხარა, „ი“ აიყვანა და ზემოთ ასწია. შეშინებული „ი“, არ ჩამოვვარდეო და მას მჭიდროდ მიეკრო. ისე მოეწონა ეს ადგილი, რომ ღელეზე გადასვლის მერე აღარც ჩამოსულა ძირს და გაჩნდა ახალი ასო, აბა, თუ მიხვდით რომელი? დიახ „შ“.
„შ“ ძალზე მოუსვენარი ვინმე გამოდგა, სულ ცეკვავდა, ხტოდა, ტრიალებდა. ერთხელ, ტრიალისას, ხეს დაეჯახა და რომ არ დაცემულიყო, ზურგით მიეყრდნო. იქვე მდგომ „ა“–ს ძალიან მოეწონა „შ“–ს ასეთი მდებარეობა და ასე გაჩნდა ასო „წ“.
ერთ მშვენიერ დღეს, სამი „ა“ ბაღში მუშაობდა. ერთმა შეამჩნია, რომ ბალი დამწიფებულიყო. თითის წვერებზე აიწია, მაგრამ ვერ შეწვდა. დაიკოს შესთავაზა: – მხარზე შეგისვამ და ბალი მოწყვიტეო.  მხარზე შემოსკუპულმა „ა“–მ ქვედა ტოტები გაკრიფა, დებს ჩააწოდა, მაგრამ თავს ისე კარგად გრძნობდა და დარჩა უფროსი დაიკოს მხრებზე. იცით რა მოხდა? გაჩნდა ასო „პ“.–ზედა ტოტებზე უფრო მწიფე ნაყოფი ჩანსო– წამოიძახა უმცროსმა დაიკომ და „პ“–ს მხრებზე აბობღდა. ბალიც მოკრიფა და ახალ ასო „ჰ“–დაც იქცა.
– თურმე ერთმანეთთან ჩახუტებით ახალი ასოები ჩნდებაო – მიხვდენენ ასოები და მეგობრები ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ.“ ძ“-ს და „ი“-ს ჩახუტებით გაჩნდა „მ“, „კ“ და „თ“–სგან – „ფ“, „ლ“ და „ი“–სგან – „ღ“; „ს“ და „ი“–სგან – „ხ“. მუცელგაბერილმა „ხ“–მ, სიხარულისგან ცეკვა–ტრიალი დაიწყო, მაგრამ თავბრუ დაეხვა, თავი ვერ შეიკავა და ზურგზე დაებერტყა. თუმცა, ეს ისე კარგად გამოუვიდა, რომ გაჩნდა ასო „ძ“. ცელქი „ა“ თავზე შეახტა  „ო“–ს და გაჩნდა ასო „რ“, „ს“-მ  ხელში აიყვანა პატარა „ა“ და გულზე მიიხუტა, ასე იშვა ასო „ც“, ასევე მოიქცა „ე“ და „ა“–სთან ერთად მოგვცა ასო „ჟ“, „კ“ და „ი“–ს ერთობით გაჩნდა „ვ“, ‘ე“ და „ი“–სგან კი „უ“, „ხ“ და „ი“–სგან გაჩნდა „ზ“. „ე“–მ სიხარულით ცეკვა დაიწყო, ცალი ხელი ზემოთ აწია და ისე სწრაფად დატრიალდა, რომ ძალზე ლამაზად გამოჩნდა. ხოდა დარჩა ასე, ასო „ქ“–დ. „ა“–ს მეორე „ა“ ზურგზე მოახტა.  პირველმა ხელი შეაშველა, არ ჩამოვარდესო დატრიალდნენ და იქცნენ „ყ“–დ. ორი მოჭიდავე, ერთმანეთს გადახლართული „ა“ დახრილ „კ“–ს კისერზე წამოედნენ და შეიქმნა ასო „ჭ“. ამ მხიარულებაში, ცეკვისას „თ“–ს კაბა ეკალს გამოედო, ნაწილი ჩამოეხა და მივიღეთ „ო“, ის ნაჭერი „კ“–მ აიტაცა და ააფრიალა, ასე იქცა „ჯ“–დ.
დაიღალნენ ასოები. უკვე საკმარისნი ვართ, გვეყოფაო თქვეს და კმაყოფილებმა სახლებს მიაშურეს. ახლად შექმნილი მეგობრები, სახლების აშენებამდე, მათთან მიიპატიჟეს.
მის მერე, ასე მეგობრულად ცხოვრობს ამ სამეფოში ოცდაცამეტი ასო და ყველა მსურველს ფართოდ უღებენ თავიანთი ქვეყნის ალაყაფის კარებს.
ვინც მათთან იწყებს მეგობრობას, ყველა  სამუდამო თანამგზავრი ხდება, უამრავ ახალ ამბავს გებულობს და ცხოვრების ბილიკებზე სასიარულოდ საჭირო ცოდნას იძენს.
იმედია, მოგეწონათ ეს ზღაპარი, ჩემო პატარებო. ისინი თქვენც გელიან და სიხარულით დაგიმეგობრდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები