ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2021


რა ვქნა, წავშალო?

#ძელსკამი

ნინო დარბაისელი სტრონი

                          რა ვქნა, წავშალო?
                          - - - - - - - - -

    ყველაფერი ისე ლამაზად დაიწყო, ისე ტკბილად, როგორ აღმოვჩნდი ამ  საერთაშორისო გაუგებრობაში,  წარმოდგენა არა მაქვს, არც ის ვიცი, აქედან როგორ გამოვძვრე...
    ქალბატონი ნუნუ გელაძე ხომ იცით, იტალიაში რომ ცხოვრობს ქართული ლიტერატურისა და კულტურის დიდი მოამაგე. ამ ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და პოეზიის საერთაშორისო დღე რომ მოდის  21 მარტს, პატარა პროექტი მინდა ამასთან დაკავშირებით მოვამზადოო.
      მე ჩემი ცოტა განსხვავებული გეგმები გავუზიარე და თანამშრომლობაზე შევთანხმდით, გამოვაცხადეთ, გვიხაროდა... რა ჰაეროვნად მოდის აქამდე ყველაფერი, არა?!
      ამის მერეც არა უშავს.  ამ პროექტით  ვიდეოების ჩაწერაა გათვალისწინებული,-  კითხულობს ავტორი და მერე მთარგმნელი იმავე ლექსს უცხო ენაზე  აჟღერებს. ხომ შესანიშნავია?! მე გამახსენდა, რომ გიორგი ლობჟანიძეს უხსოვარ დროს სპარსულად ჰქონდა ჩემი ლექსები ნათარგმნი და ვიფიქრე, ცუდი არ იქნებოდა, წაეკითხა, თუ მიაგნო. სამაგიეროდ, მისი ერთი ლექსი ვიცი დიდი ხანია ზეპირად და რამე რომ არ შემეშალოს, მოვიძევ ტექსტს,  ინგლისურად რომ ვთარგმნო, ვინმე მეგობარს  ვთხოვ,  თაროზე ნახოს და  ‘’სქრინშოთი’ - ფოტო გამომიგზავნოს, ვითომ სულ ასე არ ვიქცეოდე, საქართველოდან რამე რომ მჭირდება-მეთქი. ასეც მოვიქეცი, ვთარგმნე და ვიდეოზე ჩასაწერად გავემზადე.
      აი, რომ იტყვიან, ქაჩალმა თავი არ მოიფხანა, მოიფხანა და მოიგლიჯაო ისე მომივიდა, მოდი, ბარემ ერთ ჩემს ლექსსაც ვთარგმნი, მე თვითონ წავიკითხავ,  ჯერ ქართულად, მერე ინგლისურად, ეფექტური იქნება-მეთქი, ვიფიქრე და
        აქ ისევ  რეფრენი: ასეც მოვიქეცი!
    აი, ეს ლექსია. დიდი - არაფერი, ალბათ  ტონობით აქვს ყველა ნაყოფიერ  ავტორს ასეთი რამ.  აი, არც გადასაგდებად რომ არ გემეტება და არც კრებულში  რომ არ შეიტანდი, გამოცემა რომ გადაგეწყვიტა.  ალბათ თავიდან  სინტაქსურ-ინტონაციური ბლოკების გამომსახველობითი შესაძლებლობები მაინტერესებდა,  მერე სავარჯიშოზე ცოტა უკეთესი გამომივიდა და  ლექსად  ჩავთვალე.
      შეფასებას ნუ დაუწყებთ, შინაარსს გადაავლეთ თვალი:

ნინო დარბაისელი

ეს -  მაგრამები
- -

ლუკმა პურივით,
ყლუპი წყალივით ან ჰაერივით
უცებ რაღაცა რომ დაგჭირდება,
მაგრამ მაინც არ სთხოვ მეგობარს.

არ სთხოვ მეგობარს,
მაგრამ  გპირდება.

გპირდება,
მაგრამ არ შეგისრულებს.

არ შეგისრულებს,
მაგრამ  ხმასაც არ გაგაგონებს.

არ გაგაგონებს,
მაგრამ ფიქრობ, ვერ მპოულობსო.

ვერ მპოულობსო
მაგრამ  რწმუნდები,
შენ გარდა  ყველას ეხმიანება,
ამაოდ წვალობ,
ყველა ჩვეული და უჩვეულო გზით ხმა მიაწვდინო,
ის კი მაინც არას გპასუხობს.

არას გპასუხობს,
მაგრამ გონებას გული ამტყუნებს,  მკაცრი ნუ ხარო.

მკაცრი ნუ ხარო,
მაგრამ გონება დაიჟინებს,
სუყველაფერი
თავიდან უნდა გაისინჯოსო.

გაისინჯოსო მეგობრობის მთელი ამბავი,
იქნებ სადმეა, სიბნელეში მიყუჩებული  რაიმე ხინჯი,
მაგრამ  ვერ აგნებ.

ვერ აგნებ,
მაგრამ  გულს  გონება ვეღარ ენდობა.

ვეღარ ენდობა,
მაგრამ გული მაინც არ იშლის,
ღამის ნაფიქრალს ნუ დაუჯერებ, დილამდე მაინც
დავიცადოთო.

დავიცადოთო?!
იცის გონებამ,
რომ დილა ღამეს - ყოველთვის არ სჯობს
და გათენება - უარესია
და
ქვეყნად ყველა დასაკარგავიც - დაკარგვამდე დაკარგულია.

სული - გაუძლებს!

        ინგლისური თარგმანიც  დავამატოთ, ენის მცოდნენი უკეთ გაიგებენ ჩემი გულის ხვაშიადს:
     
Nino D. Straughn
  These “Buts”

It happens sometimes:
You need something like a bit of bread,
Or a sip of water.
Or a little air,
But anyways you don’t ask your friend for anything.

You don’t ask,
But he promises.

He promises,
But he doesn’t do it.

He doesn’t do it,
But you don’t hear anything from him.

You don’t hear anything from him,
But you think he just can’t find you.

You think he just can’t find you
But he keeps in touch with anyone but you
And you try every usual and unusual way
To let him hear from you
But he doesn’t answer anything.

He doesn’t answer anything
But your heart tells your mind, “don’t be that tough!”

Your heart tells your mind, “don’t be that tough!’
But your mind demands
Everything must be checked from the beginning again!

All the story of your friendship must be well-checked again,
There might be some kind of an error
Somewhere inside
In a dark corner.

You can’t find anything,
But your mind doesn’t trust your heart anymore,
But your heart keeps telling you
Don’t believe
Your night thoughts,
Let’s wait until the morning.

Wait until the morning?!

But your mind knows
Morning is not always better than night.
Sometimes even worse.
And everything that is to be lost
Is already lost before it is lost.

The soul will endure!
 
    ადამიანი შინაგანად პერფექციონისტი რომ ხარ და სიბერეც ვერ გამოგასწორებს, ჩემი საქმე ისეა.
    ჩემს ქმარს ვთხოვე, მე ცოტა  ქართული აქცენტი მაქვს, ზედაც სამხრეთ ამერიკული,  მოუშორებელი და წამამეცადინე, ინგლისურად  სალიტერატურო, კარგი გამოთქმით რომ წავიკითხო-მეთქი.
    უარი არ უთქვამს ამ საწყალს,  ყველა საქმე გადადო და დამიჯდა, რა იცოდა, რა ვერაგობას გვიმზადებდა ბედი!
    სამაგალითოდ რომ მიკითხავდა და ფურცელს ჩასჩერებოდა, დრო ვიხელთე და  გვერდიდან ჩუმად ვიდეო გადავუღე.  თავიდან, რომ გაიგო...  რომელ კაცს გაუხარდება ასეთი რამ, მაგრამ როცა ახლიდან ვუყურეთ, დამეთანხმა, რაც გინდა, ის უყავიო. მე რას ვუზამდი?! სასწრაფოდ ფეისბუქზე ავტვირთე,  დედამიწის ორივე ჰემისფერომ  ეს ამბავი დაუყოვნებლივ  ხომ უნდა შეიტყოს-მეთქი, თან    რაღაც ამგვარი სახალისო წარწერით: აი,  როგორ უნდა უყვარდეს კაცს ცოლის  შემოქმედება (სინამდვილე თუ გინდათ იცოდეთ - არც ესმის, არც უყვარს, მაგრამ გაგებით ეკიდება კი).
      „ლაიქებმა“ და გულებმაც  არ დააყოვნეს. ეს დილით მოხდა,  იმ საღამოს არაერთმა  ქართველმა ახლობელმა დამირეკა, მომიკითხა, მომესიყვარულა, მომიალერსა, შენკენ ახალი ხომ არაფერიაო და ასე შემდეგ.
  ვიფიქრე,  ეს გაზაფხული როგორი სეზონია,  ამ დროს  მონატრებულ ადამიანებს ერთმანეთისკენ გულები როგორ მიუწევთ-მეთქი.
      ...  ირიჟრაჟა თუ არა,  ტყეში სახეტიალოდ და ჰაერის ჩასასუნთქად წავედით. შევუყევით კარგა აღმართს და  ჩემმა ტელეფონმაც დაიწკაპუნა. ვნახე, ჩემი დის ზარი გამომიტოვებია და მესიჯი დაუტოვებია, სასწრაფოდ დამირეკეო. ჩემი და ნიუ ჯერსიში ცხოვრობს, მისი დასახლება ნიუ-იორკში სოლივითაა შეჭრილი;  კომპს არ ეტანება, მაგრამ ტელეფონით - კარგა კომუნიკაბელური ადამიანია, ლამის მთელ ქართველობას იცნობს  იქ.  ჩემკენ  - ქართველობა ნაკლებია და თუ ვინმე არის კიდეც, პირადად  არასდროს არავის  შევხვედრივარ. ცოდვა გამხელილი სჯობს, ჩემი და  რომ მირეკავს, ხშირად ზარზე პასუხს არ ვცემ და  მერე მოგვიანებით ვუკავშირდები. თქვენ არ უთხრათ, გული ეტკინება.
    „სასწრაფოდ დამირეკეო“ - ეს სულ სხვა  ამბავია, იქნებ რა უჭირს ადამიანს!
    დავურეკე და იწყებაა!
      -ნინო,  დაიკო, შენს ამბავს მე სხვებისგან რატომ უნდა ვგებულობდე, რამდენჯერაც შეგეკითხები, მეუბნები,  ჩემკენ ყველაფრი კარგადააო და  თურმე ქმარს რომ შორდები, ორი დღეა,  მთელი ნიუ იურკის ქართველობა ამაზე ლაპარაკობსო.
    თან აღმართზე ავდივართ სულს ძლივს ვითქვამ ქოშინით, ის კი:
-  ასე თქვეს, როგორ  გაუმწარებია ის  კაცი, ფურცელზე ჩამოუწერია მთელი პრეტენზიები მისდამი,  მატყუებსო, მემალებაო, მპირდება და არაფერს აკეთებსო... მერე  ფეისბუქის გასაგონ-დასანახად, ვიდეო გადაუღია და დაუდია, ამისთანა ცოლთან აბა, როგორ უნდა მეცხოვრაო.
    თან ხომ ვქოშინებ, პარალელურად  ცრემლებამდე ჩავბჟირდი კიდეც, რასაც ჰქვია! გოგო, რა სისულელეა!  ჩემი ლექსის თარგმანს კითხულობდა და მე რა ვქნა, მანდ თუ სულ ისეთი ხალხი გახვევია, ინგლისური ალაგ-ალაგ რომ ესმით, მაგათ ჭკუაზე ხომ არ ვივლი-მეთქი.
    -ასეა თუ ისე,  გემუდარები, ეგ ვიდეო მანდედან წაშალე დაუყოვნებლივ, საქართველოში წნევიან დედაჩვენს გული არ გაუხეთქონ!
    . კარგი, რა, ნუ აზვიადებ რაღაცას.  არც დედაჩვენია  სხვაზე  ნაკლებ ჭკვიანი, რომ ვერ მიხვდეს, საქმე რაშია!-
ამ სიტყვებით დავემშვიდობე. არ გადაგვიდგამს....ბოდიში... აგვიდგამს ... აღგვიდგამს ...ორიოდე ნაბიჯი, რომ ახლა დედაჩემის ზარი გაისმა, ვუპასუხე.
      ტკბილად, უჩვეულოდ ტკბილად მელაპარაკება:
-  გენაცვალოს დედა, მარტო ხარ?  მანდ ქართული მაინც არავის ესმის  და რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კარგად მომისმინე,  შენ ხომ იცი,  თუ ადამიანს აღარ  უნდიხარ,  ამას ათასი რამე შეიძლება  ჰქონდეს მიზეზად  და შენ  სულ არაფერ შუაში იყო.  მინდა,  რომ  ერთი რამ სულ  გახსოვდეს, ვიდრე მე ცოცხალი ვარ,  შენთვის  ლუკმა პური და ერთი კუნჭული მუდამ მომეძევება. ნურავის ნუ მოუსმენ,  ნურავის ნუ აყვები,  შენს გულს ჰკითხე, დაღუნე თავი და პირდაპირ  ჩემთან წამოდი, სადა მყავს მე ვინმე გადამთიელების  დასაჩაგრი შვილი! დღეს  ნახევარმა სანათესაომ დამირეკა,  ჩვენი თვალით ვნახეთ და ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ნინოს ეს რა მოსვლიაო.
-    ეგრე არ არის, დედი,  არაფერი გვჭირს,  ეს იმის ბრალია, ხალხმა ენა რომ ალაგ-ალაგ იცის და გაუგებარ ადგილებს საკუთარი ფანტაზიით ავსებს-მეთქი და  ბოლოს მანაც -  გეხვეწები, ოღონდ ეგ ვიდეო წაშალე, ყველას ყველაფერს ხომ ვერ აუხსნი, დაგავიწყდა?-  ეს- საქართველოაო.
სამოცისა - მე ვარ , ოთხმოცისა -  დედაჩემი , მაგრამ დამიყოლა, ხომ იცი, ნათქვამია, დედის წინ მარბენალ კვიცსაო...
      არადა, ხომ კარგი ვიდეოა?
აქეთ  - ამერიკელი მეგობრები  მეუბნებიან,  რა კარგი ლექსი მოგიძღვნა შენმა ქმარმა, რა კარგად კითხულობსო. თავიდან  ავტორის ანუ ჩემს სახელს რომ ამბობს, ეტყობა,  იმათ ჰგონიათ, სათაურია.
      თქვენ  რას  მირჩევთ, რა ვქნა, წავშალო?

Giorgi Lobzhanidze
Nunu Geladze

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები