ნაწარმოებები



ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2021


"მიწისქვეშა ნავი"

" მიწისქვეშა ნავი"

ხის კუნძზე ჩამომჯდარ პეტრეს მზერა ცისკენ მიემართა და ღრუბლებში მოლიცლიცე მთვარეს მკრთალი ღიმილით შეჰყურებდა. ათას ფიქრსა და დარდს მოეცვა მისი გონება. სანამ მუშაობას დაიწყებდა,ყოველთვის ასე ჯდებოდა მთვარის პირისპირ და თითქოს მისგან იღებდა დასტურს, რომ კიდევ ერთი  " მიწისქვეშა ნავი" გამოეჩორკნა.
რაც ამ საქმეს მიჰყო ხელი,მის შემდეგ გახდა გულჩათხრობილი. პირველი" ნავი " საკუთარ მეუღლეს დაუმზადა,უსახსრობის გამო, სცადა და გამოუვიდა კიდეც.
შემკვეთთან ყოველთვის სიტყვაძუნწობდა. ორიოდ სიტყვას მიუგდებდა და სახელოსნოს კარში უჩინარდებოდა. დაბაში ყველამ იცოდა პეტრეს ხასიათი,ამიტომ არავის სწყინდა,მთავარი ის იყო,რომ მის საქმეს უნაკლოდ ასრულებდა.
რაღაც ჩაიბუტბუტა მთვარის მისამართით და მძიმე ნაბიჯით გაემართა სახელოსნოსკენ. მოგრძოდ  დაჭრილ ფიცრებს ხელი გადაუსვა და ამოიოხრა.
- ეჰ,მერამდენე უნდა გავუშვა,მერამდენე?- დანანებით გააქნია თავი და მუშაობას შეუდგა.
დილამდე არ გაჩერებულა. თითქოს ნიძლავი ჰქონოდა დადებული, ერთი წამითაც არ შეუშვია ხელი საქმისთვის ,სანამ ბოლომდე არ მიიყვანა.
"ნავის" გაპრიალებულ ზედაპირს თითები გადაუსვა და ცრემლმორეული გაეცალა.
***
-პეტრე?!- ფანჯარაზე მიუკაკუნა ზორბა ტანის კაცმა.
პეტრემ კარი გამოაღო და სტუმარი სახელოსნოში შეიპატიჟა.
-მზადაა?- იქვე მდგარ "ნავს" გახედა სტუმარმა.
პეტრემ თავი დაუქნია.
-მშვენიერია!-აღტაცებით დაათვალიერა დურგლის ნამუშევარი.
-მშვენიერი?- სევდიანად გაეღიმა პეტრეს.
-დიახ! არაფერი დაეწუნება..სახელურებიც ზუსტად ხის შესაფერისია!-კიდევ ერთხელ შეაქო  და ჯიბეზე გაიკრა ხელი.
-მძიმეა,მარტო ვერ წაიღებ,-უთხრა ხმადაბლა.
-ამას კი არა,ხარს ვწევ გუთნიანად!- გადაიხარხარა ზორბამ და "ნავი" მსუბუქად აიტაცა.
პეტრეს რაღაც ჩასწყდა სხეულში.იქვე ჩაჯდა და ხის ბურბუშელები ხელით აფანტა ჰაერში.
-მშვენიერია-ო!- წამოიძახა გაბრაზებით.
ფანჯარაზე ისევ გაისმა კაკუნი.
-აქ ხარ ,პეტრე?- მეზობელი მისდგომოდა სახელოსნოს.
-შემოდი მიშა,-გასძახა დურგალმა და ფეხზე წამოდგა.
-რაღაც უნდა გთხოვო პეტრე და გიჟი არ გეგონო,- წინასწარ დაიზღვია თავი მიშამ.
-გისმენ?- უცნაურად მოწრიალეს  სახეზე დააკვირდა.
- უკვე ასაკში ვარ,პეტრე.. მინდა,ყველაფერი მზად მქონდეს..მიწაც ვიშოვნე..
- ჩემგან რას ითხოვ?-ვერ მიუხვდა.
-ერთი ჩემთვის უნდა დაამზადო,ნისიად ოღონდ..ზომები ამიღე.
-რას ამბობ,კაცო?!- მსუბუქად ჩაიცინა პეტრემ.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,როდის გამოთლი ,ეხლა,თუ მერე?- განაწყენდა მიშა.
-აქვს! ცოცხლებისთვის არ ვამზადებ!-გადაჭრით თქვა დურგალმა.
- ყველაფერს გაფიცებ,არ გამაწბილო!- მიშამ ვედრებით სავსე მზერა მიაპყრო.
- ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე?- გახუმრება სცადა.
-ამიღე ზომები!-გაჯიუტდა მიშა.
-ცოცხლებზე არ ვმუშაობ!-ცივი უარი სტკიცა ისევ.
-მაინც და მაინც აქ უნდა მოვიკლა თავი?- მუქარასავით გაისმა მეზობლის ხმა.
-რაღაც ძალიან ჩქარობ?!- ეჭვით შეხედა.
-მოდი პეტრე,მოდი,- გაჭიმული დადგა მოლოდინში.
-არა-მეთქი!
-გადაგიხდი ერთ თვეში,ისე კი არ მინდა?!
-ეეჰ,მიშა..ფული რა შუაშია?- იწყინა პეტრემ.
- მაშინ,მიდი..აქედან ისე არ გავალ,იცოდე!
პეტრემ ღიმილით გააქნია თავი და ხის გასაშლელი საზომი აიღო.
- მხრებში ცოტა განიერი იყოს,- ტანი შეათამაშა.
-ცეკვას აპირებ?
-რატომაც არა,ვინ იცის სადა ვხვდები,-თავის ნათქვამზე გაეცინა მიშას.
- ეეჰ..-ამოიხვნეშა პეტრემ და საზომი გაშალა.
-ეგრე ვიწრო იქნება,-გვერდულად გახედა დურგალს.
-ორი ცალი გეთქვა მაშინ,- გაბრაზდა პეტრე.
- კაცო,იმდენ რამეს გამატანენ,ვიცი,  უნდა მომიჭიროს ამ ოხერმა,- დოინჯი შემოირტყა.
-ვინ რას გატანს?-ღიმილით შეხედა პეტრემ.
-აი,ელიკომ ,ჩემს ლადოს "ტელეგრეიკა" დარჩა და ვინმეს გავატანო..ისეთი ბედი მაქვს,მაინც და მაინც მე ჩამიჩურთავს,-გაბრაზებით თქვა.
-რა "ტელეგრეკაო"?- ძლივს შეიკავა სიცილი პეტრემ.
-ჰო,ყოველ ღამე სიზმარში შემჭამა,მცივა,მცივაო,ხოდა გავუგზავნი და იქნება დამანებოს თავიო!
-ჩამოუშვი მკლავები კაცო,-შეუბღვირა მიშას.
-ე,მაინც არ იშლი შენსას,- ოდნავ დაუშვა ხელები.
-მასე არ გამოვა,ბოლომდე დაუშვი!
- შეკვეთას მე გაძლევ და როგორიც მაწყობს,ისეთი უნდა გამიკეთო,იქნება მეც მიმაქვს რამე,ვაჰ,ვინ არის ეს კაცი?!- გაბრაზდა მიშა.
-თუ არ მოგწონს,აგე ხევსგაღმა გადადი,შალიკოსთან,-განზე გადგა პეტრე.
-იმ უცხვირპიროსთან როგორ მაგზავნი?- წყენით შეხედა.
-ხოდა,მაშინ დადექ,როგორც გეუბნები ისე!
-რომ დავწვე,უფრო უკეთესი არ იქნება?
-წოლა მერეც გეყოფა,გასწორდი!- ბეჭებზე მსუბუქად დაჰკრა ხელი.
-ვაჰ,რა შენი ნათქვამა ხარ,-თავი გააქნია მიშამ.
-ო,მასე,-კმაყოფილმა პეტრემ უცებ მიუზომ-მოუზომა სიგრძე-სიგანე.
-სულ ეს იყო?- გაკვრვებით შეხედა მომავალმა მიცვალებულმა.
-მეტი რა უნდა იყოს?- გაეცინა პეტრეს.
-"პრიმერკაზე" როდის მოვიდე?- გაეცინა მიშასაც.
-ანგლობის ხასიათზე ხარ, წავედი,აღარ მცალია,-უცებ დაუბრუნდა ჩვეულ ხასიათს დურგალი.
- ხვალ შემოვიარო?-გასვლამდე მაინც შეაპარა.
-მე თვითონ დაგიძახებ!- ხელით წასვლა ანიშნა.
გაისტუმრა,თუ არა მეზობელი, სკამზე ჩამოჯდა და მიშას წინდახედულებაზე ჩაფიქრდა.
მარტოხელად დარჩენილ პეტრეს,არასდროს მოსვლია აზრად თავზე ეზრუნა. "მე რომ მოვკვდე,ალბათ იმ უცხვირპიროს გააკეთებინებენ ჩემთვის ნავს.. ის კიდევ,ისე უგემურად აკეთებს,ვიცი ვერ გამიძლებს კარამდე"- გაიფიქრა და ფეხზე წამოხტა.
ხის საზომს სტაცა ხელი და გულმოდგინედ შეუდგა ზომების აღებას.
-ვაი,და მე მივდივარ მიშაზე ადრე? ელიკო ისეთია,მე გამატანს ლადოსთან "ტელეგრეიკას",სჯობია, ცოტა განიერი გავაკეთო,- თავის ნათქვამზე გაეცინა.
შუაღამემდე არ ჩაუმუხლია. შეკრა თუ არა ფიცრები ,შიგნით ჩაწვა და თავისუფლად შეარხია მხრები.
-ო,კარგია!- წამოიძახა.
თავქვეშ ამოიდო ხელები და თვალები დახუჭა.
უმალ გაიტაცეს ფიქრებმაც..
***
-პეტრე! პეტრე!- მიშა მიადგა სადურგლოს კარს. ხან მიუყურადა,ხან ფანჯრიდან შეიჭყიტა.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა შიგნიდან.მთელი ღამე მოუსვენრად იტრიალა. ვაი, და პეტრეს გადაეფიქრებინა მისთვის "ნავის"გამზადება.კიდევ ერთხელ უნდა შეეხსენებინა მისთვის.
- სად უნდა წასულიყო,ნეტავ? შუქი კი ანთია,- გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და  მოუთმენლად დაეჯაჯგურა კარს. დამორჩილებული კარი ჭრიალით გაიღო. მიშამ  ირგვლივ მოატარა თვალი და მზერა ჯერ კიდევ დაუსრულებელ "ნავზე" შეუჩერდა.
-პეტრე! გძინავს კაცო?- ჯერ შორიდან დაუძახა,ახლოს მისვლა ვერ გაბედა.
პეტრე არ განძრეულა.
-პეტრე?!- ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ და ელდა ნაცემი ადგილზე შედგა.
-როგორ დამტოვე იმ უცხვირპიროს იმედად!- მუხლებზე დაეცა და ცრემლები წასკდა.
***
-ეს საცოდავი ესა,-ტირილით შემოუარა ელიკომ გულზე ხელდაკრეფილ პეტრეს და "ტელეგრეიკა" წერილთან ერთად ფეხებთან ჩაუკეცა.

დასასრული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები