ნაწარმოებები



ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2021


* * *

შენ ისევ დუმხარ და მე როგორც ბრძოლების ცეხცლში
გადარჩენილი მარტოხელა, ცოცხალი კაცი
მკლავებს ვეყრდნობი, უიმედოდ მუხლებზე ვდგები
და წარმოვიდგენ მშვიდ ქუჩებში შენს ნერვულ ნაბიჯს
და ჩემს მაჯაზე აჩქარებულ მიმოსვლას სისხლის
ტროტუარებზე აკორდებად დაყრილ ნაბიჯთა
რიტმი ეძლევა. (მერე თითქოს ამაყიც ვხდები.)-
ისე მშვიდი ვარ! - როგორც სული დაჭრილ ნადირთა,
ვინაც იციან, უეჭველად რომ უნდა მოკლან!
და ჩემს პატარა სარკოფაგზე ფიქრის მაგიერ,
ამ დროს მგონია, თითქოს სისხლით დასვრილ ჩემს ხელებს
ფრთხილად მითბობენ შენი მკრთალად თეთრი ხელები,
(და სიბნელეში შენს თითებზე კრთება იმედი.)

შენ როცა ასე სიჯიუტით მიმალავ თვალებს,
როცა ქუჩაში სულ შემთხვევით გაწყდები ზოგჯერ,
მე თითქოს გემის კატასტროფის შედეგად ვხვდები
კანიბალებით დასახლებულ კუნძულზე, თანაც
თოფი რა არის, თან არა მაქვს უბრალო დანაც,
რომ მაჯა მაინც გადავიხსნა და ტალღებს მივცე,
უფლებებს შორის ალბათ მაინც ყველაზე დიდის -
ნადგურმიცემის სრული ნება. (სჯობს ვკვებო მხეცი,
ჩემი ფიქრებით, ვიდრე მხეცად ქცეული კაცი.)
და ამ დროსაც კი, ისევ შენ ხარ ჩემი მაშველი,
რადგან შენს თმებზე გამობმული მთელი სამყარო
მიხმობს თავისკენ, როგორც ქარი მეზღვაურს შეშლილს
და შენი მზერის ანარეკლთან იყრება წამსვე,
ჩემს სიგიჟეში ჩარჩენილი შიშების ფერფლი.

გავცდეთ ამ ახალ, თეთრ ვერლიბრებს, რომლებიც მსურდა,
ადრე მეწერა და შემდგომად ამისა მორცხვად,
მეთქვა, რომ მთელი თვეებია კვლავ შენით ვსუნთქავ,
სისულელეა, სიცრუეა, გათავდა, მორჩა-
ვაღიარებ, რომ გაგირბივარ, თუმცა მეწევი
და როცა ისევ შენს შორეულ მკლავებში მაქცევ,
მაშინ ვწერ ბევრს და კიდევ უფრო მეტ ღერს ვეწევი
ჩემი ისედაც ჩაწყვეტილი ნერვების ხარჯზე.

ამ ლექსს თუ ახლა რამ აკლია, აკლია ვიცი,
ის რასაც ყველა პოეზიას უწოდებს, თუმცა
არ მედარდება. შენი სუნით სავსეა სივრცე
გწერ სიჩუმეში, მწერს სიჩუმე. მე ისევ ვდუმვარ.
მე არც ფრთხილი ვარ, მითუმეტეს არავარ მფრთხალი,
ჩემში არ ცხოვრობს ეჭვების და რისხვის ქარიბდა
და რომ სამყარომ ერთხელ მაინც მანებოს თავი,
ისევ სიჩუმეს ვაწერინებ იმას რაც მინდა
გითხრა და თითქოს, უსიტყვობა ყველაფერს იტევს,
ნათქვამზე უკეთ ახარისხებს განცდებს და ფიქრებს
და საბოლოოდ ისევ მწარე სიმართლით მირტყამს,
რომ ასე შორი, სიჩუმიდან გაღწევად ღირხარ.

არ შემიძლია, სულ უბრალოდ, არ შემიძლია.
ეს არც ქადნაა, მითუმეტეს ლოცვა-ვედრება.
ჩემი სიცოცხლე უსასრულოდ დიდი ფიქრია,
სადაც მთა მიდის მუჰამედთან და მთას ვერ ხვდება
და მე მივდივარ, (უფრო ხშირად) შორეულ მთასთან.
უკვე რამდენჯერ მივესალმე ძალად ლამაზებს...
სწორედ ამიტომ, სანამ თავად არ ვიგრძნობ - მზად ვარ
ჩემს სულს და სხეულს ვერაფრით ვერ შემოგთავაზებ.

მე რომ შემეძლოს, შენს სიყვარულს ვწერდი და ვწერდი.
(ჩემს თავს მეც ვუსვამ იმ შეკითხვას, რაც შენ გიჩნდება...)
ჩვენს შორის თითქოს არ ჩამდგარა კაცი და ღმერთი,
თუმცა მე ვდგავარ მარტოობის მყიფე კიბესთან,
როგორც უდაბნოს ვრცელ სიცხეში ეული პალმა
და მყარად გადგმულ ფესვით ვწრუპავ ნატვრის ნაკადულს,
რომელიც ჩუმად მიიმღვრევა მიწისქვეშ ღრმად და
თითქოს მახსენებს საიდუმლოს, კარგად დამალულს,
რომ რაც დაიწყო არსებობა, დაიწყო შენთვის.
შენთან მოვყავდი დროის გრძელ თოკს, რომელიც ყელზე
გამომდეს როცა დავიბადე და ჩემი ნეშტიც
სრულ სიჩუმეში ჯერაც ისევ მორჩილად ეძებს
სადღაც შორს ნასმენ უსაშველოდ ლამაზ კონტრალტოს,
შენი ბაგიდან დაცდენილი სიტყვების იმედს
და ახლა ისე ძლიერ მინდა თავი მომადო
მხარზე, რომ თითქმის უსაშველო ტკივილით ვიწყებ
ლექსის ბოლოთქმას (ვიცი არცერთ ლექსს არ სჭირდება)
და თუ მცირედით მაინც შეძლო, აეხსნა შენთვის
რამხელა განცდით ველოდები მცირე ცვლილებას
რომელიც ისევ ძველებური სიგიჟით შემშლის,
რომ ისევ შევძლო და დავმარცვლო სიტყვა მი-ყვარ-ხარ!
რომ ისევ შევძლო, დავიჯერო ჩემი სიკარგის.
მანამდე ისევ ვწმენდ ღამეში დუმილს - იარაღს
და მეშინია მოძებნამდე შენი დაკარგვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები