ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 აპრილი, 2021


ბავშვებსა და ბავშვობაზე

როგორც ანტუან ეგზიუპერი ამბობს: „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“.

მშობელი არ ვარ, მაგრამ ბავშვები ისე მიყვარან, როგორც გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს უყვარდა ლიტერატურა.

ბავშვობაში მინდოდა, რომ გარეგნულად ალენ დელონი ვყოფილიყავი და გოგონები ჩემს ფერხთით განრთხმულიყვნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მთავარი ფიზიკური მშვენიერება კი არ არის, არამედ სულიერი მშვენიერება. ისევ ისეთი სუფთა სული და სუფთა, მოსიყვარულე გული მაქვს, როგორიც ბავშვობაში მქონდა.

კარგი რამ არის ბავშვობა, ბავშვობის წლები. ფოთში დავიბადე და გავიზარდე, ფოთში ვისწავლე სიყვარული, უფროს-უმცროსების პატივისცემა, სიკეთის კეთება. ფოთში დავდიოდი საესტრადო სიმღერებსა და ნაციონალურ ცეკვებზე.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქმა მეტი განვითარება მომცა. თბილისში დავამთავრე სკოლა (166-ე დიდუბის პანთეონთან) და ასევე ტექნიკური უნივერსიტეტი.

ბევრი მეგობარი შემძინა დედაქალაქმა, თბილისში დავიწყე ლექსების წერა. 13 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ (იგივე გეპეის თეატრის) მსახიობი. გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, პოეტები, პროზაიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები.

დავუბრუნდეთ ისევ ბავშვების თემას. ბავშვებზე ყოველთვის გიორგი ქუჩიშვილის ეს ლექსი მახსენდება:

„მოგესალმებით, ბავშვებო,
ჩემო ღაბუა ჩიტებო,
ყვავილნო გაზაფხულისა,
ძვირფასო მარგალიტებო!

იჟრიამულეთ, იხარეთ
გულითა მხიარულითა,
დალაღდით დედის ალერსით
და მამის სიყვარულითა“.

გიზო ნიშნიანიძეს თავის წიგნში „პაემანი ვერაზე“ ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„თქვენს გულში ვზივარ და სულ ვწუხდი, ამ ოქროს ხელიდან გაშვებას,
ქედს ვუხრი...
ხარკს ვუხდი ყველაზე დიდ მეფეს -
მის უ დ ი დ ე ს ო ბ ა ს,
მის უ წ მ ი ნ დ ე ს ო ბ ა ს,
მის უ გ ი ჟ ე ს ო ბ ა ს,
მის უ ც ი გ ნ ე ს ო ბ ა ს,
მის უ ტ კ ბ ი ლ ე ს ო ბ ა ს...
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ს!“

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მეც მეყოლება ალბათ შვილები

რა მინდა? - მინდა მყავდეს შვილები, -
ცოტნე, დავითი, ნინო, თამარი,
ოთხივე იყოს ერის იმედი,
აი, ეს არის ჩემთვის მთავარი.

მჯერა, დამრჩება შთამომავლობა,
ჩემთვისაც რეკენ ზარზმის ზარები,
მე გამახარებს ერის მრავლობა
ვაჟკაცებით და ლამაზმანებით.

დაემხო ტროა, გაქრა თრაკია,
ჩვენ კი ვარსებობთ მადლით ბუნების,
დამილოცნიხართ, ჯიშ - ჯილაგიანს
დიდგორ და შამქორმოგებულების.

მეც მეყოლება ალბათ შვილები, -
ცოტნე, დავითი, ნინო, თამარი,
მართლმადიდებელს უფლის იმედით
ამისრულდება ნატვრა მთავარი.

რომც ვერ დავტოვო შთამომავლობა,
მიჯრით ჩამიქრეს ყველა სანთელი,
ყოველთვის ვეტყვი ქრისტეს მადლობას,
მისი წყალობით მქვია ქართველი.

ვიდრე ვჯანმრთელობ, ამ ქვეყანაში
გული ღიღინებს სიმღერებს მეგრულს,
თუკი დამჭირდა, როგორც თარაში,
სიყვარულისთვის შევტოპავ ენგურს.

ბარი კარგია, მაგრამ მთებშია
თავისუფლება, მგლის ზრდიან ლეკვებს,
დამეთანხმებით, სულ სხვა ეშხი აქვს
თუშურ, მთიულურ, ხევსურულ ცეკვებს.

ისევ ვკითხულობ ვაჟას... გაბრიელ
ჯაბუშანურის არხოტიც მიყვარს,
ანგარიშს ვუწევთ მრავალჟამიერ,
პოეტის ნათქვამ ძარღვიან სიტყვას.

თუმც გამიგრძელდა ლექსი... მერე რა,
მირჩევნის გრძლად ვთქვა ზოგჯერ სათქმელი,
ეგ სიტყვები რომ არ დამეწერა,
არ ვიქნებოდი მაშინ ქართველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები